საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მარტი. 2023 წელი
გრძელდება ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი მოსკოვში.
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებითაა რაღაც შედეგი: რუსეთი მეტ ნავთობსა და გაზს მიაწვდის ჩინეთს, ხოლო ჩინეთი ახალ კომპანიებს გახსნის რუსეთში. თუმცა ისე, რომ პირდაპირ არ დაარღვიოს დასავლური სანქციები.
პუტინი აპირებს ააშენოს ახალი დიდი გაზსადენი (მონღოლეთის გავლით) ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მისაწოდებლად. 2030 წლისთვის იგეგმება 100 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ამ გაზსადენით.
ამით მოსკოვი ცდილობს დააკომპენსიროს ევროპული ბაზრების უდიდესი წილის დაკარგვა. თუმცა ჩინეთი არასდროს გადაიხდის რუსულ გაზში იმდენს, რამდენსაც ევროპა იხდიდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის ომის შესაწყვეტად სი ძინპინის გამოქვეყნებული გეგმა უუნარო აღმოჩნდა.
ყოველ შემთხვევაში პუტინისთვისაც მიუღებელია 24 თებერვლის ხაზზე დაბრუნება და ზელენსკისთვისაც........ სანამ რუსები მთლიანად არ დატოვებენ დონბასს.
სამაგიეროდ, ჩინელი ლიდერის `ისტორიულმა` ვიზიტმა ის შედეგი გამოიღო, რომ ევრაზიაში ახალი სერიოზული მოთამაშე გამოჩნდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კისიდას სახით.
ზუსტად იმ დღეს, როცა დაიწყო სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტი მოსკოვში (ანუ სამშაბათს) იაპონელი პრემიერი ჩავიდა კიევში!
ეს იყო დემონსტრაციული ნაბიჯი, რითაც იაპონიამ დასავლეთს გაუგზავნა მესიჯი, რომ რაკი ჩინეთი ძლიერდება ევრაზიაში, დასავლეთს მუდამ შეეძლება დაეყრდნოს იაპონიას ჩინეთის წინააღმდეგ და გამოიყენოს იაპონიის უდიდესი პოტენციალი. მათ შორის პოტსაბჭოურ სივრცეზე.
ჩინეთი და იაპონია ისტორიული მოწინააღდმეგეები არიან.
ჩინეთს ჯერ არ მიუწოდებია იარაღი რუსეთისთვის, რისი იმედიც პუტინს აქვს გაჭიანურებული და მარცხიანი ომის განმავლობაში.
იაპონიას არა აქვს იარაღი, რომ მიაწოდოს უკრაინას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიის არმია ძლიერ შემცირებულია და საპოლიციო ძალებამდეა დაყვანილი, მაგრამ.....იაპონიას აქვს საშაულება და უნარი უკრაინას მიაწოდოს ტექნოლოგიები (!) რაც იარაღის წარმოებაში მოეხმარებათ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.
შეიძლება ითქვას: ისევე, როგორც გერმანიამ მოიშორა მეორე მსოფლიო ომის კომპლექსები და დაბრუნდა ევროპულ ასპარეზზე როგორც გეოპოლიტიკური Actor, ასევე იაპონიაც იშორებს იმ ისტორიულ კომპლექსებს და ბრუნდება ევრაზიულ ასპარეზზე უძლიერეს მოთამაშედ.
ორივე შემთხვევაში ინსპირატორი გახდა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . .
გააფთრებული პოლიტიკური ბრძოლა ამერიკაში დონალდ ტრამპის გარშემო სულ უფრო მწვავე ხასიათს იძენს.
როგორც ცნობილია, რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა კონგრესში.
მას შემდეგ რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მალე დააპატიმრებენ, კონგრესში ჩვენების მისაცემად გამოიძახეს ნიუ იორკის ოლქის პროკურორი, ვინც იძიებს ტრამპის საქმეს.
ფორმალურად კონგრესს რა თქმა უნდა აქვს უფლება ნებისმიერი პერსონა გამოიძახოს ჩვენების მისაღებად, თუმცა ამ ვითარებაში ეს აშკარად ტრამპის მხარდასაჭერად კეთდება.
მთავარი დასკვნა ისაა, რომ `რესპუბლიკელები` არ შეწყვეტენ დონალდ ტრამპის მხარდაჭერას, რადგან ეს პოლიტიკოსი განუყოფელი გახდა იმ ღირებულებებთან და იდეალებთან, რომელთაც წარმოადგენს `რესპუბლიკური პარტია`.
შესაძლოა ექსტრემალური გამოხატულება იყოს ამ ღირებულებებისა დონალდ ტრამპი, მაგრამ ამ პარტიისათვის მაინც `თავისიანია`.
მძვინვარე საარჩევნო კამპანია გველის ჩვენც, ამერიკასაც და მთელს მსოფლიოს.
თუმცა დონალდმა ჯერ პარტიაში უნდა დაამარცხოს კონკურენტი - ფლორიდის გუბერნატორო რონ დესანტისი.
ის, რომ რესპუბლიკურმა კონგრესმა მას მხარი დაუჭირა `დაპატიმრების` ქეისში არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილია უკვე მისი ნომინირება პრეზედენტად `რესპუბლიკური პარტიიდან` და პრაიმერიზში გამარჯვებაც.
თუმცა რიგითი ამერიკელი რესპუბლიკელები რა თქმა უნდა ტრამპს არჩევენ - დესანტისს. ოღონდ ამერიკული პარტიული სისტემა ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ გადაწყვეტილებას საბოლოოდ რესპუბლიკური ელიტები იღებენ.
`რესპუბლიკური პარტია` ამერიკაში (ისევე, როგორც `დემოკრატიული პარტია`) არის უდიდესი კონგლომერატი სრულიად სხვადასხვა სოციალური ძალების, ჯგუფების და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვმა პროტესტი განუცხადა ლონდონს იმის გამო, რომ ბრიტანული არმია უკრაინას აწვდის საარტილერიო ჭურვებს გაღარიბებული ურანის გულანით!
გაღარიბებული ურანით დამზადებული ჭურვები ბევრად `ფოლადგამპობნი`არიან ანუ მათ დარტყმას ვერც ერთი ხარისხის ფოლადი ვერ უძლებს. საუკეთესო ტანკსაწინააღდმეგო იარაღია.
გაღარიბებულ ურანს რადიოაქტიულობა, როგორც წესი, არ ახასიათებს. ამის მიუხედავად, რუსები ამტკიცებენ, თითქოს ამგვარი ჭურვების გამოყენება თითქოს იგივეა, რაც მცირე ატომური ბომბისა.
ეს მტკიცება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თვითონ ემზადებიან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის, როგორც იმუქრებოდნენ და შემდეგ იტყვიან: აი დასავლეთმა პირველმა გამოიყენა ჩვენს წინააღდმეგო.
. . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკი სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება `თეთრი სახლისთვის` არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური განზომილებით - მას შემდეგ რაც ამ მილიარდერმა და ვიზიონერმა სოციალური ქსელი `Twitter` შეიძინა.
თუმცა უკვე არანაკლებ - გლობალური განზომილებითაც პრობლემაა: უკრაინის ომში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მასკის თანამგზავრულ სისტემას Starlink რომლითაც ხდება დამიზნება, დაზვერვა, მარშრუტირება და ა.შ.
შესაბამისად, რაკი ეს ტექნოლოგია მთლიანად მასკს ეკუთვნის, მილიარდერი ცდილობს პოლიტიკური როლიც შეასრულოს, თუმცა მისი წინადადებები ყოველთვის არ შეესაბამება უკრაინის ინტერესებს და პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკას.
მაგალითად, მასკმა გამოაქვეყნა მისი `სამშვიდობო გეგმა`, რომლითაც უკრაინამ რეფერენდუმები უნდა ჩაატაროს ყირიმში და დონბასზე - თუ ვისთან უნდათ და სად უნდათ მათ ცხოვრება.
პუტინს რა თქმა უნდა მოეწონებოდა ეს გეგმა, თუმცა კიევში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მასკს შეუძლია უარი თქვას Starlink-ის მიწოდებაზე უკრაინისთვის.
ერთხელ ჰქონდა კიდეც ამგვარი მცდელობა - მაშინ თანხის გადაუხდელობა მოიმიზეზა.
თუ მასკი (მეტისმეტი გეოპოლიტიკური ამბიციით) მართლაც დაიწყებს უკრაინის და ამერიკის შანტაჟს, რათა საკუთარი ე.წ. `სამშვიდობო გეგმა` გაიტანოს, ეს პრობლემაა, რადგან ბაიდენი ვერ შეძლებს ზეწოლას: მასკს დაუყოვნებლივ დაუჭერს მხარს დონალდ ტრამპი და ეს ტანდემი უძლიერესი იქნება 2024 წლის არჩევნებზე.
. . . . . . . . . . . . . . .
იტალიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის კრანსნოიარსკის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე უსის შვილი, არტიომ უსი უნდა გადაეცეს ამერიკის მართლმსაჯულებას.
არტიომ უსი მილანში დააპატიმრეს ამერიკის მოთხოვნით.
ირკვევა, რომ სწორედ იგი იყო `საკვანძო ფიგურა`, რომელიც ვენესუელას ნავთობით ვაჭრობდა ანტირუსული სანქციების გვერდის ავლით. ასევე ელექტრონიკა შეჰქონდა რუსეთში იმავე სანქციების იგნორირებით.
იტალიაში დააპატიმრეს და ახლა ელის ამერიკაში ექსტრადირებას.
მოსკოვის პროკურატურამ დაუყოვნებლივ აღძრა საქმე უსის წინააღდმეგ და რუსეთიც ითხოვს მის ექსტრადირებას. სინამდვილეში ეს ფეიკია: რათა ამერიკაში გაგზავნას შეუშალონ ხელი.
ისტორია საინტერესოა იმით, რომ ამერიკელებმა უკვე მთელს მსოფლიოში დაიწყეს `ნადირობა` რუს ოლიგარქებზე და ისტებლიშმენტის წარმომადგენლებზე, ასევე მათი ოჯახისი წევრებზე.
დამთავრდა რუსული ისტებლიშმენტისთვის ტკბილი ცხოვრება და დროსტარება კომოს ტბასა თუ კურშაველში, რომელიც 1990-იან წლებში, ანუ ელცინის ეპოქიდან დაიწყო.
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს 20 დეპუტატს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მიმართვას პუტინისადმი - დონბასის ე.წ. `რესპუბლიკათა` დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით.
უკრაინამ ამ დეპუტატებს ბრალად დასდო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
რასაკვირველია რუსეთის ტერიტორიაზე ამ დეპუტატებს უკრაინა ვერ დააპატიმრებს, თუმცა ისინი უკვე ვეღარასოდეს დატოვებენ რუსეთის ტერიტორიას.
ზოგადად, რუსული ისტებლიშმენტი, რომელსაც ძალიან უყვარდა დასავლეთში ვიზიტები, - უყვარდათ პარიზი, რომი, ლონდონი, ნიუ იორკი (თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ დასავლეთი ელანძღათ) - ახლა დიდ გაურკვევლობაშია იმ აზრით, რომ ბევრმა მათგანმა შესაძლოა არც იცოდეს, არის თუ არ არის მათზე საქმე აღძრული ან გაცემულია თუ არა დაპატიმრების ორდერი ინტერპოლის მიერ უკრაინის მოთხოვნით.
უკრაინა ხშირ შემთხვევაში დახურულ რეჟიმში ატარებს სასამართლო პროცესებს და არ აქვეყნებს მათ შედეგს, თუმცა დასავლეთს მიმართავს თხოვნით იურიდიული და სამართლებრივი მხარდაჭერის შესახებ, რაც იმას ნიშანავს, რომ `ინტერპოლი` აქტიურად მუშაობს მსჯავრდებულთა დასაკავებლად.
და როგორც კი დასაველთში აღმოჩნდებიან, მაშინვე დააკავებენ.