საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მარტი. 2024 წელი
ირკვევა, რომ აშშ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეკ სალივანი მხოლოდ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროს ერმაკთან შესახვედრად კი არ იმყოფებოდა კიევში, არამედ მონაწილეობდა ათეულობით ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მდივნების საიდუმლო შეკრებაში.
სხვადასხვა ქვეყნებში ამ თანამდებობას სხვადასხვა სახელი აქვს, თუმცა არსი ამით არ იცვლება.
ოღონდ ამ შეკრებაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ დასავლურ სახელმწიფოთა წარმომადგენლები, არამედ არაბული ქვეყნებისაც.
მოსკოვში ამ შეკრების შესახებ იცოდნენ დაზვერვის არხებით. ამიტომ კიევი სასტიკად დაბომბეს. ამით მიანიშნეს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც შეკრებაში მონაწილეობდა, რომ მათ ნაბიჯს მტრულად განიხილავენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები გაანადგურებენ „იმ რელოკანტებს,რომლებიც გადაცხოვრდნენ რუსეთიდან და რუსეთის მტრებად იქცნენო“
იგულისხმებიან ის რუსი მოღვაწენი, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ პუტინს მისი აგრესიისთვის.
მათ შორის მწერალი ჩხარტიშვილი (აკუნინი), რომელმაც რუსულ ლიტერატურაში მთელი ეპოქა შექმნა თავისი დეტექტივებით.
ასეთი თავხედობაც გამაოგნებელია: პირდაპირ აანონსებენ პოლიტიკურ მკვლელობებს. არადა ბევრი ვარაუდობდა ჯერ კიდევ 2007 წლიდან, როდესაც პუტინმა ლონდონში ყოფილი აგენტი ლიტვინენკო მოაკვლევინა რადიოაქტიური პოლონიუმით, რომ თუ „შერჩებოდა“ და „გაუტარებდნენ“, მერე უკვე ყოფილ აგენტებს კი არა ჩვეულებრივ ოპონენტებს მიადგებოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისტორიული მოვლენის წინაშე დგას კაცობრიობა: აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა ანუ ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ შეიტანა სარჩელი რამდენიმე შტატისა და კოლუმბიის ოლქის (ქალაქ ვაშინგტონის) სახელით Apple-ის წინააღმდეგ.
ფაქტობრივად ბაიდენის ადმინისტრაციამ ამით ომი გამოუცხადა ტიტანს, რომლის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონი დოლარია უკვე.
მთელს მსოფლიოში მისი ტელეფონით და სხვა გაჯეტებით მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ Apple ზღუდავს კონკურენციას, არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, ხელს უშლის არაკეთილსინდისიერი კონკურენციით პატარა კომპანიებს განვითარებაში, ზღუდავს მათ კრეატიულ აპლიკაციებს და ა.შ და ა.შ.
სარჩელში ლაპარაკია Apple-ის ელექტრონულ საფულეზე; ასევე ე.წ. „ღრუბლოვან სტრიმინგზე“ და იმაზეც, რომ Apple-ის ტელეფონების დაკავშირება „ჭკვიან საათებთან“ და სხვა გაჯეტებთან ბევრად იოლია, ვიდრე სხვა კომპანიების ანალოგიურ მოწყობილობებთან.
თეორიულად (მაგრამ მხოლოდ თეორიულად) შესაძლებელია, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის გაყოფის შესახებ.
გაბედავს ამას ნიუ ჯერსის სასამართლო, სადაც სარჩელია შეტანილი?
ეს იქნება გენიალური სტივ ჯობსის კომპანიის დანგრევის დასაწყისი და უდიდეს გავლენას მოახდენს მთელს მსოფლიოში ტელეკომუნიკაციათა განვითარებაზე.
Apple-მა უკვე გააკეთა საპროტესტო განცხადება და ბაიდენის ადმინისტრაცია წარმატებულ ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი ხელს შეუშლის ახალი ტექნოლოგიების განვითარებას Apple-ის პლატფორმაზე. ხოლო ეს პლატფორმა უდიდესია მსოფლიოში.
აბა რა გასაკვირია, რომ ამერიკაში მიმდინარე მძვინვარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბაიდენის ადმინისტრაციის ამ სახიფათო გადაწყვეტილებამ მაშინვე შეიძინა საარჩევნო კონოტაცია ტრამპ-ბაიდენის დაპირისპირების კონტექსტში.
ბუნებრივია, დონალდ ტრამპი Apple-ს დაუჭერს მხარს.
ამერიკელ დამკვირვებლებს არ უკვირთ რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გიგანტურ კომპანიაზე დარტყმა გადაწყვიტა, რადგან ამერიკული წეს-წყობილების და ეკონომიკის საფუძველია სტარტაპებისა და მცირე კომპანიების მხარდაჭერა, რათა ისინი ვერ „გადაყლაპონ“ გიგანტებმა.
ამიტომაც არსებობს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ამერიკაში და, ზოგადად დასავლეთში: მონოპოლია, რაოდენ მაღალტექნოლოგიური და თავდაპირველად კრეატიული და სასარგებლოც არ უნდა იყოს, განვითარებას ნამდვილად ხელს უშლის.
ოღონდ აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რასაც ეს ეკონომიკური ლოგიკა ყოველთვის არ ითვალისწინებს: iPhone არის ამერიკული ბრენდი! ამერიკის ისეთივე სიმბოლო, როგორც Misses liberty
„ჩასაფრებული კონკურენტები“ ამერიკას ამ მხრივ ბევრი ჰყავს. და ეს არ არის მხოლოდ Samsung
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიუსელში, ატომური ენერგეტიკისადმი მიძღვნილ სამიტზე გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგური „სომხეთის სუვერენიტეტის სიმბოლოა“.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მეწამორის ატომური ელექტროსადგური გააძლიეროს და მას ენერგობლოკები დაუმატოს.
ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა: სომხეთი გეგმავს ეს ატომური ელექტროსადგური აქციოს დასავლეთთან ყველაზე ფაქიზ და პრესტიჟულ სფეროში თანამშრომლობის ფაქტორად.
ერევანმა, როგორც უკვე ვწერდით, საფრანგეთისგან უკვე მიიღო გარანტიები, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი „ჩახსნის“ სომხეთს თავისი ბირთვული პროგრამებიდან, - რაკი გაბრაზებულია ერევანზე ბოლო დროინდელი პროდასავლური ტრენდის გამო, - მაშინ პარიზი იკისრებს პასუხისმგებლობას, შევა სადგურის მენეჯმენტში და მიაწვდის სომხეთს ურანის საწვავს - რუსეთმა რომც არ მიაწოდოს.
ატომური ენერგიის სფეროში ევროპასთან და დასავლეთთან თანამშრომლობა შესაძლოა იქცეს იმ ტრიგერად, რომელიც სომხეთს საბოლოოდ წაიყვანს დასავლური გზით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პროირანულმა ჰუსიტებმა, რომლებიც მართავენ იემენს, განაცხადეს, რომ არ დაბომბავენ წითელ ზღვაში რუსულ და ჩინურ გემებს (ტანკერებს) ხოლო სამაგიეროდ ელიან ამ ქვეყნებისგან მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოში.
როგორც ჩანს იგულისხმება, რომ პეკინი და მოსკოვი დაბლოკავენ გაეროს უშიშროების საბჭოში დასავლურ რეზოლუციებს ჰუსიტების წინააღმდეგ. მათ შორის Peace enforcement ოპერაციას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთში დიდი სკანდალი გამოიწვია ემანუელ მაკრონის ფოტომ კრივის „მსხალთან“.
უფრო ზუსტად, ორი ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც მაკრონს ისეთი ბიცეფსები უჩანს როცა „მსხალს“ ურტყამს, რომ გაჩნდა ვერსია ფოტოშოპზე.
დახვეწილი გემოვნების ფრანგებს ეს ყოველივე „მოვე ტონად“ მიაჩნიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს არ უხდება მასკულინური დემონსტრაციები. მაკრონს ადანაშაულებენ, რომ პუტინს ჰბაძავს ამ დემონსტრაციებში მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ აპირებს ფრანგული ჯარები გააგზავნოს უკრაინაში.
როდესაც პუტინი პრეზიდენტი გახდა 2 000 წელს, იგი ხშირად აქვეყნებდა წელს ზემოთ შიშველ ფოტოებს სტილში „ალფა-მამრი“, რომლებიც მსოფლიოში დაცინვის ობიექტად იქცნენ.
ფრანგული მედია წერს, რომ ერთ-ერთ „კერძო შეხვედრაზე„ მაკრონმა არ გამორიცხა „უკრაინის დაცემა“ თუ უახლოეს მომავალში უკრაინას დასავლეთი აქტიურად არ დაეხმარება.
რა „კერძო შეხვედრა“ იყო ეს, ფრანგული მედია არ აზუსტებს, თუმცა როგორც ჩანს იგულისხმება საუბარი ვიწრო წრეში ფრანგული ღვინის ჭიქით ხელში.
ამ საუბრის შინაარსი ინფორმირებულმა რესურსმა Politico-მ გამოაქვეყნა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ცნობილი ხდება რომ ამერიკამ კიდევ ერთი პროექტი შეიმუშავა დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისა უკრაინის სასარგებლოდ.
ახალი პროექტი ითვალისწინებს სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც გამოუშვებს 50 მილიარდი დოლარის ობლიგაციებს (!) ამ რუსული გაყინული აქტივების უფრო ზუსტად მათზე დარიცხული პროცენტების გარანტიით.
50 მილიარდი მილიარდი დოლარი ან ევრო ნამდვილად მნიშვნელოვანი რესურსია. ოღონდ აქ არანაკლებ საინტერესოა, რომ როგორც ჩანს რუსეთისთვის არავინ აპირებს ამ გაყინული სახსრების დაბრუნებას არც ერთ შემთხვევაში: რომც დამარცხდეს რუსეთი და პუტინი კრემლის ქონგურზე ჩამოახრჩონ, დასავლეთი ურთიერთობის ნორმალიზებისთვის აუცილებლად მოითხოვს, მოსკოვმა უკრაინას კომპენსაცია გადაუხადოს ამ სახსრების ოდენობით.
მთლიანობაში 300 მილიარდია გაყინული რუსული აქტივები დასავლურ ბანკებში.
ყოველწლიური პროცენტი ამ სახსრებზე 2-3 მილიარდია. თუ ლაპარაკია 50 მილიარდი დოლარის ობლიგაციებზე, ლოგიკურად გამოდის, რომ დასავლეთი წლობით თვლის ამ სიტუაციას. თუმცა....რუსული აქტივების კონფისკაციაზე როგორც ბევრჯერ გვითქვამს, დასავლეთი პრინციპულად უარს ამბობს რუსული აქტივების კონფისკაციაზე, რათა არ შექმნას პრეცედენტი და არ დააშინოს ინვესტორები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ვინ აღარ მონაწილეობსამერიკულ არჩევნებში..........თანაც პროვოკაციულად.
სერბეთში აგორდა სკანდალი, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვუჩიჩი აპირებს დონალდ ტრამპის სიძეს, ჯერარდ კუშნერს გადასცეს მიწა ბელგრადის ცენტრში მრავალსართულიანი სახლების ასაშენებლად.
სიტუაციას განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს ის გარემოება, რომ იმ ადგილას, რომლის ტრამპებისთვის გადაცემას ვუჩიჩი გეგმავს, 1999 წლამდე სერბეთის არმიის გენერალური შტაბის შენობა იყო, რომელიც NATO-მ ანუ იმავე ამერიკის ავიაციამ დაანგრია