საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 ივნისი 2022 წელი

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი დღეს დილით სერიოზულად დაიბომბა.    

. . . . . . . . . .

სამწუხაროდ, რუსეთის ჯარმა შეძლო წარამტებისთვის მიეღწია სევეროდონეცკის მიმართულებით და მთლიანად დაიკავა ეს ქალაქი, ასევე მისი შემოგარენი და მიმდებარე ქალაქები, მათ შორის ლისიჩანსკი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა გასცეს ბრძანება, უკრაინულ ჯარს ამ ზღუდეებიდან უკან დაიხია ახალი თავდაცვითი ხაზისკენ, რომელიც უფრო აღმოსავლეთითაა.

ბევრი ექსპერტი თვლის და შიშობს, რომ ასეთი ბრძანება უფრო ადრე უნდა გაცემულიყო, რადგან ახლა რუსული ჯარი სწრაფ შეტევაზეა გადასული და არ არის ცხადი, მოასწრებს თუ არა უკრაინული სამხედრო დაჯგუფება ამ ახალ ზღუდეზე გამაგრებას.

უკან დახევა მოხდა 2-3 დღის წინ, როდესაც შეიქმნა საშიშროება, რომ 15 000 უკრაინელი სამხედრო ალყაში ხვდებოდა.

სამწუხაროდ, უკრაინული არმიის სერიოზული მარცხია რაც მოხდა, თუმცაღა ომის წაგებას ეს ჯერ, რასაკვირველია, არ ნიშნავს.

. . . . . . . . . .

გუშინ რუსეთმა კვლავ დაბომბა უკრაინის  ტერიტორია, რომელიც პოლონეთს ესაზღვრება და ძალიან შორსაა ფრონტის ხაზიდან. დაბომბა რაკეტებით ბელორუსის საჰაერო სივრციდან და შავი ზღვის აკვატორიიდან.

ეს დაბომბვა დაემთხვა რუსეთის პროვოკაციას კატინში, სმოლენსკის ოლქში, სადაც სტალინმა 25 000 პოლონელი ოფიცერი დახვრიტა 1940 წელს.

დიდხანს იტყუებოდა საბჭოთა რეჟიმი, რომ ეს პოლონელი ოფიცრები სინამდვილეში ფაშისტებმა დახვრიტეს, თუმცა ბოლოს მაინც აღიარეს ისტორიული დანაშაული.

25 000 პოლონელი ოფიცერი სტალინს ტყვედ ჩაუვარდა მაშინ, როცა 1939 წელს ჰიტლერთან ერთად პოლონეთი გაიყო მოლოტოვ-რიობენტროპის პაქტის შედეგად.

როდესაც მოსკოვმა აღიარა 1990 წელს, რომ ეს მან ჩაიდინა და არა ნაცისტურმა გერმანიამ, კატინში მემორიალი ააგეს.

ახლა სმოლენსკის გუბერნატორმა, რასაკვირველია მოსკოვიდან ბრძანებით, ამ მემორიალიდან დროშები მოხსნა, რადგან, მისი თქმით `პოლონეთი რუსეთს ეომება უკრაინაშიო`.

პოლონეთის პროტესტი სრულად იგნორირებულია.

. . . . . . . . . .

NATO-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა მოლაპარაკება გამართა ერდოღანთან ალიანსში შვედეთის და ფინეთის მიღებაზე მომავალი მადრიდის სამიტის მსვლელობისას. თურქული მხარე კვლავინდებურად წინააღმდეგია და აცხადებს, თითქოს შვედეთი და ფინეთი `ნაღმსატყორცნებს` აწვდიან ქურთ სეპარატისტებს, რომლებიც ებრძვიან თურქეთის რესპუბლიკასო.

ეს რასაკვირველია ტყუილია:  აბსოლუტურად გამორიცხულია ჰელსინკი ან სტოკჰოლმი ასე ერეოდნენ ამ ომში, რასაც ანკარა აწარმოებს ქურთების წინააღმდეგ. თუმცა ერდოღანს სინამდვილეში ის  აღელვებს, რომ ქურთი სეპარატისტები და მათი ლიდერები ნამდვილად ხშირად იღებენ პოლიტიკურ თავშესაფარს შვედეთში.

. . . . . . . . . .

რუსეთმა `ისკანდერის` რაკეტები მიაწოდა ბელორუსს!

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსკოვი ვინმეს აწვდის იმგვარ რაკეტებს, რომლებსაც, თეორიულად, ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ.

`ისკანდერის` რაკეტები სწორედ ასეთია.

2008 წლის 12 აგვისტოს `ისკანდერის`  რაკეტა გორის ცენტრში ჩამოვარდა და ათეულობით ადამიანი მოკლა.

როგორც სჩანს, მოკოვი დასავლეთს აფრთხილებს: ჭკვიანად თუ არ იქნებით და უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობთ, ამგვარ რაკეტებს ირანსაც  მივაწვდიო.

ფორმალურად, `ისკანდერის` სიშორე 500 კილომეტრია, თუმცა მისი გაზრდა იოლად შეიძლება და ისრაელსაც მისწვდება.

მეორეს მხრივ, ამ რაკეტების მიწოდებით ბელორუსია ევროპის ცენტრში მდებარე რეგიონული სამხედრო ზესახელმწიფო ხდება

. . . . . . . . . .

ავტორიტეტული დასავლური რესურსები იტყობინებიან, რომ NATO-ს სახელმწიფოებმა თავისი ელიტური სპეცდანიშნულების რაზმები გააგზავნეს უკრაინაში და ისინი იქ აქტიურად მოქმედებენ, თუმცაღა არ ჩანან.

იგულისხმება არა იმდენად საარმიო სპეცდანი, არამედ სპეცსამსახურთა ქვედანაყოფები.

მაგალითად ამერიკული CIA-ს ზესაიდუმლო სპეცდანიშნულების რაზმი, ბრიტანული MI-6 და ა.შ.

ისინი, ამ წყაროების ცნობით, არა მხოლოდ უკრაინულ ქვედანაყოფებს ამზადებენ, წვრთნიან, არამედ დივერსიებსაც ახორციელებენ. განსაკუთრებით ხერსონის მიმართულებით.

იქ ბოლო დღეებში რამდენიმე კოლაბორაციონისტი მოღალატე ჩინოვნიკი გაანადგურეს. ააფეთქეს მანქანებში

ასევე იქ მუშაობენ კანადის და საფრანგეთის სპეცსამსახურთა საბრძოლო ქვედანაყოფები.

. . . . . . . . . .

უკრაინამ გამოიწვია განაცხადი NATO-ს წევრობაზე.

ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღავნელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ. მისი თქმით, რაკი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ამჟღავნებს უუნარობას, უკრაინა გაიწევრიანოს, ამ განაცხადმაც აზრი დაკარგა.

ეს ეხება ორგანიზაციას და არა მის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც კვლავინდებურად აგრძელებენ უკრაინის დახმარებას და მისთვის იარაღის მიწოდებას.

. . . . . . . . . .

26-28 ივნისს გაიმართება G7 სამიტი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა).

მოსალოდნელია, რომ დონბასზე პუტინის არმიის ნაწილობრივი, თუმცა აშკარა წარმატება/წინსვლის ფონზე, `დიდი შვიდეული` ახალ სანქციებს დააწესებს. მაგალითად მთლიანად აკრძალავს რუსეთიდან ოქროს იმპორტს.

საკმაოდ სერიოზული სანქცია იქნება, ოღონდ მისი მნიშვნელობა ისაა, რომ შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი დოლარით და ევროთი ოპერირების სრული აკრძალვისა რუსეთისთვის. აი ეს ნამდვილად შეაზანზარებდა პუტინის რეჟიმს იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ნავთობის და გაზის იმპორტის სრული აკრძალვა.

ნავთობის იმპორტი უკვე აკრძალულია რუსეთიდან. მაგრამ რაკი ინდოეთი და ჩინეთი მაინც ყიდულობენ, რუსული ბიუჯეტი ივსება, ხოლო G7 მომავალ სამიტზე მსოფლიოს ლიდერები შეეცდებიან, დააწესებინონ ინდოეთს და ჩინეთს ზღვრული ფასები ნავთობზე.

იოლი არ იქნება მათი დარწმუნება. თუმცა შეეძლებათ უთხრან რუს მეგობრებს:  აი ჩვენ კი არ გვინდა, მაგრამ დასავლეთი გვაიძულებს თქვენგან ნავთობი ასე ძვირად არ ვიყიდოთო. 

. . . . . . . . . .

ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში, ლუ შაიმ განაცხადა, რომ ჩინეთს სრული უფლება აქვს `ძალით დააბრუნოს ტაივანი მშობლიურ სანაპიროზე, ანუ კონტინენტური ჩინეთის შემადგენლობაში`.

ეს გამოთქმა `Вернуть Крым в родную гавань` პუტინმა გააჟღერა რამნდენჯერმე ყირიმის ანექსიისას და სრულებით არ არის შემთხვევითი, რომ ჩინელი დიპლომატი, რა თქმა უნდა პეკინის დავალებით (ჩინელი დიპლომატი დამოუკიდებლად ვერაფერს  ილაპარაკებს) სწორედ ამ მეტაფორას იყენებს.

ამით პეკინი, ჯერ ერთი, ამბობს, რომ არ შეურიგდება ტაივანის დამოუკიდებლობას და მეორეც, რუსეთსაც მიანიშნებს, რომ მისი იმედი აქვს ტაივანის ომში. პოლიტიკური და ლოჯისტიკური მხარდაჭერისა მაინც

. . . . . . . . . .

ამერიკაში ძალიან ღრმა და სახიფათო სოციალურ-პოლიტიკური ხლეჩა გამოიწვია აშშ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ (იმ ქვეყანაში უმაღლესი სასამართლო კონსტიტუციური სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებს), რომლითაც გაუქმდა 1973 წლის ნორმა - აბორტის ქალთა კონსტიტუციურ უფლებად ცნობის შესახებ.

აუცილებლად უნდა დაზუსტდეს რაზეა ლაპარაკი: 1973 წელს აშშ უმაღლესმა სასამართლომ  მიიჩნია, რომ ქალის კონსტიტუციური უფლებაა, შეწყვიტოს ორსულობა პირველ ტრიმესტრში ანუ პირველი 3 თვის განმავლობაში.

ახლა უმაღლესმა სასამართლომ, რომელშიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შექმნა კონსერვატიური უმრავლესობა (2 კონსერვატორი მოსამართლის დანიშვნით) დაადგინა, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი  არანაირად არ თვლის აბორტის უფლებას კონსტიტუციურად. უმაღლეს სასამართლოს  ამით თვითონ არ აუკრძალავს აბორტი, მაგრამ რეალურად ნება დართო კანონმდებლებს, აკრძალონ აბორტი ცალკეულ შტატებში.

რამდენიმე შტატმა უკვე ისარგებლა ამით და რაკი აბორტის აკრძალვა ანტიკონსტიტუციურად აღარ ჩაითვალა, უმალვე აკრძალა აბორტი ანუ ძალაში შეიყვანა ის ამკრძაკლავი კანონმდებლობა, რომელიც ძალაში ვერ შედიოდა აქამდე  არსებული ძველი ნორმის გამო.  

ასეთია 13-14 შტატი, ანუ ეხება ათეულობით მილიონ ქალს და ახლა ამერიკაში საშინელი დისკუსია მიმდინარეობს ამ თემაზე კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის. ეს ასეც იყო მოსალოდნელი. იმედია რაიმე უფრო უარესში არ გადაიზრდება, ვიდრე ქუჩებში დემონსტრაციები და თოლქ-შოუებში დისკუსიებია.

ეს ღირებულებითი საკითხია, საზოგადოებრივი ცხოველმყოფელობის საფუძვლებს ეხება და ფანატიკოსები Pro ან Contra (pro-life VS pro-choice) ორივე მხარეს მრავლად არიან. ამიტომაცაა საშიში ამერიკული დემოკრატიისათვის რაც ახლა ხდება.

და რაც საშიშია ამერიკული დემოკრატიისათვის, ასევე საშიშია და სამწუხაროა მთელი თავისუფალი მსოფლიოსათვის.

ყველაზე უარესი კი ის არის, რომ `კარგი` გამოსავალი ამ სოციალური კლინჩიდან უკვე აღარ არსებობს, რაკი ერთ-ერთი მხარე უეჭველად დამარცხებულად ჩათვლის თავს. არადა ეს მილიონობით ადამიანია ნებისმიერ შემთხვევაში.

თუმცა ელექტორალური თვალსაზრისით, ეს დისკურსი გააძლიერებს დემოკრატთა (ანუ ჯო ბაიდენის პარტიის) შანსებს 2022-2024 საარჩევნო კამპანიისას, მათ შორის შემოდგომაზე დაგეგმილი კონგრესის არჩევნებისას, რაკი ამერიკელთა უმრავლესობა ქალის არჩევანის მომხრეა ანუ Pro-choice.