საერთაშორისო მიმოხილვა. 28 ნოემბერი
მსოფლიო შეძრა ინფორმაციამ კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ სამხრეთ აფრიკაში, საიდანაც იგი უკვე გავრცელდა აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.
კორონავირუსის განსხვავებული შტამები (Alfa, Beta, Gama, Delta) უკვე ცნობილი და შესწავლილი იყო. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული ვაქცინები მათ ერევა. ანუ `ძირითად` უჰანურ შტამზე საშიშნი არ არიან. მაგრამ პირველადი ინფორმაციით, აფრიკაში ამჟამად ცირკულირებადი (თუმცა ბრიტანეთშიც აღმოჩნდა უკვე, გერმანიაშუც და იტალიაშიც) შტამი Omicron ბევრად კონტაგიოზურია ანუ ბევრად გადამდებია წინა შტამებზე, აქვს მუტირების ფენომენალური უნარი (32 მუტაცია ნაცვლად წინა შტამების 3-4 მუტაციისა) და რაც ყველაზე საშიშია, ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად ვირულენტურია იგი ანუ რამდენად უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე წინა შტამები. არ არის გამორიცხული უფრო დამაზიანებელი და საშიში იყოს, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის.
ბუნებრივია, ექიმები ღელავენ, მეცნიერები ღელავენ და ყველაზე უარეს ვარიანტებს არ გამორიცხავენ სწორედ იმის გამო, რომ მუტაციათა რაოდენობაც მეტია ვიდრე წინა შტამებისა და თეორიულად ის თვისებები აქვს ამ შტამს, რამაც მას შეიძლება შესძინოს უნარი, `გატეხოს` ვაქცინათა წინააღმდეგობა.
მაგალითად: ყოველწლიურად გრიპის ახალ-ახალი შტამები წარმოიშობა და `შარშანდელი` ვაქცინები მათგან ადამიანებს ვერ იცავენ. ესე იგი, შეიძლება აცრილი იყო ანტიგრიპის 4 კომპონენტური, შესანიშნავი ფრანგული ვაქცინით, მაგრამ გრიპი მაინც დაგემართოს.
განსხვავება ისაა, რომ გრიპი შედარებით სუსტი დაავადებაა, ანუ გრიპის ვირუსი, რა ახალი ვარიანტი ანუ შტამიც არ უნდა იყოს, ადამიანს დაავადების შემთხვევაშიც იოლად გადააქვს. აი ეს ვირუსი კი, რომელსაც ეწოდება SARS CoV-2 შეუდარებლად უფრო ძლიერია გრიპის ვირუსზე. ამიტომაა საშიში და ამიტომ ნერვიულობენ კომპეტენტური ადამიანები ახლა მთელს მსოფლიოში.
ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გუშინ მთლიანად, 100%-ით ჩაკეტა საზღვარი უცხოელებისთვის. ისრაელის მოქალაქეებს კი, თუკი უცხოეთიდან დაბრუნდებიან, 2 კვირიანი კარანტინი ელით. როგორც......2020 წელს.
ყველაფერი თავიდან იწყება?
ახალი, საშიში შტამის აღმოჩენა აუცილებლად იქონიებს გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე. მით უმეტეს დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში. ევროპის ქვეყნებმა უკვე ჩაკეტეს საზღვრები აფრიკის სახელმწიფოებთან, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც გაჩნდა. მაღალი ალბათობით, ვირუსი ევროპა-ამერიკაში მაინც გავრცელდება და თუ აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსის შესაკავებლად სრულებით ახალი ვაქცინა იქნება გამოსაგონი თუ შესაქმნელი, ანუ ახალი ლოქდაუნები, ახალი ჩაკეტვები, ახალი რესტრიქციები......ევროატლანტიკურ სივრცეს ამის გარდა აღარაფრისთვის ეცლება საერთოდ. აღარც საქართველოსთვის და აღარც უკრაინისთვის.
იმედია, მეცნიერთა განგაში გადაჭარბებული აღმოჩნდება და გენიალური გერმანული, ინგლისური და ამერიკული ვაქცინები ამ შტამსაც მოერევიან.
თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შტამს Omicron უკვე უწოდა `შემაშფოთებელი` და ბევრად უფრო სწრაფად გამოსცა ამგვარი შეფასება, ვიდრე წინა შტამებზე.
უბედურება კიდევ ისაა, რაზეც ბევრად უფრო იშვიათად ლაპარაკობენ ვიდრე ვაქცინებზე: მეცნიერებამ შექმნა ვაქცინები SARS CoV-2 წინააღმდეგ, მაგრამ ვერა და ვერ შექმნა წამალი (!) ვირუსებით გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ. არსებობს გრიპის წამალი? არ არსებობს ამგვარი რამ! შეიძლება დალიო სიცხის დამწევი, ეს არის და ეს. ხოლო დაავადებას ორგანიზამი უნდა მოერიოს და 99,06% შემთხვევაში წარამტებით ერევა კიდეც.
აი SARS CoV-2 გრიპის შორეული მოანთესავე კია, მაგრამ ბეეეეეეეევრად მასზე ძლიერია და ამიტომაც სჩანს ასე მკაფიოდ, რომ სინამდვილეში ქმედითი წამალი (ფარმაცევტული კომპანიების მერკანტილური ინტერესებით გაფიარებულ პრეპარატებს არ ვგულისხმობ - მილიარდები რომ მოაქვთ და არაფერი . . . . დ) არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, მნიშვნელოვანია, ვიდრე ვაქცინა.
ჯერ-ჯერობით არ არსებობს გრიპის წამალი და/ანუ არ არსებობს `კოვიდ-`ის წამალი.
ფილტვების დისტრეს-სინდრომის დროს ერთადერთი მართლა ქმედითი საშუალება (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ) არის ჟანგბადის ფილტვებში წნევით მბერავი აპარატი (ე.წ. ხელოვნური სუნთქვა) იმ იმედით, რომ ორგანიზამი ძალას მოიკრებს და ამ წყეულ თუ ღვთის რისხვა ვირუსს საბოლოოდ თავად გამოსდევნის.
ეს წამალი არ არის. ეს მხოლოდ კეთილშობილი დამხმარე საშაულებაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბაიდენის ადმინისტრაციამ სთხოვა დემოკრატიულ პარტიას, დაბლოკოს ამერიკის სენატში რესპუბლიკელთა წინადადებით შეტანილი ცვლილებები თავდაცვის ბიუჯეტში`, რითაც უნდა მომხდარიყო საქნციების შემოღება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ანუ, ბაიდენმა და დემოკრატებმა კი შეიტანეს ამგვარი სანქციები `თავდაცვის ბიუჯეტში` რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ რესპუბლიკელები აპირებენ ეს სანქციები ბევრად გაამკაცრონ, რისი წინააღმდეგიცაა ბაიდენი.
წინააღმდეგია რადგან ეშინია, რომ თუ უფრო მკაცრ სანქციებს შემოიღებს, პუტინი გაცოფდება, უკრაინას შეუტევს და ამერიკა იძულებული იქნება ამ აგრესიაზე ირეაგიროს, რათა ისევე არ შერცხვეს, როგორც ავღანეთში შერცხვა. ეს კი ტრამპს გააძლიერებს.
ტრამპი ღიად ამბობს, რომ იბრძოლებს პრეზიდენტობისათვის 2024 წელს და ჯერ ჯერობით არ არსებობს არანაირი ინდიკაცია იმისა, რომ `რესპუბლიკური პარტია` იმ არჩევნებზე სხვა რომელიმე რესპუბლიკელს დაუჭერს მხარს და არა ტრამპს.
კონკრეტულად საქმე ეხება `რესპუბლიკელთა` წინდადებას, რომ სანქციები დაწესდეს `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენი ქსელის რუსულ ოპერატორზე, Nord Stream - 2 AG რაც გამოიწვევს გაზსადენის გაჩერებას.
ჯერ-ჯერობიოთ `დემოკრატები` ახერხებენ სხვადასხვა პროცედურული ხრიკებით, გადამწყვეტი კენჭისყრის შეყოვნებას. ზუსტად ეს იყო ბაიდენის თხოვნა: იეშმაკეთ, როგორმე საქმე გააჭიანურეთ, არ დაუშვათ კენჭისყრა, ეგება სიტუაცია შეიცვალოსო
აი სადამდე მივიდა საქმე და ამ კრიზისის წყარო ვინ არის? კრემლის ურჩხული! ის ურჩხული (ტოლკიენისეული `საურონი`) რომელიც სულ უფრო ოსტატურად ახერხებს `ითამაშოს` ამერიკის შიდაპოლიტიკურ წინააღმდეგობებზე.
ეს თამაში პუტინმა 2016 წელს დაიწყო ტრამპ-კლინტონის დაპირისპირებისას და ახლაც აგრძელებს.
იმისთვის, რათა `რესპუბლიკელებს` გული მოულბოს, რაღაცნაირად მოთაფლოს, ბაიდენის ადმინისტრაციამ უბრძანა სახელმწიფო დეპარტამენტს, 2022 წლის განმავლობაში გაყაროს ამერიკიდან ასეულობით რუსი დიპლომატი ანუ არ გაუგრძელა მათ დიპლომატიური ვიზები. საქმე იქეთ მიდის, რომ რუსეთის ელჩი ამერიკაში, სამხედრო გენერალი (!) ანატოლი ანტონოვი ლამის მარტო დარჩება იმ თავის საელჩოში, სადაც უამრავი პროვოკაცია და სპეც-ოპერაცია იგეგმება ამერიკის წინააღმდეგ.
თუმცა ბაიდენმა იცის, რომ ეს არ არის არანაირი ქმედითი სანქცია პუტინის წინააღმდეგ: ბოლო 20 წლის განმავლობაში პუტინმა იმდენი ღრმა დაფარვის აგენტი, იმდენი გავლენის სუბიექტი შეაგზავნა ამერიკაში, იმდენი `დაკონსერვებული აგენტურული ბუდე` აქვს შექმნილი, რომ დიპლომატების გამოყრით პუტინს ბევრი არაფერი დააკლდება. ამიტომაც არ ირეაგირებს მწვავედ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სამწუხაროდ, პუტინის შანტაჟი შედეგიანია: გუშინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა არაა ალიანსის წევრი, ამიტომ ალიანსის წევრები უკრაინის გამო რუსეთთან არ იომებენო.
ეს განცხადება არის ამ ორგანიზაციის მთავარი თვისების გამოხატულება: NATO კონსენსუსური სისტემაა. ამიტომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონსენსუსითესე იგი ერთხმად. გენერალური მდივანი სწორედ ამ კონსენსუსის გამოხატულებაა მუდამ და ყველა მისი განცხადება მას ეფუძნება.
სტოლნტერბერგმა რაც თქვა, იმიტომ თქვა, რომ მოკავშირეებს ასე სურთ. არავის უნდა ომი რუსეთთან უკარინის გამო.
თუმცა შეგახსენებთ, როდესაც ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო ომი მილოშევიჩის სერბეთის წინააღმდეგ (1999 წელს), ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო და არა ცალკე ამერიკამ ან ინგლისმა ან საფრანგეთმა მხოლოდ.
მაშინდელი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა სულ სხვანაირად ლაპარაკობდა იმ დროს.
განსხვავება ისაა, რომ რაც ხდებოდა მაშინ ალბანეთში, ხდებოდა ბუკვალურად NATO-ს პასუხისმგებლობის არეალში. ამიტომ წავიდენ რუსეთთან კონფრონტაციის რისკზე, რაკი რუსეთს არ ჰქონდა საერთო საზღვარი სერბეთთან. რუსეთიდან თვითმფრინავები გაფრინდნენ, თუმცა უნგრეთმა მათთვის საჰაერო სივრცე დაბლოკა.
უკრაინა კი სულ სხვაა - მას აქვს საერთო საზღვარი რუსეთთან და საჰაერო სივრცესაც ვერავინ დაუბლოკავს რუსულ ავიაციას.
სამწუხაროდ ასეა.