საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მარტი. 2023 წელი

ოთხშაბათს დასრულდა მოსკოვში ჩინელი ლიდერის, სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი.

როგორც მოსალოდნელი იყო, არანაირი `გარღვევა` უკრაინის მიმართულებით არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა: დონბასზე ეპიკური ბრძოლა მზადდება და ამ ბრძოლის რეზულტატზეა დამოკიდებული თუ ყველაფერი არა, ძალიან ბევრი რამ.

მანამდე კი, პუტინის მდგომარეობის დასუსტებაზე მეტყველებს საინტერესო ეპიზოდი, რაც სი ძინპინის ვიზიტისას მოხდა: ჩინეთის `თავმჯდომარემ` მოულოდნელად განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პუტინს თუ იგი მომავალ წელს კვლავ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტად.ანუ უკვე მეექვსედ.

ასეთი განცხადებები ამ რანგის ვიზიტის დროს შემთხვევით არ კეთდება: როგორც ჩანს, პუტინი გრძნობს, რომ უკრაინაში წარუმატებელი, გაჭიანურებული და ძაააალიან სისხლიანი, მსხვერპლიანი ომი არაპოპულარული ხდება რუსულ `მასაში` (ორ კვირაში თუ დაასრულებდა, სხვა იქნებოდა) და, რაც ბევრად მნიშვნელოვანია რუსეთის რეალიების გათვალისწინებით, ეს ომი არაპოპულარული ხდება აგრეთვე რუსულ ელიტებში.

პუტინი რუსეთის კორუმპირებულ  ელიტებს ეყრდნობა და მათი მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება, რათა შეინარჩუნოს პოლიტიკური ლეგიტიმურობა.

. . . . . . . . . . . . . . .

ორი ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-52H Stratofortress გამოჩნდა ბალტიის ზღვაში.

ამ სამხედრო თვითმფრინავებს არათუ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ტარება, არამედ სწორედ ესაა მათი ძირითადი ფუნქცია.

ირკვევა, რომ ისინი აფრინდნენ პოლონეთიდან, გადაუფრინეს ბალტის ზღვას სანკტ-პეტერბურგიდან 200 კილომეტრში (!) და გაფრინდნენ ბრიტანეთში.

ამით პენტაგონმა რუსულ გენერალიტეტს და პუტინს უთხრა: ის ჩვენი უპილოტო თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეთ შავ ზღვაში, აბა ერთი გაბედეთ და ამ ბომბდამშენებს მოუახლოვდითო.

აღსანიშნავია, რომ რუსული ავიაგამანადგურებლები ამჯერად არც აფრენილან.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია რუსულ მედიაში არ არის.

რომ აფრენილიყვნენ, აუცილებლად იტყოდნენ: ამერიკელებმა პროვოკაცია მოაწყვეს, ბომბდამშენები გამოაგზავნეს, მაგრამ ჩვენები აფრინდნენ, ბალტიის ზღვის თავზე გამოიჭირეს და იძულებულნი გახდნენ ინგლისში გაფრენილიყვნენო.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის (ანუ პუტინის) მოადგილემ, ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დასავლური იარაღის მიწოდება უკრაინისათვის `აახლოვებს ატომურ აპოკალიფსს`

ეს პროვოკაციული განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დონბასზე უახლოეს მომავალში დიდი ბრძოლა მზადდება და რუსეთის ხელისუფლება შესაძლო დამარცხების შიშმა მოიცვა.

. . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტი ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა, სადაც გრძელდება გააფთრებული ბრძოლები.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ნიშნავს ეს ვიზიტი: მებრძოლთა გამხნევებაა თუ ტაქტიკური უკანდახევისთვის მზადება და კონტრშეტევის მომზადება.

იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის პრინცი და ტახტის მემკვიდრე უილიამი ჩავიდა პოლონეთში, სადაც ბრიტანულ სამხედრო კონტინგენტს შეხვდა.

ბრიტანეთის მონარქიული სახლის (ოჯახის) წევრები არც ერთ ნაბიჯს არ დგამენ ბრიტანეთის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.

შესაძლოა პრინც უილიამის ვიზიტი, - პოლონეთში ბრიტანელი სამხედროების გასამხნევებლად, - კიდევ ერთი სიმპტომი იყოს დიდი ბრძოლის მოახლოებისა დონბასზე.

. . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპის საქმე კულმინაციას უახლოვდება.

სრულიად აშკარაა, რომ ნიუ იორკის ოლქის პროკურორი ყოყმანობს. იმიტომ, რომ არც ერთ სხვა საქმეზე ამგვარი დროითი  `ლუფტი` არ ყოფილა პრესაში ინფორმაციის გაჟონვასა და რეალური ბრალის წარდგენას შორის ნებისმიერი სხვა ეჭვმიტანილისათვის.

ეს აზიანებს მართლმსაჯულების სისტემას ამერიკაში. თუმცა მეორეს მხრივ, ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი (!) შემთხვევა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცათ ყოფილი პრეზიდენტი, მით უმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატი.

არ დაგვავიწყდეს უმნიშვნელოვანესი გარემოება: ნიუ იორკის პროკურორი Alvin Bragg აფროამერიკელია! ანუ ამერიკული საზოგადოების `მოწყვლადი` ნაწილის წარმომადგენელია.

აქედან გამომდინარე, ის ერიდება რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რათა არ დააზიანოს თემი (აფროამერიკელები) რომელსაც წარმოადგენს და ტრამპის ფანატიკურ მომხრეებს არ მისცეს საშუალება, რისხვა მის თემზე გადაიტანონ.

თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოუწევს რაღაც გადაწყვეტილების მიღება.

სხვა შემთხვევაში, რაკი ეს თემა საზოგადო გახდა (ვიმეორებ) მართლმსაჯულება ზიანდება.

ამერიკის სახელმწიფო მართლმსაჯულებისადმი ნდობაზე დგას.

. . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის ფედერალურმა რეზერვმა (დიდი პირობითობით, ეს არის ამერიკის `ცენტრალური ბანკი`) ქევყანაში საპროცენტო განაკვეთი გაზარდა 4,75%-დან  - 5% მდე ანუ 0,25 პროცენტით.

საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მუდამ იმას ნიშნავს, რომ ფედ/რეზერვი საყურადღებოდ მიიჩნევს ამერიკის საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესებს.

ამჯერად სახიფათოდ მიიჩნიეს კალიფორნიაში ბანკების გაკოტრება.

საპროცენტო განაკვეთის გაზრდამ საბირჟო ინდექსები დასცა ნიუ იორკში, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა იმ საფრთხესთან შედარებით, რაც ამერიკის საბანკო სისტემას ემუქრებოდა.

ჯერ-ჯერობით, საბედნიეროდ, ასე ჩანს, რომ ამერიკამ  საბანკო კრიზისი დაძლია: დროულად ჩაერია თეთრი სახლი, დროულად ჩაერია ფედრეზერვი და ამერიკის დიდი ბანკები, რომლებმაც მნიშვნელოვანი თანხები `დადეს` საერთო ფონდში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ამერიკის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა გააკეთა ალარმისტული (შეშფოთებული) განცხადება, რომ ამერიკაში დეფოლტი გამოიწვევს დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტისადმი ნდობის განადგურებას მთელს მსოფლიოში, რასაც გლობალურად კატასტროფული შედეგები მოჰყვებაო.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ კალიფორნიის ბანკთა გაკოტრების თუ გაკოტრების ზღვარზე მისვლის გამო, ამერიკის უმსხვილესმა ბანკებმა ფედერალური რეზერვისგან 165 მილიარდი დოლარის მოკლევადიანი (!) ობლიგაციები შეიძინეს. ანუ ფული ისესხეს.

. . . . . . . . . . . . . . .

ისრაელმა განაცხადა, რომ ის არ დაელოდება ირანის ხელისუფლების მიერ ურანის გამდიდრებას 90%-მდე (რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის საწარმოებლად) და როგორც კი ირანი გაამდიდრებს ურანს ცენტრიფუგებში 60%-მდე, ირანს ისრაელი დაარტყამს!

ისრაელს არ გააჩნია სტრატეგიული ბომბდამშენები. მაგრამ მას აქვს ამერიკული წარმოების მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავები, რომლებსაც შესწევთ უნარი მასირებულად დაბომბონ ირანის ტერიტორიაზე ბირთვული ობიექტები.

ოღონდ ამ თვითმფრინავებს (F-15; F-16; F-22; F-35) არ ეყოფათ საავიაციო საწვავი, რათა ირანი დაბომბონ და მერე უკან, ისრაელში დაბრუნდნენ.

ამიტომ ერთადერთი ვარიანტია, რომ ირანი დაბომბონ, ირანს გადაუფრინონ და აზერბაიჯანში დაჯდნენ! ამისთვის ეყოფათ საწვავი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის დაძაბულობა არ კლებულობს (ირანი უკმაყოფილოა აზერბაიჯანში თურქეთის გაძლიერებით და უფრო პროსომხური პოზიცია აქვს) მოვლენათა ამგვარი განვითარება გასაკვირი არ იქნება.

უფრო მეტიც: ჯერ კიდევ `ყარაბაღის მეორე ომის` (2020) დროს ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავდა, რომ ისრაელმა აზერბაიჯანს თავისი შესანიშნავი დრონები და სხვა იარაღი სწორედ იმიტომ (იმ პირობით) მიაწოდა, რომ თუ ისრაელს დასჭირდა ირანის დაბომბვა, აზერბაიჯანმა ისრაელის თვითმფრინავებს, ბომბარდირების შემდეგ თავის ტერიტორიაზე დაჯდომის, საავიაციო საწვავის შევსებისა და მერე უკან დაბრუნების ნება დართოს.

ნამდვილად  სარისკოა აზერბაიჯანისთვის, რადგან ირანმა ეს `აგრესიაში მონაწილეობად` შეიძლება ჩათვალოს და ბაქო საშუალო სიშორის რაკეტებით დაბომბოს.

ამან კი, თავის მხრივ, შესაძლოა თურქეთ-ირანის ომი გამოიწვიოს, რითაც რუსეთი `მოითბობს` ხელს.

რთული თამაში მიდის აქაც.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის `პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთში საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ.

რაც იმას ნიშნავს, რომ სარკინიგზო შემადგენლობები კონტეინერებით დაიტვირთება.

ბუნებრივია, იგულისხმება, რომ კონტეინერები აფხაზეთში ზღვით შევლენ - ოჩამჩირესა და სოხუმის პორტებიდან. შემდეგ დაიტვირთებიან რკინიგზაზე და გზას გააგრძელებენ.

ასევე პირიქით: კონტეინერები რუსეთიდან შემოვლენ აფხაზეთში რკინიგზით, შემდეგ დაიტვირთებიან პორტებში გემებზე.

ეს არის ანტირუსული სანქციების გვერდის ავლის პირდაპირი სქემა! რაკი აფხაზეთი სეპარატისტული ტერიტორიაა და მასზე დასავლეთს ბერკეტები არ გააჩნია, რუსეთი ცდილობს ექსპორტ-იმპორტისთვის აფხაზეთის ინფრასტრუქტურა გამოიყენოს.

. . . . . . . . . . . . . . .

ე.წ. `სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის` ზნაურის რაიონში დაიწყო რეზერვისტების მობილიზაცია.

არ არის გამორიცხული სეპარატისტები პროვოკაციას ამზადებდნენ `წნელისის` ქართული პოლიციის პოსტის წინააღმდეგ.

`წნელისის პოსტი` გიორგი გახარიამ განალაგა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რათა ხელი შეეშალა ხაშურის რაიონიდან წიაღისეულის გატანისთვის.

სეპარატისტებს კი მიაჩნიათ, რომ ეს პოსტი უკანონოდაა განლაგებული მათ ტერიტორიაზე.