საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ოქტომბერი. 2024 წელი
ამერიკაში უდიდესი რეაქცია გამოიწვია დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ 5 ნოემბრის არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგაც ამერიკულმა არმია Should be used to deal with `the enemy from within` ანუ ამერიკის „შიდა მტრებს“ ებრძოლოსო.
ვის, არ დაუკონკრეტებია.
რას ნიშნავს „შიდა მტრებს“???!!!
ორმა ამერიკელმა გენერალმა, მათ შორის The former chairman of the Joint Chiefs of Staff, Gen. Mark Milley-მ და ტრამპის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრმა (მდივანმა) Gen. Jim Mattis (სამხედრო ზედსახელით „ქოფაკი ძაღლი“) ამ განცხადებას „საგანგაშო“ უწოდეს.
გენერალმა მილლიმ ისიც თქვა, რომ დონალდ ტრამპი არის (ციტატა) „ფაშისტი და ყველაზე სახიფათო პერსონა ამერიკის ისტორიაში“ .
ვინც იცნობს ტრამპის სტილს, დაეთანხმება მოსაზრებას, რომ დონალდი ხშირად ამბობს ხოლმე გაუაზრებელ ფრაზებს, როცა სულ სხვას გულისხმობს და სხვა გამოსდის.
ოღონდ ეს ბოლო განცხადება იმდენად კატასტროფულია მართლა, რომ მისი სხვაგვარად ინტერპრეტირება ძალიან ძნელია.
რას მოესწრო ამერიკა და მისი დემოკრატია, რომ „არმიის შიდა მტრების წინააღმდეგ გამოყენებაზეა“ ლაპარაკი?!
. . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანული Bild აქვეყნებს ამერიკული Think Tank Center on New Generation Warfare კვლევას, რომლითაც დგინდება, რომ რუსულ არმიას სულ 10 დღე დასჭირდება, რათა დაიპყროს ლატვია და ლიტვის ლიტვა და ლატვიის ნაწილი.
კვლევა ჩატარებულია მოდელირების მეთოდით და მასში მონაწილეობდა ისეთი გამოცდილი, კომპეტენტური ამერიკელი გენერალი, როგორიცაა ბენ ჰოჯესი, რომელიც წლების განმავლობაში მეთაურობდა ამერიკულ ჯარებს ევროპაში.
კვლევა/მოდელირების ავტორები ამტკიცებენ, რომ ლიტვასა და ლატვიაში შეჭრის დროს რუსებს წინააღმდეგობას გაუწევს გერმანული სახმელეთო კონტინგენტი, რომელიც იქ არის დისლოცირებული NATO-ს ფარგლებში შეთანხმების შესაბამისად.
გერმანულ კონტინგენტთან ერთად იქ დისლოცირებულია ნიდერლანდური კონტინგენტი.
ბუნებრივია, დიდ როლს შეასრულებს პოლონეთში დისლოცირებული ამერიკული ავიაცია და ბალტიის ზღვაში არსებული ალიანსის წევრ სახელმწიფოთა სამხედრო გემები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი (როგორც კვლევა/მოდელირების ავტორები ამტკიცებენ) რუსული სახმელეთო დივიზიების შესაკავებლად.
ზოგადად, სამხედრო საქმის სპეციალისტებმა იციან, რომ რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ავიაცია, კარგად მომზადებული სახმელეთო შეტევის შეკავება მხოლოდ სახმელეთო ჯარებს თუ შეუძლიათ.
ბალტიის ქვეყნებში NATO-ს მცირე კონტინგენტია განლაგებული. ეს არის შედეგი (რაზეც ადრეც ბევრჯერ დაგვიწერია) 1997 წლის დიდი გარიგებისა კლინტონსა და ელცინს შორის (პრიმაკოვ-ოლბრაიტის „NATO-რუსეთის ფუძემდებლური აქტი“), რომლითაც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შეეზღუდა უშუალოდ რუსეთის სამეზობლოში არსებითი (!) სამხედრო ძალების განლაგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ეხება NATO-ს წევრ სახელმწიფოებს ანუ ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს.
ხსენებული დიდი გარიგების შესაბამისად (ციტატა) რუსეთს არ გააჩნია „რეზონი“ (reason) რათა რუსეთის მეზობლად განალაგოს არსებითი სამხედრო ძალები.
ერთი შეხედვით, რაღა შეიძლება იყოს მეტი „რეზონი“, ვიდრე რუსეთის ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში და პუტინის, ასევე მედვედევის როყიო მუქარები მთელი დასავლეთის მიმართ?
მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჯარების ასე „გადადისლოცირება“ და კონცენტრაცია საკმაოდ.....ძვირი სიამოვნებაა.
რუსული არმიის საზღვარზევე შესაჩერებლად იქ აუცილებელია დაახლოებით 100 000 - 150 000 იანი სახმელეთო კონტინგენტის განლაგება.
ამჟამად ამის საშუალება NATO-ს არ გააჩნია.
აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ ბალტიის ქვეყნებს მცირე ხნის, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, მოუწევთ აიტანონ ნაწილობრივი ოკუპაცია, განაგრძონ ბრძოლა, ომი არსებული საშუალებებით, სანამ NATO განახორციელებს საზღვაო-საჰაერო დესანტირებას და კონტრშეტევაზე გადავა.
ამერიკული Think tank-ის ექსპერტები თვლიან, რომ თუ რუსეთი გაბედავს ბალტიის სახელმწიფოებზე შეტევას მიუხედავად ალიანსის გ ა რ დ ა უ ვ ა ლ ი ძალიან ძლიერი საპასუხო რეაქციისა, ამაში საკვანძო როლს შეასრულებს კალინინგრადის ოლქი.
ზოგადად ეს კვლევა რასაკვირველია საყურადღებოა და ასეთი კვლევა/მოდელირებები ხშირად ტარდება სხვადასხვა მიმდინარე თუ პოტენციურ სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით, მაგრამ......თუ დიდ სურათს შევხედავთ, რუსეთისთვის ბალტიის სახელმწიფოთა ოკუპაცია გამოიწვევს სრულიად კატასტროფულ შედეგებს: რომც ჩავთვალოთ თითქოს NATO არ გადავა კონტრშეტევაზე და შეურიგდება სამი ბალტიკური სახელმწიფოს დაპყრობას აგრესიული რუსეთის მიერ (რაც გამორიცხულია - არც ერთ შემთხვევაში არ შეურიგდება და ყველა შემთხვევაში კონტრშეტევაზე გადავა-დ.) ამის შემდეგ, როგორც მინიმუმ, NATO (დანია და შვედეთი) ჩაუკეტავენ რუსეთს იმ სრუტეებს, რითაც ბალტიის ზღვა უკავშირდება მსოფლიო ოკეანეს, ანუ რუსეთს გამოკეტავენ ზღვაში, რაც ეკონომიკურად კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს რუსეთისთვის.
მაშინ რუსეთმა ომი უნდა დაუწყოს ასევე დანიას, შვედეთს, ამერიკას, მთელს ალიანსს და გლობალური ომის ინიციირება მოახდინოს.
თუმცაღა.....პუტინისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. გასაკვირი აღარაფერია ყოველ შემთხვევაში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ფრანგული Le Monde (ერთ ერთი ყველაზე ავტორიტეტული, რესპექტაბელური და ინფორმირებული რესურსი ევროპაში) წერს, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, კამალა ჰარისის გამარჯვების შემდეგ NATO-ს ფარგლებში დააინიციროს უკრაინის ოფიციალურად მიწვევა ალიანსში.
როგორც იცით, „ოფიციალური მიწვევა“ ამა თუ იმ ქვეყნისთვის არის NATO-ს ფორმალიზებული ინსტიტუცია.
ესაა სულ ბოლო ეტაპი ალიანში ქვეყნის გაწევრებისა.
დღემდე იწვევდნენ იმ ქვეყნებს, რომლებმაც გაიარეს MAP ეტაპი, ანუ „მიწვევა“ მეტია, ვიდრე MAP და შეიძლება ითქვას ფორმალური პროცედურაცაა გარკვეულწილად, რაკი რჩება მხოლოდ სრულუფლებიან წევრობაზე კენჭისყრა NATO-ს მორიგ სამიტზე.
Le Monde-ის ინფორმაცია სენსაციაა, რაკი ყველას გვესმის, რომ ამერიკის „ხმა“ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
თუმცა, როგორც რესურსი იქვე აღნიშნავს, ვაშინგტონს აუცილებლად დასჭირდება აგრეთვე ყველა სხვა ქვეყნის, პირველ რიგში გერმანიის დარწმუნება, რომელიც დღემდე წინააღმდეგია უკრაინის მიწვევის: „ვაითუ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში განცდილი მარცხის რევანშად და შურისძიებად ჩაგვითვალოსო“.
ვერა და ვერ დაძლიეს გერმანულმა ელიტებმა ეს რაღაც უცნაური ისტორიული ფობია: რა უნდა ჩათვალოს? ვის აინტერესებს (უკვე!) რუსეთი რას ჩათვლის და რას როგორ ინტერპრეტაციას მისცემს?
ფრანგული გაზეთი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზდება (იმიტომაც ეწოდება Le Mond ანუ მსოფლიო) მკითხველს მიანიშნებს, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, შეძლებენ დაარწმუნონ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
მთავარი პრობლემა სხვაა: ბაიდენი გეგმავს ამ გადაწყვეტილების მიღებას იმ პერიოდში, როცა ჰარისი არჩეული პრეზიდენტი გახდება (President-elect) მაგრამ „ხელმოწერის“ უფლება ჯერ კიდევ ბაიდენს ექნება, როგორც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მოქმედ სახელმწიფოს პრეზიდენტს.
ამით ბაიდენი ცდილობს მიიღოს რადიკალური, ისტორიულად გამართლებული გადაწყვეტილება, ოღონდ ამერიკაში მიღებული პოლიტიკური ტრადიციითა და კულტურით, თავის თავზე აიღოს (როგორც წარმავალმა პრეზიდენტმა) მთელი პასუხისმგებლობა გარდაუვალ რისკებზე.
მაგრამ......თუ ტრამპმა გაიმარჯვა?
Le Monde წერს, რომ ამ შემთხვევაში ეს გეგმა ვერ იმუშავებს.
დონალდ ტრამპს და მის „ვიცეს“ ბევრჯერ აქვთ ნათქვამი, რომ უკრაინის ალიანსში მიღების წინააღმდეგნი არიან.
რას გამოიწვევს უკრაინის ალიანსში „მიწვევა?“ შესაძლოა კიევი დაუყოვნებლივ ვერ მიიღონ მაინც ალიანსში ანუ გაიწელოს გარკვეულწილად ეს პროცესი (თუმცა უსასრულოდ ვერ გაწელავენ, რისი შესაძლებლობაც ექნებოდათ MAP-ის შემთხვევაში), მაგრამ როგორც მინიმუმ „მიწვევა“ იმის წინაპირობა გახდება, რომ განხორციელდება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის ძირითადი პოსტულატი, რომელიც ასე ჟღერს:
„ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა უნდა მიაწოდოს უკრაინას სარაკეტო შეიარაღება, რათა უკრაინას ჰქონდეს საშუალება საპასუხო დარტყმები განახორციელოს რუსეთის ქალაქებზე (!) ხოლო რუსებმა შეიძულონ ამის გამო პუტინი“ (ციტატის დასასრული).
ბევრი რამ მსოფლიოში ნამდვილად ამერიკის 5 ნოემბრის არჩევნებზეა ახლა დამოკიდებული.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ რაც ისრაელის არმიამ ღაზაში გაანადგურა „ჰამასის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეთაური სანვარი, ირანმა დაარტყა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციას კესარიაში, ქალაქ ჰაიფას მახლობლად.
სამი დრონი ესროლეს.
ორი ისრაელის „რკინის გუმბათმა“ ჩამოაგდო.
მესამე რეზიდენციიდან ახლოს აფეთქდა, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ისრაელის მხარე ადასტურებს, რომ ეს იყო სწორედ ირანის თავდასხმა. და არა „ჰესბოლლა“-სი.
თავისთავად საყურადღებო ფაქტია.
შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ირანმა რაღაც ახალი მოდიფიკაციის დრონი გამოიყენა სპეციალურად ნეთანიაჰუს მოსაკლავად.
რეზიდენციაში არც ნეთანიაჰუ იმყოფებოდა იმ მომენტში და არც მისი ოჯახი.