საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ნოემბერი. 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ნოემბერი. 2021 წელი

რუსეთში შეშფოთებულნი არიან იმით, რომ აფხაზეთი გადაიქცა ნამდვილ `კლონდაიკად` იმ რუსებისთვის, ვისაც ერთის მხრივ ეშინია აცრის, მეორეს მხრივ კი სჭირდება `კოვიდ-პასპორტი` და QR კოდი.

ანტივაქსერები ჩადიან აფხაზეთში, სადაც `კონვეირია` ნამდვილი გახსნილი  ყალბი QR კოდების დასამზადებალდ. ბიტკოინ-მაინინგზე უფრო ხელსაყრელი საქმეც კი გახდა.

ეს შედეგი გამოიღო რუსეთის `ინტეგრაციამ` - აფხაზეთის ბიუროკრატიული სტრუქტურების `შემოყვანით` საერთო რუსულ სისტემებში, რითაც ახლა აფხაზი ყალთაბანდები და თაღლითები სარგებლობენ.

 მოსკოვი კი უძლურია, რადგან აფხაზეთში სახელმწიფო არ არსებობს, - ყველა `წილშია` და აგზავნონ სოხუმში წერილები რამდენიც სურთ. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის რეჟიმის მთავარმა არქიტექტორმა და მთავარმა იდეოლოგმა, ვლადისლავ სურკოვმა, რომელსაც ახლა თითქოს არ უკავია არანაირი ოფიციალური თანამდებობა, გამოაქვეყნა მორიგი პროგრამული სტატია, რომლითაც პუტინს მოუწოდებს, მაქსიმალურად ეცადოს ქაოსის გენერირებას სამეზობლოში, უპირველესად რასაკვირველია უკრაინაში, ასევე საქართველოში, რათა ამ გზით მოახერხოს იმ საფრთხეების შემცირება, რაც აუცილებლად წარმოიშობა რუსეთში `ხელისუფლებით დაღლის` პროცესში.

ანუ სურკოვი თავხედურად წერს, რომ რაც მეტი დრო გავა, მით უფრო დაიღლებიან რუსები პუტინის რეჟიმით, მით უფრო გაიზრდება ნეგატიური დაფარული ენერგია და პუტინმა უნდა სცადოს ამ ენერგიის `გაგზავნა` მეზობლად - თავისი სამეზობლოს დესტაბილიზაციით, იქ ომების და არეულობის და სისხლისღვრის პროვოცირებით. რაც უფრო ახლო ურთიერთობა ექნებათ ამ მეზობლებს რუსეთთან, მით უფრო წარმატებით გამოიყენებს კრემლი ამ ტექნოლოგიას.

ანუ, ისევ და ისევ, ჩვენ საქმე გვაქვს პარანოიდულ მმართველობასთან და რაც უფრო შორს ვიქნებით ამ ქვეყნისგან, მით უკეთესი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპის `ლოკომოტივმა` და ევროპული ინტეგრაციის რეალურმა სულის ჩამდგმელმა, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, როგორც იქნა, მიიღო ახალი მთავრობა. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური შეთანხმება შედგა: კანცლერი ხდება სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი. კოალიციური შეთანხმებაც გამოქვეყნდა სოციალ-დემოკარტებს, მწვანეებს და თავისუფალ დემოკრატებს შორის.

როგორც მოსალოდნელი იყო, კოლიაციური შეთანხმება გულისხმობს, რომ ბერლინი `მზად იქნება დიალოგისთვის მოსკოვთან`. ბუნებრივია, ეს ჩანაწერი ჯერ ჯერობით ბევრს არაფერს ნიშნავს. ამას მერკელიც ამბობდა. მთავარია შინაარსი: როგორი პოზიცია ექნება შოლცსა და მის გუნდს `ჩრდილო ნაკადის` და ზოგადად მოსკოვის `ტრანზიტული გეგმების` მიმართ, როცა ის აპირებს  ბუნებრივი აირის გადამისამართებით `მოახრჩოს` უკრაინა. ასევე უკრაინის ტერიტიორიული მთლიანობის, ყირიმის და სხვა საკითხების მიმართ.

საიმედო აქ  არაფერია. თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კოალიციის სხვა წევრებზეც.

პირველი ნაბიჯის სახით შოლცის კოალიციის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ანნალეკა ბერბოქი გეგმავს სავიზო რეჟიმი გააუქმოს 25 წლამდე რუსეთის მოქალაქეებისათვის. ეს ძააააალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც პრაქტიკულად, ასევე პოლიტიკურადაც:  2014 წელს, ევროკავშირმა გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა მოსკოვთან დიალოგი უვიზო რეჟიმზე (რითაც ჩვენ ვსარგებლობთ) და ამით დაესაჯა რუსეთი, ანუ პუტინის რეჟიმი ყირიმის ანექსიისათვის. როგორც სჩანს ეს დამოკიდებულება ახლა შერბილდება, რადგან თუ გერმანიამ გადადგა ასეთი ნაბიჯი, სხვა ქვეყნებიც დაფიქრდებიან.

ვერც იმას ვიტყვით, რომ ანგელა მერკელი მაინცდამაინც რაღაც განსაკუთრებით დაპირისპირებული იყო მოსკოვთან და პუტინთან. საერთოდ, გერმანელები `აცრილები` არიან რუსეთთან დაპირისპირებაზე იმ საზარელი ომის შემდეგ, რაც გადაიტანეს და ეროვნული კატასტროფა დაემართათ 1945 წელს. ამიტომ ეს ქვეყანა, როგორც არც ერთი სხვა ქვეყანა ევროპაში, ერიდება, უფრთხის მკვეთრ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკაში უპირველესად რუსეთის მიმართ.

ეს არის გერმანიაში `ელიტური კონსენსუსის` საგანი, თუმცა ამ  პოლიტიკაში გერმანელი სოციალ-დემოკრატები შედარებით უფრო `პრორუსულები` იყვნენ და არიან, ვიდრე გერმანელი `ქრისტიან-დემოკარტები`. თუმცა მთლიანობაში, გერმანული `კულტურული კოდია` უკვე, რომ უნდა იყონ ძალიან ფრთხილები რუსეთის მიმართ. მათ შორის პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ეს ქართულმა პოლიტიკამ, ჩემი აზრით, უნდა მიიღოს როგორც მოცემულობა.

ასევე საგარეო პოლიტიკისა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ნაწილია, რომ კოალიციურ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა `მწვანე ეჯენდას`. მით უფრო, რომ  მწვანეები არიან კოალიციის სრულუფლებიანი წევრები.

ევროპაშიც და გერმანიაშიც გრძელდება `ეკოპარანოია`. ამ პარანოიის ფონზე გერმანიამ დიდი ხნის წინ უარი თქვა ატომურ ელექტროსადგურებზე, შემდეგ უარი თქვა ქვანახშირზე და რჩება ერთი: ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან (რაც შედარებით იაფია) და თხევადი (ფიქალის) ბუნებრივი აირის იმპორტი  ამერიკიდან, არც შედარებით უფრო ძვირია.

სხვათა შორის გერმანელი მწვანეები მეორე ვარიანტს უფრო ემხრობიან, რაკი მიაჩნიათ, რომ `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენი ეკოლოგიას აზიანებს, ხოლო თხევადი აირის იმპორტი ამერიკიდან და მერე მისი გადამუშავება - ნაკლებად. მაგრამ მარკეტინგი ისეთი რამაა.....მათაც შეაცვლევინებს აზრს, ანუ გერმანიის ახალი მთავრობა თუ იმოქმედებს რაიმენაირად რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოცემულობა NATO-ს კონტექსტში და შეთანხმება ალიანსის კონტექსტში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი, სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი 15 წელია რაც კონცერნ `გაზპრომ`-ის ტოპ-მენეჯერია. და ამ თანამდებობაზე ის გადავიდა (კანცლერობიდან!) მხოლოდ და მხოლოდ გერმანიის იმდროინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის თანხმობით!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მკაფიო ილუსტრაცია ჩინეთ - ამერიკის ურთიერთობათა ბუნებისა: კოლოსალური ამერიკული ბანკის, JPMorgan (JPM) CEO-მ ანუ ამ ბანკის ერთ-ერთმა ხელმძღავნელმა Jamie Dimon მწარე ბოდიშები იხადა უწყინარი ხუმრობისთვის ჰონ-კონგში ყოფნისას.

კერძოდ მან იქ თქვა: ``ჩვენი ბანკი ჩინეთში ასი წელია რაც მუშაობს და ჩინური კომპარტიაც ამას წინათ ასი წლის გახდა. დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ჩვენ უფრო ხანგრძლივი ვიქნებით, ვიდრე ჩინური კომპარტიაო``.

თითქოსდა რა თქვა ისეთი? ეს ხომ ჩინელი ერის შეურაცხყოფა არ იყო. უფრო პირიქით, მაგრამ, ამ განცხადებას ისეთი ამბავი მოჰყვა ჩინეთში...... ჩინური კომპარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვინც კომერციას კურირებს, იქუხა: ``ახლავე ბოდიში მოიხადეთ, თორემ ჩვენი ქვეყნიდან გაგაგდებთო. შეგახსენებთ, რომ ჰონ კონგი უკვე ჩინეთის ნაწილია``.

ჩინეთიდან, მათ შორის ჰონ-კონგიდან გაგდება JPMorgan-ისთვისაც კი უდიდესი დარტყმა იქნებოდა, კონკურენტებიც ბევრი ჰყავს. ამიტომ Jamie Dimon იძულებული გახდა რამდენჯერმე მოეხადა ბოდიში და პირობა დაედო, `მეტს აღარ ვიზამ, ამჯერად მაპატიეთო`.

ზოგადად ჩინეთში კომპარტია დაახლოებით ისეთ სისტემას აშენებს, როგორიც ლი ქუან იუმ ააშენა სინგაპურში: ეკონომიკა აბსოლუტურად დერეგულირებულია, მართლა საბაზროა, მაგრამ....პოლიტიკურ სისტემას ვერ შეეხები.

ლი ქუან იუს სისტემის გადმოღება ჩინეთში ჯერ კიდევ დენ სიაპონმა დაიწყო 1980 წლების შუა ხანებიდან. დენს  ეკუთვნის ფრაზა: `რა მნიშვნელობა აქვს რა ფერისაა კატა, თუ ის თაგვებს კარგად იჭერსო`. ეს ისტორიული ფრაზაა.

50 წლის მერე თუ 2 მილიარდიანი ჩინეთი ისევე წარმატებული  გახდა, როგორც 2 მილიონიანი სინგაპურია დღეს, მსოფლიოში `ჩინური ერა` დაიწყებაო - ამტკიცებს ბევრი ანალიტიკოსი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კატასტროფულად დაეცა თურქული ლირას კურსი. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 23%-ით. ბოლო 1 წლის განმავლობაში კი 100%-ით.

მიზეზი გახდა ერდოღანის ბრძანება, რომ ფულის ემისიით გადაეწყვიტათ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რაც პანდემიამ და ტურისტული სექტორის დეგრადაციამ გამოიწვია.

საქართველოსთვის ეს შესაძლოა კატასტროფულიც აღმოჩნდეს, რადგან საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ზუსტად თურქეთია. ერთ ქართულ ლარში უკვე თითქმის ოთხ  ლირას იხდიან. ასეთი კურსი არასდროს ყოფილა.

ბუნებრივია ერდოღანისთვის ერთადერთი საშველი  IMF ანუ დასავლეთის, ესე იგი  ამერიკის ფინანსური დახმარება შეიძლებოდა ყოფილიყო, ოღონდ.......ჯერ ვერ ბედავს დახმარებისთვის მიმართოს, რადგან ვაშინგტონი აუცილებლად შეახსენებს: `აბა როგორ იყო, რომ გვაგინებდი, პუტინს რომ ეფლირტავებოდი, ჩვენი სამხედრო ბაზების `გაგდებით`  რომ გვემუქრებოდიო?`

ასეთ მძიმე მდგომარეოაბში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი არასდროს ყოფილა. თურქული ოპოზიცია პარლამენტში (თურქეთი მაინც დემოკრატიაა და არა დიქტატურა) მთავრობის გადადგომას, ასევე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.