საერთაშორისო მიმოხილვა. 26 დეკემბერი. 2021 წელი.

აფხაზეთში ბობოქარი მოვლენების ფონზე (რომლებიც მინავლდა, თუმცა ჯერ არ დამთავრებულა) აფხაზურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა ერთიანი ფრონტით იბრძოლოს `სამშობლოს გამყიდველი` ასლან ბჟანიას წინააღმდეგ, ვინც მათი შეფასებით, არა მხოლოდ გადაწყვიტა აფხაზეთის `სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა` კარგ ფასად მიჰყიდოს რუსეთს (უკვე არა საქართველოს, არამედ რუსეთს), არამედ `დატოვა აფხაზეთი ელექტროენერგიის, წყლის, პენსიების და შემოსავლის გარეშე`.
აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა ენერგოკრიზისისა, რასაც აფხაზეთში ველური მაინინგი იწვევს და გარდა ელექტროენერგიით გამოწველი წყლის დეფიციტისა (რისი მიზეზიცაა ელექტრეონერგიის ვერწმიწოდება წყალსაქაჩ სადგურებზე) აფხაზეთში პენსიების პრობელმაც გაჩნდა ბოლო დროს.
არადა აფხაზები, ბევრს რომ ლაპარაკობენ `სუვერენიტეტზე`, დღემდე რუსულ პენსიებს იღებენ. როგორც რუსეთის მოქალაქეები.
საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც თებერვალში და მარტში, ენგურჰესი სარემონტოდ გაჩერდა, აფხაზეთს რუსეთმა მიაწოდა ელექტროენერგია, ოღონდ ახლა ეს თანხა, რაც ის ელექტროენერგია ღირდა, `გაუქვითა` ყოველწლიურ დამხარებაში პენსიების და ხელფასების სახით. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ გაზაფხულზე გაბედა და თვითონ არ დაფარა აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური არც ერთი თეთრით!
სწორედ ეს არის იქ უკმაყოფილების მიზეზი, რადგან სრულიად `უმუშევარ` აფხაზეთში მოხუცები აჭმევენ მთელს ოჯახებს თავიანთი პენსიებით: შრომა-ნამსახურების შესაბამისად ეს დაახლოებით 200 დოლარია.
მიუხედავად ამისა, სრულიად პარადოქსულად, აფხაზები `დამოუკიდებლობის გამყიდველი` ასლან ბჟანიას წინააღმდეგ ახალ-ახალი აქციებისთვის ემზადებიან და რისხვას ანთხევენ იმის გამო, რაც წინა მიტინგისას მოხდა, როცა დემონსტრანტები შეიკრიბენ `პარლამენტის შენობის` წინ, იქ დახვდათ აფხაზური ჯარი (მილიციად გადაცმული), ატეხა სროლა და...თურმე ნუ იტყვით......ხელკეტებიც კი გამოიყენა მომიტინგეთა წინააღდმეგ
ამის პასუხად, გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე, აფხაზეთის `სახალხო-პატრიოტული კავშირის ლიდერებმა, ახრა ბჟანიამ და ადგურ არძინბამ აღშფოტება გამოთქვეს იმის გამო, რომ `ამაყ აფხაზ კაცს დრინი დაარტყესო` ამით თურმე საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს და (ციტატა) `ჩვენ ზოგიერთი სხვა კი არა ვართ, აფხაზ კაცს რომ ხელკეტს ურტყამენ, ის აფხაზი, ამაყი კაცი ართმევს იმ ხელკეტს მოძალადეს და თვითონ ურტყამს იქით`
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იმ `ზოგიერთ სხვაში`, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აფხაზი ოპოზიციონერი ქართველებს გვგულისხმობდა. ანუ უნდოდა ეთქვა, `ჩვენ, აფხაზები, ქართველები კი არა ვართ, პოლიციელებმა ხელკეტები გვირტყანო`.
აქვე უნდა ითქვას, რომ გარეგნული გულგრილობის მიუხედავად, აფხაზები, სინამდვილეში ძააააააააალიან დიდი ყუარდღებით და მღელვარებით დევნებენ თვალს ყველაფერს, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში.
და ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ `როგორ შეიძლება, რაც არ უნდა იყოს, პოლიციელმა ხელკეტი გამოიყენოს, ეს ხომ ამაყი აფხაზი კაცის შეურაცხყოფააო`, იმიტომაცაა სასაცილო მათი პრეტენზია სახელმწიფოს აშენებაზე.
ეს საზოგადეობა, მენტალურად, ფეოდალურ სოციო-ფსიქოლოგიურ მიმართებათა ეპოქაში ცხოვრობს და თანამედროვე `სახელმწიფოს` აშენებაზე მათი პრეტენზია უბრალოდ სასაცილოა.
ნამდვილად ისტორიული ანეგდოტია ეს აფხაზური ამბიცია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც სულ მალე ტოვებს პოსტს (ჯერ არ გარკვეულა, ვინ იქნება მისი შემცვლელი) 12 იანვრისთვის მოიწვია NATO-რუსეთის საბჭო, რომელიც დიდი ხანია არ შეკრებილა.
საქართველოს წინააღდმეგ 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ ამ საბჭოს რეგულარული შეკრებები შეწყდა პროტესტის ნიშნად.
ინფორმაცია საბჭოს მოწვევის შესახებ მოსკოვში გაუხარდებოდათ, თუმცა იმავე დღისთვის სტოლტენბერგმა მოიწვია NATO-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსთა საბჭოს სხდომა, რაც ასევე დიდი ხანია არ შემდგარა და ვითარების დაძაბვაზე მიუთითებს.
ამავე დროს, ბერლინიდან და სხვა ევროპული დედაქალაქებიდან მოსკოვს უგზავნიან სიგნალებს, რომ მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკება ევროპულ უსაფრთხოებაზე მას შემდეგ, რაც პუტინმა ულტიმატუმი წაუყენათ.
მაგალითად გერმანიის (რა თქმა უნდა, გერმანელები აქაც პიონერები იქნებოდნენ-დ.) ახალი კანცლერის უახლოესი თანაშემწე, იენს პლიოტნერი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს, რომელიც ძალიან გავლენიანი ფიგურაა პუტინის გარემოცვაში.
ოღონდ ბერლინის და სხვათა პოზიციით, ამ მოლაპარაკებათა თემა არ უნდა იყოსო ვალდებულება, რომ უკრაინა ან საქართველო არასდროს გაწევრდებიან ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რასაც მოსკოვი მოითხოვს.
მაშინვე გამოვარდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს PR-ი მარია ზახაროვა და `იქუხა`: თუ ეს თემა არ იქნება, მაშინ არც მოლაპარაკებები იქნებაო.
შესაძლოა, აქ რუსული შიდაპოლიტიკური ინტრიგაცაა: საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს აშკარად არ მოსწონს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართეს და არა მისი უწყება.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკაში გამოჩნდნენ `მშვიდობისმყოფელები`, თანაც ძალიან გავლენიანნი, მაგალითად თომას გრემი (ნიუ იორკის `საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო`), რომლებიც ბაიდენს სთავაზობენ ასეთ გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან: ხელი არ მოუწეროს პუტინს პირობაზე, რომ არასდროს მიიღებენ უკრაინას და საქართველოს NATO-ში, მაგრამ ხელი მოუწეროს პირობაზე, რომ სანამ საქართველოს და უკრაინას არ მიიღებენ სრულუფლებიან წევრად, ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე არც ამერიკა და არც NATO-ს სხვა წევრები არ განალაგებენ ბაზებს და არ მოაწყობენ სამხედრო სწავლებებს.
თუ ეს ასეა, ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის და უკრაინისთვის.
გულწრფელად თუ ვიტყვით, მაგარი თვალთმაქცობაც იქნება.
ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა პუტინს, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინის და საქართველოს ალიანსში ფორმალურ მიღებას კონსენსუსის პრინციპი მუდამ ხელს შეუშლის და კრემლი ყოველთვის იპოვის NATO-ში ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ფორმალურ გაწევრებას შეეწინააღმდეგებიან.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამ `მოძრაობებს` უკვე გამოეხმაურა და თქვა: „უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არანაირი შეთანხმება არ უნდა შედგეს. არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ხმის უფლება ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური თემაა ბუნებრივი აირის თემა. და არა უბრალოდ ეკონომიკური. ამიტომ ვალდებული ვართ თვალი ვადევნოთ რა ხდება ევროპის გაზის ბაზარზე. ამაზე დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ბედი.
ხდება აბსოლუტურად უპრეცედენტო რამ: 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი (იგულისხმება, როცა ყიდულობთ `დღეს, აქ და ახლა`) $2 150 ია, როცა შარშან 5-ჯერ, ექვსჯერ იაფი იყო.
ევროპა ყვირის, რომ რუსული გიგანტი Газпром ბუნებრივ აირს არ აწვდის. და ეს სიმართლეა. პუტინი კი პასუხობს, რომ რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, ყველა მოცულობას აწვდის ხელმოწერილი კონტრაქტების შესაბამისად.
საქმეც სწორედ ისაა, რომ ევროპას დამატებითი მოცულობები დასჭირდა, რაკი ზაფხულში, როგორც წინა მიმოხილვაშიც მოგახსენეთ, უქარო ამინდები იყო, შესაბამისად ალტერნატიული ენერგეტიკა არ მუშაობდა, მიწისქვეშა გაზსაცავებიდან მეტისმეტად დიდი მოცულობის რეზერვი დაიხარჯა, ხოლო ზამთარი უპერცედენტოდ ცივია და კიდევ უფრო მეტი იხარჯება.
ანუ, ადამიანურ ენაზე თუ` გადმოვთარგმნით, პუტინი ევროპას ეუბნება: ხომ გაქვთ გაზსაცავებში დარჩენილი 50-60%. ეგეც ხომ დიდწილად ჩვენი გაზია? ჰოდა ეგ მოცულობა ხარჯეთ, რატომ უნდა მოგაწოდოთ გრძელვადიანი კონტრაქტით გაუთვალისწინებელი მოცულობებიო?
რატომ აწყობს ეს რუსეთს და არ აწყობს ევროპას? იმიტომ, რომ იანვრის ბოლოს ან თებერვლის შუა რიცხვებში, როცა ყველაზე დიდი სიცივეებია მოსალოდნელი, ევროპული გაზსაცავები `ნულზე დავა` და აი მაშინ, თუკი რუსეთი უკარინაში შეიჭრა, პასუხად ევროპამ სანქციები შემოიღო და მოსკოვმა გაზის მიწოდება შეწყვიტა, ევროპის კონტინენტი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება: ევროპელი ბიურგერები არ მოითმენენ სიცივეს, არ მოითმენენ რომ კომფორტულ ბინებში ცხელი წყალი არ ჰქონდეთ. პუტინს იმედი აქვს, ისინი ქუჩაში გამოვარდებიან მოთხოვნით: `ჩავაბაროთ უკრაინა, მასთან ერთად ჩავაბაროთ საქართველო, მოლდოვა, ბელორუსი, ოღონდ აღვიდგინოთ კომფორტი`.
იმედია ცდება ამაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საშობაო დღეებში სრული ქაოსია გლობალურ ავიამიმოსვლაში - Omicron შტამის აღმოჩენის გამო.
უამრავი ევროპული და ამერიკული ავიაკომპანია აუქმებს ფრენებს, თან უკანასკნელ მომენტში. მათ შორის ის ლოუქოსტერები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა ამ მხრივ ამერიკაში, სადაც შობა-ახალი წლის დღესასწაული არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენთან. უბრალოდ, სხვა შინაარსისაა და სხვა თარიღების.
უკანასკნელ მომენტში მილიონობით ამერიკელმა ვეღარ შეძლო გაფრენა. და ეს შეზღუდვები ხორციელდება `სიფრთხილეს თავი არ სტკივა` პრინციპით, რაკი აბსოლუტურად ყველა კვლევა ადასტურებს: კი, Omicron ნამდვილად ბევრად სწრაფად ვრცელდება, თუმცა მოქმედი ვაქცინები მას ერევა, ხოლო უამრავი A კლასის სპეციალისტი თვლის, რომ Omicron არის უჰანში გაჩენილ ვირუს SARS CoV-2-ით გამოწვეული Covid-19 დაავადების გლობალური პანდემიის დასასრულის დასაწყისი!
წინა ვირუსების ისტორიები, რომლებიც კაცობრიობას გადაუტანია, ამ ვერსიას ადასტურებს, რადგან ბევრი მათგანის (მაგალითად SARS CoV-1, 2003-2005-2007წწ) გაქრობას წინ უძღოდა ახალი, თითქოსდა ბევრად `მრავალფუნქციური`და მუტირებული შტამების გაჩენა.
ზოგადად, `ვირუსი` რა არის, მეცნიერებამ დღემდე კარგად არ იცის. 3 მილიარდი წლისაა და სრულებით შეასძლებელია კოსმოსური წარმოშობის იყოს.
საუკეთესო მეცნიერები ჯერ იმაზეც ვერ შეთანხმებულან, ვირუსი (ბაქტერიისგან განსხვავებით, რომელიც მილიონობით წლისაა და არა მილიარდობით) საერთოდ, `ნივთიერებაა` თუ `ცოცხალი ორგანიზმი`.
ყველაზე ხშირად მეცნიერულ ლიტერატურაში გამოიყენება ტერმინი `პროაქტიური ნივთიერება`