საერთაშორისო მიმოხილვა. 23 იანვარი. 2022 წელი
როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ბევრმა იწინასწარმეტყველა, აფხაზეთში მარტის დასაწყისისათვის დანიშნული `საპარლამენტო არჩევნები` უკვე დღეს ხდება უმწვავესი დაპირისპირების მიზეზი. წინა პრეზიდენტის, რაულ ჰაჯიმბას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ვიტალი გაბნიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება (პრეზიდენტო ბჟანია) ემზადება მარტში გააფორმოს ისეთი პარლამენტი, რომელიც `აფხაზეთის სუვერენიტეტს დაუთმობს რუსეთს`.
ანუ საქართველოზე აღარც საუბრობენ. უკვე რუსეთს ადანაშაულებენ `სუვერენიტეტს გვართმევსო`, თითქოს უკვე დათმობილი არა აქვთ.
შეგახსენებთ: ვიტალი გაბნიაც და რაულ ჰაჯიმბაც `გადაატრიალეს` ამბოხების შედეგად ბჟანიამ და მისმა მომხრეებმა 2 წლის წინ და ახლა ცდილობენ თვითონაც გაიმეორონ იგივე იმავე ბჟანიას წინააღმდეგ. თან პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბჟანიას ხელისუფლება, ვინც სწორედ `გადატრიალების` შედეგად მოვიდა, ცდილობს თვითონ ვეღარ `გადაატრიალონ`, ამიტომ ჰაჯიმბას მომხრეებს, ვინც საახალწლო აქციებში მონაწილეობდა, აპატიმრებს და ციხეებში ყრის.
ოპოზიცია მოითხოვს მომავალი არჩევნები შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდეს. როგორც საქართველოში ტარდებოდა ბოლო დრომდე და ძლივს მოვიშორეთ ეს სისტემა.
აფხაზეთის ხელისუფლება დგას არჩევანის წინაშე` ვაი`სა და `ვუი`ს შორის: თუ დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს გამოუშვებს, ამით სისუსტეს აჩვენებს, თუ არ გამოუშვებს, ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრი` ინალ არძინბა, რომელიც აქამდე პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა და დონბასში უწყობდა პროვოკაციას უკრაინას, შეხვდა აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და კატეგორიულად მოსთხოვა, საქმიანობის შეწყვეტა.
მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლური დაფინანსებით ქართულ-აფხაზურ შერიგებაზე მუშაობენ.
ბუნებრივია, არძინბა მოსკოვის ბრძანებას ასრულებს, მაგრამ საინტერესოა, რომ თვით აფხაზეთში, მათ შორის აფხაზეთის ხელისუფლებაში, არძინბას ეს `ამკრძალავი` ინიციატივა სულაც არ არის ძალიან პოპულარული..
იმიტომ, რომ NGO-ები, რომლებიც აფხაზეთში მუშაობენ, ხელს უწყობენ ამით დასავლეთთან კონტაქტებს, სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შემოაქვთ ფული და ა.შ. აფხაზეთის ხელისუფლებას რომ არასამთავრობო სექტორის გაუქმება სდომოდა, ინალ არძინბას დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე მოახერხებდა ამას.
ეს სექტორი აფხაზეთში მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ხშირ შემთვევაში საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
მაგრამ რუსეთს საკუთარი ბერკეტები აქვს რათა აიძულოს აფხაზური მხარე გააკეთოს ის, რაც მოსკოვს სჭირდება: აფხაზეთში საშინელი ენერგოკრიზისია. ენგურჰესის ელექტროენერგია აფხაზებს არ ჰყოფნით. რუსეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია კი ასევე არასაკმარისია და სიცივეში მოხმარების ზრდის გამო ხაზები იწვის. ამ ხაზების აღდგენას რუსეთი არ აპირებს: მოითხოვს აფხაზეთის ხელისუფლებამ ელექტროგადამცემი ხაზები და მთელი დისტრიბუცია რუსეთს გადასცეს, რასაც აფხაზები არ თანხმდებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქემთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში პრორუსი ლიდერის `ინსტალაციას და /ანუ მის ხელისუფლებაში მოყვანას გეგმავს.
ეს სენსაციური განცხადებაა, რადგან პრესაში კი არ დაიბეჭდა, რომელი ჟურნალისტის ან ანალიტიკოსის შეფასება კი არ არის, არამედ....დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს ამას!
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სახელმწიფოს განცხადებაა - იგივეა, დედოფალს ეთქვა. დიდი ბრიტანეთის სახელით ლაპარაკის უფლება მხოლოდ დედოფალს, პრემიერ მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს.
მაშასადამე, დიდი ბრიტანეთი თვლის და მსოფლიოს აფრთხილებს, რომ მოსკოვი გეგმავს იმავე სეცნარის განმეორებას, რაც განახორციელა კომუნისტურ ეპოქაში მრავალჯერ, როცა შეიჭრებოდა ქვეყანაში, დაიპყრობდა და მერე საკუთარ `კადრს` ნიშნავდა დაპყრობილი ქვეყნის მმართველად.
ბრიტანეთის ინფორმაციით, მოსკოვში რამდენიმე უკრაინელი ლიდერის `გახელისუფლებას` ამზადებენ კიევის ან მთელი აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობის შემდეგ: ექს-პრემიერი ნიკოლაი აზრავი, რომელიც რუსეთშია გაქცეული და ადრე იანუკოვიჩის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო; იმავე ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერი ანდრეი კლიუევი, დეპუტატი ევგენი მურაევი და კიდევ რამდენიმე სხვა პრორუსი ლიდერი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუსმა ქართული ღვინის ერთ-ერთი სახეობის იმპორტი აკრძალა. როგორც სჩანს ეს ლუკაშენკოს გაფრთხილებაა იმის გამო, რომ საქართველოში ბელორუსი აქტივისტები ცხოვრობენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალთა სარდალი შიონბახი გადადგა მას შემდეგ, რაც დასავლეთში სკანდალი გამოიწვია მისმა განცხადებამ: `ყირიმი არასდროს დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში`.
მანამდე ოლაფ შოლცის მთავრობამ აუკრძალა ესტონეთს უკრაინისათვის გერმანული წარმოების ქვემეხთა მიწოდება. NATO-ს წესდებით, წევრ ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ მიაწოდონ ერთმანეთს იარაღი, რომელიც წევრ სახელმწიფოშია დამზადებული, მაგრამ ალიანსის მიღმა (უკრაინა კი ალიანსის წევრი არ არის) იარაღის მიწოდებას მწარმოებელი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
ბრიტანეთმა და ამერიკამ ნება დართეს ბალტიის ქვეყნებს, მიაწოდონ უკრაინას იარაღი მაშინ, როდესაც გერმანიამ დღემდე ვერ დასძლია ისტორიული კომპლექსები, რაც მეორე მსოფლიო ომსა და გენოციდს უკავშირდება. თუმცა გერმანელებმა ეს დანაშაული ბევრჯერ მოინანიეს.
სამაგიეროდ, იმავე ოლაფ შოლცის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიაწოდოს უკრაინას სრულად აღჭურვილი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი. ომის დროს ამგვარ ჰოსპიტალს არანაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე სამხედრო ტექნიკას, რადგან მეომარ ქვეყანას დაეხმარება გადაარჩინოს ათასობით ახალგაზრდა სიცოცხლე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვში ჩინეთის საელჩომ კატეგორიულად უარყო რამდენიმე ავტორიტეტული დასავლური გამოცემის ინფორმაცია, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ზინპინმა სთხოვა პუტინს, გადადოს ომი უკრაინის წინააღმდეგ სანამ არ დასრულდება პეკინის ზამთრის ოლიმპიადა.
ზამთრის სპორტულ სახეობებში ოლიმპიური თამაშები პეკინში გაიმართება 4 თებერვლიდან - 20 თებერვლამდე. ჩინეთი ამ ოლიმპიადას უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებს და რამდენჯერაც არ უნდა უარყოს პეკინში რუსეთის საელჩომ, ძალიან ჰგავს სიმართლეს, რომ ჩინეთის ხელისუფალს შეიძლება ეთხოვა რუსი `კოლეგისთვის`: ამ ოლიმპიადას ნუ ჩაგვიშხამებო.
2008 წელს, სწორედ პეკინის (ოღონდ ზაფხულის) ოლიმპიადას დროს, მოსკოვმა, ოსი სეპარატისტების ხელით მოახდინეს ომის პროვოცირება. შემდეგ კი რუსული არმიის შემოჭრა საქართველოში.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ინფორმაცია სი-პუტინის საიდუმლო საუბრის შესახებ რეალობაა და პუტინი დილემის წინაშეა: მეორედ მით უმეტეს არავინ დაუჯერებს, რომ ომი უკრაინასთან რუსეთმა კი არ დაიწყო, არამედ უკრაინამ დაიწყო (თურმე). შესაბამისად, ჩინეთი მოსკოვზე განაწყენდება და არა კიევზე. ჩინეთის განაწყენება კი რუსეთის ავტოკრატ ლიდერს არაფრის დიდებით არ აწყობს.
მაშასადამე, ან ახლავე უნდა დაიწყოს (და არა ოლიმპიადის გახსნის დღეს, როგორც 2008 წელს) ან უნდა გადადოს თებერვლის ბოლოსათვის, თუმცა თებერვლის ბოლოს შესაძლოა უკრაინული არმიაც უფრო მეტად იყოს მომზადებული და საერთაშორისო ვითარებაც სხვა იყოს.
უკრაინულ აეროპორტებში ყოველ დღე ეშვება თვითმფრინავები, რომელთაც უკრაინული არმიისთვის თანამედროვე შეიარაღება ჩააქვთ. ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება მიაწოდოს უკრაინულ არმიას МИ-17 საბრძოლო ვერტმფრენები (რუსული წარმოების) და მთლიანობაში 600 მილიონ დოლარამდე გაზარდოს სამხედრო დახმარება.
ეს ვერტმფრენები ამერიკამ რუსეთისგან შეიძინა ავღანეთში გასაგზავნად.
ძირითადად თავდაცვითი შეიარაღება მიეწოდება, თუმცა უკრაინა შეტევას არც გეგმავს - ის მხოლოდ თავს იცავს მოსალოდნელი აგრესიისაგან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის აგრესიული მზადების ფონზე, ამერიკა კიევში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს და ამერიკელ მოქალაქეებს ევაკუაციისათვის ამზადებს და ჯერ არაოფიციალურად, სულ მალე კი ალბათ უკვე ოფიციალურად მოუწოდებს დატოვონ უკრაინა სამოქალაქო რეისები `სანამ ეს ავიარეისები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია`. ანუ ვაშინგტონში უკვე მაღალ ალბათობად თვლიან, რომ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, თუმცა ამ შეჭრის სხვადასხვა სცენარს განიხილავენ მაინც.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთის არმია ახლავე კი არ შეიჭრება, არამედ ჯერ დონბასელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს აამოქმედებს, საპასუხო ცეცხლით ეს ქალაქები დაიბომბება, იქ რუსეთის მოქალაქეები დაიხოცებიან და ამას გამოიყენებსო საბაბად.
ბოლო 3 წლის განმავლობაში, რუსეთმა 2 მილიონ სეპარატისტს დაურიგა რუსეთის მოქალაქეობა დონბასზე.
ერთიც რომ მოკვდეს საპასუხო სროლისას, უკვე საბაბად გამოიყენებს.
ზუსტად ისე, როგორც აფხაზებს და ოსებს დაურიგა მოქალაქეობა 2 000 წლიდან და 2008 წელს ეს საბაბად გამოიყენა.
დათო