საერთაშორისო მიმოხილვა. 20 სექტემბერი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 სექტემბერი 2022 წელი

ძალიან ცუდი დიპლომატიური კონფლიქტი განვითარდა პოლონეთსა და გერმანიას შორის.

გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა, რომ გერმანიამ შესაძლოა გადახედოს საზღვრებს გერმანიასა და პოლონეთს შორის.

სენსაციური განცხადებაა, რადგან ევროპული წესრიგი ევროპულ სახელმწიფოთა შორის  საზღვრების აბსოლუტურ ურღვევობას ეფუძნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომლის გამჩაღებელიც გერმანია იყო.

ოღონდ შოლცის ეს განცხადება ცარიელ ადგილას არ გაჩენილა: იგი მოჰყვა 14 სექტემბერს, პოლონეთის სეიმის (პარლამენტის) ამჟამინდელი ეპოქიდან, დროიდან, სივრციდან, იურიდიული რელობიდან და სამართლიანობიდან ამოვარდნილ გადაწყვეტილებას, რომ გერმანიამ - პოლონეთს, მეორე მსოფლიო ომში განცდილი მარცხისათვის, 1,3 ტრილიონი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

სწორედ ამის პასუხად თქვა შოლცმა ფრაზა, რომ პოლონეთს გერმანიისგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტერიტორიები გადაეცა. პირველ რიგში შოლცი გულისხმობდა დანციგს ანუ პოლონურად გდანსკს. დანციგის `დერეფანი`, რომელიც აკავშირებდა გერმანიის ძირითად ნაწილს პრუსიასთან, იმ ომის მთავარი მიზეზი გახდა.

ამასთან, აქვე არ შეიძლება არ ითქვას, რომ პოლონეთი მთელი ამ წლების განმავლობაში, უზარმაზარ ფინანსურ დახმარებას იღებდა გერმანიისგან ევროკავშირის `ხაზით`. 

პირდაპირ გერმანიისგან არა, მაგრამ განა საყოველთაოდ არ არის ცნობილი ის რეალობა, რომ ევროკავშირის მთავარი ფინანსური დონორი გერმანიაა?

ისიც სათქმელია, თუ რატომ მიიღო პოლონეთმა ასეთი გადაწყვეტილება (1,3 ტრილიონი ევროს კომპენსაციის შესახებ): ეს მოხდა იმ კონფლიქტის ფარგლებში, რაც განვითარდა ვარშავასა და ბრიუსელს შორის, როცა პოლონეთმა უარი განაცხადა ეღიარებინა ევროკავშირის სასამართლოს (ლუქსემბურგის სასამართლოს) იურისდიქციის აღმატებულობა   პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

ხოლო პოლონეთის სასამართლოებმა კი, პოლონეთის ზემძლავრი კათოლიკური ეკლესიის ზეწოლით, რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს LGBTQ თემაზე, რაც ევროპის წესდებასა და ფუნდამენტურ ნომრებს არღვევდა.

მათ შორის იმ ნორმას, რომ ევროკავშირის ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღმატებული ძალა აქვთ ადგილობრივ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.

როგორც კი პოლონეთმა საკუთარი იურისდიქციის სასამართლოთა აღმატებულება  გამოაცხადა, ევროკავშირმა მაშინვე შეუმცირა დაფინანსება. აი სწორედ ამ დაფინასების შემცირებამ გააბრაზა პოლონეთის ხელისუფლება იმდენად, რომ გერმანიისგან 1.3 ტრილიონი ევროს კომპენსაცია მოითხოვა, რაკი პოლონელები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროკავშირს გერმანია მართავს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბერლინის კარნახით მიიღება ბრიუსელში.

ნამდვილად ძალიან ცუდი კონფლიქტია, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს მთელი ევროპისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვისაც.

ეს კონფლიქტი ევროპას აბრუნებს ღრმა წარსულში, საიდანაც კაცობრიობა თითქოს გამოვიდა.

ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და სოციუმების ნაწილს არ სურთ შეურიგდნენ უმცირესობათა უფლებების დაცვის იმ სტანდარტს, რაც დამკვიდრდა ევროპაში....მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

იმ ომის მთავარი გაკვეთილი ხომ ის გახდა, რომ არ შეიძლება უმცირესობათა უფლებების დარღვევა და მათი დევნა.

სამწუხაროდ, ეს თემა საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება პრორუსული ძალების მიერ და რაც ყველაზე ცუდია, უდანაკარგო გამოსავალი ამ დილემმადან არ არსებობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სასიხარულო ამბავი: თურქეთის ორმა უმსხვილესმა ბანკმა - Is Bankasi და DenizBank შეწყვიტა რუსული პლასტიკური ბარათის და საგადამხდელო სისტემა МИР-ის გამოყენება.

ეს სისტემა და პლასტიკური ბარათი რუსეთმა შემოიღო მას შემდეგ, რაც დასავლეთმა Visa და MasterCard პლასტიკური ბარათები დაბლოკა რუსეთში, ანუ ის ბარათები, რაც ემიტირებულია რუსული ბანკების მიერ და მათ ევროპული საგადამხდელოა სისტემა ემსახურებოდა.

პუტინმა გამოუშვა  МИР და თავიც მოჰქონდა: ხომ ხედავთ, თურქეთმა აღიარა და თურქეთის (ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე ქვეყნის) ტერიტორიაზე თავისუფლად გამოიყენებაო.

ეს თურქული ბანკები აღარც მალავენ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ზეწოლით. ანუ ამით ცხადი გახდა, რამდენად დამოკიდებულია თურქეთი ამერიკაზე და ზოგადად დასავლეთზე. მათ შორის ფინანსურ ნაწილში.

Is Bankasi და DenizBank იმდენად დიდი და სისტემათშემოქმედი ბანკებია თურქეთში, რომ მათ გადაწყვეტილებას სხვა თურქული ბანკებიც უეჭველად მიბაძავენ.

ეს იგივეა, საქართველოში `თი ბი სი`-მ `საქართველოს ბანკმა` რომ მიიღოს რაიმე ერთობლივი გადაწყვეტილება, რაც რა თქმა უნდა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მთლიანად იცვლება თამაშის წესები საბანკო სისტემაში

ბუნებრივია, რუს ტურისტებს თურქეთში ეს გადაწყვეტილებები პრობლემებს შეუქმნის, თუმცა კატასტროფულს არა: ბოლოს და ბოლოს დოლარი და ევრო შეუძლიათ `ქეშად` ატარონ და ქეშად ანუ ნაღდი ფულით გადაიხადონ ნებისმიერი მომსახურება.

სულ სხვა საქმე იქნება, თუ რუსეთს საერთოდ აეკრძალება დოლარით და ევროთი ოპერირება უნაღდო ანგარიშსწორებისას, თუმცა ეს უმძიმესი სანქცია დასავლეთს მოსკოვის წინააღმდეგ ჯერაც არ შემოუღია.

 

მეორე მწვავე გადაწყვეტილება, რაც ასევე თურქეთს უკავშირდება: თურქულმა ფლაგმანმა Turkish Airlines უარი თქვა რუსი პილოტების ტრენინგზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პენტაგონმა არ გამორიცხა, რომ უკრაინას ამერიკულ ტანკებს მიაწვდის. ლაპარაკია ზემძიმე ტანკ `აბრამსზე`, რომელიც ამერიკული არმიის ძირითად საბრძოლო ტანკად ითვლება.

ზოგადად, არსებობს ასეთი ტერმინი `ძირითადი საბრძოლო ტანკი` (ძსტ).

ამერიკელებისთვის ეს არის Abrams, ხოლო რუსებისთვის Т-80.

პენტაგონის წყაროები აზუსტებენ, რომ უკრაინა ტანკებს მიიღებს მაშინვე, როდესაც ამერიკაში უკრაინელი ტანკისტების მომზადება დასრულდება: უკრაინას უამრავი საბჭოთა წარმოების Т-80 და Т-72 ტანკი აქვს. ფაქტობრივად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რაც კი საბჭოთა ეპოქიდან ამ ტანკების მარაგი დარჩათ, უკვე ყველაფერი გადასცეს უკრაინას და სანაცვლოდ იღებენ გერმანიისგან თანამედროვე ტექნიკას.

მაგრამ საბჭოთა ტანკები (საშუალო სიმძიმის ტანკები) სისტემურად განსხვავდებიან Abrams-სისგან.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დასავლური წყაროების ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასზე და ხერსონში გადაისროლა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სიტემები, რომლებიც მანამდე მოსკოვსა და პეტერბურგს იცავდნენ. საუბარია საზენიტო სისტემებზე С-400 და С-300.

ანუ ძალიან გაუჭირდა უკვე რუსეთს უკრაინაში სამხედრო თვალსაზრისითაც და რაც ყველაზე საყურადღებოა: პუტინი დარწმუნებულია, რომ ეს სისტემები პეტერბურგსა და მოსკოვში არ დასჭირდება, ესე იგი დასავლეთი ვერ გაბედავს დიდი მანძილის რაკეტების მიწოდებას უკრაინისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველანაირი სამხედრო ლოგიკით, რუსები მალე ხერსონიდანაც გაიქცევიან. იმიტომ, რომ უკრაინა ამერიკული HIMARS-ებით წარმატებით ახერხებს გაანადგუროს ნებისმიერი საკომუნიკაციო ხაზი, რაც დნეპრის მარცხენა ნაპირს აკავშირებს მარჯვენასთან. ყველა ხიდი აფეთქებულია, ყველა ის ადგილი, სადაც რუსებს შეუძლიათ ხელოვნური ხიდები ააგოს, ცეცხლის ხაზზეა.

`ხერსონშჩინა` ერთადერთი ადგილია, სადაც რუსებმა შეძლეს უკრაინის მთავარი მდინარის, დნეპრის მარჯვენა, დასავლურ ნაპირზე გამაგრება. მას შემდეგ რაც კომუნიკაციები განადგურდა, უკრაინის არმიას შეუძლია ეს რეგიონი გაათავისუფლოს და დნეპრზე გამაგრდეს დროებით, სანამ მარიუპოლის დასაბრუნებალდ დაიწყებს ბრძოლას.

პუტინს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მესამე საარმიო კორპუსი, რომელიც სიჩქარეში შექმნა, უკრაინულ შეტევას შეაჩერებდა, თუმცა მესამე საარმიო კორპუსი მოხალისეებით დააკომპლექტეს და ნაკლებბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის პრეზიდენტი ვააგნ ხაჩატრიანი კოსმიურად სამარცხვინოდ მოიქცა დიდი ბრიტანეთის მონარქ ელისაბედ მეორეს გასვენების დიდებულ ცერემონიალზე: ფოტო გადაიღო კუბოს ფონზე, რაც ყველამ შეამჩნია რასაკვირველია და ინგლისელები ძალიან გაბრაზებულნი არიან, რადგან ეს ნამდვილად არის განსვენებული მონარქის შეურაცხყოფა.

საბედნიეროდ, ჩვენს სალომეას, რომელიც ასევე ესწრებოდა ცერემონიალს, ასეთი სამარცხვინო საქციელი არ ჩაუდენია. სხვა თემაა, რომ სამარცხვინო კოსტიუმი ეცვა, თუმცა ეს როგორც სჩანს ამ ქალბატონის იმგვარი პრობლემაა, რომელსაც არასდროს აღარაფერი ეშველება.

განსხვავებით აწ განსვენებული ელისაბედისაგან, ვინც  არა მხოლოდ მონარქი იყო, არამედ სტილის დედოფალიც მთელი მეფობის მანძილზე