საერთაშორისო მიმოხილვა. 18 დეკემბერი. 2023 წელი.
პირველად 2 თვის მანძილზე, `ჰამასმა` იერუსალიმს რაკეტები ესროლა ღაზის სექტორიდან; სამი რაკეტა გაუშვეს და სამივე ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა `რკინის გუმბათმა` ჩამოაგდო.
თუმცა თვით ის ფაქტი, რომ `ჰამასი` კვლავინდებურად უშვებს რაკეტებს ადასტურებს, რომ `ცახალი` ჯერ მთლიანად ვერ აკონტროლებს ღაზის სექტორს, სადაც გააფთრებული ბრძოლები გრძელდება;
ისრაელის არმიას დიდი დანაკარგი აქვს. განსაკუთრებით ქალაქ ღაზაში, რომლისგანაც ნანგრევებიღაა დარჩენილი.
ისრაელის მთავრობამ შემოიღო `საომარი ცენზურა`, ამიტომ დაღუპულ ისრაელელ ჯარისკაცთა კონკრეტული ციფრი არ ქვეყნდება.
თუმცა დასავლური მედიის ცნობით ისრაელმა 110 ჯარისკაცი დაკარგა. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე 2014 წელს. თუმცა მაშინ `ცახალი` ღაზაში ასე ღრმად არ შესულა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელს ძალიან უჭირს გლობალურ საინფორმაციო ფრონტზე და მინიმუმ ვერ იგებს ახლა ამ ომს.
ბოლო მაგალითია კატარის ტელეკომპანია `ალ ჯაზირას` სარჩელი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ამ ტელეკომპანიის ტელეოპერატორის მკვლელობასთან დაკავშირებით - ისრაელის დრონიდან გაშვებული რაკეტით, როცა ჟურნალისტები ღაზის საავადმყოფოს იღებდნენ.
ისრაელი არ ცნობს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ღაზის სექტორი იურიდიულად ისრაელის ტერიტორია არ არის - საერთაშორისო სამართლით, ეს ტერიტორია ისრაელს ოკუპირებული აქვს 1967 წლიდან. შესაბამისად, მასზე ვრცელდება სსსს-ს იურისდიქცია.
არ არის გამორიცხული, ისრაელის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას `ომის დანაშაულებში` დასდონ ბრალი.
სსსს-ს იურისდიქციას არც ამერიკა სცნობს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირანში სიკვდილით დასაჯეს მოქალაქე (მისი სახელი გასაიდუმლოებულია), რომელიც ირანის სპეც-სამსახურებმა დააპატიმრეს რამდენიმე თვის წინ ისრაელთან თანამშრომლობის ბრალდებით. თითქოსდა `მოსადს` გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციებს.
თუმცა აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი: სინამდვილეში ეს სიკვდილით დასჯილი პიროვნება ავღანეთის მახლობლად მდებარე Sistan-Baluchestan (ბალუჯისტანი) სუნიტი უმცირესობის წარმომადგენელი იყო.
ბალუჯისტანელი სუნიტები ირანიდან გამოყოფისთვის იბრძვიან, რაკი ირანი შიიტური ისლამის სახელმწიფოა.
ირანის ხელისუფლებისთვის კი ბევრად `კომფორტულია` ნებისმიერი სუნიტი გამოაცხადოს `მოსსადის აგენტად`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ავსტრიამ მოხსნა თავისი ვეტო ევროკავშირის სანქციათა მეთორმეტე პაკეტზე რუსეთის წინააღმდეგ; ვეტო მოიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ამოიღო ავსტრიული Raiffeisen Bank International `ომის სპონსორთა` სიიდან.
ეს ბანკი კვლავინდებურად მუშაობს რუსეთში.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია უნგრეთის პოზიცია. ვიქტორ ორბანმა, როგორც ცნობილია, არ დაავეტოვა მოლაპარაკების დაწყება უკრაინასთან, მაგრამ ვეტო დაადო უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას ევროკავშირის `მშვიდობის ფონდიდან`.
როგორც ჩანს ევროკავშირის პოლიტიკურად (!) ლიდერი ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ორბანის შეთანხმების არსიც ეს იყო: უნგრეთი არ დაავეტოვებდა არც მოლაპარაკების დაწყებას კიევთან, არც რუსეთის საწინააღმდეგო მე 12 პაკეტს, სანაცვლოდ კი მიიღებდა 10 მილიარდ ევროს (და არა 30 მილიარდ ევროს) ევროკავშირის დოტაციის სახით.
რაც შეეხება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციათა ახალ პაკეტს, იგი ძალიან საინტერესოა და ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) რუსული ალმასების იმპორტის აკრძალვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმაა ამ დარგზე, რომელიც ნავთობისა და გაზის ექსპორტთან ერთად რუსული ბიუჯეტის არსებითად შემავსებელია;
რა თქმა უნდა მოსკოვი იპოვის ალტერნატივას აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, მაგრამ იმდენს არ გადაუხდიან, რამდენსაც ევროპა იხდიდა. ისევე, როგორც ბუნებრივი აირი და ნავთობი `გადაამისამართა` ჩინეთზე, მაგრამ იმის ნახევარსაც ვერ იღებს, რასაც დასავლეთი უხდიდა.
გარდა ამისა, ალმასის ექსპორტი ძალიან პრესტიჟულია; ისევე როგორც ოლიმპიადაში მონაწილეობა; ზესახელმწიფოს პრეტენზიის მქონე რუსეთისთვის კი `პრესტიჟი` მნიშვნელოვანია.
ბ) დაზგების და დაზგა-დანადგარების, შესაბამისი მოწყობილობების ექსპორტის აკრძალვა რუსეთში. ესეც მნიშვნელოვანია: რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და მთლიანად ინდუსტრია, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, დასავლური წარმოების დაზგებზე მუშაობს; ის მოწყობილობები და დანადგარები თანდათან მწყობრიდან გამოდის და მათი ჩანაცვლება კი, ამ ახალი სასანქციო პაკეტით, ვეღარ მოხერხდება; რა თქმა უნდა რუსეთი შეეცდება იყიდოს ჩინური ანალოგები, მაგრამ მათი ხარისხი სულ სხვაა.
საბჭოთა პერიოდში რასაც `სტალინ-ორჯონიკიძის ინდუსტრიალიზაციას` უწოდებდნენ, სინამდვილეში იყო დასავლური, პირველ რიგში ამერიკული მანქანა დანადგარებისა და დაზგების ყიდვა ოქროს სანაცვლოდ.
გ) ასევე იკრძალება საექსპორტოდ რუსეთში ლითიუმის ბატარეები, ქიმიკატები და იმ ტიპის ძრავები, რაც უპილოტო საფრენ აპარატებში გამოიყენება;
დ) სანქციები შემოაქვთ ექს-პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შვილის წინააღმდეგ; მისი ყველა ვიზა უქმდება. მედვედევი დასავლეთს ბირთვული აპოკალიფსით ემუქრება, დღენიადაგ ლანძღავს, მაგრამ მისი ვაჟი დასავლეთში სწავლობს და იქ აპირებს ცხოვრებას; ისევე, როგორც საგარეო საქმეთა ანტიდასავლელი მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი
აქ ცალკე კომენტარია აუცილებელი რუსეთში დაზგა-დანადგარების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ჰოლანდიელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 2014 წლიდან (ანუ ყირიმის ანექსიიდან) დღემდე, იტალიური კომპანია Danieli group რუსეთში ყიდდა ძალიან მნიშვნელოვან მოწყობილობებს რუსული მეტალურგიული ქარხნებისთვის, სადაც იწარმოება რუსული სამხედრო ტექნიკის ფოლადი.
მათ შორის მეტალურგიული ქურების `დაგრილების` მოწყობილობებს, რაც იმდენად მაღალი ტექნოლოგიაა, რომ რუსებს არ გააჩნიათ.
თუ ამ ახალი სანქციური პაკეტით იტალიურ კომპანიას გადაეკეტება ეს არხი, რუსეთი ამ დანადგარებს ვერ ჩაანაცვლებს: ჩინური ანალოგი არ არსებობს.
ოღონდ......სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ ახლა (2023 წლის მიწურულს) კრძალავს EU ამ მოწყობილობების მიწოდებას. 2014 წელს, ყირიმის ანექსიისთანავე რომ აეკრძალა, შესაძლოა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ვერც გაებედა.
მაგრამ მაშინ `გაატარეს` ისევე, როგორც `გაატარეს` 2008 წლის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანული Bild, სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსულმა გენერალურმა შტაბმა შეიმუშავა ე.წ. `მცოცავი` ოკუპაციის გეგმა, რომელიც გაწერილია 2024-2026 წელზე და ითვალისწინებს უკრაინული ტერიტორიების თანდათანობით დაპყრობას ისე, რომ 2026 წლისთვის რუსული არმია გავიდეს მდინარე დნეპრზე მთლიანად, ანუ მიადგეს კიევს. ამჟამად რუსული არმია დნეპრზე მხოლოდ ხერსონის მიდამოებში დგას.
რუსული გენერალური შტაბი პროგნოზირებს 100 000 ჯარისკაცის დანაკარგს ყოველწლიურად.
ბრიტანული The Times, რომელიც ეჭვმიუტანელი ავტორიტეტია და ყველაზე სანდო, რესპექტაბელურ რესურსად ითვლება ჟურნალისტიკის სფეროში, აქვეყნებს ბოლო კვლევათა შედეგებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს მხარეთა საბრძოლო დანაკარგების შესახებ.
ამ მონაცემების თანახმად, უკრაინამ 190 000 მეომარი დაკარგა დაღუპულების და დაჭრილების სახით, ხოლო რუსეთმა, დაღუპულების და დაჭრილების სახით - 350 000.
ჯამში (540 000), ეს საბრძოლო დანაკარგთა ყველაზე დიდი ციფრია რაც კი დედამიწაზე საომარი კონფლიქტი ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
11 იანვარს, სტამბულში, თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას შავი ზღვის განნაღმვის ღონისძიებათა შესახებ.
იგულისხმება, რომ ამ სამი NATO-ს წევრი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტები აღმოაჩენენ იმ საზღვაო ნაღმებს, რითაც რუსეთმა გაავსო უკრაინის სანაპირო და შემდეგ ეს ნაღმები გავიდნენ ღია ზღვაში, რითაც დიდ საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო ნაოსნობას.
თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ალიანსის წევრი სამივე სახელმწიფო, რომელსაც აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, იწყებს ერთობლივ მოქმედებას, რაც უეჭველად გულისხმობს კოორდინაციას რუსეთის წინააღმდეგ.
როგორც ცნობილია, `მონტრეს` 1936 წლის კონვენცია კრძალავს არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების შემოსვლას (დიდხანს ყოფნას) შავ ზღვაში, მაგრამ არაფერი ზღუდავს თვით შავიზღვისპირა სახელმწიფოებს, განახორციელონ ერთობლივი ოპერაციები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ და სამხრეთ კორეამ, ერთობლივი განცხადებით (!) გააფრთხილეს ჩრდილო კორეა, რომ ატომური იარაღის გამოყენება სამხრეთ კორეის ან ამერიკის წინააღმდეგ `დაასრულებს ჩრდილო კორეულ რეჟიმს`.
თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აშშ და სამხრეთ კორეა აუცილებლად თვლიან ამგვარ განცხადებას და გაფრთხილებას.
სადაზვერვო მონაცემებით, უახლოეს დღეებში ჩრდილო კორეის კომუნისტური რეჟიმი ტრანსკონტინენტური ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გეგმავს.