საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივნისი 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივნისი  2023 წელი

უკრაინის არმია ნელ-ნელა, ნელ-ნელა, თუმცა მაინც მიიწევს წინ აღმოსავლეთის და სამხრეთ აღმოსავლეთის ფრონტზე. უკვე გაათავისუფლა დასახლებული პუნქტები Новодаровка, Левадное, Сторожево, Макаровка, Благодатное, Лобковое, Нескучное и Пятихатки.

7 კილომეტრით წაიწიეს წინ და გათავისუფლებული ტერიტორია 100 კილომეტრს აჭარბებს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უკრაინელებს სამხედრო ტექნიკაში დიდი დანაკარგი აქვთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსებსაც დიდი დანაკარგი აქვთ: ივნისის დასაწყისიდან რუსებმა 129 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. აქედან 32 ტანკია.

უკრაინამ დაკარგა 155 ერთეული სამხედრო ტექნიკა. 24 ტანკი. უმეტესობა ჯავშანმანქანაა.

გასაკვირი არ არის, თუ  შემტევი მხარე ბევრად მეტს კარგავს ზოგადად, თუმცა ამ შემთხვევაში` ბევრად მეტი` არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ გუშინ კვლავ შეუტია მოსკოვს სამი უკრაინული წარმოების (!) უპილოტო საფრენი აპარატით. რუსები ამტკიცებენ, რომ სამივე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩამოაგდეს.

მოსკოვის გარეუბანში ჩამოვარდა, თუმცა არ აფეთქდა, რადგან მის კომპიუტერში ჩაშენებულია კონკრეტული სამიზნე და იქ უნდა აფეთქდეს. მშვიდობიან მოსახლეობას კი უკრაინა არაფერს ერჩის.

აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მართალია ეს დრონები უკრაინული წარმოებისაა, თუმცა დასავლეთიდან მიღებული ელექტრონიკითაა სავსე.

გარდა ამისა, უკრაინელებმა მოსკოვს `ხელი შეაჩვიეს` და სამ დრონს შესაძლოა მოჰყვეს ერთდროულად ასი დრონის შეტევაც. ამის საშუალება უკრაინელებს უკვე აქვთ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ დასავლეთმა უკრაინას რუსული აგრესიის დასაწყისიდან გადასცა 45 თვითმფრინავი СУ-25 და МИГ-29

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ამ СУ-25-ების დიდი ნაწილი სწორედ თბილისში, საავიაციო ქარხანაშია წარმოებული. მას `მფრინავ ტანკს` უწოდებდნენ და 1980-იანი წლებიდან თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო საბრძოლო მანქანა იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

არასდროს ამერიკის ისტორიაში რომელიმე პოლიტიკური ფიგურა არ იწვევდა ასეთ მძვინვარე კამათსა და დაპირისპირებას, როგორც დონალდ ტრამპი. ამ მხრივ მას ვერ შეედრება ვერც ერთი პრეზიდენტი, რომელიც აღიქმებოდა, როგორც Controversial: ვერც რიჩარდ ნიქსონი, ვერც ბილ კლინტონი, ვერც რონალდ რეიგანი.

ისინიც იწვევდნენ კამათს, უთანხმოებას, დაპირისპირებას სოციუმში, თუმცა როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მათი აღქმა არ უკავშირდებოდა ძირეულ, ფუნდამენტურ ღირებულებათა დაზიანებას.

მაგალითად ოჯახის ინსტიტუტს: ბილ კლინტონის ადიულტერი მონიკა ლევინსკისთან ასე არ აღიქმებოდა თუნდაც იმიტომ, რომ კლინტონმა გულწრფელად მოინანია, იტირა და ბოდიშები იხადა.

ახლა დამკვირვებლები წერენ, რომ დონალდ ტრამპისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის თითქმის მომაკვდინებელი იქნება, თუ მისი მეოთხე მეუღლე, მელანია ტრამპი საჯაროდ დაგმობს მის საქციელს - ღალატს პორნო-ვარსკვლავთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩაირთვება `ქალური სოლიდარობის` უძლიერესი მენტალ;ური `კორელანტი`.

ქალები ამერიკაში (ისევე, როგორც, ფრთხილად შევნიშნოთ, ნებისმიერ დემოკრატიაში) ძალიან დიდ ელექტორალურ როლს ასრულებენ.

ჰილარი კლინტონს მონიკა ლევინსკის ისტორია არ დაუგმია. თანაც კლინტონი ხომ მესამე ვადით პრეზიდენტად არ იყრიდა კენჭს.....ტრამპისგან განსხვავებით.

ტრამპზე უდავოდ მთელი ბიბლიოთეკები დაიწერება მომავალში. ჯერ მისი ბედისწერა ბოლომდე გარკვეული არ არის. თუმცა მკვლევართა აზრით, ამერიკის ისტორიაში მას ანალოგი უბრალოდ არ ჰყავს - გამორიცხულია.

ანალოგი ჰყავს საზღვარგარეთ - იტალიაში.

დონალდ ტრამპი, ფენომენოლოგიურად, ძალიან ჰგავს სილვიო ბერლუსკონის, რომელიც ახლახანს გარდაიცვალა. ისიც მულტიმილიონერი, მექალთანე, მედიამაგნატი და სკანდალისტი, რომელმაც იტალიის პოლიტიკური ლანდშაფტი ძირფესვიანად შეცვალა.

თუმცა ყველაზე სერიოზული გამოწვევა დონალდ ტრამპმა, როგორც პოლიტიკურმა ფენომენმა, შეუქმნა არა ცოლს, მელანიას, არამედ რესპუბლიკურ პარტიას.

რესპუბლიკური პარტია ახლა საზარელი დილემის წინაშეა: ან დაუჭიროს ტრამპს მხარი და `შეიზილოს` ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ან განუდგეს და კონსერვატიული ამერიკული ელექტორატის უდიდესი ნაწილი დაკარგოს ისტორიულად - ფაქტობრივად დასუსტდეს და განადგურდეს, როგორც Old Great Party - უძველესი დიადი პარტია OGP.

ამ დილემასთან შედარებით თითქოს რა არის მელანიას დილემა: ან მთელი ცხოვრება ატაროს ეს `ქალის ტვირთი` და სირცხვილი ან.....გაშორდეს მილიარდერ ქმარს ბალზაკის ასაკში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

კონსალტინგური კომპანია Henley & Partners -ის ცნობით, შარშან რუსეთი 8 500-მა მილიონერმა დატოვა. ანუ ადამიანმა, რომლის ქონება მილიონ დოლარზე მეტია. გარბიან ძირითადად გაერთიანებულ არაბთა ემირატებში.

ამ მონაცემებით რუსეთი მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება, საიდანაც შარშან 10 800 მილიონერი გადაცხოვრდა სხვა ქვეყნებში.

რატომ არ უშლის ხელს პუტინის რეჟიმი ან ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი ადამიანების `გადაცხოვრებას` სხვა ქვეყნებში? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ინვესტორები დაშინდებიან (თუ არ ექნებათ გარანტია, რომ თანხას გაიტანენ ქვეყნიდან) და ინვესტიციებს აღარ განახორციელებენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სოჭსა და გაგრას შორის საკურორტო სეზონზე რეგულარული მატარებელი გაუშვეს. Ласточка ქვია.

დღეში ორჯერ დადის. ასეულობით რუსი დაჰყავს ექსკურსიაზე ახალ ათონში და რიცის ტბაზე, სადაც სამარშრუტო ტაქსებით და ავტობუსებით აჰყავთ.

ცდილობდნენ ე.წ. `საკრუიზო მატარებლის` გაშვებას, რომელიც სოხუმამდე ჩავიდოდა, მაგრამ ეს იდეა უარყვეს იმ არგუმენტრით რომ......მატარებელი რომ ბიჭვინთას მიუახლოვდება და მერე გამოსცდება, სარკინიგზო ლიანდაგებზე საქონელი წევს ან გადმოდის და ინციდენტები გარდაუვალიაო.

`ინციდენტებში` იგულისხმება, რომ მატარებელი უნდა გაჩერდეს, სანამ ლიანდაგიდან საქონელს განდევნიან ან თუ საქონელი (მტრისას და ავისას) დასახიჩრდა, მისი მეპატრონეები მთელს სარკინიგზო შემადგენლობას აიყვანენ მძევლად.

ფსოუდან - გაგრამდე კი საქონელი არ არის, რაკი საქონელს იქ უბრალოდ ვერ აძოვებ: ერთ მხარეს კლდეებია, მეორე მხარეს - ზღვა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და პუტინის ველური აგრესიის, ასევე პუტინის გაუთავებელი გლობალური პროვოკაციების გამო.

მაგალითად: ამერიკული წყაროების ინფორმაციით, ვაშინგტონი ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს ირანის ხელისუფლებასთან ირანის `ბირთვული დოსიეს` კონტექსტში.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს დოხაში, ოღონდ არა პირდაპირ, არამედ ადგილობრივი შუამავლების მეშვეობით. ტექნოლოგია ასეთია: დელეგაციები ერთმანეთს კი არ ხვდებიან, არამედ შუამავლები გადასცემენ ორივე მხარეს წინადადებებს მეზობელ ოთახებში; მერე მოაქვთ იქედან პასუხი და ა.შ.

საქმე ეხება  ირანის სახელმწიფოს გაუთავებელ მცდელობას, გაამდიდროს ურანი სამხედრო საკმარისობის დონემდე

ამჟამად ურანი გამდიდრებული აქვთ 60%-მდე და ნელ-ნელა მიჩოჩავენ 90%-სკენ, რაც უკვე საკმარისი იქნება ატომური ბომბის დასამზადებლად.

ისრაელმა ბევრჯერ განაცხადა, რომ თუ გამდიდრების დონე მიუახლოვდება 90%-ს, მაშინ ისრაელი მთელი თავისი საავიაციო ძალით `დაარტყამს` ირანის ატომურ ობიექტებს რაც ნიშნავს დიდ ომს!

ირანი აუცილებლად უპასუხებს ბალისტიკური რაკეტებით, რომლებიც მას ნამდვილად აქვს; ასევე აქვს ათიათასობით დრონი - ეს ხომ დამტკიცდა უკრაინის საბრძოლო მოქმედების დროს.

რასაკვირველია ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, ასევე ამერიკული N6 ფლოტი ხმელთაშუა ზღვაში და Patriot დანადგარები ბევრ მათგანს გაანადგურებ; თუმცა ყველას ალბათ ვერ ჩამოაგდებენ.

ამას ასევე მოჰყვება ტერაქტები მთელს მსოფლიოში და....ყოველივე უკრაინის საზარელი ომის ფონზე, რომელიც მხოლოდ ახლა იწყება რეალურად - როცა უკრაინა შეტევაზე გადავიდა და პუტინი შესაძლოა კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხად იქცეს.

პუტინმა ატომური იარაღი შესაძლოა ვერ გამოიყენოს, მაგრამ ამაზე არნაკლებ საშინელება იქნება, თუ ირანს მიაწვდის ტრანსკონტინენტულ ან  `ისკანდერის` რაკეტებს და სხვა უახლეს იარაღს თუ  ბირთვულ  ტექნოლოგიებს.

ამიტომ ამერიკა ახლა უბრალოდ იძულებულია რაღაც კომპრომისი ეძებოს ფანატიკოსი აიათოლლების რეჟიმთან.

ძალიანაც არ უნდა, თუმცა  ი ძ უ ლ ე ბ უ ლ ი ა.

გარიგების საგანი შესაძლოა გახდეს ირანულ ნავთობზე ემბარგოს შემსუბუქება.

ახლა აიათოლლების რეჟიმი მსოფლიოს ბაზრებზე თითქმის ვერ ყიდის ნავთობს, რაც ამ უმდიდრეს ქვეყანას ფაქტობრივად აშიმშილებს.

არ არის გამორიცხული ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმებით, ამერიკამ კიდეც შეამსუბუქოს ემბარგო, ირანი ამოისუნთქებს, იმედია ურანის გამდიდრებასაც შეანელებს თუმცა ამგვარი კომპრომისის სასტიკი წინააღმდეგია ისრაელი და მართალიცაა: აბა ამ მძვინვარე და ბნელი ფანატიკოსების (ირანელი აიათოლლების) ნდობა როგორ შეიძლება?!!!

ამერიკის სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც გასულ საუკუნეში შეიმუშავეს, გულისხმობს, რომ ამერიკას  უნდა შეეძლოს პლანეტაზე ერთდროულად ორ სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში To Engage.

მაგრამ ......რუსეთთან კონფლიქტი უკვე ახლა (!) არ არის უბრალოდ `ლოკალური`.

რუსეთი ბირთვული ზესახელმწიფოა - 5 ათასი ბირთვული მუხტით.  რომელთაგან ყველაზე სუსტიც კი,  1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბზე ათჯერ ძლიერია.