საერთაშორისო მიმოხილვა. 3 აგვისტო. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 აგვისტო. 2023 წელი

დღეს დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დაბრუნდება!

დაბრუნდება (თბილისის დროით გვიან ღამით ანუ 4PM ET) უკვე როგორც ბრალდებული 2021 წლის 6 იანვრის საქმეზე, როცა მისი მომხრეები კაპიტოლიუმის ბორცვზე, კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და ამერიკული დემოკრატია ამ ფორმით პირველად....`შერყვნეს` ისტორიაში.

თეთრი სახლიც და კონგრესის შენობაც, მაგალითად, ინგლისელებმა გადაწვეს (1814წ) ბრიტანეთ-ამერიკის ომის დროს, მაგრამ ამერიკელებს კი არ გადაუწვავთ.

შეგახსენებთ (ამაზე ხშირად არ ლაპარაკობენ), რომ 2021 წლის 6 იანვრის  აქციის ყველა მონაწილე ანუ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც იმ დღეს კონგრესში შეიჭრა, დადგენილია სახელებით, გვარებით, სოციალური დაზღვევის ნომრებით და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი ან უკვე ციხეში ზის, ან სასამართლო პროცესებზე დადის ან ძებნაშია.

ამერიკული Deep state ისე იყო გამძვინვარებული მთელი მსოფლიოს წინაშე მათი დიადი სახელმწიფოს ამგვარი` შერყვნის` გამო, რომ `ჟანგიანი შტატებიდან` (Rust states) ჩამოსული ვინმე WASP მძღოლის, ბაიკერის ან მეტალურგის ან იარაღის კოლექციონერის კი არა მხოლოდ, თვითონ დონალდ ტრამპის `სისხლიც სწყურია`.

შესაბამისად, დონალდის ჩასვლა დღეს ვაშინგტონში იმაზე დიდი მოვლენა გახდება, ვიდრე მისი ვიზიტი `მშობლიური` ნიუ იორკის სასამართლოში, პორნოვარსკვლავის მოსყიდვის სასაცილო საქმეზე.

ვაშინგტონში კი `დიდი ჟიური` მას  კონსტიტუციის დამხობას აბრალებს.

პროცედურა იგივეა რაც ნიუ იორკში: ტრამპი გამოფრინდება მისი ნიუ ჯერსის გოლფ კლუბიდან (ამჯერად იქ ისვენებს და არა ფლორიდაში), ჩაფრინდება საკუთარი თვითმფრინავით ვაშინგტონში, მერე გაემართება სასამართლოსკენ, იქ `დიდი ჟიურის` თანდასწრებით მოსამართლე წაუკითხავს ბრალდებას…... ჰკითხავს (აუცილებლად) ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ტრამპი აუცილებლად უპასუხებს რომ არა. შემდეგ დაბრუნდება ისევ ფლორიდაში.

ძალიან დიდი მოულოდნელობა იქნება, თუ სხვაგვარად მოხდა რამე, თუმცა გამორიცხული არაფერია.

იმედია ხელბორკილებს ახლაც არ დაადებენ ამერიკის 45-ე პრეზიდენტს, თუმცა პროტოკოლი (არა კანონი, მაგრამ პროტოკოლი) ამას ნამდვილად ითვალისწინებს.

ნიუ იორკში არ დაადეს ხელ-ბორკილი.

`უბრალო ამერიკელი რომ ყოფილიყო` ან თუნდაც `უბრალოდ მილიარდერი`, აუცილებლად (!) დაადებდნენ ხელბორკილებს, თუმცა.....მას ასეულობით მილიონი (!!!) ამერიკელი უჭერს მხარს: ხსენებული Deep state (ანუ გადაწყვეტილების მიმღები decision maker  ბიუროკრატია) გაბრაზებული კია, თუმცა იდიოტები არ არიან - ცეცხლი შეუნთონ სამოქალაქო დაპირისპირების კოცონს, რომელიც ისედაც ღვივდება ამ ისტორიულ საქმეზე და ამერიკას პირდაპირ უფსკრულისკენ მიაქანებს, რომლის მსგავსი XIX საუკუნის სამოქალაქო ომის მერე არ ყოფილა.

და აქ არ არის არავითარი გადაჭარბება!

ამას თვით საუკეთესო ამერიკელი მკვლევრები დაThink tank-თა ექსპერტები აღიარებენ უკვე.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ გაასამართლებს ტრამპს 2021 წლის 6 იანვრის ქეისზე.

მოსამართლე გახლავთ 61 წლის ქალბატონი Tanya S. Chutkan.

აფროამერიკელი.

ლიბერალი.

დემოკრატიული პარტიის გულშემატკივარი.

რამდენიმე წლის წინ  მას უკვე ჰქონდა შეხება ტრამპის საქმესთან, როდესაც პრეზიდენტმა  ტრამპმა მოინდომა დაებლოკა დოკუმენტების გადაცემა კონგრესის საგამოძიებო კომისიისთვის, მაგრამ ქალბატონმა Tanya-მ უთხრა (თან საჯაროდ): `ნუუუურას უკაცრავად, პრეზიდენტი მეფე არ არის!`

აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რას წარმოადგენს მოსამართლე ამერიკაში: იგი გახლავთ თითქმის ყოვლისშემძლე სუბიექტი, რომელსაც ყველანი ხმააკანკალებით ელაპარაკებიან.

მას შეუძლია დააჩქაროს სასამართლო პროცესი, ან პირიქით, გაწელოს სასამართლო პროცესი;

მას შეუძლია გამოიძახოს მოწმე ან არ გამოიძახოს მოწმე;

 მას შეუძლია მიიღოს დაცვის/პროკურატურის არგუმენტი ან ნაფიცებს უთხრას, რომ ეს არგუმენტი სათვალავში ჩასაგდები არ არისო და ა.შ და ა.შ.

ამიტომაც, ახლა ტრამპის და ამერიკაში სამოქალაქო მშვიდობის სული ამ ქალბატონის ხელშია.

ამასთან შედარებით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგიც კი წვრილმანია უკვე.

 

ადვოკატების `ხაზი` ტრამპის დაცვისას ნათელია: ისინი აპელირებენ ამერიკის ფუნდამენტურ ღირებულებაზე - სიტყვის თავისუფლებაზე.

ანუ რა განცხადებებიც არ უნდა გაეკეთებინა დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე, მას კონსტიტუციით ჰქონდა ამის უფლება - ისარგებლა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით.

განა ტრამპმა მოუწოდა თავის მომხრეებს შეჭრილიყვნენ კონგრესის შენობაში?

ერთმნიშვნელოვნად არა!

ნამდვილად არ მოუწოდებია.

`არჩევნები გამიყალბესო` - მისი გამოხატვის თავისუფლება იყო - ამტკიცებენ ადვოკატები კონსტიტუციაზე დაყრდნობით.

სხვა საქმეა, რომ ამერიკის პოლიტიკურ სტილს ეწინააღმდეგება, წაგებული პრეზიდენტი ან კანდიდატი იძახდეს `არჩევნები გამიყალბესო`.

ამერიკის პოლიტიკური სტილი და პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, წაგებულმა მოგებულს მიულოცოს.

სულ ასე იყო ბოლო 70 წლის მანძილზე.

გამონაკლისი გახდა ელ გორისა და ჯორჯ ბუშის საარჩევნო კამპანია 1999-2000 წელს.

ელ გორმა ჯერ მიულოცა ბუშს, თუმცა შემდეგ გადათქვა. ოღონდ მაშინ ფლორიდაში ხმების დათვლის შედეგად მართლა გამოვლინდა პრობლემები და გადათვლა გახდა საჭირო ანუ გორის საქციელი აბსოლუტურად სხვაა. რომ გადათვალეს და ბუშმა მოიგო ფლორიდაში (სულ რამდენიმე ასეულმა ხმამ (!!!) გადაწყვიტა მაშინ ამ გრანდიოზული ქვეყნის პრეზიდენტობის საკითხი) ელ გორმა მაინც მიულოცა ბუშს ხელმეორედ.

ტრამპმა ეს ტრადიცია და კულტურა კი დაარღვია, მაგრამ...... `ტრადიცია და კულტურა` კანონი არ არის. მთავარია კანონი თუ დაარღვია, როცა ისარგებლა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით.

ასეთია ტრამპის ლოიართა პოზიცია.

 

დადასტურდა რაც გუშინ ვივარაუდეთ, რომ Co-Conspirator 1. ანუ ტრამპთა შეთქმული ნომერი 1, ვინც პროკურატურის განცხადებაში დასახელებული არ ყოფილა პირდაპირ, აღმოჩნდა ნიუ იორკის ყოფილი მერი, ყოფილი პროკურორი, ახლა ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი.

ჯულიანი ლეგენდარული ფიგურაა. სწორედ იგი იყო ნიუ იორკის მერი 9/11 ტერაქტის დროს.

ძალიან მაგრად იმუშავა იმ დღეებში.

 

ცნობილი გახდა აგრეთვე, ვინ იქნება პროკურატურის მთავარი მოწმე ტრამპის წინააღმდეგ: მისივე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

პრესაში `გაჟონილი` ცნობებით, პენსმა დაკითხვაზე აჩვენა, რომ როცა 2021 წლის იანვარში ტრამპს ეუბნებოდა `არ გაყალბებულა არჩევნები და ასე მოქცევა არ არის სწორიო`. ტრამპს უპასუხია: შენ მეტისმეტად პატიოსანი ხარ, პოლიტიკა ასე სუფთა ხელებით არ კეთდებაო`.

საშინელი ჩვენებაა ტრამპისთვის.

აბა ვიცე-პრეზიდენტზე `პირველხარისხოვანი მოწმე` ანუ `ოქროს მოწმე` ვინღა უნდა იყოს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რესპუბლიკელები რომ ასე ადვილად არ შეურიგდებიან ტრამპის განადგურებას, ცხადია: პრესაში გაჟონილი ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს-პარტნიორმა Devon Archer  განაცხადა დაკითხვაზე, რომ ჰანტერი `გავლენით ვაჭრობდა` ანუ ბიზნესის კეთებისას (არა მხოლოდ უკრაინაში) ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ  როგორც ჩვენში იტყვიან `წიხლით აღებდა ოვალური კაბინეტის კარს` და მამამისს რასაც უნდოდა იმას გააკეთებინებდა.

`ბალანსის` სახით რომ ამ ვაჟბატონს (მინიმუმ მას პირადად და არა მამამისს) ასევე სისხლის სამართლის საქმე ელის - ამერიკელ დამკვირვებლებს ეჭვი აღარ ეპარებათ.

 და ტრამპი ამას არ გამოიყენებს გააფთრებულ საარჩევნო `ჯახში` იმავე პრეზიდენტ ბაიდენთან?

რატომღაც `რომ`

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანია რასაკვირველია ამერიკაში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ სულ უფრო იძაბება სიტუაცია NATO-ს საზღვრებთან.

პოლონეთმა კიდევ ერთი ბრიგადა გააგზავნა ბელორუსის საზღვრისკენ. ამაზე უკვე ვწერდით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია რაც ხდება რუმინეთის საზღვარზე: რუსეთი ზებგერითი რაკეტებით ბომბავს უკრაინულ პორტებს მდინარე დუნაიზე, რათა არ დაუშვას უკრაინული ხორბლის ექსპორტი.

ხომ შეიძლება რაკეტა ან თუნდაც მისი ნამსხვრევი ჩამოვარდეს რუმინეთის ანუ ალიანსის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ოღონდ დავაკვირდეთ, რა იქედნურად, რა გველურად(!!!) მოქმედებს აქ პუტინი: ნამსხვრევი ჩამოვარდა დავუშვათ...... მერედა ალიანსი ხომ აღმოჩნდება მძიმე არჩევანის წინაშე: ნამსხვრევის ჩამოვარდნა არის თუ არა საკმარისი (ანუ ღირს თუ არა) ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წესდების მრისხანე `მეხუთე პუნქტის` ასამოქმედებლად კოლექტიური თავდაცვის შესახებ? ბუქარესტი ხომ არ დაუბომბავს? ვარშავა ხომ არ დაუბომბავს?

მოკვდა ვინმე დუნაის მარჯვენა ნაპირზე?

და რომ მოკვდეს `ეს საკმარისია ბირთვულს სახელმწიფოსთან კონფრონტაციის დასაწყებადოოოოო` - იტყვიან ევროპელი პაციფისტები....

ანუ მთლიანობაში ესეც `ჰიბრიდული ომია` - ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიაა - `ცოტა/ცოტა/ცოტათი.....ერთი ქართული სკაბრეზული გამოთქმის შესაბამისად.

თავხედობს პუტინი და სანამ `დინგში არ მიიღებს` მაგრად ამ `ცოტათიზე` პასუხად, გასდის სამწუხაროდ.