საერთაშორისო მიმოხილვა. 18 მარტი. 2024 წელი
პუტინი ხმების თითქმის 90% იღებს არჩევნებზე. გასაკვირი არ არის რასაკვირველია.
გასაკვირი ისაა, რომ ნიკოლაი ხარიტონოვმა (რუსული კომპარტია) და ლეონიდ სლუცკიმ (განსვენებული ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) მილიონობით ხმა მიიღეს.
უამრავმა რუსმა კი ბიულეტენები უბრალოდ გააფუჭა: საღებავები გადაასხეს ან ყველანი გადახაზეს.
ამ ტიპის რეჟიმებში ხმების რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა: საკმარისია ვითარება „ატრიალდეს“ და იგივე 90% პუტინის კრემლის ქონგურზე ჩამოხრჩობას მისცემს ხმას.
კლასიკური მაგალითია ის, რაც 2003-2004 წლებში მოხდა აჭარაში ასლან აბაშიძესთან დაკავშირებით. 99% - იანი მხარდაჭერა ჰქონდა თითქოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსულ ე.წ. „არჩევნებს“ ერთი უცნაურობა ახასიათებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ აფხაზეთსა და ცხინვალში: „სამხრეთ ოსეთში“ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 17 000 რუსეთის მოქალაქემ. ანუ ფაქტობრივად ხმის უფლების მქონე მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ - ყველა ოსი ხომ რუსეთის მოქალაქეა?
აი აფხაზეთში კი საქმე სხვაგვარადაა: აფხაზები, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან ტოტალურად, რუსეთის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ - „ჩვენ ხომ რუსეთის ფედერაციის ნაწილი არ ვართ და რუსეთის პრეზიდენტი რატომ უნდა ავირჩიოთო“.
არადა რას ჰქვია „რატომ უნდა აირჩიონ“ - რუსეთის მოქალაქეები არიან!
უფრო მეტიც: აფხაზეთის ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის ნებას რთავს მხოლოდ იმ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც აფხაზეთში არ არიან ჩაწერილნი, ანუ დროებით იმყოფებიან აფხაზეთში.
გამოდის, არც სომხებს, არც ბერძნებს, ვისაც აქვთ რუსული პასპორტი, მაგრამ აფხაზეთში არიან „ჩაწერილნი“, არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, რაკი სეპარატისტთა ელიტებს არ სურთ იმის დაფიქსირება, რომ აფხაზეთის მოსახლეობა ტოტალურად იღებს მონაწილეობას არჩევნებში და (გამოდის) აფხაზეთის პრეზიდენტი სწორედაც პუტინია!
სეპარატისტულ ელიტას ხელს აძლევს ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში ტარდება იმავე რეჟიმში, როგორც ტარდება, მაგალითად ყაზახეთში ან ყირგიზეთში ან სომხეთში....იქაც ხომ გაიხსნა საარჩევნო უბნები რუსეთის მოქალაქეებისთვის?
ოღონდ სხვაობა ისაა, რომ ყირგიზების, სომხების და ყაზახების 99% არ არიან რუსეთის მოქალაქეები. აფხაზებმა კი ტოტალურად მიიღეს რუსეთის მოქალაქეობა 2000 წლიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უკრაინამ დაბომბა სამხედრო აეროდრომი ტირასპოლში: ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში“, რომელიც მოსკოვმა სისხლიანად მოჰგლიჯა მოლდოვას 1992 წელს.
მივაქციოთ ყურადღება, რომ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკას“ საერთო საზღვარი რუსეთთან არ ჰქონია. მოსკოვი მას ამარაგებდა უკრაინის გავლით, სანამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას წამოიწყებდა.
დნესტრისპირეთში განლაგებულია რუსეთის უძლიერესი არმია, რომლის მეთაური 1992 წელს (ანუ მოლდოვას წინააღდმნეგ რუსეთის Proxy ომის დროს) იყო გენერალი ალექსანდრე ლებედი.
მოგვიანებით და დღემდე მოსკოვი ახერხებს დნესტრისპირეთის მომარაგებას არა იარაღით (იარაღი იქ უამრავია) არამედ ყველაფრით რაც სეპარატისტებს სჭირდებათ......მოლდოვას მეშვეობით, მოლდოვას გავლით, რომელსაც მუდმივად ემუქრება ომით.
დნესტრისპირეთში დისლოცირებული არმია მოსკოვმა გამოიყენა 2014 წელს ოდესაში სისხლიანი შეტაკებების პროვოცირებისთვის.
არსებობს ალბათობა, რომ თუ რუსული არმია დონბასიდან და ყირიმიდან მიუახლოვდება ოდესას, დასავლეთიდან ოდესას შემოუტევს იგივე რუსული „დნესტრისპირეთის არმია“
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა კიმმა თავდაცვის მინისტრ შოიგუს უპატაკა, რომ რუსულმა არმიამ 300 უკრაინელი ჯარისკაცი გაანადგურა თითქოს „ვაკუუმური ბომბის“ გამოყენებით.
რამდენად შეძლეს რუსებმა ამ ბომბის წარმატებით გამოყენება და ამდენი უკრაინელი ჯარისკაცის მოკვლა, საკითხავია, თუმცა ამერიკის დაზვერვა ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ნამდვილად გამოიყენა უკრაინაში „ვაკუუმის ბომბი“.
ეს არის საზარელი იარაღი, რომელიც ატომური ბომბის შემდეგ ყველაზე გამანადგურებლად ითვლება, რაკი აფეთქების ადგილას ქმნის ჟანგბადის ვაკუუმს, რის შედეგადაც ყველაფერი ცოცხალი ნადგურდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა რამდენიმე დღის წინ გააუქმა ვიზიტი ოდესაში მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ აცნობა, რომ მისი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ შავიზღვისპირა ქალაქში რუსებმა გაიგეს და ოდესას დაბომბვას გეგმავდნენ ზუსტად იმ დროს, როცა იქ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჩავიდოდა.
მანამდე რუსეთმა ოდესა დაბომბა ზუსტად იმ დროს, როცა ამ ქალაქში ვიზიტით ჩავიდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიოკისი! მას თან ახლდა უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერი.
რუსული რაკეტები აფეთქდა 400 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი თანახმა იყო ნავალნი გაეცვალა რუს აგენტ კრასიკოვში, რომელმაც ბერლინში ჩეჩენი აქტივისტი (საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილი) მოკლა. „ოღონდ ერთი პირობა მქონდა, რომ ნავალნი წასულიყო რუსეთიდან და არც აღარასოდეს დაბრუნებულიყოო“.
ეს ბოლო რემარკა განსაკუთრებით ნიშანდობლივია: ალექსეი ნავალნი ხომ ნებაყოფლობით დაბრუნდა რუსეთში და ჩაჯდა ციხეში
აღსანიშნავია, რომ პუტინმა პირველად ახსენა გვარი „ნავალნი“. მანამდე არც ერთხელ არ უხსენებია, რაც ასევე ძალიან დამახასიათებელია მისთვის და მისნაირი დიქტატორებისთვის.
რუსმა ავტოკრატმა კიდევ რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეტა ბრიფინგზე არჩევნების შემდეგ. მისი თქმით, რუსული არმია უკრაინაში „სანიტარულ კორდონს“ შექმნის ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო, რაც ფაქტობრივად ეთნოწმენდის დაანონსებას ნიშნავს.
გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ ფრანგი და ინგლისელი სამხედროები უკვე იმყოფებიან უკრაინაში: „ჩვენ ვისმენთ იქ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე საუბრებს“ - აღნიშნა კრემლის ბინადარმა
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთსა და ტაივანს შორის მორიგი სახიფათო ინციდენტი მოხდა: ტაივანის სანაპირო დაცვამ გააფრთხილა ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ტაივანის ტერიტორიული წყლები კინმენის კუნძულებთან.
საქმე კინაღამ სროლამდე მივიდა.
ეს ინციდენტი ძალიან ნიშანდობლივია და აი რატომ: კინმენის კუნძულები ჩინეთის სანაპიროსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ტაივანის სანაპიროსთან. თუ ჩინეთი გადაწყვეტს ტაივანთან კონფლიქტის პროვოცირებას ვაშინგტონის უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, მან შესაძლოა სცადოს დარტყმა სწორედ ამ კუნძულებზე და არა ტაივანის ძირითად ტერიტორიაზე ანუ ამ ახლომდებარე კუნძულებზე გადასხას დესანტი, რათა მოახდინოს ტაივანის საპასუხო რეაქციის პროვოცირება და მიიღოს Casus belli ესე იგი ომის საბაბი.
ჩინეთი ხომ, არათუ ამ კუნძულებს, არამედ მთელს ტაივანს თვლის თავის განუყოფელ ნაწილად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ პუტინმა, ბოლო შეხვედრის დროს, ჩრდილო კორეის დიქტატორ კიმს აჩუქა რუსული ავტომობილი Aurus, რომელიც სულ რამდენიმე ათეული ცალია გამოშვებული და დასავლური დეტალებისგან შედგება.
აჩუქა „მადლიერების ნიშნად“ იმის გამო, რომ კიმმა რუსეთს თავისი კოლოსალური მარაგებიდან დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვები მიაწოდა.
Aurus -ით თვით პუტინი დადის.
ამ ავტომობილის მასობრივად გამოშვების შნო და უნარი რუსეთს არა აქვს. ამიტომ „ცალობით უშვებს“ და „საჭირო ხალხსაც“ ჩუქნის.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეასა და რუსეთს შორის ფინანსური ანგარიშსწორება ხდება....... სამხრეთ ოსეთის ბანკის (!!!) მეშვეობით, რაზეც, როგორც ადრე ვწერდით, დასავლური ბიუროკრატია „მხრებს იჩეჩს“: „აბა ეგ რუსული ბანკი არ არისო და.......“
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნიუ იორკის მერმა სთხოვა ნიუ იორკის შტატის გუბერნატორს, ქალაქის მეტროს სადგურებში შეეყვანა ამერიკის ეროვნული გვარდიის Nation guard შენაერთები მას შემდეგ, რაც ნიუ იორკის მეტროში ატყდა სროლა აფროამერიკელსა და ლათინო-ამერიკელს შორის.
ჯერ იჩხუბეს, მერე სროლაც იყო.
ამერიკის გვარდია გუბერნატორს ემორჩილება. მერს მასზე წვდომა არა აქვს, თუმცა ნიუ იორკის მერი საკმარისად ავტორიტეტულია, რომ იმიჯური დანაკარგის მიუხედავად, გუბერნატორი დაერწმუნებინა ამ უპრეცედენტო ნაბიჯის აუცილებლობაში.
ამიერიდან, ნიუ იორკის მეტროს სადგურები სავსეა M4 ავტომატური შაშხანებით შეიარაღებული ჯარისკაცებით.
პოლიცია არანაკლებ შეიარაღებულია, თუმცა, როგორც ჩანს მერმა ჩათვალა, რომ ქალაქის პოლიცია ყველა რისკის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ არის.