საერთაშორისო მიმოხილვა. 29 მაისი. 2023 წელი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში.
მეორე ტურში ერდოღანს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკას მართავს უკვე 20 წელია (2003 წლიდან), ხმა მისცა თურქეთის მოქალაქეთა 52,14%-მა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს - 47,86%-მა.
85 მილიონიან ქვეყანაში ეს ძალიან დიდი უპირატესობაა.
არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე გადათვლით, 2 მილიონი ხმით მეტია.
მივაქციოთ ყურადღება, რომ ერდოღანმა გაიმარჯვა მიუხედავად უდიდესი ინფლაციის, მიუხედავად კატასტროფული მიწისძვრისას მისი ადმინისტრაციის ძალიან ცუდი მენეჯმენტის, მიუხედავად სტამბულის და სხვა `ვესტერნიზებული` პოლისების უკმაყოფილებისა მრავალწლიანი მმართველობით.
იმიტომ, რომ `მეგა-იდეა`, რაც ერდოღანმა შესთავაზა თურქებს, მათთვის მენტალურად მომხიბვლელი აღმოჩნდა: ერდოღანს ხმა მისცა ღრმა პროვინციამ, რომელიც `ძირძველია` და ფუნდამენტური.
`მშვიდობით ქემალ` - მიმართა ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნები `უსამართლო იყო` და ის `გააგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისთვის`.
ამ მიმართვამ (`მშვიდობით ქემალ`) ორაზროვნად გაიჟღერა.
ერთის მხრივ, ერდოღანი თითქოს სწორედ ქილიჩდაროღლუს მიმართავდა, რომელსაც `ქემალი` ქვია, მაგრამ.....`ქემალი` ერქვა ასევე თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებელს, რომლებსაც თურქებმა `ათათურქი` ანუ `თურქთა მამა` უწოდეს.
ხომ არ ნიშნავს სლოგანი `მშვიდობა ქემალ` იმას, რომ ერდოღანი საბოლოოდ აპირებს შეატრიალოს სახელმწიფო კურსი საერო, პროევროპული, NATO-ს წევრი თურქეთიდან - ე.წ. `ცივილიზებული ისლამიზმისკენ?
ამ კითხვას დღეს ბევრი სვამს თურქეთში.
ერთის მხრივ, ერდოღანი მუდამ ამბობს, რომ მას სურს ისლამი აქციოს ისეთივე ნორმალურ კონსერვატიულ მოძრაობად, როგორიცაა მაგალითად `ქრისტიანულ-დემოკრატიული` მოძრაობები ევროპის ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდებით და ზუსტად ამ სახელწოდებით გერმანიაში.
მართლაც, თითქოს რატომ არ შეიძლება არსებობდეს ერდოღანის `ისლამურ-დემოკრატიული` მოძრაობა, თუკი არსებობენ `ქრისტიანულ-დემოკრატიული` მოძრაობები იმავე ევროპაში?
მაგრამ როგორც ერთხელ აღვნიშნეთ, დიდ ისლამურ რელიგიას აქვს თავისებურებები, რაც სახიფათოდ აქცევს ამგვარ მოძრაობას; ბევრი ანალიტიკოსის აზრით, `ისლამურ დემოკრატიას` გაუჭირდება თავი დაიჭირის `ცივილიზებულ` ჩარჩოებში უამრავი სოციო-ფსიქოლოგიური, ისტორიული, ეთნო-ფსიქოლოგიური, კულტურული თავისებურების; ასევე რეგიონული კონტექსტის გამო.
გერმანია ევროპის შუაგულშია, ხოლო თურქეთი - ისლამურ ზღვაში და ფანატიკური ირანის მეზობლად.
ასეა თუ ისე, ერდოღანი კიდევ დიდხანს იქნება თურქეთის მმართველი და განსაზღვრავს რეგიონულ დღის წესრიგს. მათ შორის პუტინთან დიდოსტატური თამაშით, რისი მეშვეობითაც მან ეთნიკურ `ძმას` და სტრატეგიულ მოკავშირეს, - აზერბაიჯანს, სომხურ სეპარატიზმზე ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
და მაინც, რა არის ერდოღანის გამარჯვების საიდუმლო? მარტო კონსერვატიული ღირებულებები?
არა.
ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა აგრეთვე აღმოსავლური მენტალობის ტრადიციულმა მისწრაფებამ `ძლიერი ხელისადმი`.
ერდოღანმა უდიდესი ოსტატობით `მოქსოვა` ამ 20 წლის განმავლობაში საკუთარი იმიჯი Strongman და სწორედ ეს იმიჯი, პარალელურად კონსერვატიზმთან, გახდა მისი წარამტების ქვაკუთხედი: ერდოღანს აქვს `აღქმადობა` როგორც ძლიერი პოლიტიკოსისა, ვისაც შეუძლია დაამყარიოს წესრიგი ქვეყნის შიგნით, არ დაუშვას დესტაბილიზაცია და იმავე დროს, აქციოს თურქეთი რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ: ერთ-ერთ გლობალურ მოთამაშედ.
ერდოღანმა `გამარჯვების სიტყვაში` საოცარი რამ თქვა, როდესაც ანკარაში მისი სასახლის წინ შეკრებილ ათასობით მომხრეს მიმართა: `თურქული საუკუნე იწყებაო`.
შეგახსენებთ, რომ ეს ტერმინი `თურქული საუკუნე`, ანუ `თურქული ხანა` ანუ `თურქული ერა` (ამ მნიშვნელობით გამოიყენება აქ ტერმინი `საუკუნე`) განეკუთვნება ხანას 1453 წლის შემდეგ, როდესაც თურქებმა აიღეს აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) დედაქალაქი კონსტანტინეპოლი.
ამით ერდოღანი პირდაპირ ამბობს: მისი გამარჯვება ამ არჩევნებში ისეთივე მნიშვნელობის მოვლენაა, როგორც კონსტანტინეპოლის აღება მეჰმედ II მიერ 1453 წლის 29 მაისს.
. . . . . . . . . . . . . . .
გასაკვირი არ არის, რომ ერდოღანის გამარჯვებიდან რამდენიმე საათში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოვიდა ულტიმატუმით ყარაბაღელი სომხების მიმართ.
ალიევმა მოინახულა ლაჩინის `დერეფანი`, რომელიც აზერბაიჯანულმა არმიამ რამდენიმე კვირის წინ გადაკეტა (და ამით ყარაბაღი სომხეთს მოსწყვიტა), რის შემდეგაც ყარაბაღში სერიოზული კრიზისი დაიწყო.
რუსეთის ე.წ. `სამშვიდობო ძალები`, რომლებიც ასეთი `აქტიურები`, `შეურიგებელნი` და `აგრესიულნი` იყვნენ საქართველოს მიმართ 2004-2008 წლებში, ახლა პირდაფჩენილები უყურებენ როგორ ანადგურებს აზერბაიჯანი მათ რეგიონულ `ფორპოსტს` - სომხეთს, ანადგურებს სომხურ ნაციონალიზმს და თითის განძრევას ვერ ბედავენ რაკი....იქვეა თურქეთი, რომელიც პუტინს ძალიან სჭირდება.
პუტინმა პირველმა მიულოცა ერდორანს გამარჯვება.
რაც შეეხება ყარაბაღს, სომხეთის სტრატეგია ამ საკითხში იოლად გასაშიფრი გახდა: სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტირიულ მთლიანობას, ოღონდ.....აზერბაიჯანმა სტატუსის თაობაზე მოლაპარაკება ყარაბაღთან პირდაპირ უნდა აწარმმოოს, ხოლო სომხეთი გვერდზე დგება და `მხრებს აიჩეჩს`: აბა თქვენ ვერ მოელაპარაკეთ ყარაბაღს და.......ჩვენ რა შუაში ვართ?`
ეს ჩვეულებრივი სეპარატისტული ტექნოლოგიაა.
თან ამ დროს კომუნიკაციების გახსნასაც ითხოვს
თუმცა აზერბაიჯან-თურქეთის შემთხევვაში ამგვარი ეშმაკობები აღარ ჭრის: აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას (კომუნიკაციების გახსნით) მანამდე არ მოეწერება ხელი, სანამ ყარაბაღელი სომხები (ციტატა) არ დაწვავენ და სანაგვეში არ გადააგდებენ თავიანთი ე.წ. `სახელმწიფოებრიობის ატრბუტებს, დროშასა და ღერბს`, ხოლო ყველა მაცხოვრებელი არ მიიღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას. (ციტატის დასასრული)
ალიევის ულტიმატუმი ასევე გულისხმობს, რომ ყარაბაღის `პარლამენტი` უნდა გაუქმდეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში, აზერბაიჯანი მზადაა გამოსცეს ამნისტია: არ აღძრას სისხლის სამართლის საქმეები სეპარატისტთა წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ომმა კიდევ ერთ რეგიონში დაასუსტა პუტინის რუსეთის პოზიციები: უკვე რამდენიმე კვირაა ისრაელი ბომბავს სირიის (რუსეთის მოკავშირის) ტერიტორიას, ანადგურებს მის სამხედრო/სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ქალაქებში ხომსი, ალეპო და ა.შ.
ისრაელის თვითმფრიანვები მუდმივად, უწყვეტად ბარაჟირებენ ისრაელის საჰაერო სივრეცში სირიის მახლობლად, შემდეგ მოულოდნელად შეიჭრებიან სირიაში, ბომბავენ პოზიციებს და ბრუნდებიან ისევ ისრაელის საჰაერო სივრცეში.
როდესაც ჰაერში ერთდროულად ათეულობით თვითმფრინავია და ისინი წრეს-წრეზე არტყავენ ისრაელის საჰაერო სივრცეში, ძალიან ძნელია იმის გათვლა, როდის შემოტრიალდებიან და ისვრიან უახლეს ამერიკულ რაკეტებს უახლესი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებიდან.
სირიაში მყოფი რუსული არმია კი, ისევე როგორც რუსული არმია აზერბაიჯანში, `პირდაღებული უყურებს` მისი მოკავშირის განადგურებას, რაკი უკრაინის ომის დროს არ შეუძლია რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა.
. . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსიამ (ბელორუსეთმა) მიიღო საოცარი გადაწყვეტილება: სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ჯარები რუსეთის საზღვარზე.
ბელორუსის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ უკრაინა ამზადებს დიდ შეტევას რუსეთის წინააღდმეგ, ამდენად უკრაინელები შეიძლება ჯერ შეიჭრანო რუსეთში და მერე რუსეთიდან შეიჭრანო ბელორუსის ტერიტორიაზე.
სრული აბსურდია: თუ უკრაინას ბელორუსში შეჭრა უნდა `მარჯვენა ხელით მარცხენა ყურს` რატომ ჩაავლებდა ხელს - პირდაპირ უკრაინიდან ვერ შეიჭრება?
მინსკიც ხომ იქვეა.
მით უმეტეს, ეს იქნება საპასუხო შეჭრა რადგან გასული წლის მარტში ლუკაშენკომ დაუთმო საკუთარი ტერიტორია რუსეთის არმიას, რომელიც ბელორუსიიდან შეიჭრა უკრაინაში და იქ კიევის აღებას ცდილობდა.
როგორც ჩანს ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივები აქვს:
ა) ბელორუსის გენერალიტეტი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი შეძლებს უკრაინის დიდი შეტევის მოგერიებას;
ბ) ლუკაშენკო ნამდვილად ავად არის და ბელორუსული ელიტები ამჯამად ხელისუფლების ცვლილებისთვის ემზადებიან
გ) ბელორუსია უკმაყოფილოა იმით, რომ კრემლმა კი განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ბელორუსულ არმიას მასთან `წვდომა` არა აქვს, როგორც მოითხოვდნენ: `თუ ჩვენს ტერიტორიაზე განათავსებთ, მაშინ ორი გასაღები ჰქონდეს ამ იარაღს - ერთი რუსული და ერთიც ბელორუსულიო`.
რაც შეეხება უკრაინის დიდ შეტევას, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია მთავარსარდალ ზალუჟნის დაჭრის შესახებ.
ახლა ირკვევა, რომ გენერალი ზალუჟნი ევროპაში იმყოფებოდა 3 კვირის განმავლობაში, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები გადიან მომზადებას: ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ.
ყველა ამ ქვეყნის მონახულება კი დროს მოითხოვდა.
სხვადასხვა წყარის ინფორმაციით, ზალუჟნიმ პირადად `გამოაცილა` მომზადებული უკრაინული ქვედანაყოფები უკრაინაში ესპანეთიდან, სადაც ისინი ფრონტის ხაზზე განლაგდნენ და ელიან ბრძანებას გენერალური შეტევის დაწყების შესახებ