საერთაშორისო მიმოხილვა. 18 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 აპრილი. 2023 წელი

რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ NATO-ში მნიშვნელოვან პროცესებს დაუდო სათავე. ღია წყაროთა ინფორმაციით, ალიანსის ანალიტიკოსები ამზადებენ თავდაცვის კონკრეტულ გეგმებს, რომელთა თანახმად, NATO ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს საზღვრებთან (იგულისხმება აღმოსავლეთის საზღვრები) განალაგოს 13 კორპუსი. ყოველი მათგანის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 50 ათასი იქნება.

ეს თეორიულად, ხოლო პრაქტიკულად, ასეთი ოდენობის სახმელეთო ჯარები ალიანსში დასაკომპლექტებელი იქნება, რადგან NATO-ს სამხედრო დოქტრინა - ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან, - აგრესიის შემთხვევაში უფრო ავიაციის, სარაკეტო შეიარაღების და `შემაკავებელი` ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ეფუძნებოდა.

 

პოლონეთში გუშინ დაიწყო `სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმება`, რომელიც 230 000 პოლონელ მამაკაცს შეეხო.

ცხადია, პოლონეთი, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რუსეთის წინააღდმეგ დაგეგმილ ღონისძიებაში ცენტრალური აქტორი იქნება.

ამავე დროს შვედეთმა, რომელიც დე-ფაქტო უკვე ალიანსის წევრია (თუმცა ერდოღანის თურქეთი კვლავინდებურად ბლოკავს დე-იურე მის წევრობას) ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სამხედრო მანევრები წამოიწყო.

 

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ რუმინეთის გადაწყვეტილება, შეიძინოს საფრანგეთისაგან ორი წყალქვეშა ნავი.

დღემდე რუმინეთს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წყალქვეშა ნავები ჰქონდა შემორჩენილი.

შავ ზღვაში NATO-ს პოზიციები არც ისე ძლიერია ორი მიზეზის გამო:

ა) მონტრეს კონვენცია ზღუდავს შავ ზღვაში `არაშავიზღვისპირა` სახელმწიფოების შემოსვლას და

ბ) თურქეთი, რომელიც ერდოღანის პრეზიდენტობისას პუტინს `ეთამაშება`, არც თუ სრულყოფილი პარნტიორია მისი წევრობის მიუხედავად.

ამიტომ, როგორც ჩანს, NATO-ს ელიტამ გადაწყვიტა რუმინეთის ფლოტი გააძლიეროს, რათა აქციოს საპირწონედ რუსული ფლოტისა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმერ კარა მურზა 25 წლით ჩასვა ციხეში `არმიის დისკრედიტაციისათვის`. ამ `დისკრედიტაციას` სახელმწიფო ღალატის კვალიფიკაცია მიეცა.  

მოსამართლე, რომელმაც განაჩენი გამოუტანა ოპოზიციონერს, `მაგნიტსკის სიაში` იყო შეყვანილი. ალბათ პიროვნულადაც იძია შური ამის გამო.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა რამდენიმე დასავლური ქვეყნსი ელჩი. ახალი ზელანდიისაც კი.

ყველამ პროტესტი გამოთქვა, რის საპასუხოდაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: `ის დიპლომატები, რომლებიც რუსულ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებას შეეცდებიან, დაუყოვნებლივ იქნებიან გაძევებულნი რუსეთიდანო`.

ანუ `რუსულ საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებაა` თურმე პროტესტი სრულიად უდანაშაულო ადამიანის 25 წლით (!!!) ციხეში ჩასმა.

ვლადიმერ კარა მურზას `უცხოელი აგენტის` სტატუსი ჰქონდა. ე.წ. `სასამართლომ` ესეც გაითვალისწინა.

ეს განაჩენი მეტყველებს, რომ პუტინი შეშინებულია და ყველაფერზე წავა, რათა თავი გადაირჩინოს.

სტალინის შემდეგ რუსეთში ასეთი განაჩენები არ ყოფილა!

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში შექმნილ მდგომარეობაზე მეტყველებს ეს ფაქტიც: რუსეთის გენერალური შტაბის სამობილიზაციო განყოფილების უფროსი, ივანე მერტვიშევი დააკავეს ქრთამის აღების გამო.

ქრთამი აიღო გერმანული სარეცხი მანქანა Bosh-ის სახით! სანაცვლოდ დადებითი შეფასება უნდა დაეწერა მოსკოვის ერთ-ერთი კომისარიატის მუშაობაზე.

მერტვიშევი სწორედ მობილიზაციას კურირებდა.

ციხეში არ ჩასვეს მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინვე დაწერა განცხადება, გადადგა და უკრაინის წინააღდმეგ ომში გაშვება მოითხოვა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი დააჯილდოვა  გერმანიის უმაღლესი ორდენით - დიდი ჯვრით.

შეგახსენებთ, რომ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მერკელის მთავრობაში.

ერთის მხრივ გასაგებია, რომ პრეზიდენტმა აღნიშნა ამ ჯილდოთი მერკელის 16 წლიანი (!) მმართველობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თუმცა მეორეს მხრივ, შტაინმაიერმა ამით `გააა...მართლა` ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მერკელი და თვითონ ატარებდნენ რუსეთის მიმართ და რამაც საბოლოოდ უკრაინის ომი გამოიწვია, რადგან გათავხედებულმა პუტინმა ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია.

ამ გადაწყვეტილების გამო შტაინმაიერი გერმანიაშიც გააკრიტიკეს. თუმცა.....გერმანელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციით პრეზიდენტს დაახლოებით ისეთივე უფლებამოსილება აქვს, როგორც ბრიტანეთის მოანრქს, რომელიც ყველა ნაბიჯს მთავრობასთან ათანხმებს.

არ არის გამორიცხული, ანგელა მერკელის დაჯილდოვება კანცლერ შოლცთან ყოფილიყო შეთანხმებული.

გერმანულ პოლიტიკურ ელიტას, სამწუხაროდ,  ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი პაციფიზმი და რუსეთისადმი მოწიწება.

ესეც ისტორიული მოცემულობაა

. . . . . . . . . . . . . . . . .

გაუგონარი შემთხვევა ამერიკაში: ჩინური წარმომავლობის ორი ამერიკის მოქალაქე დააკავეს ნიუ იორკში იმის გამო, რომ ისინი, ჩინეთის მთავრობის დავალებით, სდევნიდნენ ამერიკაში ჩინელ დისიდენტებს და ამ მიზნით იყენებდნენ.....ნიუ იორკის ერთ ერთი პოლიციის განყოფილებას, რომლის წარმატებით კორუმპირებაც მოახერხეს ჩინური სპეცსამსახურების ფულით.

ნიუ იორკის პოლიციის ეს განყოფილება დახურულია ამჟამად. მიმდინარეობს გამოძიება.

აქ ნიშანდობლივი ის არის, რომ ორივე დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქეა და არა ჩინეთის.

ბოლო 50 წლის განმავლობაში მილიონობით ეთნიკურმა ჩინელმა მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ ჩინეთი აქტიურად იყენებს მათ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად.

ბოლო შემთხვევა `ყვირის`, რადგან საქმე ეხებოდა ამერიკაში მცხოვრები ჩინელი დისიდენტების დევნას და მათთვის პრობლემების შექმნას, თუმცა  ვინ იცის, რამდენი ამერიკის მოქალაქე (ჩინური წარმომავლობისა) დღენიადაგ მუშაობს ჩინური სპეცსამსახურების დავალებით ჩინეთის (და არა ამერიკის) ინეტრესთა განსახორციელებლად?!

ბევრი მათგანი ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურებშიც მსახურობს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო ფაქტი: ისრაელში ჩავიდა ირანის ბოლო შახის, რეზა ფეხლევის შვილი, რეზა ალი ფეხლევი.

მას შეხვდნენ პრემიერ მინისტრი ნათანიაჰუ და..... ისრაელის დაზვერვის მინისტრი ქალბატონი გილო გამლიელი.

რეზა ალი ფეხლევი ოფიციალურად ირანის ტახტის მემკვიდრეა. მამამისი რეზა ფეხლევი ირანის ისლამურმა რევოლუციამ დაამხო 1979 წელს.

მას შემდეგ ირანს მართავენ ფანატიკოსი ისლამისტი აიათოლლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ირანის `სულიერი მისიაა` ისრაელის სახელმწიფოს სრული განადგურება.

რეზა ალი ფეხლევიმ ისრაელის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანში მალე დაემხობა `ბნელი რეჟიმი`, რის შემდეგაც ირანი სცნობს ისრაელის სახელმწიფოს და დაამყარებს მასთან დიპლომატიურ, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს.

რასაკვირველია, ისრაელი ყველანაირად შეუწყობს ხელს ახალ რევოლუციას ირანში, რომელიც ამჯერად დემოკრატიული დროშით განხორციელდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ერაყმა უკრაინას შესთავაზა შუამავლობა რუსეთთან მოლაპარაკებებში, რაზეც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან მკაფიო პასუხი მიიღო: რუსეთთან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება რუსული საოკუპაციო ჯარების სრულ გაყვანამდე და თქვენ თქვენს თავს მიხედეთო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საუდის არაბეთმა დაიწყო რუსეთისგან ნავთობპროდუქტების შეძენა.

თითქოსდა გაუგონარი ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ საუდის არაბეთი თავად არის ნავთობის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი მსოფლიოში.

თუმცა ირკვევა, რომ რუსეთისგან ყოველდღიურად 100 000 ბარელ ნავთობსა და გაზოილს ყიდულობს ოღონდ....საკუთარი საჭიროებისთვის.

რუსული ნავთობისა და ნავთობრპოდუქტების ექსპორტი ან რეექსპორტი დასავლეთმა ფაქტიურად აკრძალა. მაგრამ საუდის არაბეთი რუსულ ნავთობპროდუქტებს ადგილობრივად იყენებს, საკუთარი ნავთობი კი გააქვს მსოფლიო ბაზრებზე.

რა თქმა უნდა ძალიან იაფად ყიდულობს,. რუსეთსაც სხვა გამოსავალი არა აქვს

. . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკის კომპანიამ რამდენიმე დღით გადადო კოსმოსურ ხომალდ  Starship-ის გამოცდა.

17 აპრილს უნდა გაეშვათ ხომალდი კოსმოსში და 20 აპრილისთვის გადადეს.

ამ ხომალდით (იგი მრავალჯერადი გამოყენებისაა) ილონ მასკი მარსზე კოლონიის შექმნას გეგმავს.

იმედია გამოცდა წარმატებით ჩაივლის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ტაივანმა ამერიკული კორპორაცია Boeing-ის წარმოების 400 რაკეტა Harpoon იყიდა 1,17 მილიარდ დოლარად. ეს რაკეტები ანტისახომალდოა ანუ ჩინეთის სამხედრო გემების გასანადგურებლადაა მომართული.

საყოველთაო აზრით, ომი ტაივანისთვის სულ უფრო ახლოვდება. ამერიკა ამ ომში ჩართვას ვერ ასცდება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზური კომპანია Черноморэнерго-ს დირექტორი გადადგა და სოხუმში ახალ დირექტორს ვერ პოულობენ. ბოლოს ვინმე ზანთარია დაითანხმეს, თუმცა ისიც ყოყმანობს.

ეს კომპანია ფლობს `ენგურჰესს`, რომლის სამართავი პულტი აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოშია, ხოლო კაშხალს ქართული მხარე აკონტროლებს.

აფხაზმა სეპარატისტებმა იციან, რომ უახლოეს მომავალში ელექტროგადამცემი ხაზები საბოლოოდ გამოვა მწყობრიდან კრიპტო-მაინინგის გამო. ამიტომ ყველასთვის შარია ეს თანამდებობა.

ენგურჰესს რეალურად მართავს ლევან მებონია. ქართველი გამოცდილი ენერგეტიკოსი.