საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ნოემბერი. 2024 წელი

აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია გადადგა!

მეოთხედ ხდება უკვე აფხაზეთის ისტორიაში, რომ ხელისუფლებას „აგდებენ“.

ამ მხრივ ოპოზიციამ თავისი გაიტანა.

თუმცა თვით ბჟანიაც მიხვდა, რომ არარეალურია დისპოზიცია, როცა თავად  გამაგრებულია მშობლიურ სოფელ ტამიშში (სადაც რა თქმა უნდა ვერავინ გაბედავდა იარაღით მიახლოებას და მის დაპატიმრებას აფხაზური ადათის და სისხლისღვრის შიშით-დ.), მაგრამ იმ სოფლიდან აფხაზეთის „მართვა“ და „პრეზიდენტობა“ ან თუნდაც პრეზიდენტობის გათამაშება არანაირად არ გამოვიდოდა.

ამიტომ დათანხმდა გადადგომას;

 ოღონდ მისი სერიოზული წარმატება და ოპოზიციის მხრიდან კომპრომისია, რომ მართალია „პრეზიდენტთან“ ერთად გადადგა აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრი“ ალექსანდრე ანქვაბი, მაგრამ მინისტრები, მათ შორის „ძალოვანი მინისტრები“ ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და სპეცსამსახურის (Служба государственной безопасности) შეფი ინარჩუნებენ პოსტებს.

ბჟანია  არ გამორიცხავს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამ დროს მისი ყოფილი „ძალოვნები“ რა თქმა უნდა მის მხარეს იქნებიან, რათა კვლავ შეინარჩუნონ თანამდებობები.

 

პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა. (სინამდვილეში ბადრი დაარქვეს მშობლებმა, მაგრამ ამას როგორ იკადრებენ -  თუნდაც სახელი ჰგავდეს ქართულს-დ) საინტერესოა, რომ პრემიერ-მინისტრი გახდება ვალერი ბღანბა, რომელსაც პოსტი 2018-2020 წლებში ეკავა ანუ რაულ ჰაჯიმბას პრეზიდენტობისას.

ამით უკვე ოპოზიცია ცდილობს „გააწონასწოროს“ ძალოვნების გავლენა.

 

შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა დღესვე უნდა დატოვონ ყველა ის ადმინისტრაციული შენობა, რაც დაიკავეს 15 ნოემბრის ამბოხისას.

ანუ „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია და სხვა სამთავრობო შენობები. მათ შორის პარლამენტი.

თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ „პრეზიდენტი ბჟანია“ გამოვა შეთანხმებიდან.

დოკუმენტს ხელი მოაწერა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, სოხუმში. მას ხელი მოაწერეს, აფხაზური წყაროების ცნობით Вице-президент Гунба, спикер парламента Лаша Ашуба, председатель Государственного таможенного комитета (!-ეს რა შუაშია საერთოდ, თუმცა როგორც ჩანს გავლენიანი და ფულიანი ფიგურაა-დ) Отар Хеция, глава общественной организации «Абхазское народное движение» Адгур Ардзинба (ოპოზიციის ლიდერი და ალბათ მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი), ასევე депутат парламента Кан Кварчия და председатель комитета по защите суверенитета Абхазии Леван Микаа.

მარტო სახელწოდება რად ღირს - комитет по защите суверенитета Абхазии.

ეს „კომიტეტი“ ჯერ კიდევ მაშინ შეიქმნა, როდესაც „პიცუნდას აგარაკის“ პუტინისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ და მიაღწიეს კიდეც თავისას - ისეთი შესწორებები შეიტანეს შეთანხმებაში მოსკოვთან მისი რატიფიცირების დროს და ისეთი „თანამდევი“ კანონები, მათ შორის „კონსტიტუციური კანონი“ მიიღეს, რომ რუსეთის „საგარეომ“ ოფიციალური საპროტესტო ნოტა გაუგზავნა - ამით ხელშეკრულება დაირღვაო.

 პუტინმა კი, რეალურად, On the ground მიიღო არა „პიცუნდას აგარაკი“ არამედ ბუს კვერცხები.

 

ახლა იოლი საპროგნოზოა როგორ განვითარდება მოვლენები: მოსკოვი იძულებული გახდება დაელოდოს აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და არ გაამწვავოს სიტუაცია, არ შემოიღოს დამატებითი სანქციები, არ მოითხოვოს „აპარტამენტების“ შესახებ კანონის დაუყოვნებლივ მიღება ან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირება, რაკი აფხაზები ეტყვიან:

„აი არჩევნები ჩატარდება და....მერე......ჯერ ჩატარდეს არჩევნები....“

თუ ოპოზიციის კანდიდატი (მაღალი ალაბათობით ადგურ არძინბა) მოიგებს, მოსკოვს ეტყვიან:

„ახლა მოვიდა ეს კაცი და.......გვაცალეთ გავერკვეთ სიტუაციაში და....კიდევ გავმართოთ კონსულტაციები და......“

ხოლო თუ ისევ ბჟანია გახდა პრეზიდენტი (ეს გამორიცხული სულაც არ არის - საკმაოდ პოპულარულია აღმოსავლეთ ანუ აბჟუა აფხაზეთში-დ) მაშინ სოხუმი მოსკოვს ეტყვის: „გვაცალეთ გონს მოვიდეთ მას შემდეგ რაც მოხდა და......“

ბჟანია ისევ გააგრძელებს იმ საჭადრაკო პარტიას, რასაც მოსკოვს ეთამაშებოდა წლების მანძილზე, რის შედეგადაც მოსკოვმა მიიღო ბუს კვერცხები და არა Пицундская дача……ბუს კვერცხები და არა ახალი ათონის მონასტერი....არა ენგურჰესი.....არა დიდი სანატორიუმების პრივატიზება.....არა ბინების ყიდვა-გაყიდვა....არა საკალმახე მეურნეობები....და ა.შ.

მაშასადამე, Show must go on.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსეთის საგარეოს „პირმა“, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ვაშინგტონის, ლონდონის და პარიზის მხრიდან უკრაინული არმიისთვის „მწვანეს ანთებაზე“ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოსაყენებლად, ეს.....„მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას“

 ანუ, იგულისხმება: „ამ ომს რუსეთსა და დასავლეთს შორის ომად გამოვაცხადებთო“

და დღეს არ აქვთ გამოცხადებული?

მანამდე პუტინმა თქვა, რომ უკრაინის არმია ვერ შეძლებს ამერიკული ATACMS რეკეტის, ასევე ფრანგული SCALP და ბრიტანული Storm shadow რაკეტის გამოყენებას რუსეთის სიღრმეში, ამერიკული კოსმოსური თანამგზავრების მონაცემთა გამოყენების და სროლისას ამერიკელი სპეციალისტების ჩართულობის გარეშე.

კი, ნაწილობრივ ასეა.

მერედა რა ამით?

მოსკოვი რას იზამს? ვაშინგტონს პარიზს და ლონდონს დაბომბავს?

 

რუსეთის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე ნებართვის შესახებ პირველმა დაწერა The New York Times-მა.

ხოლო ფრანგული და ბრიტანული რაკეტებისა - პარიზულმა Le Figaro-მ.

ოღონდ.....ფრანგულმა გამოცემამ შემდეგ წაშალა საიტიდან ეს ინფორმაცია „ნებართვის“ შესახებ, თუმცა.....ოფიციალურმა პარიზმა და ოფიციალურმა ლონდონმა არ უარყვეს!

ზელენსკიმ თქვა: „არ არის საჭირო პრესის დადასტურება, რაკეტები თავის სიტყვას თავად იტყვიანო“.

დიახ, კიევი აუცილებლად შეეცდება კარგა მაგრად სთხლიშოს „ცხვირში“ პუტინს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ტრამპი „დადგება“ თეთრ სახლში, რათა თეთრმა სახლმა და კრემლმა მერეც ვერ შეძლონ მოლაპარაკება.

ტრამპს შესაძლოა ჰქონდეს ბაიდენისგან განსხვავებული პოზიცია უკრაინის თემაზე, მაგრამ ის ამერიკული რაკეტები ხომ ამერიკულად დარჩება?

უკრაინის დაბომბვების შედეგად დახოცილი რუსი აგრესორები (მათ შორის კურსკის ოლქში) ხომ ვერ გაცოცხლდებიან?

ანუ პუტინს და ტრამპს გაუჭირდებათ კომპრომისი უკრაინის ხარჯზე (!!!) მას შემდეგ რაც უკრაინა ATACMS გამოიყენებს რუსეთის სიღრმეში და ეს ძააააააალიანაც კარგია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი აგრძელებს საკომუნიკაციო კაბელების დაზიანებას დივერსიული წყალქვეშა ჯგუფებით ბალტიის ზღვაში.

შვედეთი, ფინეთი და გერმანია ამას იძიებენ დიდი ხანია.

რით რა ვერ გამოიძიეს გაუგებარია.

სრულებით აშკარაა, რომ საკომუნიკაციო კაბელების დაზიანება მოსკოვის ტაქტიკა კი არა სტრატეგიაა. სპეციალური „მალიუტკა“ წყალქვეშა ნავიც დაამზადებინა პუტინმა.

ბუნებრივია ეს „გაუთავებელი გამოძიება“ პოლიტიკური სიფრთხილიდან გამომდინარეობს ისევ და ისევ, რაკი თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ დივერსია იყო, თან რუსული დივერსია, მაშინ ბალტიის ქვეყნებმა უნდა დაბლოკონ რუსული გემების მოძრაობა/გასვლა ბალტიის ზღვიდან - ლა მანშის სრუტეში და მსოფლიო ოკეანეში.

ამაზე გუშინ ვწერდით.

მაგრამ დიდი საფრთხეა, რომ ასეთ შემთხვევაში პუტინი უბრძანებს ბალტიის ფლოტს, მიედევნონ რუსულ ტანკერებს და მშრალმზიდებს, ესე იგი დაცვით გააცილონ ისინი,  რათა ვერ შეაჩერონ დანიის სრუტეში.

ვაშინგტონმა წინასწარ შეატყობინა სამხრეთ კორეას (!), რომ ამერიკამ ნება დართო უკრაინის არმიას, გამოიყენოს შორსმწვდომი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად.

თავისთავად ძალიან საინტერესო ფაქტია: რატომ „სამხრეთ კორეას?“

იმიტომ, რომ მთავარი სამიზნე რასაკვირველია კურსკის ოლქში დისლოცირებული ჩრდილო კორეული კონტინგენტია.

ამიტომაც მიიღო უკრაინამ ეს ნებართვა დასავლეთისგან მაგრამ.....თითქოსდა მერე რა, თუ ჩრდილო კორეელები არიან სამიზნეები - სამხრეთ კორეას რატომ ატყობინებს ამერიკა?

 იმიტომ, რომ „ერთ სისხლ“ არიან ჩრდილო კორეელები და სამხრეთ კორეელები.

ერთი ერია.

სამხრეთ კორეელებს ჩრდილო კორეელები „მათიანებად“ მიაჩნიათ იმის მიუხედავად, რომ კომუნისტებს აქვთ ოკუპირებული ჩრდილო კორეა.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამერიკამ კორეას უთხრა (უტრირებულად თუ გამოვხატავთ) „კორეული სისხლი უნდა დავღვაროთ, რაკი რუსეთს ეხმარებიან უკრაინის განადგურებაში...არ გვიხარია კორეული სისხლის დაღვრა, ბოდიში, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვსო“

ევროკავშირის „საგარეომ“, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინამ თანხმობა მიიღო ამერიკული და ევროპული რაკეტების გამოყენებაზე „მხოლოდ 300 კილომეტრზეო“.

დიპლომატიურად ეშმაკური განცხადებაა: ამ რაკეტების მაქსიმალური სიშორე სწორედ 300 კილომეტრია.

ანუ „მხოლოდ“ დიპლომატიური რიტორიკული ფიგურაა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ბაიდენმა უარი განაცხადეს რიო დე ჟანეიროს G20 სამიტის დასკვნით ფოტოსესიაში მონაწილეობაზე.

იმიტომ, რომ იქვე ლავროვი უნდა მდგარიყო.

პუტინმა ვერ გაბედა ბრაზილიაში ჩასვლა, რაკი ჰააგას ორდერით დააპატიმრებდნენ

ბრაზილია ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია.

ოღონდ მონღოლეთიც იყო „ჰააგას“ წევრი თუმცა ულან ბატორს  მოელაპარაკა და ჩავიდა.

აი ბრაზილია კი არ აღმოჩნდა „მონღოლეთი“;

წინასწარ გააფრთხილეს: თუ პუტინი ჩამოვა იძულებული გავხდებით დავაპატიმროთ მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია BRICS-ის წევრია.