საერთაშორისო მიმოხილვა. 3 იანვარი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 იანვარი 2024 წელი

მორიგი ტრაგიკომედია ვითარდება აფხაზეთში და....ახია მათზე!

რამდენიმე აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა ცნობა, რომ ე.წ. „პრეზიდენტ ბჟანიას“ ადმინისტრაციამ და „საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას“ აპარატმა, მოსკოვის მოთხოვნით, რუსეთის ხელისუფლებას გადასცა სია იმ აფხაზებისა, რომლებიც დასავლურ NGO-ებში მუშაობენ.

როგორც ჩანს, მოსკოვი აპირებს ამ აფხაზებს აღუკვეთოს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.

ეს მათთვის პრობლემაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვში ვეღარ წავლენ, არამედ იმიტომაც, რომ სოჭის აეროპორტიდან სტამბულში ვეღარ გაფრინდებიან. არადა იქ ხშირად დაფრინავენ და სოჭის აეროპორტს „აფხაზურ აეროპორტსაც“ უწოდებენ აფხაზეთში.

თუ საზღვარზე ვერ გადავლენ, ბუნებრივია, ვეღარც გაფრინდებიან.

სხვათა შორის, თბილისში ნაკლებად აქცევენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ამ აფხაზთა მნიშვნელოვან ნაწილს ახლა უკვე საქართველოს პასპორტებიც აქვთ „დარეზერვებული“: ისინი მიფრინავენ თურქეთში, ხოლო თურქეთიდან, უკვე საქართველოს პასპორტებით - ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში, რაკი საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება

ვერ დავეთანხმები აზრს, თითქოს ეს აფხაზები ევროპაში რაიმეს საქართველოს სასიკეთოს აკეთებენ, თუმცა სხვა თემაა.

დავუბრუნდეთ მთავარს: გადასცეს თუ არა აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებმა „სია“ რუსეთს?

თუ მოსკოვიდან შესაბამისი მოთხოვნა მოვიდა, უარს როგორ გაუბედავდნენ? გაუბედავდნენ და თუკი ახლა საჭირო ბენზინის ნახევარს აწვდის Роснефть სეპარატისტულ რეგიონს, ჩამოუყვანს 10%-ზე.

აფხაზეთის სოციალურ ქსელში კი ისტერიკაა: „გაგვყიდა ხელისუფლებამ, გაგვყიდა, -  ახლა რუსეთში აღარ შეგვიშვებეეეეეეენ“.

ხელისუფლება სიების გადაცემის ფაქტს ვერ უარყოფს, თუმცა უარყოფს იმას, რომ მისი მიზანი და სურვილია აფხაზებს რუსეთში შესვლა შეეზღუდოთ.

არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში, აფხაზებზე გაბრაზებულმა პუტინმა აფხაზური პასპორტებით რუსეთში შესვლა საერთოდ აკრძალოს, დატოვოს მხოლოდ რუსული პასპორტებით გადაადგილების უფლება და მერე იმ აფხაზებს, ვინც მას არ მოსწონს, ეს „რუსული პასპორტები გაუუქმოს“

ჰოდა არ არის „ახი“?

ნამდვილად!

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი აგრძელებს უკრაინის მასირებულ დაბომბვას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 500 დრონი და ულტრა-ზებგერითი რაკეტა გაუშვეს უკრაინის ქალაქების მიმართულებით.

რაკეტების და დრონების უმრავლესობა უკრაინულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო პირველ რიგში ამერიკული Patriot-ის წყალობით, რომელმაც დაადასტურა თავისი აღმატებულობა ყველა რუსულ ანალოგზე. მათ შორის С-400-ზე.

უკრაინელები გაცილებით ნაკლებ რაკეტას ესვრიან რუსეთს, მაგრამ პროცენტულად მეტი ხვდება მიზანს სწორედ იმიტომ, რომ რუსული „საზენიტო“ ვერ ახერხებს იმას, რასაც სწვდება  Patriot.

რუსულ დაბომბვებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა და გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა, როგორც იქნა ნება დართო უკრაინას, „თავად განსაზღვროს რა სიშორეზე ისვრის HIMARS რაკეტებს“. ანუ.....დაბომბავს თუ არა რუსეთის ქალაქებს, როგორც დაბომბა ბელგოროდი.

უკრაინელებს აქვთ აგრეთვე ჩეხური წარმოების ბალისტიკური რაკეტა Олха. ის ვერ ჩამოაგდეს რუსულმა С-400-ებმა ბელგოროდთან; კასეტური საბრძოლო ნაწილით იყო აღჭურვილი და ძალიან მძიმედ დაარტყა საახალწლოდ პუტინის რეჟიმს.

აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ ჩეხური სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (სსკ) საოცარი ფენომენია: დღესაც კი, NATO-ს ფარგლებში, გამორჩეულია ნოვატორობით, პროდუქტიულობით  და შედეგიანობით.

ეს ტრადიციულად ასე იყო: მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიამ ჩეხეთი იმიტომაც დაიპყრო მთლიანად, რომ ჩეხური სსკ-ს დასაკუთრება უნდოდა.

მას შემდეგ რაც ბელგოროდი დაიბომბა, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და „ბრძანა“ ჩეხეთის წარმომადგენელი დასწრებოდა ამ სხდომას, რათა საჯაროდ დაემუნათებინა: რატომ აწვდით რაკეტებს კიევსო.

მაგრამ ჩეხი დიპლომატი (გაეროში ჩეხეთის წარმომადგენელი) სხდომას არ დაესწრო და რუსეთის მისია Русский корабль-ის მიმართულებით გაუშვა, რაც დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით იმას ნიშნავს, რომ „რაკეტებს დიახაც ვაწვდით, კიდეც მივაწვდით და ეგღა გვაკლია თავი ვიმართლოთო“.

 

ზოგადად, დიდი მსხვერპლის მიუხედავად უკრაინას ძალიან სერიოზული წარმატებები ჰქონდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფრონტზე: 5 (ხუთი!) რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომლებიც უკრაინის საჰაერო სივრცის მიდამოებიდან ფრთოსან რაკეტებს უშვებდნენ.

აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ზოგიერთი ცნობით (ეს ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არაა) რუსული თვითმფრინავები უკრაინელებმა ჩამოყარეს F-16 ავიაგამანადგურებლიდან გაშვებული ჰაერი-ჰაერის კლასის უახლესი რაკეტით!

და სხვა ცნობებით, ეს თვითმფრინავები რუმინეთიდან აფრინდნენ!

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა აგრეთვე, რომ უკრაინული წყაროები ავრცელებენ ვიდეოს უკრაინაში წარმოებული Sea baby დრონების მოქმედების შესახებ ყირიმის აკვატორიაში.

ეს ახალი საზღვაო დრონები თავად არიან აღჭურვილნი რაკეტებით და რუსული ანტიდრონული სისტემების მოგერიება შეუძლიათ.

 

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიის საპასუხოდ დაბომბვას, ამ დილით უკრაინელებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ბელგოროდი. არის მსხვერპლი. გამოყენებული იყო ისევ და ისევ ჩეხური წარმოების ბალისტიკური რაკეტა Олха.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 Al Arabiya (ინფორმირებული და რესპექტაბელური რესურსია) იტყობინება, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ჰამასი“ შეწყვიტა მოლაპარაკება ისრაელთან მძევლების გათავისუფლებაზე (კიდევ დაახლოებით 130 -140 ისრაელელი მძევალი ჰყავთ) მას შემდეგ, რაც ლიბანის სამხრეთში ისრაელის სპეცსამსახურებმა ააფეთქეს „ჰამასის“ ერთ ერთი ლიდერი სალეჰ ალ არურიმი. მას დაარტყეს ისრაელის დრონიდან, როცა „ჰესბოლლას“ სამხედრო ობიექტზე იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, პროირანული შიიტური დაჯგუფება „ჰესბოლლა“ სრულმასშტაბურად არ ერევა ამჟამინდელ კონფლიქტში ჯერ-ჯერობით (!), მაგრამ როგორც ირკვევა თავშესაფარს აძლევს „ჰამასის“ ლიდერებს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰარვარდის რექტორი,  კლოდინ გეი (აფროამერიკელი ქალბატონი) ჰარვარდის ბორდმა მაინც გაათავისუფლა თანამდებობიდან მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბორდი მის დანაშაულს ვერ ხედავდა, მაგრამ 74 კონგრესმენმა გამოაქვეყნა ერთობლივი პეტიცია, რომელშიც რექტორის გათავისუფლებას მოითხოვდა იმის გამო, რომ მან „ვერ აღკვეთა ანტისემიტიზმის გავრცელება უნივერსიტეტში“.

ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და დასავლური მულტიკულტურალიზმის ერთ-ერთი შედეგია.

საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰარვარდის, იელის, მასაჩუსეტსისა და პენსილვანიის ელიტარულ უნივერსიტეტთა სტუდენტური კონტინგენტი, შესაბამისად სტუდენტური ელიტები მეტად მრავალფეროვანი გახდა კულტურული, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თვალსაზრისით.

ამან ის შედეგი გამოიღო, რომ თუ ტრადიციული ანგლოსაქსური WASP ელიტები, მათ შორის მოზარდი თაობა, „აცრილია“ ანტისემიტიზმის მიმართ მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის შემდეგ, მათგან განსხვავებით აზიელი, აფრიკელი, მუსლიმი სტუდენტები არ გრძნობენ „დანაშაულის კომპლექსს“ ჰოლოკოსტის გამო, ამდენად უფრო „ეადვილებათ“ ისრაელის წინააღმდეგ გამოსვლები.

მაგრამ რეაქციამაც არ დააყოვნა: რა „მულტიკულტურალიზმიც“ არ უნდა იყოს დამკვიდრებული  ამერიკაში, ამერიკული ელიტები არ დაუშვებენ ანტისემიტიზმის თუნდაც მისხლისოდენად გამართლებას.

რაც შეეხება ქალბატონ კლოდინ გეის, იგი „შიმშილით არ მოკვდება“ რასაკვირველია: დიდი „ფინანსური პარაშუტი“ გადაუხადეს. 

მათ შორის იმიტომაც გადაუხადეს, რომ ლიბერალიზმის პირობებში შეუძლებელია ხსენებულ სტუდენტურ მასას გამოხატვის თავისუფლება  აუკრძალო. ანუ იგი დიდწიალდ უძლური იყო; თუმცა საბოლოო ანგარიშით ეს  ანტისემიტურ რესენტიმენტებს და ნარატივს ვერ გაამართლებს ვერანაირად.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს დილით  აშშ სახელმწიფო ვალმა 34 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. უფრო ზუსტად: 34 ტრილიონ 1  მილიარდ 493 მილიონი დოლარია.

შედარებისთვის: 2023 წლის აშშ ბიუჯეტი 1,7 ტრილიონი დოლარია.

„სახელმწიფო ვალში“ იგულისხმება როგორც საგარეო (ანუ ე.წ. „სუვერენული“), ასევე შიდა ვალი: ობლიგაციები, ფინანსური ვალდებულებები შიდა თუ საგარეო აქტორთა მიმართ.

ხოლო იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად სწრაფად იზრდებოდა ბოლო დროს აშშ სახელმწიფო ვალი, საკმარისია ერთი ციფრი მოვიტანოთ: ჯერ კიდევ 2 იანვარს დილით ვალი $33,91 ტრლნ. იყო.

სახელმწიფო ვალი რა თქმა უნდა „ციკლოპურად დიდია“, როგორც ამერიკელები წერენ. მაგრამ სინამდვილეში არც ისე საშიშია მანამ სანამ ამერიკის ხელშია დოლარი!

სწორედ ამიტომ უფრთხილდებიან ამერიკელი ელიტები დოლარის რენომეს და დოლარისადმი ნდობას: უბრძანებენ „ფედრეზერვს“ და ისიც დაბეჭდავს რამდენიც საჭირო იქნება, რათა (ღმერთმა ნუ ქნას) ამერიკის გაკოტრება არ დაუშვას.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 რას მოვესწარით: გუშინ ნიუ იორკში მიწისძვრა მოხდა.

არც ისე ძლიერი - სულ 1,2 მაგნიტუდისა რიხტერის შკალით. თუმცა  ნიუ იორკის ცათამბჯენებში ადამიანებმა მაინც იგრძნეს რყევა.

იმიტომ, რომ ცათამბჯენებზე მცირე რყევაც მოქმედებს.