საერთაშორისო მიმოხილვა. 28 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 იანვარი. 2024 წელი

ამერიკის პრეზიდენტო ჯო ბაიდენი ცუდ ფორმაშია.

 აშკარად.

და ამას უკვე ყველა ამჩნევს, ბევრი კი ღიადაც ამბობს.

ადრეც იყო ამის მარკერები და სიმპტომები, თუმცა ის, რაც გუშინწინ „სამხრეთ კაროლინას“ შტატში მოხდა, ყოველგვარ ზღვარს ცდება უკვე.

„დემოკრატიული პარტიის“ სადილზე ბაიდენმა დონალდ ტრამპს „მოქმედი პრეზიდენტი“ უწოდა და დაიჩივლა, რომ ტრამპი ამერიკის ეკონომიკას ჩამოქცევას უწინასწარმეტყველებს. როგორ შეიძლება „მოქმედი პრეზიდენტი“ ამას ამბობდესო.

ანუ კითხულობდა სუფლიორზე ან/და სუფლირის გარეშეც და ნაცვლად Former president თქვა current president.

გარდა ამისა, იმავე გამოსვლაში ბაიდენმა ნაცვლად ტერმინისა Predecessor (წინამორბედი) ტრამპს უწოდა professor;  ხოლო შტატს, სადაც სიტყვით გამოდიოდა, უწოდა Sought Canada, ნაცვლად Sought Carolina  

უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც ჯო ბაიდენზე ბევრად ახალგაზრდა არ არის, უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ბაიდენი.

ყველაზე ტრაგიკული კი იმის შეგნება და გაანალიზებაა, რომ ჯო ბაიდენს დემოკრატიულ პარტიაში ალტერნატივა არ ჰყავს!

ანუ, აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, ნებისმიერი სხვა დემოკრატი კანდიდატი აუცილებლად „დიდი ანგარიშით“ წააგებს ტრამპთან საპრეზიდენტო არჩევნებს.

თავისთავად ეს ამერიკული დემოკრატიის ძააააალიან სერიოზული კრიზისის, თანაც სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. იმიტომ, რომ აშშ „დემოკრატიულ პარტიაში“ მოღვაწეობს უამრავი ახალგაზრდა, განსწავლული, პატრიოტი, ნიჭიერი კონგრესმენი, გუბერნატორი, სენატორი ........ ახალგაზრდები, ძალ-ღონით სავსენი, დამსახურებულნი, ჭკვიანები, განათლებულნი, ავტორიტეტულნი და.....ბაიდენს მაინც არა ჰყავს ალტერნატივა.

რა სისტემური პრობლემის შედეგი და მაჩევნებელია ეს მოცემულობა? როგორც ჩანს იმისა, რომ ამერიკული პარტიულ-ელექტორალური დემოკრატია სერიოზული ისტორიული კრიზისის ფაზაში შევიდა!

„დემოკრატიული პარტიაც“ და „რესპუბლიკური პარტიაც“, რეალურად არიან სხვადასხვა სოციალურ ძალთა და ჯგუფთა კონგლომერატები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბეს ამომრჩევლებს შესაბამისი მენტალობა; ამ მენტალობის  გამოსწორება უკვე ძალიან ძნელია. მით უმეტეს სისტემის რეფორმის გარეშე.

ამერიკული პარტიულ-ელექტორალური სისტემის რეფორმა კი იმდენად რთული ამოცანაა აშშ ფედერაციული შინაარსის გათვალისწინებით, რომ ლამის ახალი კონსტიტუციის მიღებას მოითხოვს რაც უბრალოდ გამორიცხულია.

არ დავივიწყოთ, რომ ამერიკაში პრეზიდენტს პირდაპირ არ ირჩევენ - ირჩევენ ხმოსნებს, რომლებიც შემდეგ ირჩევენ აშშ სახელმწიფოს მეთაურს.  ა

მიტომ, არც თუ იშვიათად მომხდარა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისას ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა „სუფთა რაოდენობით“ გაიმარჯვა ერთმა კანდიდატმა (ვთქვათ ჰილარი კლინტონმა 2016 წელს) და პრეზიდენტი გახდა მეორე კანდიდატი (ტრამპი იმავე 2016 წელს), რაკი მან გაიმარჯვა პატარა შტატების უმრავლესობაში და იქ მოიპოვა მეტი „ხმოსნის“ მანდატი.

ამერიკელები ამას უწოდებენ Popular vote.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რომელსაც რა თქმა უნდა წინასაარჩევნო ფორმა და შინაარსი აქვს, თუმცა აქვს, ამასთანავე, „ბირთვული ეფექტი“ ელექტორალური თვალსაზრისით

ტრამპმა თქვა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება, გააუქმებს ჩინეთთან „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს“ (Most favored nation treatment-MFN) და შემოიღებს 60%-იან (!) საბაჟო გადასახადს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე!

ფაქტობრივად ეს მთელი ჩინური იმპორტის დაბლოკვას ნიშნავს.

ტრამპის და მისი გუნდის არგუმენტაცია ძალიან სერიოზულია ამ მხრივ: უკვე 30 წელია ჩინეთი სარგებლობს WTO წევრობით, სარგებლობს Most favored nation სტატუსით, რაც გულისხმობს, რომ ამერიკულ ბაზარზე იგივე სტატუსი აქვს, რაც მაგალითად ბელგიას ან საფრანგეთს ან ახალ ზელანდიას, მაგრამ.......იმავდროულად ახორციელებს სახელმწიფო პროტექციონიზმის პოლიტიკას, ხელოვნურად აუფასურებს იუანს, ამით  „აიაფებს“ საკუთარ პროდუქციას; ამასთანავე აქვს დაწესებული მჩაგვრელი რეჟიმი საკუთარ შრომით ბაზარზე, სადაც მუშები ათჯერ იაფად მუშაობენ ვიდრე მუშაობენ მათი ამერიკელი ან ევროპელი კოლეგები; შესაბამისადб გააჩნია  უდიდესი „ფორა“ ამერიკულ ბაზრებზე კონკურენციის თვალსაზრისით და ა.შ და ა.შ.

აქ ერთადერთი ლეგიტიმური კითხვა დონალდ ტრამპის მიმართ მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ იგი ჯერ კიდევ 2015-2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს იქადნებოდა: როგორც კი ამირჩევთ, ჩინეთს ყველა პრივილეგიას გავუუქმებ და ვაიძულებ წესიერად ითამაშოს გლობალურ ვაჭრობაშიო; მაგრამ პრეზიდენტი გახდა და.....ვერ გააკეთა.

ვერ გაბედა უბრალოდ.

იმიტომ ვერ გაბედა, რომ ჩინეთისთვის Most favored nation სტატუსის გაუქმება და მის პროდუქციაზე 60%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესება არის ამ დიდი, უკვე გლობალური ზესახელმწიფოსთვის ომის გამოცხადება!

და უდიდესი ცვლილებების მომასწავებელია მთელს გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკაში, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის „წონას“ მსოფლიოს ეკონომიკაში.

იოლი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ იქნება; მაგრამ ტრამპის „მეორე ვადა“ იმითაცაა მნიშვნელოვანი და  არსებითი, რომ ამ „მეორედ მოსვლის“ შემდეგ, დონალდ ტრამპმა, მით უმეტეს მისი ცნობილი პრობლემების გათვალისწინებით, შესაძლოა გაბედოს ისიც კი, რაც პირველი ვადისას ვერ გაბედა.

ცუდი ისაა, რომ ტრამპს ამერიკის მთავარ მტრად მიაჩნია არა პუტინი, არამედ ჩინეთი.

არა გეოპოლიტიკური, არამედ უპირატესად გეოეკონომიკური მიზეზებით.

უფრო ზუსტად, ტრამპი აზროვნებს როგორც გლობალური გეოეკონომიკური ზესახელმწიფოს ლიდერი, რომელიც იმდენად გეოპოლიტიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებს კი არ აღიქვამს პრიორიტეტად (თუკი უშუალო ამერიკას და მის უახლოეს მოკავშირეებს არ ეხება) არამედ გეოეკონომიკურ საფრთხეებს, რაც სამომავლოდ აუცილებლად ტრანსფორმირდება გეოპოლიტიკურ პრობლემებშიც.

ფორმალურად, ტრამპი მართალია. მაგრამ ამგვარ მიდგომას, რომელიც ამერიკელ რესპუბლიკელებში და კონსერვატიულ-იზოლაციონისტურ ამერიკულ ელიტებში სულ უფრო ტრენდულია, შესაძლოა უკრაინა, საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის მომავალი შეეწიროს.

ეს არის სწორედ დონალდ ტრამპის ფენომენის მთავარი საფრთხე და პარადოქსული თავისებურება.

სუფთა ეკონომიკური თვალსაზრისით, ძალიან ძნელია დონალდ ტრამპის ლოგიკაში ხინჯი აღმოაჩინო. დავაკვირდეთ მის საზრისს: საუკუნეების განმავლობაში ამერიკა მდიდრდებოდა არა ამერიკაში გადასახადების აკრეფით (ანუ საკუთარი მოქალაქეების დაბეგვრით მხოლოდ), არამედ საბაჟო შემოსავლებით, ესე იგი ამერიკის „ოქროს ბაზარზე“ წვდომის სარფიანად გაყიდვით.

„ოქროს ბაზარი“ (Golden market) გულისხმობს იმ გეოეკონომიკურ გარემოებას, რომ ამერიკის ბაზარი, ჯერ ერთი, ლამის  ყველაზე მრავალრიცხოვანია მსოფლიოში, თანაც (რაც ბევრად არსებითია) ერთ-ერთი ყველაზე მაღალ გადახდისუნარიანია მსოფლიოში.

დღეს კი - ამბობს ტრამპი - ამერიკის საბაჟო ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, რადგან ამერიკამ მეტისმეტად ბევრ ქვეყანასთან, (პირველ რიგში ჩინეთის მზარდ და აგრესიულ ეკონომიკასთან, თანაც პროტექციონისტულ და იუანის ხელოვნურ დევალვაციაზე ორიენტირებულ ეკონომიკასთან) შემოიღო შეღავათიანი საბაჟო რეჟიმი - იგივე Most favored nation სტატუსი.

აქვე გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთი სულაც არ არის პირველ ადგილზე ამერიკასთან ვაჭრობის თვალსაზრისით: პირველ-მეორე ადგილს იყოფენ მისი უშუალო მეზობლები: კანადა და მექსიკა.

ჩინეთი მესამეა და ჩინეთის წილი ამერიკასთან ვაჭრობაში არის.....11-12%.

თითქოს არც ისე ბევრია ხომ?

ოღონდ აქ ერთვება კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ტრამპისთვის, ამჟამინდელი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ფარგლებშიმ ძალიან მნიშვნელოვანია: არსებობს „ჩინური ექსპანსიის მითოსი“, რაც ზაფრავს ამერიკელებს ისევე, როგორც მექსიკასთან საზღვრიდან ასი ათასობით უკანონო იმიგრანტის შემოდინება.

1970-იან წლებში არსებობდა ანალოგიური მითოსი იაპონიასთან დაკავშირებით, ოღონდ.....იაპონია მაინც სხვაა, რადგან ამერიკამ იგი მეორე მსოფლიო ომში დაამარცხა, ამერიკის უახლოესი მოკაშირეა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით; თანაც იაპონია თუნდაც ზე-კონსოლიდირებული, მაგრამ მაინც დემოკრატიაა - ელექტორალური დემოკრატიით, ძლიერი სოციალური ინსტიტუტებით, პროფკავშირებით და ა.შ და ა.შ. ამიტომ იაპონიის ეკონომიკურმა „შეღწევამ“ მხოლოდ გააძლიერა

გარდა ამისა, იაპონიაში განლაგებულია ამერიკული სამხედრო ბაზა;

 

მეორეს მხრივ ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მთავარია არა „წილის“ ოდენობა (11-12% არაა კატასტროფულად ბევრი) არამედ ტენდენცია.

და იგივე აკადემიური წრეები (საუკეთესო უნივერსიტეტთა პროფესურა ეკონომიკისა და გლობალური მარკეტინგის განხრით) აღნიშნავს ამასთან, რომ დონალდ ტრამპს, რომც გახდეს პრეზიდენტი, ძალიან გაუჭირდება ამ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ისევე, როგორც გაუჭირდა პირველი ვადისას: იმდენად მაღალია (უკვე) ჩინური და ამერიკული ეკონომიკების და განსაკუთრებით ინდუსტრიების ინტეგრაციის დონე: განა ჩინეთი არ მიღებს საპასუხო ზომებს იმ ვითარებაში, როცა ამერიკული მანქანათმშენებლობის ტიტანები ჩინეთში „აშენებენ“ მანქანებს?

განა გენიალური Tesla არ დაზარალდება მაგალითად?

განა ჩინეთში ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საპასუხო შეზღუდვით ამერიკელი ფერმერები არ დაზარალდებიან და ასი ათასობით სამუშაო ადგილი არ დაიკარგება ნაცვლად იმისა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას?

ზუსტად ასე მოხდა 2016-2019 წლებში (მერე პანდემიამ ყველა გლობალური საკითხი მოხსნა საერთოდ დღის წესრიგიდან, მათ შორის ამერიკაში), როცა ტრამპმა დაუწესა შეზღუდვები ჩინელ მწარმოებლებს, საპასუხოდ ჩინეთმა დაუწესა შეზღუდვები ამერიკელ ფერმერებს და ტრამპი იძულებული გახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეხადა კომპენსაცია ამერიკელი ფერმერებისთვის 30 მილიარდი დოლარის ოდენობით!

სისტემური პრობლემა კიდევ ისაა, რომ ჩინეთი ავტოკრატიული სახელმწიფოა (მით უმეტეს სი ძინპინის ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ კომპარტიის XX ყრილობის შედეგად) ამიტომ ჩინეთს იოლად შეუძლია „კონცენტრირებული“ პოლიტიკის წარმოება თავდასასხმელად ან თავდასაცავად ეკონომიკის სფეროში; ამერიკა კი დემოკრატიაა, ანუ ბევრად რთული, Sophisticated სისტემაა და იქ ასე იოლად რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხერხდება.

თუ რასაკვირველია ტრამპი არ გულისხმობს მართლა, პირდაპირ, ომის გამოცხადებას ჩინეთისთვის. 

„ეკონომიკურ ომსა“ და „ნამდვილ ომს“ შორის დღევანდელ მსოფლიოში ზღვარი წაშლილია. თუკი ოდესმე არსებობდა საერთოდ ეს ზღვარი, როცა ასეთ მასშტაბებზე და ასეთ დონეზეა ლაპარაკი.