საერთაშორისო მიმოხილვა. 18 იანვარი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 იანვარი 2022 წელი

აფხაზეთის `პარლამენტის` არჩევნები 12 მარტს დაინიშნა.

დღევანდელი დაპირისპირების გათვალისწინებით ოპოზიციასა და ხელისუფოლებას შორის, ასევე ოპოზიციონერ აქტივისტთა დაპატიმრების და ციხეში ათეულობით ადამიანის ჩაყრის ფონზე, ის არჩევნები, მაღალი ალბათობით ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. არ არის გამორიცხული საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდეს რუსეთის ჯართა მიერ სრულად კონტროლირებად აფხაზეთში.

სიტუაციას მნიშვნელოვნად ამწვავებს ის, რომ მარტის დასაწყისი ის დროა, როცა ენერგეტიკული კრიზისი ჯერ ვერ იქნება ამოწურული, რადგან ენგურჰესის კაშხალი ბოლომდე ვერ არის შევსებული. აფხაზები კი ისე მიეჩვივნენ უფასო ელექტროენერგიას (საქართველოს ხარჯზე), რომ როგორც ბევრჯერ ითქვა, ძალიან ბრაზდებიან როცა ელექტროენერგია გრაფიკით ითიშება (როგორც ახლა) მაშინ როდესაც წინა წლებში საქართველოს ხარჯზე საქონლის ფარეხებს ათბობდნენ `უფასო დენით`.

რუსეთიც აღარ აწვდის იმ ოდენობის ელექტროენერგიას როგორც წინა წლებში. საქართველოს ხელისუფლება კი, საბედნიეროდ, აღარ იხდის რუსული ელექტროენერგიის საფასურს რაც აფხაზეთს მიეწოდება ბოლო 30 წლის მანძილზე

თუ რევოლუცია მაინც მოხდა აფხაზეთში (უკვე მერამდენე) მას `ელექტრო-რევოლუცია` დაერქმევა ალბათ. ოპოზიცია კტეგორიულად მოითხოვს ყველა იმ დაპატიმრებული ოპოზიციონერის გათავისუფლებას, ვინც ხელისუფლებამ ანტისამთავრობო გამოსვლებისას დააპატიმრა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხვალ, ოთხშაბათს, უკრაინის სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ.

პოროშენკო ორშაბათს დაბრუნდა დილით კიევში. დაუყოვნებლივ წაიყვანეს სასამართლოში, მაგრამ ხანგრძლივი მსჯელობის მიუხედავად, სასამართლომ ვერ შეძლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევა. მოსამართლეს აშკარად ეშინია და `ცუდად გახდა`

პროკურატურა დაპატიმრებას მოითხოვს. თუმცა ყველას ესმის, რომ უკრაინის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება უკრაინაში სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს შექმნის. მით უმეტეს რუსული აგრესიის პირობებში.

ამდენად, სასამართლო უფრთხის გადაწყვეტილების მიღებას და არ არის გამორიცხული შინაპატიმრობა მიუსაჯოს პოროშენკოს. გადაწყვეტილება ალბათ დღეს საღამომდე გამოცხადდება

პროკურატურა პოროშენკოს ბრალად სდებს, რომ როცა პრეზიდენტი იყო, გაურიგდა პუტინის ნათელმირონს, უკრაინელ პრორუს პოლიტიკოსს მედვედჩუკს და ოკუპირებული დონბასისგან იყიდა ქვანახშირი უკრაინის ენერგეტიკული პრობლემების გადასაწყვეტად. უკრაინული კანონდებლობით ეს ჩაითვალა ტერორისტების დაფინანსებად, რადგან დონბასის ხელისუფლება სამართლიანად მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად.

პოროშენკოს თავის მართლება, რომ მას არ შეეძლო ცივ ზამთარში მოსახლეობის გაყინვას შერიგებოდა, არავის სჯერა და ეს ისტორია კიდევ ერთი მაგალითია, რატომ არ უნდა იყონ ქვეყნის სათავეში ოლიგარქები: ვერავინ დაიჯერებს და არავინ დაიჯერებს, რომ ბიზნესმენ-მილიარდერ პოროშენკოს პირადი გამორჩენა არ ამოძრავებდა ამ ტრანზაქციის დროს, როცა სეპარატისტებისგან ქვანახშირს ყიდულობდა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თებერვალში უკრაინის საზღვრებთან რუსულ-ბელორუსული სამხედრო მანევრები შედგება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ უკრაინაზე აქცენტით ბელორუსის არმია პირველად მიიღებს მონაწილეობას რუსულ არმიასთან ერთად.

მანამდე ერთობლივი სწავლებების აქცენტი უფრო პოლონეთი და ბალტია იყო. ბელორუსის დიქტატორი ლუკაშენკო ერიდებოდა უკრაინის განაწყენებას. მაგრამ ახლა აღარ ერიდება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი დამოკიდებულება პუტინზე კი არ შემცირდა ბელორუსში რევოლუციის  წარუმატებელი მცდელობის შედეგად, არამედ გაიზარდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კანადამ მიიღო ნიშანდობლივი გადაწყვეტილება - გააგზავნა უკრაინაში 200 სამხედრო ელიტური ქვედანაყოფიდან. მათი დანიშნულებაა ოფიციალურად `კანადელი დიპლომატების ევაკუაცია რუსეთის აგრესიის შემთხვევაში`. თუმცა რეალურად ეს რასაკვირველია სამხედრო-პოლიტიკური დემარშია. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანიც. კანადაში ასი წელია ცხოვრობს ძალიან დიდი და გავლენიანი უკრაინული დიასპორა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი, მას შემდეგ რაც რუსეთმა გადაარჩინა დამხობას და სარზე გაცმას, ახლა ყველანაირად ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ `ნაზარბაევის ერა` ყაზახეთში დამთავრდა და ის ნაზარბაევის კლანის მარიონეტი სულაც აღარ არის.

ანუ მისი ახლანდელი ტაქტიკა  ყველაფრისთვის ნაზარბაევზე ხელის შეწმენდაა. მათ შორის ბოლო სისხლიან მოვლენებზე, რომელთა შედეგად, ოფიციალური მონაცემებით 230 ადამიანი დაიღუპა და 6 000 დაპატიმრებულია.

ტოკაევის ამ მცდელობის დადასტურება ხდება ნაზარბაევის ახლო თუ შორეულ ნათესავთა `გაშვება` საკვანძო თანამდებობებიდან. მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, სადაც ისინი ბოლო დრომდე ყველაფერს აკონტროლებდნენ.

თვით ნაზარბაევის სად არის, კაცმა არ იცის. შესაძლოა რუსეთის და ჩინეთის სპეცსამსახურთა გარდა.

რუსმა კლოუნ-პოლიტიკოსმა ჟირინოვსკიმ უკვე განაცხადა:  `ეგ დიდი ხნის წინ მოკვდა და დაასაფლავეს, უბრალოდ ყაზახები მთელს მსოფლიოს უმალავენო`.

ნაზარბაევის ერთ-ერთი ქალიშვილი დუბაიში` დაფიქსირდა`, როცა შემთხვევით ჩართო ლოკაციის ოფცია ინსტაგრამზე. დუბაიში ნაზარბაევის კლანს უდიდესი უძრავი ქონება აქვს - მრავალი მილიონის  ღირებულებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

17 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჟოზე ბორელმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. სწორედ 17 იანვარს შესრულდა ზუსტად 1 წელი მისი დაპატიმრებიდან.

მოსკოვი არათუ განაგრძობს ამ მოწოდებების იგნორს, არამედ ნავალნის წინააღმდეგ ახალ-ახალ სისხლის სამართლის საქმეებს ამზადებს. მათ შორის ვითომ ფინანსური მაქინაციების და მოსამართლის შეურაცხყოფის გამო. ანუ აპირებენ დაუმატონ კიდევ 15 წელი ციხე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სერბი ჩოგბურთელი ჯოკოვიჩი ჰირიდული და საინფორმაციო ომის იარაღად აქციეს რუსეთმა და სერბეთმა.

აქვე უნდა ითქვას, რომ სერბეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა,` ტროას ცხენია ევროპაში` და სულ NATO-ევროკავშირშიც რომ შევიდეს, მაინც ასეთად დარჩება. არ მოიშლის პროვოკაციებს, რაკი სერბულ საზოგადოებას, 1999 წლის მარცხის და კოსოვოს დაკარგვის შემდეგ, სძულს დასავლეთი.

ავსტრალიის სასამართლომ, კანონის შესაბამისად, ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გააძევა და ის ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ავსტრალიის ღია საჩოგბურთო ჩემპიონატში, რაც `დიდი სლემის` ოთხეულის პირველი ტურნირია (ავსტრალიის ჩემპიონატი, საფრანგეთის `როლან-გაროსი`, ლონდონის `უიმბლდონი` და აშშ ღია ჩემპიონატი).

ჯოკოვიჩს  ოთხივეგან გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ვაქცინირებაზე უარი თქვა, შემდეგ სცადა ავსტრალიის ხელისუფლების მოტყუება, ამის გამო ავსტრალიიდან გააძევეს და ახლა `როლანდ გაროსშიც` ვერ მიიღებს მონაწილეობას. ისევე როგორც მადრიდის ღია ჩემპიონატში, იმავე `უიმბლდონში`, აშშ ჩემპიონატში და ასე შემდეგ

ჯოკოვიჩი აბსოლუტურად გულწრფელი და უბოროტო ანტივაქსერია და მას უბრალოდ ეშინია აცრის. მაგრამ მისი გულწრფელობა გახდა დიდი საინფორმაციო ომის ნაწილი, რაც რუსულმა და სერბულმა პროპაგანდამ გააჩაღა დასავლეთის წინააღმდეგ ჯოკოვიჩის უდიდესი ავტორიტეტისა და პოპულარობის გამოყენებით: სლავებს გვჩაგრავენ და სლავები არ ვუყვარვართ დასავლეთში- ჩვენს დისკრიმინირებას და სტიგმატიზირებას ცდილობენო.

ეს ისტორია უკვე რამდენიმე კვირაა დასავლურ საინფორმაციო მეინსტრიმად რჩება.

ასე მუშაობს საინფორმაციო ომის ტექნოლოგია: ყველა სმარტფონზე ტოპ-ნიუსშია ჯოკოვიჩი.....ჯოკოვიჩი.....ჯოკოვიჩი.....

გაუგებარია,  როგორ უნდა მოქცეულიყო ავსტრალიის სასამართლო: ეთქვა, კანონის წინაშე ჯოკოვიჩი გამონაკლისია და ყველა სხვა აუცილებლად უნდა აიცრასო?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის უდიდესმა ავიაკომპანიებმა წერილით მიმართეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ აკრძალოს აეროპორტებთან 5G ჩინური ტექნოლოგიის ინფრასტრუქტურის განლაგება. მათი თქმით, ეს ტექნოლოგია იმდენად ძლიერია, რომ Wireless 5G ხელს შეუშლის აეროპორტების ფუნქციონირებას და რისკებს  შეუქმნის თვითმფრინავთა მართვის სისტემებს ესე იგი უსაფრთხოებას.

ზოგადად, 5G ტექნოლოგია, რომელშიც ჩინეთი პიონერად ითვლება, სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს დასაველთში. ამერიკის Intelligence community ანუ 17-მა ამერიკულმა სპეცსამსახურმა შარშან ამერიკის ხელისუფლებას მიმართა წერილით, რომ ამ ტექნოლოგიით, რომელიც მოიცავს ყველაფერს ოფისებიდან - სმარტფონებამდე (იმიტომ, რომ მართლა ხარისხიანი და სწრაფია) ჩინეთი, ასევე მისი სტარტეგიული მოკავშირე რუსეთი შეძლებენ ინფორმაციების მოპარვას და როგორც საინფორმაციო, ასევე ტექნოლოგიური დივერსიების განხორციელებას.

ამგვარ შპიონურ ტექნოლოგიებში და პროვოკაციებში რუსეთია `პიონერი` ანუ  შეხმატკბილებალად იმუშავებენ მოსკოვი და პეკინი დასავლეთის წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ბოლო დროს (და ეს არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ ჩვენი უბედურებაცაა, ვისაც დასავლეთის იმედი გვაქვს), ევრო-ატლანტიკამ ვერ მოახერხა კონსოლიდაცია ამ თემის ირგვლივ.

ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი განაცხადა შეერთებოდა ევროკავშირის ემბარგოს G5 მიმართ, რის შემდეგაც ამ ემბარგომ ფაქტიურად აზრი დაკარგა.

ჩინეთის ტოტალიტარული ხელისუფლება კი ყველანაირად ცდილობს (და ახერხებს) G5 პრომოუტირებას დასავლეთში - ევროპასა და ამერიკაში.