საერთაშორისო მიმოხილვა. 3 დეკემბერი. 2023 წელი
ისრაელმა შეწყვიტა მოლაპარაკება `ჰამასთან` მძევალთა გაცვლაზე პატიმრებში.
ისრაელის დელეგაციამ შაბათს კატარი დატოვა, სადაც ეს მოლაპარაკებები (არაპირდაპირ) მიმდინარეობდა
`ჰამასის` ხელში 136 მძევალი რჩება.
მოლაპარაკება ჩაიშალა იმის გამო, რომ `ჰამასი` მოითხოვს გაცვლას ფორმულით `ყველა-ყველაში`. ანუ დაახლოებით 5 000 არაბი ტერორისტი - 136 მძევალში.
ისრაელისთვის ეს მიუღებელია, ოღონდ......პრობლემა ისაა, რომ ისრაელის არმიამ ჯერაც ვერ მიაგნო ღაზაში სად ჰყავთ მძევლები.
სინამდვილეში, ესაა მთავარი პრობლემა, რომ ისრაელის არმიამ მათ ადგილსამყოფელს ვერ მიაგნო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ თავდაცვის მდივანმა (მინისტრმა) ლოიდ ოსტინმა `რეიგანის ფორუმზე` გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკა `არ დაუშვებს არც ჰამასის, არც პუტინის გამარჯვებას`.
მისი თქმით `ამერიკის მტრებიც და მოყვარენიც სულ ტყუილად ღელავენ, რომ ამერიკას არ ეყოფა რესურსები, უკრაინასაც დაეხმაროს, ისრაელსაც დაეხმაროს და ყველას, ვისაც ამერიკის დახმარება სჭირდება`.
იგულისხმება, რომ ტაივანსაც დაეხმარება თუ მას საფრთხე დაემუქრება.
არ არსებობს იოტისოდენა ეჭვი, რომ ძალიან ღირსეული ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ლოიდ ოსტინი სიმართლეს ამბობს. ოღონდ ასევე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი გულისხმობს არა ამჟამინდელ ვითარებას, არამედ იმ ვითარებას, როდესაც ამერიკა თავის გრანდიოზულ და გენიალურ ინდუსტრიას გადაიყვანს შედარებით `სამობილიზაციო` მდგომარეობაში, როგორიც იყო `ცივი ომის` დროს ან მეორე მსოფლიო ომისას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, `ფრონტის ხაზის გაყინვამ` და უკრაინული `კონტრშეტევის` (სინამდვილეში ფრონტალური შეტევის) წარუმატებლობამ გააცოცხლა უკრაინული სახელმწიფოებრიობის ძველის-ძველი ავადმყოფობა: უკრაინული ელიტების ურთიერთდაპირისპირება და `ელიტური ომები`, რითაც ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა კრემლი უკრაინის დასასუსტებლად და საბოლოო დიდი აგრესიის დასაწყებად:
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინიდან არ გაუშვა (საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცა) ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს, რომელსაც სწორედ ახლა მოუნდა რატომღაც უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა. `უკრაინის ევროპულ ინტეგრაციაზე უნდა ველაპარაკოო`.
ბუდაპეშტიდან პოროშენკო ვაშინგტონში აპირებდა გაფრენას.
უკრაინის სპეცსამსახურებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ პოროშენკო ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რაც მის წინააღმდეგაა აღძრული. მათ შორის იგულისხმება ფინანსური მაქინაციები.
პოროშენკოს პარტიამ უკვე უწოდა ამ გადაწყვეტილებას `ოპოზიციის შეზღუდვა`, ხოლო უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მორიგი საბაბი მიიღო, რათა `დაბლოკოს` დეკემბრის სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყება EU წევრობაზე და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა.
ორბანის ადმინისტრაციამ განაცხადა კიდეც, რომ პოროშენკოს საზღვარგარეთ არგაშვება უკრაინის არადემოკრატიულების მაჩვენებელია`.
თითქოს თვით ავტორიტარული უნგრეთია `დემოკრატიის ფორპოსტი` ევროპაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინული შეტევის წარუმატებლობამ ამ ეტაპზე ის შედეგიც გამოიღო, რომ სულ უფრო ხმამაღლა `აღნავლდნენ` კაპიტულანტები და `სასარგებლო იდიოტები` ევროპაში.
რესპექტაბელური ბრიტანული The Times აქვეყნებს დიდი და საყოველთაოდ აღიარებული გერმანელი ისტორიკოსის, Sönke Neitzel (ზენკე ნეიცელ) მოსაზრებას, რომელსაც გამაოგნებელი ისტორიცისტული შედარება მოაქვს პუბლიკაციაში: `პუტინმა შესაძლოა ისევე დაანგრიოს ევროპა, ევროკავშირი, როგორც ნაპოლეონმა დაანგრია და გააუქმა `გერმანელი ერის წმიდა რომის იმპერიაო`.
შეგახსენებთ, რომ (ლათ.) Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae (SIRNG) იყო ცენტრალური ევროპის, პირველ რიგში გერმანულ სახელმწიფოთა გაერთიანება, რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანკთა ხელმწიფე კარლოს დიდის (762-814წწ.) დაფუძნებული ერთიანი `ევროპული იმპერია`; თუმცა SIRNG ფორმალურად არსებობდა 962 წლიდან - 1806 წლამდე, როცა `წმიდა რომის იმპერია` ნაპოლეონმა გააუქმა.
აქ ნიშანდობლივია ორი მომენტი. დავაკვირდეთ:
დიდი გერმანელი ისტორიკოსი (ევროპელი ისტორიკოსების `ღმერთია` ლამის) პუტინს ჰიტლერს კი არ ადარებს, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებს იპყრობდა არამედ ნაპოლეონს.
გარდა ამისა, Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ითვლება `ერთიანი ევროპის იდეის` პირველ გამოხატულებად, რომლის ერთგვარი` მემკვიდრე` (იდეის დონეზე) არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი EU.
შინაარსობრივად, როგორც ჩანს, ზენკე ნეიცელი გულისხმობს, რომ `წმიდა რომის იმპერია` თავის დროზე ისეთივე სუსტი, ამორფული გაერთიანება იყო სხვადასხვა სახელმწიფოებისა, როგორც დღეს ევროკავშირია.
ნამდვილად: თუ `ორბანის კაზუსს` გავითვალისწინებთ, მას და სხვა პოპულისტებს (სლოვაკეთის ახალ პრემიერს მაგალითად) შეუძლიათ აშანტაჟონ ევროკავშირი, რომ თუკი ფინანსურ დახმარებას არ მიიღებენ, დაბლოკავენ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინასთან დაკავშირებით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დამასკოზე ისრაელის ავიაციის დარტყმის შედეგად ორი ირანელი ოფიცერი დაიღუპა.
ისინი იქ ხვდებოდნენ ლიბანური ექსტრემისტული ორგანიზაცია `ჰესბოლლას` წარმომადგენლებს, რათა ერთობლივად დაეგეგმათ ისრაელის საწინააღმდეგო აქციები.
აქ ნიშანდობლივია, რომ ისრაელის დაზვერვამ რაღაცნაირად ზუსტად იცოდა (გაიგო) კონკრეტული ლოკაცია, თუ სად მიმდინარეობდა შეხვედრა.
ორი ირანელი ოფიცრის ლიკვიდაციამ თეირანის `ღრენა` გამოიწვია, ოღონდ მეტს ჯერ-ჯერობით ვერაფერს ბედავს.
თავისთავად საინტერესო ფაქტია რომ ვერ ბედავს.
ვერ ბედავს იმ მიზეზით(აც), რომ თუ რაიმეს სერიოზულს გაბედავს ახლა ისრაელის წინააღმდეგ, ისრაელი მიიღებს ფორმალურ საბაბს (ლათ. casus belli - კაზუს ბელი - ომის მიზეზი) რათა ისარელის არმიამ განახორციელოს დიდი ხნის გეგმა და უძლიერესი საავიაციო დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, სადაც ატომური იარაღის საწარმოებლად ემზადებიან და უახლოვდებიან კიდეც იმ სტადიას, როცა შესაძლებელი იქნება `ირანული ატომური ბომბის შექმნა`.
ისრაელს აქვს კონკრეტული გეგმა და რეპეტიციაც არაერთხელ განუხორციელებია: ათასობით (!) ისრაელის თვითმფრინავი ფრინდება, ანადგურებს `მიწისქვეშ მწვდომი ბომბებით` ირანის ბირთვულ ობიექტებს და რაკი უკან დასაბრუნებლად საწვავი არ ეყოფა, ჯდება აზერბაიჯანში.
სწორედ ეს იყო ბაქოსა და იერუსალიმს შორის იმ დიდი სტრატეგიული გარიგების შინაარსი, რასაც ალიევმა მიაღწია ისრაელის ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ 2013 წელს და რის სანაცვლოდაც ისრაელმა მილიარდნახევარი დოლარის (!) დრონები, ასევე სხვა უახლესი შეიარაღება მიჰყიდა აზერბაიჯანს, რაც ბაქომ ბრწყინვალედ გამოიყენა 2020 წელს სომხეთის წინააღმდეგ ომისას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანური` ჰეზბოლა` `თავისი ხელით გაანადგურებს ლიბანს, თუ ისრაელთან მასშტაბურ ომში ჩაერთვებაო`.
ჯერ-ჯერობით ლიბან-ისრაელის საზღვარზე ე.წ. `მცირე ინტენსივობის ომი` მიმდინარეობს; ისრაელის გენერალიტეტი აცხადებს, რომ `ჰესბოლლას შეკავების` (containment) ოპერაციაა და არა ნამდვილი ომი.
ნამდვილი დიდი ომი და ბეირუთის, ასევე ლიბანის სხვა ქალაქების დაბომბვა მაშინ და იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ `ჰესბოლლა` შეუტევს ისრაელს მის ხელთ არსებული ათასობით მძიმე რაკეტით, როგორიც `ჰამასს` არ გააჩნდა.
ისრაელი პირდაპირ ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ბეირუთს იგივე ბედი ეწევა, როგორიც ეწია ქალაქ ღაზას ანუ სრული დანგრევა.
`ჰესბოლლას` ზურგს უკან მდგომ ირანს იმდენად ისრაელის ავიაციის არ ეშინია, რამდენადაც ორი ამერიკული საავიამზიდო ჯგუფის, რომელიც მიმდგარია ლიბანის ნაპირებს.
ბევრი სპეკულაციაა იმაზე, `რატომ ვერ გაბედა` ომში ჩაბმა პრო-ირანულმა შიიტურმა დაჯგუფება ჰესბოლლამ და მისმა ლიდერმა შეიხ ნასრალლამ.
მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ თეირანი ვერ ბედავს, საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით(!) ანუ თეირანიდან არა აქვს `მწვანე შუქი`, თორემ `ჰესბოლლას` სულიერ ლიდერ შეიჰ ნასრალლას, რომელიც გონებაჩლუნგი ფანატიკოსია, ბეირუთის ბედი სულაც არ აღელვებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთმა დაასრულა საკონტროლო-გამშვები პუნქტის კეთილმოწყობა თურქეთთან საზღვარზე და იმედი გამოთქვა, რომ საზღვარი თურქეთთან, რომელიც 1992 წლიდან ჩაკეტილია (რაც სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა) `სულ მალე გაიხსნება`.
ერევნის ლოგიკა ასეთია: `ხომ დავკარგეთ ყარაბაღი, ხომ დაცარიელდა ყარაბაღი სომხებისგან, ახლა რაღა უშლის ხელს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნასო`.
თუმცა ანკარა ორ პირობას აყენებს კვლავინდებურად
ა) ზანგეზურის დერეფნის გახსნა, რომლითაც აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიის გავლით, დაუკავშირდება ნახჭევანის აზერბაიჯანულ ავტონომიას, ასევე თურქეთს
ბ) სომხების მიერ `თურქეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის` თემის მოხსნა დღის წესრიგიდან.
ეს მეორე პირობა სომხებისთვის ბევრად რთული შესასრულებელია, ვიდრე პირველი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პარიზში, ეიფელის კოშკთან, ისლამისტმა მოკლა ერთი ადამიანი (გერმანელი) და მეორეს ჩაქუჩი ჩაარტყა `ღაზაში მაჰმადიანთა ხოცვის საპროტესტოდ`.
ანუ სრულებით უდანაშაულო ადამიანებს დაესხა თავს.
ირკვევა, რომ ეს ტერორისტი ადრე დაკავებული იყო სხვა ტერაქტის მომზადების გამო, მაგრამ გაუშვეს - `მძიმე ბავშვობა ჰქონდაო`.
ფსიქიატრიულში მკურნალობდა.
პარიზის პოლიციამ ტყვია არ ესროლა: პროფესიონალურად მოიქცა და ელექტროშოკერი გამოიყენა მის გასანეიტრალებლად.