საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ივლისი. 2023 წელი
უკრაინის მიერ მოსკოვის დაბომბვასთან დაკავშირებით (დრონებით - რაზეც გუშინ ვწერდი) `თეთრი სახლის` სფოუქსპერსონმა, ქალბატონმა კარინ ჟან - პიერმა განაცხადა, რომ ამერიკა `არ უჭერს მხარს უკრაინის დარტყმებს რუსეთის სიღრმეში`.
ეს სუფთად ფორმალური განცხადებაა, რადგან სფოუქსპოერსონმა იქვე დაამატა: `.....თუმცა ყირიმი უკრაინული ტერიტორიააო`
როგორც ცნობილია, ბოლო 2 დღეა უკრაინა წარმატებით ბომბავს ყირიმსაც.
ამ დაბომბვებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რამდენად ზუსტად ოპერირებს უკრაინა: ყირიმში უკრაინული წარმოების (!) დრონებმა რამდენიმე იარაღის საწყობი და ნავთობ-ბაზა ააფეთქეს, ხოლო მოსკოვში დრონი ჩამოვარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზესაიდუმლო ანალიტიკური კიბერ-ცენტრის` შენობასთან ანუ აშკარად მას უმიზნებდნენ უკრაინელები;
არადა, მოსკოველებს წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ ეს პატარა 3 სართულიანი ცალკე მდგარი შენობა რაიმე სამხედრო მნიშვნელობის ობიექტი იყო.
მაშასადამე, უკრაინელებმა პუტინს და მის არმიას კიდევ ერთი `მესიჯი` გაუგზავნეს: `ჩვენმა დაზვერვამ ბევრად მეტი იცის, ვიდრე თქვენ გგონიათ და ყველგან მოგწვდებითო`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა აღიარა, რომ უკრაინული კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უკრაინას `ჯერ არ აუმოქმედებია რეზერვები`
იგულისხმება, რომ უკრაინამ ევროპაში მომზადებული 10 საბრძოლო ბრიგადიდან ჯერ მხოლოდ 2 აამოქმედა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც სულ ახლახან იმყოფებოდა ჩინეთში, დღეს იწყებს ტურნეს ინდო-წყნარი ოკეანის სახელმწიფოებში.\უპირველესად ტონგას სამეფოს ეწვევა, მერე ავსტრალიაში გაემგზავრება.
ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, ამერიკა ცდილობს ამ რეგიონში `ანტიჩინური` კოალიციის შექმნას, რომლის საყრდენები, რასაკვირველია კულტურულად და ცივილიზაციურად მახლობელი ავსტრალია-ახალი ზელანდია იქნებიან, მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოების (ტონგას, სოლომონის კუნძულების, პაპუა-ახალი გვინეას), როგორც მაქსიმუმ, მხარდაჭერა!
ხოლო როგორც მინიმუმ, სჭირდება ის, რომ ეს პატარა სახელმწიფოები ჩინეთმა არ ჩაითრიოს თავის ორბიტაში.
ეს ბრძოლა იოლი არ იქნება ამერიკისთვის: ჩინეთი ძალიან აქტიურია ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში და ამ პატარა სახელმწიფოებს ბევრს სთავაზობს.
იმედია ამერიკა მეტს შესთავაზებს.
ჩვენ კარგად ვიცით იმ სახელმწიფოთა ბუნება: აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის` აღიარება რუსული ფულის სანაცვლოდ, მერე ამ აღიარების უკან წაღება და ა.შ და აშ.
ვინც მეტს გადაუხდით......
ამერიკაში დიდი შეშფოთება გამოიწვია, რომ მცირე ხნის წინ `სოლომონის კუნძულებმა` ჩინეთთან `უსაფრთხოების საკითხებში` ხელშეკრულება გააფორმა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელში გრძელდება უმწვავესი პროტესტი ე.წ. `სასამართლო რეფორმასთან` დაკავშირებით; ოღონდ მმართველი მემარჯვენე კოალიციის გადაწყვეტილებას ამ რეფორმის გატარების თაობაზე არა მხოლოდ მოწინააღმდეგეები ჰყავს, არამედ მომხრეებიც: ეს პატარა და ძლევამოსილი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა უმწვავესმა პროტესტებმა მოიცვა - მომხრეებიც მართავენ მიტინგებს და მოწინააღმდეგეებიც.
ხდება მაგისტრალური გზების გადაკეტვა.
ახლოვდება საყოველთაო გაფიცვა ანუ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.
გაუგონარი ფაქტია, რომ რეზერვისტთა დიდი ნაწილი უარს აცხადებს არიაში ნებაყოფლობით (!) სამსახურზე.
ეს ამბები ცნობილია, თუმცა მოვიდა დრო ძალიან მოკლედ ავხსნათ რაშია საქმე; მმართველ კოალიციას და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ (ბიბი) ნატანიაჰუს თავისი არგუმენტები აქვთ და ეს არგუმენტები სულაც არ არის ლოგიკას მოკლებული.
საქმე ის გახლავთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს კონსტიტუცია, როგორც ასეთი, კოდიფიცირებული და პუნქტუალური სახით არ გააჩნია.
არსებობს მხოლოდ რამდენიმე ფუძემდებლური კანონი.
ისრაელის უმაღლესი სასამართლო ასრულებდა ერთგვარი `საკონსტიტუციო სასამართლოს `ფუნქციას, ოღონდ მას შეეძლო პარლამენტის მიერ მიღებული ნებისმიერი კანონის გაუქმება, ისევე როგორც მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების გაუქმება არა კანონებთან მათი შეუსაბამობის გამო, არამედ......უბრალოდ `არასწორობის` და `მიზანშეუწონლობის` მომიზეზებით ანუ პოლიტიკური მოსაზრებებით.
მაგალითად პარლამენტმა, დავუშვათ, მიიღო რაიმე `მემარჯვენე` კანონი და უმაღლესმა სასამართლომ, სადაც უფრო `მემარცხენეებს` გულშემატკივრობენ, ეს კანონი გააუქმა.
თანაც გააუქმა არა იმიტომ, რომ კანონი რაიმე სხვა ფუძემდებლურ კანონს ეწინააღმდეგება არამედ....უბრალოდ ასე ჩათვალა `სწორად` ან `არასწორად`.
ბიბი ამბობს, რომ ასეთი სისტემა უსამართლოა: ხალხის უმრავლესობამ საპარლამენტო უმრავლესობა იმიტომ აირჩია, რომ მან გატაროს თავისი პოლიტიკა (!) და არც ერთ სხვა ორგანოს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, ეს პოლიტიკა დააკორექტიროს არა მისი `უკანონობის`, არამედ `არამიზანშეწონილების` მოტივით.
სწორედ ამაზეა ახლა დიდი შეხლა-შემოხლა ისრაელში.
ბიბი დათანხმდა კომპრომისს, რომ უმაღლეს სასამართლოს არ ჰქონდეს კანონის გაუქმების უფლება, მაგრამ ჰქონდეს ვეტოს უფლება (დაახლოებით როგორც პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება), თუმცა ოპოზიცია ამ კომპრომისს არ თანხმდება, რაკი საპარლამენტო უმრავლესობა იოლად დაძლევს უმაღლესი სასამართლოს `ვეტო`-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიბი ფორმალურად შესაძლოა მართალიც იყოს, ისრაელში ასეთი ღრმა სახელმწიფოებრივი რეფორმის ჩატარება და მტრულ ოკეანეში მყოფი ამ პატარა სახელმწიფოს ამგვარ კრიზისში გადაჩეხა ძალიან უცნაურად კი გამოიყურება: არანაირი განსაკუთრებული აუცილებლობა ამ რეფორმისა არ არსებობდა - ისრაელი ისედაც გამარჯვებული და წარმატებული სახელმწიფოა.
ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ნატანიაჰუ 100% მართალია. თუმცა ესეც საკამათოა - მართალია თუ არა.
ბევრი თვლის, რომ ბიბიმ ასაკში, ფორმა დაკარგა, შესაძლო შედეგები ვერ გათვალა და ახლა უბრალოდ უკან დახევა აღარ უნდა, რაკი უკან დახევა გადადგომას უდრის;
ოღონდ ისეთ გადადგომას, როცა კვლავ (ანუ ხელისუფლებაში) ვეღარ დაბრუნდება: ბოლო 25 წლის მანძილზე ნატანიაჰუ ბევრჯერ წასულა ხელისუფლებიდან და ბევრჯერ დაბრუნებულა.
ახლა თვისებრივად სხვა სიტუაციაა და (ვიმეორებ) ეს `სხვა სიტუაცია` შექმნა სწორედ მისმა დაჟინებამ გაეტარებინა რეფორმა, რომლის რაიმე სასიცოცხლო ეგზისტენციალური აუცილებლობა ისრაელში უბრალოდ არ არსებობდა.
აიტკივა აუტკივარი თავი და...გაიჭედა
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ უტოპისტთა ოცნებები ომების დასრულების, მსოფლიოში სამარადისო მშვიდობის დამყარების შესახებ, სამწუხაროდ, ოცნებები იყო მხოლოდ.
მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება სახელმწიფოთა `ჭიდილი`, რბოლა, - უახლესი, უფრო ინოვაციური, უფრო ძლიერი იარაღის შესაქმნელად.
ეს რბოლა მიმდინარეობს ავიაციაშიც, გემთმშენებლობაშიც მაგრამ ყველაზე რთული და დახვეწილი კონკურენცია მაინც ტანკმშენებლობაშია. აქ NATO-ს სუბიექტებიც კი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ყველანი ერთად ეჯიბრებიან რუსეთსა და ჩინეთს, რომლებსაც საბრძოლო ტექნიკის წარმოების დიდი გამოცდილება აქვთ.
სწორედ ტანკმშენებლობის პროცესში რაიმე ახლის მოგონება ყველაზე ძნელია.
საინტერესოა, რომ ევროპა (გერმანია და საფრანგეთი, რომელთა ტანკებს დღემდეც არაფერი დაეწუნება) ცდილობენ შექმნან ერთობლივი, მთლიანად ევროპული `ძირითადი საბრძოლო ტანკი` (ძსტ) European Main Battle Tank (EMBT).
ამ ახალ ტანკზე მუშაობენ გერმანული KMW (Krauss-Maffei Wegmann) და ფრანგული NDS (Nexter Defense Systems). თუმცა რბოლაში მათ დაასწრო ლეგენდარულმა გერმანულმა კომპანიამ Rheinmetall, რომელმაც შექმნა საცდელი ეგზემპლარი სრულიად ინოვაციური ტანკისა KF51 Panther (პანტერა)
ამ სახელწოდების გერმანული ტანკი ჯერ კიდევ 1943 წლის კურსკის ბრძოლაშიც კი მონაწილეობდა Tiger-ებთან ერთად. ახალი `პანტერას` კორპუსი ძალიან ჰგავს მის დიდ `ბაბუას`
KF51 Panther მონაცემები გამაოგნებელია:
130 მილიმეტრიანი (!!!) ქვემეხი;
სისწრაფე 70 კილომეტრი საათში;
4 კაციანი ეკიპაჟი, რომელიც გამოყოფილია საბრძოლო ნაწილისგან, ანუ იზოლირებულად იმყოფება რაც მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს;
ოთხი დრონი (!) HERO-120 რომელიც ერთდროულად სადაზვერვოც არის და საბრძოლო-კამიკაძეც.
დინამიკური დაცვა, რომელიც ტანკს იცავს არა მხოლოდ შუბლში და გვერდებიდან, არამედ Javelin-ის ტიპის სახურავზე ვერტიკალურად დაშვების რაკეტებისგან;
ქვემეხის ავტომატური დატენის სისტემა;
ორი დისტანციურად მართვის ტყვიამფრქვევი;
სულ 60 ტონაა ანუ მეტისმეტად მძიმე არ არის; ესე იგი მანევრულია;
მთლიანად თვითმფრინავივით კომპიუტერიზებული რასაკვირველია;
ძნელი მისახვედრო როდია, რომ ეს ახალი ტანკი გერმანული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის პასუხია რუსულ Армата-ზე: რუსები რომ იკვეხნიან, ``ისეთი ტანკი გავაკეთეთ მსოფლიოში ბადალი არა ჰყავსო``.
ახალ რუსულ ტანკში 3 კაციანი ეკიპაჟი ცალკე კაფსულში ზის. ანუ დაცული კია, მაგრამ პუტინს კომპიუტერულმა სისტემებმა უმუხთლეს და სამხედრო აღლუმზე პირველივე Армата გაიჭედა რამდენიმე წლის წინ.