საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მაისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მაისი. 2023 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქ ბერდიანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ უკრაინამ `მასირებული სარაკეტო დარტყმა` მიიტანა ამ ოკუპირებულ ქალაქზე და როგორც ჩანს, გამოიყენა  ინგლისურ-ფრანგული რაკეტა Storm Shadow.

ქალაქი ბერდიანსკი ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს.

ირკვევა, რომ Storm Shadow-ს ის მოდიფიკაცია, რომელიც ბრიტანელებმა მიაწოდეს უკრაინას, აღჭურვილია `სტელს` ტექნოლოგიით, ანუ უხილავია რადარებისთვის. ამას, როგორც ჩანს უზრუნველყოფს რაკეტის  ზედაპირის ტენოლოგიური დამუშავება.

ირკვევა ისიც, რომ ამ მოდიფიკაციის ფრენის სიშორე 1 000 კილომეტრია. შესაბამისად, თავისუფლად შეუძლია მიფრინდეს კრემლამდე. ისე, რომ რუსების С-300 და С-400 `თამაშგარე` დატოვოს.

დრონებით კრემლზე სიმბოლური თავდასხმა გაფრთხილება იყო.

. . . . . . . . . . . . . . .

მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში, ბოსფორიდან 140 კილომეტრში, სადაც სამი უკრაინული უპილოტო საზღვაო აპარატი თავს დაესხა რუსულ სადაზვერვო გემს `ივანე ხურსი` (Иван Хурс);

 რუსებმა შეძლეს თავდასხმის მოგერიება სამწუხაროდ.

თუმცა მაღალი ალბათობით, რუსულმა გემმა დაზიანებები მიიღო.

უკრაინელებს ადრეც შეუტევიათ უპილოტო საზღვაო აპარატებით (უპილოტო კატარღებით) რუსული გემებისთვის უკრაინული სანაპიროს მახლობლად. მათ შორის სევასტოპოლში, მაგრამ.....ამჯერად დარტყმა განხორციელდა რუსულ სადაზვერვო გემზე ბოსფორის სრუტესთან!

წარმოუდგენელია ეს შეტევა არ ყოფილიყო შეთანხმებული თურქეთის და NATO-ს ხელისუფლებებთან მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი არა თურქეთის საზღვაო სივრცეში, არამედ შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მოხდა.

ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკრაინას შეიარაღებაზე აქვს ამ ტიპის უპილოტო საზღვაო აპარატები, რომლებსაც უკრაინის სანაპიროებიდან ასე შორს შეუძლიათ მოქმედება. მაშინ ნოვოროსიისკის პორტს რატომ ვერ შეუტევენ? ან სოჭს, სადაც რუსული ელიტა განცხრომაშია ამ ზაფხულს?

რუსეთი უარყოფდა თავდასხმას, მაგრამ უკრაინელებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ უახლოვდება საზღვაო დრონი გემს დიდი სისწრაფით, როგორ ესვრიან დრონს გემიდან....... ვიდეო წყდება უშუალოდ შეჯახების მომენტში.

. . . . . . . . . . . . . . .

გუშინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტა გაუშვეს რუსულ ქალაქ როსტოვის მიმართულებით!

ეს არ იყო Storm Shadow, არამედ უკრაინული წარმოების რაკეტის მოდიფიკაცია.

რუსებმა ჩამოაგდეს, თუმცა თავისთავად ამგვარი სარაკეტო შეტევები იმას ნიშნავს, რომ როდესაც დაიწყება უკრაინის შეიარაღებულ ძალთა მაშტაბური შეტევა, რუსეთის არც ერთი ქალაქი არ იქნება განცხრომაში: შეტევის დროს მტრის ზურგში ღრმად

დარტყმები (მათ შორის, მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფასტრუქტურაზე) ჩვეულებრივი სამხედრო ტაქტიკაა.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა Stewart Rhodes, რომელმაც 2020 წელს შექმნა შეიარაღებული ფორმირება `ფიცის მცველნი` (Oath keeper) და, გამოძიების მტკიცებით, აპირებდა ძალისმიერი მეთოდებით დახმარებოდა დონალდ ტრამპს, დარჩენილიყო პრეზიდენტად.

უკვე დაწყებული საარჩევნო კამპანიის დროს ამგვარი განაჩენი პირდაპირი დარტყმაა რესპუბლიკურ პარტიასა და პირადად დონალდ ტრამპზე.

იმავე პროცესის ნაწილია აშკარად, რომ ტეხასის წარმომადგენლობითი ორგანოს (ანუ საკანონმდებლო ორგანოს) კომიტეტმა მოითხოვა ადგილობრივი მთავარი პროკურორის, Ken Paxton თანამდებობიდან გადაყენება.

პაქსტონს, რომელიც რესპუბლიკელია და დონალდ ტრამპის მეგობარი, ბრალად სდებენ, რომ იგი ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას. კორუფციული საქმეებიც ამოუჩხრიკეს.

მოკლედ....ამერიკაში რომ არჩევნები იქნებაააა......... ქართული გამოთქმით `დედა შვილს არ აიყვანს ხელში`.

იმედი ვიქონიოთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე ან რაიმე უარესამდე საქმე არ მივა.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული მედიის ნომერ პირველი თემა კვლავინდებურად შესაძლო დეფოლტია.

Deadline-მდე სულ 3-4 დღე რჩება.

ერთ-ერთმა კომენტატორმა CNN-ზე საინტერესო რამ თქვა: ნუთუ გჯერათ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენები დაუშვებენ დეფოლტს მაშინ, როცა თითქმის ყველა მათგანი ფლობს სხვადასხვა კომპანიათა აქციებს, ხოლო დეფოლტი ჩამოაქცევს საფონდო ბირჟას და მათი აქციები ტუალეტის ქაღალდად იქცევაო?

. . . . . . . . . . . . . . .

ნიდერლანდის პროკურატურამ დააყადაღა მიწის ნაკვეთი ამსტერდამის მახლობლად იმის გამო, რომ იგი ეკუთვნის პუტინის შვილის, ეკატერინა ვორონცოვას მეგობარ მამაკაცს, ვინმე იორიტ ფაასენს.

პუტინის შვილები, მარია ტიხონოვა და ეკატერინა ვორონცოვა სანქცირებულნი არიან ევროკავშირის მიერ და ევროპაში სეირნობა, მით უმეტეს უძრავი ქონების შეძენა აკრძალული აქვთ.

ნიდერლანდის ხელისუფლება თვლის, რომ ეს მიწის ნაკვეთი რეალურად პუტინთან ყველაზე დაახლოებულ  ბიზნესმენებს, ოლიგარქ ძმებ როტენბერგებს ეკუთვნით; და სწორედ მათ `უსახსოვრეს` იგი პუტინას მეგობარ მამაკაცს.

აქ აღსანიშნავია სიტუაციის მარაზმატულობა, როდესაც ზუსტად არავინ იცის, არიან თუ არა ტიხონოვა და ვორონცოვა პუტინის შვილები: კრემლი ამას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ზუსტად როგორც სტალინის დროს - სანამ ცოცხალი იყო, არავინ იცოდა დანამდვილებით, რამდენი შვილი ჰყავდა ან ჰყავდა თუ არა საერთოდ.

ეს ნებისმიერი ავტოკრატიისა და ტოტალიტარიზმის უპირველესი ნიშანია.

აბა ამერიკაში ხომ წარმოუდგენელია, ხალხმა ზუსტად არ იცოდეს, რამდენი შვილი ჰყავს პრეზიდენტს; ხოლო ამ ინფორმაციის დამალვა ვითომ `უსაფრთხოების` მოტივით არის დემაგოგია.

. . . . . . . . . . . . . . .

 

რუსეთმა უკვე განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსის ტერიტორიაზე. ეს დაადასტურა ბელორუსის ავტოკრატმა მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ მინსკში ხელი მოაწერა ბელორუს კოლეგასთან შეთანხმებას ბირთვული იარაღის `დაცვის` შესახებ.

ლუკაშენკო ამბობს, რომ ბირთვულ იარაღს ბელორუსის შეიარაღებული ძალები `დაიცავენ`: ``ჩვენ ბელორუსები, პუნქტუალური, აკურატული ხალხი ვართ და ამ იარაღის დაცულობაზე ნურავინ ინერვიულებსო``.

არადა შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი ბელორუსისთვის არ გადაუცია: `ღილაკი` რჩება მოსკოვის ხელში. უბრალოდ იგი `განლაგდა` ბელორუსის ტერიტორიაზე, სპეციალურ საცავებში.

ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა მოსკოვში ე.წ. `ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს` სხდომისას, რომელსაც ყაზახეთის პრეზიდენტი, კასიმ ჟომართ ტოკაევიც ესწრებოდა.

ტოკაევმა საოცარი განცხადება გააკეთა: რუსეთი და ბელორუსი ორი სხვადასხვა ქევყანაა, მაგრამ ერთ სახელმწიფოდ ერთიანდება და ორს საზიაროდ ატომური ბომბიც კი აქვთ. ამ ვითარებაში უნდა გავერკვეთ და ვიმსჯელოთ, რუსეთ-ბელორუსეთთან საერთოდ როგორ ვითანამშრომლოთო.

ეს განცხადება (პირველი არ არის ტოკაევისგან) იმას ნიშნავს, რომ ჯერ ერთი, თვით ყაზახეთი და ცენტრალური აზიის რესპუბლიკები არ არიან მზად ასე ღრმა ინტეგრაციისთვის რუსეთთან და მეორეც, ტოკაევი აშკარად დასავლურ პოზიციას ახმოვანებს, რომელიც შეშფოთებულია პუტინ-ლუკაშენკოს ამ უცნაური `თამაშებით` ბირთვული იარაღის გარშემო.

. . . . . . . . . . . . . . .

სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან, რომელიც თუ არ დაასრულებს, ახალ ეტაპზე მაინც გადაიყვანს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას.

მოსკოვში პუტინის შუამავლობით გაიმართა ალიავისა და ფაშინიანის  შეხვედრა. სომხეთის პრემიერ-მინსიტრმა ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას - 86 600 კვადრატულ კილომეტრს, რომელშიც შედის ასევე მთიანი ყარაბაღი. სანაცვლოდ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას  29   800 კილომეტრზე.

ანუ ფაქტიურად ლაპარაკია 1985 წელს, ჯერ კიდევ სსრკ დროს დაფიქსირებულ საზღვრებზე.

თუმცა, სომხეთი კი ამბობს `აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ვაღიარებო`, მაგრამ რაც მთავარია, თვითონ ყარაბაღელი სომხები, რომლებსაც რუსული ე.წ. `სამშვიდობო კონტინგენტი` იცავს, ჯერ არ აღიარებენ ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად.

ამიტომ, ფაშინიანის მოწოდება, რომ ბაქომ პირდაპირი მოლაპარაკება აწარმოოს არა ერევანთან, არამედ სტეპანაკერტთან, პრობლემატურია: ბაქო მოითხოვს, ჯერ ყარაბაღელმა სეპარატისტებმა აღიარონ თავი აზერბაიჯანის მოქალაქეებად და შემდეგ უკვე ნებისმიერ მოლაპარაკებას გავმართავთო, რასაც ყარაბაღელები არ თანხმდებიან.

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია, ვინ იქნება მომავალი შესაძლო შეთანხმების გარანტი: რუსეთი თუ დასავლეთი.

აქ არჩევანი უფრო სომხეთზეა და არა აზერბაიჯანზე, რაკი ალიევს ძალიანაც აწყობს, ყარაბაღის საკითხი არა დასავლეთის, არამედ რუსეთ-თურქეთის პარადიგმაში გადაწყვიტოს.

. . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში სამარცხვინოდ წაგებული ომის ფონზე პუტინს ისღა რჩება, ბრბოს ფობიებზე ითამაშოს: რუსეთის სახელმიწფო სათათბირის წევრმა, ვინმე ხამზაევმა (ჩრდილოეთ კავკასია რა თქმა უნდა) დაარეგისტრირა კანონი, რომლითაც რუსეთში იკრძალება სქესის შეცვლა.ანუ იკრძალება შესაბამისი ოპერაციები

პატიმრობა წესდება იმ ექიმებისთვის, ვინც რუსეთის მოქალაქეს სქესს შეუცვლის.

როგორც ჩანს ეს პუტინის ტოტალიტარიზმის ბოლო არგუმენტია: მამაკაცობას გვართმევეეეეეეეენ!!!