საერთაშორისო მიმოხილვა. 26 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 სექტემბერი. 2023 წელი

ირკვევა ახალი დეტალები სევასტოპოლზე უკრაინის წარმატებული სარაკეტო შეტევის შესახებ. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ 9 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაიღუპა, როდესაც შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის ისტორიულ (XIX საუკუნის) შენობას მოხვდა ინგლისური რაკეტა Storm shadow.

ახლა კი ირკვევა, რომ სინამდვილეში 34 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაღუპულა. მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი!

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკრაინის ძალიან ჭკვიანური PR სტრატეგემაა: წარმატებული ოპერაციების დროს თვითონ არ ავრცელებენ უმალვე ინფორმაციას და ელიან, როცა ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები თავად მოიკვლევენ და დაადასტურებენ.

საბოლოოდ მართლა ისტორიული მოვლენა აღმოჩნდა ეს შეტევა სევასტოპოლზე და ამ დიდ გამარჯვებაში  80% უკრაინული დაზვერვის დამსახურებაა. იმიტომ, რომ სწორედ დაზვერვამ დაადგინა ზუსტად, როდის, რომელ საათზე ჩატარდებოდა იმ შენობაში რუსული გენერალიტეტის თათბირი.

მხოლოდ შენობის დანგრევა მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუმცა არა ამდენად შთამბეჭდავი მაინც: სულ სხვაა, როცა ერთი სარაკეტო დარტყმით ამდენ რუს გენერალს ანადგურებენ.

 

ამერიკული ტანკების Abrams პირველი პარტია უკვე ჩავიდა უკრაინაში. რაოდენობა არ სახელდება.

უკრაინის  ომი ამერიკული და გერმანული ტანკების `შეჯიბრადაც` იქცა იმ აზრით, რომ ამერიკულ Abrams-ს ხშირად ადარებდნენ გერმანულ Leopard-ს.

მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელიც ტანკებს აშენებს: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, ისრაელი და......სამხრეთ კორეა.

თუმცა კორეის ლიდერობა არც ერთ სფეროში (გიგანტური ნავთობმზიდი გემებიდან - კინოხელოვნებამდე) უკვე აღარავის უკვირს.

 

გუშინდელ მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სომხეთის ეროვნულ დღესასწაულზე - დამოუკიდებლობის დღეს (24 სექტემბერს). მან თქვა, რომ სომხეთის სტრატეგიული თანამშრომლობა რუსეთთან და რუსეთის შემუშავებული უსაფრთხოების სისტემები არ მუშაობს, ანუ სომხეთმა ალტერნატივა უნდა ეძიოს.

ეს განცხადება რომ მართლა საეტაპო იყო, დაადასტურა......რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ: გუშინ სერგეი ლავროვის უწყება თავს დაესხა ფაშინიანს, დაადანაშაულა იგი რუსეთის ღალატში, `დასავლეთისკენ შეტრიალებაში`, შეთანხმებების დარღვევაში და ა.შ და ა.შ.

რუსული `საგარეოს` მტკიცებით, სომხურ პრესაში `ანტირუსული ვაკჰანალიაა გაჩაღებული`.

ეს ძალიან საინტერესო რემარკაა: სომხეთი აზერბაიჯანი არ არის - სომხეთში დამოუკიდებელი პრესა ნამდვილად არსებობს; და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მოსკოვში, თითქოს ამ `ვაკჰანალიას ფაშინიანი მართავს` (ასე ნათქვამი განცხადებაში) რეალურად ანტირუსული განწყობა უკვე სომხეთის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაიდინა ყარაბაღში, როდესაც ფაქტობრივად გაყიდა თავისი სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში და ახლა იქეთ ადანაშაულებს.

კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი მოსკოვის განცხადებაში სომხეთის ეკონომიკის ზრდაზე აპელირებაა: ანუ სომხეთის ეკონომიკა დახეთ როგორ გაიზარდა ბოლო წლების მანძილზეო.

არადა ბოლო` წლების` განმავლობაში კი არ გაიზარდა, არამედ 2022 წლის შემდეგ გაიზარდა, როდესაც სომხეთი იქცა `პარალელური იმპორტის` წყაროდ რუსეთისათვის: სანქცირებული საქონელი ჩამოდის სომხეთში (ირანიდან და საქართველოდან ნაწილობრივ), შემდეგ კი იგზავნება რუსეთში, როგორც `სომხური ექსპორტი`. ამით სომხეთმა მილიარდობით დოლარი იშოვა.

არ არის სწორი, თითქოს მხოლოდ საქართველოს სამხედრო გზით და ლარსის გამშვები პუნქტით სარგებლობენ. არის მეორე მარშრუტიც: ავტომობილები, მაგალითად, სომხეთიდან იგზავნება ირანში და ირანიდან, კასპიის ზღვის გავლით - რუსეთში, ასტრახანის პორტში.

თუმცა, დავუბრუნდეთ ისევ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. მასში პირველადაა გამჟღავნებული მოსკოვის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი და ამ მიზეზში ჩაკირული მთავარი რუსული ინტერესი: `ზანგეზურის დერეფნის გახსნა!`  ანუ აზერბაიჯან-სომხეთის სატრანსპორტო დერეფნის გახსნა, რაც რუსეთს საშუალებას მისცემდა რკინიგზით დაუკავშირდეს თურქეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით.

სომხეთი აზერბაიჯანისთვის ამ დერეფნის გახსნაზე უარს აცხადებდა, რითაც საბოლოოდ გააბრაზა მოსკოვი.

ახლა რუსეთი, `საგარეოს` განცხადებით, სომხებს, ფაქტობრივად მოუწოდებს: დაამხეთ ფაშინიანი, თორემ უარეს დღეში ჩაგაგდებთო.

ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს თითქოს, როცა აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაამყარა ყარაბაღზე?

უარესი შეიძლება იყოს ის, რომ აზერბაიჯანი ძალით (!)  გაჭრის ზანგეზურის დერეფანს ნახჭევანისა და თურქეთისკენ.

ცოტამ მიაქცია ყურადღება, რომ როცა აზერბაიჯანმა `ერთდღიანი სამხედრო ოპერაცია` დაიწყო ყარაბაღში, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, შოიგუ მოულოდნელად გაფრინდა თეირანში და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ასევე ირანის თავდაცვის მინისტრს. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა თეირანს მოსთხოვა: მე არ ვუშლი ხელს ბაქოს და ნურც შენ შეუშლიო.

 

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა აშშ პრეზიდენტ ბაიდენის შეხვედრა წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვან სახელმწიფოთა ლიდერებთან. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში უმაღლეს დონეზე მიიღო 18 პატარა სახელმწიფოს ლიდერი. ამ სახელმწიფოთა ნაწილი სულ რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრია.

ბაიდენმა თქვა, რომ ეს სახელმწიფოები მეორე მსოფლიო ომის დროს იქცნენ ამერიკის დასაყრდენად, როცა ამერიკა იაპონიას ეომებოდა და......ახლაც ექნებათ ანალოგიური ფუნქცია.

ეს არის პირდაპირი ქარაგმა და მინიშნება ჩინეთზე!

ანუ ამერიკა წყნარი ოკეანის პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებს განიხილავს, როგორც საყრდენებს ჩინეთთან მომავალ (შესაძლო) სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში.

თვით ამ `სახელმწიფოებს` საწინააღმდეგო კი არაფერი აქვთ: ამერიკისგან ბევრად მეტის მიღება შეუძლიათ რასაკვირველია, ვიდრე ჩინეთისგან.

`კაცობრიობის ისტორია უახლოეს წლებში სწორედ წყნარ ოკეანეზე დაიწერება` - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ორი მომენტი
ვაშინგტონი წყნარ ოკეანეზე ქმნის სამხედრო ბლოკს 
AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი: ჩინეთის გაძლიერება და გააქტიურება, მისი რეგიონული და გლობალური ამბიციები უკვე ისე აღიზიანებს ჩინეთის მეზობლებს, რომ ვიეტნამიც კი (ვ ი ე ტ ნ ა მ ი, რომელიც ამერიკას სისხლისმღვრელად ეომა 10 წელი) მზადაა ამერიკასთან გააფორმოს სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური კავშირი!

ეს ფანტასტიკა უკვე აღარ არის. 10 წლის წინ შეუძლებელი იყო, 20 წლის წინ - წარმოუდგენელი, 30 წლის წინ - ფანტასტიკა, ხოლო 40 წლის წინ - სიგიჟედ მოეჩვენებოდა ყველას.

გავითვალისწინოთ, რომ ვიეტნამი `კუკის კუნძულები` არ არის - სერიოზული სახელმწიფოა ძალიან სწრაფად განვითარებადი ეკონომიკით.

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთი მანამ არ მიიღებს ბუდაპეშტის თანხმობას NATO-ს წევრობაზე, სანამ სტოკჰოლმისგან `პატივისცემას` არ იგრძნობს.

ანუ გამოდის, შვედეთის გაწევრება ალიანსში სულაც არ არის ჯერ გადაწყვეტილი, როგორც ზაფხულში, ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ვილნიუსის სამიტზე ჩანდა: უნგრეთის პარლამენტმა, ისევე როგორც თურქეთის პარლამენტმა, ჯერ არ განახორციელა დოკუმენტების რატიფიცირება, რაც აუცილებელია, რათა შვედეთი ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

 

რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის დასჯა, რისიც ძალიან ეშინოდათ აფხაზ პოლიტიკოსებს: როგორც ცნობილია, მოსკოვმა აკრძალა საწვავის გატანა ქვეყნიდან; თავდაპირველად, რუსეთის მთავრობის დადგენილებაში ეწერა, რომ აკრძალვა არ შეეხებოდა აფხაზეთს ისევე, როგორც არ შეეხება ე.წ. `ევრაზიული კავშირის` წევრ სახელმწიფოებს: ყაზახეთს, ბელორუსს და ასე შემდეგ;

მაგრამ მეორე დღეს, ეს დადგენილება შეიცვალა და აფხაზეთის ხსენება გაქრა.

სოხუმში მიაჩნიათ, რომ ეს არის მოსკოვის ზეწოლა: რაკი აფხაზეთის ხელისუფლება ყველანაირად აჯანჯლებს რუსებისათვის ბინების (ქართველ ლტოლვილთა ბინების) თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის კანონის ან `აპარტჰოტელების` შესახებ კანონის მიღებას.

აფხაზეთს ჰქონდა კვოტა - 90 000 ტონა საწვავი წელიწადში, რაც შეეძლო მიეღო ე.წ. `საბაჟო მოსაკრებლის` გარეშე თუმცა ამ კვოტასაც მიიღებს თუ არა გაურკვეველია; აფხაზურ სოციალურ ქსელებში ნამდვილი პანიკა და ისტერიაა: მანქანები გაგვიჩერდაო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ვინც აფხაზეთშია ნამყოფი, ყველა ერთხმად აღნიშნავს ყველაზე ბრენდული ევროპული ავტომობილების სიმრავლეს.

ამიტომ ბენზინი რომ ძვირდება, ნერვიულობენ.