საერთაშორისო მიმოხილვა. 23 იანვარი. 2024 წელი
პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს უკრაინის თემაზე.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიტანეთ-უკრაინის სტრატეგიული შეთანხმება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ და სუნაკმა გააფორმეს, ამერიკა-ინგლისის ერთობლივი ნამუშევარი იყო.
ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით თეთრი სახლის სპოუქსპერსონმა ჯონ კირბიმ ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა; „უკრაინას არ უნდა უწევდეს ფიქრი იმაზე, რომელი იარაღი გამოიყენოს რუსეთის შეტევების პასუხად. მაშინ, როდესაც რუსეთს უხვად აქვს ჩრდილო კორეული ბალისტიკური რაკეტები და ირანული დრონები“.
აქ არის საინტერესო ნიუანსი: ამერიკის კონგრესი კვლავინდებურად ბლოკავს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას და ამ თანხის უდიდესი ნაწილი ამერიკული იარაღის შესყიდვას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ.....ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს თეთრ სახლსა და პენტაგონს დამატებითი იარაღი გადასცეს მის უახლოეს, ეგზისტენციალურ „ატლანტიკურ“ მოკავშირეს - დიდ ბრიტანეთს, რომელსაც შეეძლება ეს იარაღი გადასცეს უკრაინას.
ამგვარ შესაძლო გამოსავალს ვაშინგტონში აქტიურად განიხილავენ.
ფაქტია, უკრაინას არა მხოლოდ საბიუჯეტო პრობლემები ექმნება, არამედ სულ უფრო მეტად აკლია იარაღი. მათ შორის რაკეტები, „ჭკვიანი ბომბები“ და რაც მთავარია, დიდი კალიბრის საარტილერიო ჭურვები
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და თავდაცვის მინისტრმა ლეკორნიუმ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ საფრანგეთი უახლოეს მომავალში უკრაინას მიაწვდის ძალიან სერიოზულ იარაღს, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ვითარება უკრაინის ფრონტზე.
იგულისხმება „მართვადი ბომბები“ ანუ „ჭკვიანი ბომბები“ AASM («Armement Air-Sol Modulaire») HAMMER («Highly Agile Modular Munition Extended Range», რომელსაც აწარმოებს კომპანია Safran.
ეს არის ფრთოსანი რაკეტისა და ბომბის ჰიბრიდი.
მისი ზოგიერთი მოდიფიკაცია 1 000 კილოგრამია, ანუ უდიდესი გამანადგურებელი ძალა აქვს.
რაც მთავარია, AASM HAMMER შეიძლება გაუშვან დიდ მანძილზე - 50-60-100 კილომეტრზეც კი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული „საჰაერო“ რეაგირებას ვერ შეძლებს.
ამ „ჭკვიანი ბომბებით“ უკრაინა შეძლებს წარმატებით გაანადგურეს რუსული სამიზნეები მტრის ზურგში.
მთავარი პრობლემაა ამ ბომბების ადაპტირება უკრაინის შეიარაღებაზე არსებულ МИГ და СУ თვითმფრინავებთან.
NATO-ს თვითმფრინავებზე იოლად მაგრდება, მაგრამ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებზე თუ დამაგრდება, ეს გასარკვევია.
აი სწორედ ამიტომ ითხოვს მუდმივად უკრაინა, მიაწოდონ ამერიკული თვითმფრინავები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროპაში მიმდინარეობს უდიდესი სამხედრო მანევრები „მედგარი მცველი“, რომლის მიზანია უკრაინისთვის მხარდაჭერის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთობის დემონსტრირება.
ნიშანდობლივია, რომ გამოიყენება ფორმულირება „NATO და შვედეთი“.
თურქეთი, როგორც ცნობილია, აქტიურად მონაწილეობს ამ მანევრებში, თუმცა კვლავინდებურად ხელს უშლის შვედეთს, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
ოღონდ ერდოგანი ვერ უშლის ხელს ამ ფორმულირებას „NATO და შვედეთი“, რაც დე-ფაქტო, On the ground ბევრს არაფერს ცვლის; შეიძლება ითქვას, ამ მანევრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალი დე-იურე წევრის, ფინეთის და ჯერ-ჯერობით დე-ფაქტო წევრის, შვედეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის „ინტეგრაციაა“ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მთელს ინფრასტრუქტურასთან.
მანევრებში მონაწილეობენ დიდი ძალები: 90 000 სამხედრო მოსამსახურე, 50 სამხედრო ხომალდი, 80 საბრძოლო თვითმფრინავი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელი, კერძოდ პრემიერ-მინისტრი ნეთენიაჰუ წავიდა ძალიან სერიოზულ დათმობაზე „ჰამასის“ მიმართ: ნეთენიაჰუს მთავრობა თანახმაა გაუშვას ღაზიდან „ჰამასის“ ყველა საველე მეთაური და პოლიტიკური ლიდერებიც, თუ ისინი უბრძანებენ მომხრეებს შეწყვიტონ წინააღმდეგობა.
ანუ ისრაელი საზღვარგარეთ უშვებს ზუსტად იმ საველე მეთაურებს და ლიდერებს, ვინც უშუალოდ დაგეგმა და განახორციელა 7 ოქტომბრის შეტევა და მოკლა 1300 ებრაელი.
ისრაელი იძულებულია წავიდეს ამ კომპრომისზე, რაკი ამდენი ხნის განმავლობაში მან ვერ მიაგნო ღაზაში ვერც ერთ საველე მეთაურს, ვერც ერთ პოლიტიკურ ლიდერს და ვერ გაათავისუფლა მძევალთა უდიდესი ნაწილი.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ჰამასის“ ყველაზე მთავარი ლიდერები (მაგალითად ისმაილ ჰანია) ღაზაში არც იმყოფებიან: ისინი კატარს და სხვა არაბულ სახელმწიფოებს აფარებენ თავს უკვე დიდი ხანია.
თუმცა...... ისრაელმა რაღაც კომპრომისის ფარგლებში ახლა რომც გაუშვას ღაზიდან საველე მეთაურები, პოლიტიკური ლიდერები, შემდეგ „მოსსადი“ მაინც ყველას მიაგნებს და მოკლავს! თუნდაც წლები დასჭირდეს ამ „მიზღვას“.
როგორც 1972 წლის მიუნხენის ტერაქტის შემდეგ მოხდა, როცა არაბმა ტერორისტებმა ორგანიზაციიდან „11 სექტემბერი“, გერმანულ მიუნხენში, ოლიმპიური თამაშების დროს, ისრაელელი სპორტსმენები აიყვანეს მძევლად და მერე დახოცეს.
ამ ტერაქტის ყველა სულისჩამდგმელი „მოსადმა“ იპოვა და გაანადგურა. მათ შორის მთავარი - ალი ჰასან სალამე - 1979 წელს.
თუმცა მაინც, ნეთანიაჰუს კომპრომისი მის მძიმე მდგომარეობას ადასტურებს ახლა. ისრაელში უდიდესი უკმაყოფილებაა. მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. სიხარულით გადადგებოდა, მაგრამ გაგანია ომის დროს გენერალიტეტი არ გაუშვებს და ზოგადადაც, არ არის სწორი - ხელისუფალი ომის მსვლელობისას მიდიოდეს.
თუმცა მას რომ გაასამართლებენ ომის დასრულების შემდეგ - ეჭვი აღარავის ეპარება.
ან|კი რას მიაღწია ღაზაში? „ჰამასი“ გაანადგურა? ეს შეუძლებელია, რადგან ღაზის მთელი მოსახლეობა ჰამასია!
ღაზაზე სამხედრო კონტროლიც კი ვერ დაამყარა სრულად!
რაიმე კომპრომისიც არ ჩანს პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით.
თანაც არსებობს იმის საფრთხე, რომ ლიბანური „ჰესბოლლა“, ირანის მითითებით, ომში ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ისრაელის არმია „ცახალი“ საბოლოოდ გამოიფიტება ბრძოლებით ღაზაში.
არადა „ჰესბოლლა“ – „ჰამასზე“ ათჯერ ძლიერია!
ასეთ საშინელ დღეში ისრაელის სახელმწიფო 1973 წლის „განკითხვის დღის ომის“ შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ისრაელი ლეგენდარულმა გენერალმა არიელ შარონმა გადაარჩინა.
ახლა ასეთი მასშტაბის ფიგურა ისრაელში არ ჩანს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ გუშინ მხარი დაუჭირა ბაიდენის ადმინისტრაციას მექსიკასთან ზღუდის საკითხში. კერძოდ, უკანონოდ ჩათვალა, რომ ტეხასის შტატი აშენებს ზღუდეს, რომლის ელემენტია ფოლადის ბასრი ბარიერი.
ბასრი ნაკეთობებისგან შემდგარი, რათა ადამიანმა ზღუდეზე გადაძრომა ვერ შეძლოს. ეს არის ხვეული ფოლადის გორგალი მჭრელი შვერილებით კედლის თავზე.
უმაღლესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მეტისმეტი სისასტიკეა ასეთი ზღუდის შექმნა, რაკი ბევრი უკანონო ემიგრანტი შესაძლოა დაშავდეს საზღვრის დარღვევის მცდელობისას.
US Supreme court-ის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს დონალდ ტრამპს, რომელიც რასაკვირველია იტყვის, რომ ბაიდენი „კარს უღებს უკანონო ემიგრანტების ჩანჩქერს“.
ფაქტია, ტეხასის ნაგებობა სწორედ ბაიდენმა გაასაჩივრა.
არ შეეძლო არ გაესაჩივრებინა, რადგან მართალია ბაიდენი მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ იმავდროულად მოქმედი პრეზიდენტია, ხოლო მოქმედ პრეზიდენტს არ შეუძლია მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივართა დაიგნორება ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი სულ უფრო ემსგავსება კლოუნს!
რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც მთავრობას დაავალა, „დაიბრუნოს რუსეთის კუთვნილი ქონება საზღვარგარეთ“. შესაბამისი სახელმწიფო კომისიაც შექმნა.
ამ კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ნიცაში, მაგალითად, სანაპიროს ნახევარი XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა: თურმე სანაპიროს დიდი ნაწილი და სხვა უამრავი ქონება ამ ფრანგულ ზღვისპირა ქალაქში იმპერატორებმა ალექსანდრე I ნიკოლოზ I ალექსანდრე II და ალექსანდრე III შეიძინეს.
კი, „დღესვე“ დაუბრუნებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის გაუთავებელი შოვინისტურ-იმპერიალისტური განცხადებების პასუხად, რომ უკრაინა სინამდვილეში „რუსული მიწაა“, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც რუსეთის კრასნოდარის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, როსტოვის და კურსკის ოლქები ცხადდება „ისტორიულად უკრაინულ მიწებად“.
ამ მიწებზე საუკუნეთა განმავლობაში მართლაც უკრაინელები ცხოვრობდნენ და ახლა იქ მცხოვრები რუსების დიდ ნაწილს უკრაინული გვარები აქვთ - ფაქტია.