საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მარტი. 2024 წელი

უკრაინის ომმა ბევრი რამ დაადასტურა და დაამტკიცა მათ შორის სუფთა სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისითაც.

მაგალითად დაადასტურა, რომ დრონები უკვე ასრულებენ ისეთივე როლს საბრძოლო მოქმედებებში და ისეთივე „ახალი ეპოქა“ დაიწყეს, როგორც თავის დროზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ დაიწყო ახალი ეპოქა კაცობრიობის საომარ ისტორიაში.

ამავე დროს, დადასტურდა იარაღის სხვადასხვა სახეობის ხარისხი და ეფექტიანობა. მათ შორის უპირველეს ყოვლისა  შესანიშნავი ამერიკული საზენიტო სისტემისა Patriot.

შეიძლება ითქვას, ამ სისტემის გარეშე უკრაინას ძალიან გაუჭირდებოდა თავდაცვა. სხვა ვერც ერთი დასავლური ან თუნდაც საბჭოთა წარმოების სისტემა ვერ დაიცავდა ასე შედეგიანად უკრაინის ქალაქებს.

ოღონდ გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა ამ სისტემებთან დაკავშირებით. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება კიდევ 5 ან 7 Patriot, რათა დაიცვას სამრეწველო ობიექტები და არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა და კიევი, ოდესა და სხვა.

ზელენსკი გულისხმობდა სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის დაცვის აუცილებლობას და...... იქვე უკრაინის პრეზიდენტმა ისიც ახსენა, რომ „ღაზას ომმა“, ზოგადად ისრაელის გარშემო შექმნილმა ვითარებამ უკრაინას დაუმძიმა ვითარება.

იმიტომ, რომ ამერიკა იძულებულია ახლო აღმოსავლეთში გააგზავნოს დამატებით კიდევ რამდენიმე Patriot და ეს სისტემები კი, რომლებიც უძვირესია, ექსკლუზიურია და ამერიკის არმიასაც კი ძალიან ბევრი არა აქვს, აღარ ჰყოფნის უკრაინის დასახმარებლად, რითაც სარგებლობს რუსეთი: თუ დავაკვირდებით რუსული ფრთოსანი რაკეტების და ბალისტიკური  „ისკანდერების“ დარტყმათა გეოგრაფიას ბოლო დროს, რუსული არმია აშკარად ცდილობს აიძულოს უკრაინული გენერალიტეტი, საზენიტო სისტემები ისე გადაანაწილოს ქვეყანაში, ძირითადად ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას, ხოლო ინდუსტრიულ ობიექტებზე და დიდ ენერგეტიკულ ობიექტებზე (მაგალითად დნეპროჰესი) აღარ ჰყოფნიდეს.

სწორედ ამიტომ დაარტყა რამდენიმე დღის წინ რუსულმა არმიამ დნეპროგესს

ახლო აღმოსავლეთის გარდა ამერიკას კიდევ უამრავი სხვა სამხედრო-პოლიტიკური ვალდებულება აქვს მთელს მსოფლიოში: შორეულ აღმოსავლეთში....წყნარი ოკეანის აუზში....ტაივანში....იაპონიაში......აღმოსავლეთ ევროპაში....და ა.შ.

ისევ და ისევ დიდი ნეგატიური როლი შეასრულა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ თვითდამშვიდებამ, ფრენსის ფუკუიამას თეორიის არასწორმა გაგებამ „ისტორიის დასასრულის“ შესახებ, სამხედრო ინდუსტრიისთვის შეკვეთების შემცირებამ და ა.შ და ა.შ.

არადა ბევრი ჭკვიანი დამკვირვებელი თუ მეცნიერი (მაგალითად ზბიგნევ ბჟეზინსკი მის წიგნში „დიადი საჭადრაკო დაფა“) მიანიშნებდა, რომ არ შეიძლება ისტორიის დასრულების შესახებ ფუკუიამას თეორიის ასე სწორხაზოვნად, არაადეკვატურად გაგება და რომ რუსეთი აუცილებლად იომებდა უკრაინისთვის, რადგან, ზბიგნევ ბჟეზინსკის აბსოლუტურად ზუსტი განსაზღვრებით: „უკრაინის გარეშე რუსეთი გლობალური ზესახელმწიფო ვეღარასოდეს იქნება, ხოლო უკრაინით რუსეთი კვლავ გლობალური ზესახელმწიფო გახდება“

აი, ეს არის ზუსტადაც, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს პუტინის აგრესიის სახით უკრაინის დასაპყრობად

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულ მედიაში ბოლო დროს მეინსტრიმული  თემაა ახალი ტრენდი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში, როდესაც იგი ცდილობს ქრისტიანობის ინსტრუმენტალიზებას.

მაგალითად მოუწოდებს ამერიკელებს მასობრივად შეიძინონ ბიბლიის სპეციფიკური გამოცემა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ბიბლიას, ანუ ძველ და ახალ აღთქმას, არამედ ამერიკულ კონსტიტუციას და ლი გრინვუდის ცნობილი სიმღერის ტექსტს God Bless the USA

ბუნებრივია, ტრამპი ამას აკეთებს მისი მრავალრიცხოვანი PR ტექნოლოგების, იმიჯმეიკერების და კონსულტანტების რჩევით, ანუ უკვე აშკარად ცდილობს გააძლიეროს „სამიზნე აუდიტორიისადმი“ მიმართვა: WASP white anglo -saxon-protestant.

ოღონდ გააძლიეროს სწორედ ქრისტიანული შემადგენელი, რამაც არ შეიძლება არ გამოიწვიოს მემარცხენე-დემოკრატიულ-აფროამერიკულ-მაჰმადიანურ და სხვა თემთა გაღიზიანება.

თუმცა ტრამპმა ისიც შესანიშნავად იცის, რომ ესენი მისი ამომრჩევლები ისედაც არ არიან დაღიად, „უკანმოუხედავად“ მიმართავს (ვიმეორებ) „სამიზნე აუდიტორიას“:

პირველად ამერიკის ისტორიაში, ტრამპი ამით ამკვიდრებს და „პოლიტიკურად პრომოუტირებს“ მიდგომას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს როგორც საზოგადოება (Society) ქრისტიანებმა შექმნეს XVII საუკუნიდან.

არა მაჰმადიანებმა, არა ბუდისტებმა, არა სინტოისტებმა, არამედ ქრისტიანებმა: ქრისტიანებმა დაამკვიდრეს ამერიკის ძირეული ღირებულებები დაწყებული ჯერ კიდევ იმ ეპოქიდან, როცა ამერიკა დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო და არა ამერიკის შეერთებული შტატები.

ქრისტიანებმა შექმნეს „ახალ ინგლისში“ (New England -  დღევანდელ ბოსტონში) პირველი დასახლებები და ა.შ და ა.შ.

ამერიკის პრეზიდენტი რომ ბიბლიაზე დებს ფიცს ინაუგურაციის დროს, ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, მაგრამ სულაც არ გამორიცხავს, რომ თუ მაჰმადიანს აირჩევდნენ ოდესმე, ის ყურანზე არ დადებდა ფიცს.

ხომ აირჩიეს აფრო-ამერიკელი ქრისტიანი ობამა?! ასევე სულაც არ გამორიცხავდა ამერიკული პოლიტიკური კულტურა მაჰმადიანის ან ბუდისტის არჩევას მომავალში ოღონდ.....აბსოლუტურად სხვაა როდესაც საარჩევნო კამპანიისას პრეზიდენტობის კანდიდატი ასე პედალირებს და აქცენტს აკეთებს ქრისტიანობაზე, ასე აპელირებს იმაზე, რომ ამერიკას სწორედ ქრისტიანებმა შექმნეს.

ტრამპის კრიტიკოსებმა ეს ტრენდი მაშინვე შენიშნეს და იმ აზრის განვითარებაც დაიწყეს, რომ დონალდ ტრამპი „ავტორიტარული რეჟიმის შექმნას ცდილობს“, ხოლო ამგვარი ავტორიტარული რეჟიმები, მთელს მსოფლიოში, მათ შორის ისტორიაში, „რელიგიას ეყრდობოდნენო“.

მაგალითად, როგორც ერთი კრიტიკოსი წერს, ესპანეთში „კაუდილიო“ ფრანკოს რეჟიმი ისევე, როგორიც პინოჩეტის რეჟიმი ჩილეში და მუსოლინის რეჟიმი იტალიაში კათოლიკურ ეკლესიას ეყრდნობოდნენ და ეს ეკლესია აქციეს წყობის საყრდენად.

ბუნებრივია, ტრამპს ბევრი უკლია ჩამოთვლილ ავტორიტარებამდე....ახლა სხვა ეპოქაა...... სხვა დროა მსოფლიოში....ამერიკის კონსტიტუცია კი უამრავ „დამცავ“ მექანიზმს მოიცავს, რათა ვერანაირი ავტორიტარიზმი ვერ დამყარდეს, თუმცა...... თვით ეს დისკურსი, რაც ახლა ტრენდული გახდა ამერიკაში (დონალდ ტრამპის მიერ ქრისტიანობის ბოროტად  „ინსტრუიმენტალიზების“ შესახებ მრავალეროვან და მრავალკონფესიურ სოციუმში), კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად უნიკალური ფენომენია დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში!

ამ მხრივ იგი სრულიად განსაკუთრებულია და ექსკლუზიურია.

რამდენად მოუტანს ეს წარმატებას - როგორც ანალიტიკოსები მსჯელობენ - სხვა საკითხია.

შესაძლოა მხოლოდ საზოგადოების და ქვეყნის ღრმა გახლეჩა გამოიწვიოს, მაგრამ....ეს შედეგი სრულებითაც არ გამორიცხავს გამარჯვებას კონკრეტულად 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიტომ, რომ როგორც იგივე ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის „სამიზნე“ აუდიტორია ერთ ერთი ყველაზე კონსოლიდირებული და პასსიონარულია ამერიკაში;

 ანუ, ეს ტრენდი და ფუნდამენტური ქრისტიანული  ღირებულებების ამგვარი პრომოუტუირება არადეკლარირებული სლოგანით „ამერიკა - ქრისტიანებისთვის!“ გამოიწვევს ტრამპის ელექტორატის მობილიზაციას, რათა ჯერ ერთი მივიდეს არჩევნებზე, არ დარჩეს სახლში, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და.....რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორეს მხრივ.....იმ შემთხვევაში, თუ გამართლდება ყველაზე ცუდი, ყველაზე ბოროტი, ყველაზე ავი და მთელს მსოფლიოში Freedom love ადამიანთა კოშმარი ანუ ამერიკაში დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება ან კიდევ ამაზე უარესი.....ეს „კონტინგენტი“ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ქუჩაშიც!

BLM ამბები მონაგონი იქნება მაშინ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული ელიტები რომ აშკარად გრძნობენ და აცნობიერებ დონალდ ტრამპის ფენომენისგან მომდინარე საფრთხეს, ისევ და ისევ დასტურდება იმით, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიაც უნიკალურია ბევრი თვალსაზრისით.

მაგალითად, როგორც გუშინ ვწერდით, მასში მონაწილეობს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ახლა ცნობილი ხდება, რომ კიდევ ერთი დემოკრატი ექს-პრეზიდენტი, ბილ კლინტონიც აქტიურად ერთვება პროცესში (ამ ეტაპზე ფონდ-რაიზინგში) მოქმედი პრეზიდენტ მხარდასაჭერად.

დავაკვირდეთ სხვაობას: ყოფილი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ხომ არ მონაწილეობს დონალდ ტრამპის კამპანიაში? „დემოკრატი“ პრეზიდენტები კი ჯო ბაიდენის კამპანიაში მონაწილეობენ!

ამით „დემოკრატიული პარტიის“ ისტებლიშმენტი საკმაოდ რაფინირებულ პოლიტიკურ სვლას აკეთებს და წარატებით ახერხებს ზუსტადაც იმ გარემოების ხაზგასმას, რომ დონალდ ტრამპი „უცხო სხეულია“ ამერიკულ ელიტებში, ამერიკულ ისტებლიშმენტში, ამერიკულ პოლიტიკაში.

მართლაც: თუ ასე არ არის, რატომ არ მონაწილეობს დონალდ ტრამპის სარჩევნო კამპანიაში „რესპუბლიკელი“ ექს -პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ- უმცროსი, ხოლო ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად, სრულად, მასშტაბურად ჩაერთნენ „დემოკრატი“ ექს-პრეზიდენტები კლინტონი და ობამა?

ის გარემოება, რომ დონალდ ტრამპი 2008 წელს ბუშს „ტოტალურ კატასტროფას“ უწოდებდა (This administration is total catastrophe and total disaster - თქვა დონალდმა 2008 წელს, სხვათა შორის საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ) ამ გარემოებას ვერ ხსნის: ასე ბარაქ ობამას და მის ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს კლინტონიც ხშირად გაუკრიტიკებიათ და საერთოდ ამერიკული ნარატივი ნამდვილად არ გულისხმობს პრეზიდენტ- რესპუბლიკელებისა და პრეზიდენტ-დემოკრატების ასე „დაჯგუფებას“ პარტიული ნიშნით, მაგრამ....დონალდმა უამრავი რამ შეცვალა ამერიკაში.

პატარა მაგალითის სახით: ის ხომ პირველი იყო 70 წლის განმავლობაში, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ან პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა მეტოქეს 2020 წელს.