საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ოქტომბერი 2022 წელი
ამერიკაში რუსეთის ელჩმა, გენერალმა (!) ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ამერიკამ, თურმე `მეტისმეტად შორს შეტოპა` უკრაინაში და ზოიგიერთი ცნობით აპირებს `წითელი ხაზის` გადაკვეთას, რასაც, ანტონოვის თქმით `კატასტროფული შედეგები მოჰყვება`.
გენერალ ანტონოვს, რომელიც პუტინმა დანიშნა ამერიკაში ელჩად, მხედველობაში ჰქონდა ბოლო ცვლილებები ევროპის სამხედრო დისპოზიციაში.
პირველად 80 წლის განმავლობაში, ამერიკის შეიარაღებულ ძალთა საჰაერო-სადესანტო დივიზია (მყვირალა არწივები) პენტაგონმა გადმოისროლა ევროპაში და განალაგა რუმინეთში, უკრაინის საზღვრებთან ახლოს. სულ რაღაც 5 კილომეტრში უკრაინის საზღვრიდან.
ამ ელიტური დივიზიის სარდლის მოადგილემ, ჯონ ლუბასმა განაცხადა, რომ Screaming Eagles `მზადაა გადაკვეთოს უკრაინის საზღვარი და ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში`.
ეს უპრეცედენტო განცხადებაა, რომელმაც მოსკოვი აშკარად შეაშინა. ამით აიხსნება ვაშინგტონში რუსი ელჩის პანიკური განცხადება და შიშნარევი მუქარა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ ამერიკული კოსმოსური თანამგზავრები განაგრძობენ ინფორმაციის მიწოდებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ისინი `კანონიერ სამიზნეებად იქცევიან` რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის.
რუსული არმიის შეიარაღებაზეა საზენიტო სისტემები С-500, რომელსაც აქვს უნარი `მიწვდეს` კოსმოსურ თანამგზავრებს. მთავარი ისაა, გაბედავს თუ არა ამას პუტინი. მან ძალიან კარგად იცის, რომ სადაზვერვო ინფორმაცია რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ (პირველ რიგში თანამგზავრებიდან მიღებული), ერთ-ერთი ყველაზე ფასეული დახმარებაა, რასაც კი ამჟამად ამერიკა უწევს უკრაინას. ეს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს უკრაინულ არმიას.
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკული მეინსტრიმული მედია იტყობინება, რომ აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში წარუმატებელ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, CIA ხაზით საუდის არაბეთის ხელმძღვანელობასთან მიღწეული იყო საიდუმლო შეთანხმება, რომ საუდის არაბეთი წლის ბოლომდე გაზრდიდა ნავთობის მოპოვებას, რაც `მოახრჩობდა` რუსეთს, რაკი ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად დაეცემოდა.
გარდა ამისა, გააიაფებდა ბენზინის ფასს ამერიკაში, რაც გარანტირებულად გამარჯვებას მოუტანდა `დემოკრატებს` კონგრესის საშუალედო არჩევნებში. სანაცვლოდ ამერიკა არაბებს იარაღს პირდებოდა.
ამის ნაცვლად, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ პირიქით, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეამციროს ნავთობის მოპოვება უკვე ნოემბრიდან, რაც ხელსაყრელია პუტინისთვის. როგორც ჩანს, პუტინმა არაბებს რაღაც უფრო მომხიბვლელი წინადადება შესთავაზა.
. . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, იცჰაკ ჰერცოგმა, ვაშინგტონში პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას განიხილა ირანული დრონების რუსეთისთვის მიწოდება.
ისრაელის გენერალიტეტი სულ უფრო დიდ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ფაქტიურად ირანის არმია უკრაინაში ცდის (სამხედრო გარემოში) ამ უპილოტო თვითმკვლელ საფრენ აპარატებს და ეს აძლიერებს ირანის ცდუნებას, რომ ან თვითონ გამოიყენოს ისრაელის წინააღმდეგ ეს დრონები, ან მიაწოდოს პროირანულ ისლამურ დაჯგუფება `ჰესბოლლა`- ს ლიბანში.
ბოლო ცნობებით, ირანმა რუსეთს უკვე მიაწოდა ან მზადაა მიაწოდოს 2 000 დრონი` შაჰიდ`, რომელსაც რუსები `გერანს` უწოდებენ.
სწორედ ეს ფაქტი შესაძლოა გახდეს `თრიგერი`, რათა ისრაელმა უკრაინას მიაწოდოს მისი ულტრათანამედროვე საზენიტო სისტემები, რათა ისინი გამოსცადოს საბრძოლო ვითარებაში` შაჰიდების` წინააღმდეგ, როგორც ირანი ცდის საკუთარ დრონებს რუსების ხელით უკრაინაში.
ისრაელსაც და ამერიკასაც, ასევე მთელს მსოფლიოს, დიდი იმედი აქვთ, რომ ირანის რეჟიმი შიგნიდან შეირყევა და უამრავი საფრთხეც მოიხსნება.
ირანული საზოგადოება აშკარად გადაიღალა ფანატიკოს ისლამისტ აიათოლლათა მმართველობით, რომელიც 1979 წლის ე.წ. `ისლამური რევოლუციიდან` დღემდე გრძელდება. უკვე რამდენიმე კვირაა, ირანული ქალაქები საპროტესტო ტალღამ მოიცვა. `თრიგერი` გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება მას შემდეგ, რაც იგი `ისლამურმა პოლიციამ` დააპატიმრა მხოლოდ იმის გამო, რომ თმები თავსაბურავით არ ჰქონდა დაფარული.
. . . . . . . . . . . . . . .
სამხედრო ანალიტიკოსები, ხერსონში ვითარების ანალიზისას, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხერსონიდან რუსების მიერ მოსახლეობის ევაკუაცია დნეპრის მარცხენა ნაპირზე ჯერ არ ნიშნავს რუსული არმიის უკან დახევას.
სავარაუდოა, რომ იქ რუსები ამზადებენ თავდაცვით პლაცდარმს, რათა მაქსიმალურად დიდი ზიანი მიაყენონ უკრაინულ არმიას მომავალი შეტევის დროს. შემდეგ კი ააფეთქონ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური (ეს იგივეა, ენგურჰესი რომ ააფეთქოს ვინმემ) და მთლიანად დატბორონ ხერსონი.
უბრალოდ საინტერესოა ამ მოსახლეობას სად წაიყვანენ - ახალი ქალაქის ამშენებელია თანამედროვე რუსეთი?
. . . . . . . . . . . . . . .
საოცარი ფაქტები ირკვევა რუსული `მობილიზაციის` შესახებ: რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ სეროვოდან გაწვეულთა ოჯახის წევრებმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც ლაპარაკია მათი შვილების, ძმების, ქმრების სავალალო მდგომარეობის შესახებ უკრაინის ფრონტზე.
ირკვევა, რომ გაწვეულთაგან დაკომპლექტებულ ქვედანაყოფს არა აქვს საჭმელი, სასმელი წყალი, იარაღი, აღჭურვილობა, თბილი ტანსაცმელი და მისცეს მხოლოდ ერთი ტანკი, რომელიც ვერ გადაადგილდება ძრავის დაზიანების გამო.
ვიდეო `ვირუსულად` ვრცელდება რუსეთში და უდიდესი რეაქციაც გამოიწვია.
საშინლად არაპოპულარულია ეს გაწვევა რუსეთში.
ამას წინათ რუსმა მეცნიერებმა მიწერეს პუტინს: `მეცნიერებათა კანდიდატებს და დოქტორებსაც იწვევენ და ნუთუ `სალდათებად` უფრო ვჭირდებით ქვეყანას (იგულისხმება `საზარბაზნე ხორცად`) და არა მეცნიერებადო.
ზოგადად, ამ მობილიზაციაში მჟღავნდება ჯერ კიდევ იმპერიული პერიოდიდან რუსეთს მოყოლებული `თავმოუბმელობა`(разгилдяйство), რომელიც, სტალინმა, ჰიტლერთან ომის დროს, საშინელი რეპრესიებით და მასობრივი დახვრეტებით ამოძირკვა მხოლოდ.
თანამედროვე ენაზე თუ ვიტყვით, ამ პრობლემას ეწოდება სამხედრო ლოჯისტიკის სრული დამბლა. ეს სისტემური პრობლემაა, თუმცა პუტინს ეგონა, მეორეხარისხოვანი იყო ახალთახალ ზებგერით რაკეტებთან შედარებით. ამაში `დაარწმუნეს` რასაკვირველია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მილიარდერმა მესვეურებმა. ამიტომ `ზურგის უზრუნველსაყოფად` და ლოჯისტიკის გასაუმჯობესებლად ფულს არ ხარჯავდა,.
სამარცხვინო შედეგიც მიიღო.
ამიტომაა, რომ NATO-ს სამხედრო დოქტრინა ლოჯისტიკას და `ზურგის უზრუნველყოფას` თითქმის ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს და ისეთივე `დონეზე` წევს, როგორც უშუალოდ შეიარაღებას და სამხედრო მომზადებას.
. . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის მთავრობა გეგმავს კანაბისის (მარიხუანას) ლეგალიზაციას. შესაბამისი კანონპროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე წარუდგინა ოლაფ შოლცის მინისტრთა კაბინეტს.
მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ კანონპროექტი `გავა` გერმანია ამ მხრივ იქცევა მოდელად მთელი ევროპისთვის.
მეზობელ ნიდერლანდში მარიხუანა ფაქტობრივად ლეგალიზებულია.
. . . . . . . . . . . . . . .
`მერსედესმა` საბოლოოდ დატოვა რუსული ბაზარი. გერმანულმა კონცერნმა გაყიდა ქარხანა მოსკოვის მახლობლად. მყიდველი აღმოჩნდა ადგილობრივი, რუსული სადილერო კომპანია.
`მერსედესის` წასვლა `ტრენდული მოვლენა` გახდება სხვა ბრენდებისთვის ყველა სფეროში.
ჯერ კიდევ უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისთანავე მერსედესმა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა, თუმცა ქარხანას ინარჩუნებდა.
რუსეთისთვის უბედურება ისაა, რომ ამგვარი ბრენდების `შემოსატყუებლად`, 1990-იან წლებში რუსეთის მთავრობა ძალიან ბევრს აკეთებდა. ახლა ეს დაიკარგა და ათწლეულები დასჭირდება ამ პროცესების ხელახლა `აწყობას`.
იმ ქარხანაში ახლა იგეგმება ჩინური ავტომობილების აწყობა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში მოხდა ნიშანდობლივი რამ: ქსენია სობჩაკი ქვეყნიდან გაიქცა.
ეს მოვლენა ნიშანდობლივია არა იმიტომ, რომ `სელებრიტები` გარბიან პუტინის რეჟიმისგან, არამედ სობჩაკის პიროვნებისა და პუტინთან ურთიერთობის ისტორიის გამო. ქსენიას მამა, ანატოლი სობჩაკი, როცა პეტერბურგის მერი იყო, საშუალო გაქანების `კაგებეშნიკი` პუტინი დააწინაურა და `კაცად აქცია`.
ახლა ქსენიას ადანაშაულებენ იმაში, რომ თავისი კომპანიის გენერალური დირექტორის მეშვეობით ცდილობდა ფული გამოეძალა `როსტეხის` მფლობელ მილიარდერ ჩემიზოვისგან. ემუქრებოდა კომპრომატების გამოქვეყნებით საკუტარ ტელეგრამ არხზე.
საქმეში ჩარეულია თინა კანდელაკის ქმარი, რომელიც დაზარალებულის მხარესაა. თინა კანდელაკსა და ქსენია (ქსიუშა) სობჩაკს შორის კი მრავალწლიანი კონფლიქტია.
სობჩაკი არ იყო უკრაინის გამო დიდად კრიტიკული პუტინის მიმართ; თუმცა ეს ისტორია ადასტურებს, რომ რუსულ ელიტებში სრული დეგრადაციაა.
. . . . . . . . . . . . . . .
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ნიგერიაში გაჩნდა და ევროპა-ამერიკაში უკვე გავრცელდა კორონავირუსის ახალი შტამი `ცერბერი`.
ეს არის ახალი მუტაცია, რომელიც 20-30%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა ჯერ ჯერობით მეცნიერები კამათობენ იმაზე, რამდენად სახიფათოა ეს მუტაცია დაავადების თვალსაზრისით და რამდენად მომაკვდინებელია.
თუმცა Covid-19 რომ არ გვეშვება, უკვე ცხადია.
დათო