საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივლისი. 2024 წელი
სამხედრო კონტური:
უკრაინამ ბოლო დროს განახორციელა ხუთი შეტევა ხარკოვის მიდამოებში.
უფრო ზუსტად, ეს არის კონტრშეტევები იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რაც რუსებმა დაიპყრეს ბოლო 3 თვის განმავლობაში ხარკოვის ოლქში აგრესიის შედეგად, რაც რუსულმა პროპაგანდამ დიდ გამარჯვებებად „შეფუთა“.
„დიდი“ არა, თუმცა გარკვეული წარუმატებლობა უკრაინის მხრიდან ეს რუსული შეტევები მაშინ ნამდვილად იყო.
თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით ფრონტზე ძალთა განლაგებას კარდინალურად არ ცვლიდა რასაკვირველია.
არც ეს კონტრშეტევებია მაინცდამაინც წარმატებული უკრაინის არმიისთვის, თუმცა უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უკრაინა უკვე არა მხოლოდ თავს იცავს ფრონტის ამ მონაკვეთზე, არამედ უტევს.
განსახილველ პერიოდში უკრაინა აგრძელებდა დარტყმებს რუსეთის მიმდებარე რეგიონებზე: ბელგოროდსა და კურსკზე.
ოღონდ ამ დარტყმებს ახორციელებდა მხოლოდ უკრაინული წარმოების დრონებით. გარდა რამდენიმე შეტევისა სამხედრო ობიექტებზე, რაც განხორციელდა HIMARS რაკეტებით.
ამ რაკეტებით და განსაკუთრებით ბრიტანული Storm shadow-თი უკრაინამ წარმატებით დაბომბა ყირიმი რამდენჯერმე; მათ შორის ერთ ერთი რაკეტა, კლასტერული (კასეტური) საბრძოლო ნაწილით აფეთქდა სევასტოპოლის პლაჟზე.
ფსიქოლოგიურად ეს ძლიერი დარტყმა იყო რუსულ სოციუმზე, რომელსაც სურს იცხოვროს ისე, თითქოს არაფერი ხდება და ვითომდაც მათი ქვეყანა არ ახორციელებს სისხლიან აგრესიას დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
პუტინი ვერ გაიქცევა იმ ფაქტსაც, რომ ბელგოროდის ოლქიდან მოუხდა მოსახლეობის ნაწილობრივი, თუმცა არსებითი (საკმაოდ ბევრი დასახლებული პუნქტიდან) ევაკუაცია.
ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულად „ჩაფლავდა“ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე (მათ შორის ხარკოვში) ე.წ. „ბუფერული ტერიტორიის“ შექმნის გეგმა, რაც პუტინმა დიდის ამბით დააანონსა.
არ გამოვიდა.
რომ გამოსულიყო, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ პუტინის არმიამ მოიპოვა შანსი, აეღო ხარკოვი ან დაენგრია საარტილერიო დარტყმებით.
უკრაინის არმიის წარმატებათა შორის პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ შავ ზღვაზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რაც ნამდვილად სერიოზული გამარჯვებაა, რადგან უკრაინამ უპილოტო საზღვაო აპარატებით (რომლებიც უკრაინაშივეა დამზადებული) გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი „შეყუჟა“ ნოვოროსიისკის, ტუაფსეს და (ერთი გემი) ოჩამჩირის პორტში.
რუსული შავი ზღვის ფლოტის ფაქტობრივი „გამოთიშვა“ საბრძოლო მოქმედებებიდან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა სტრატეგიულ წარმატებად ჩაითვალოს.
ისეთივე მასშტაბის სტრატეგიულ წარმატებად ომის მიმდინარეობისას, როგორიც, სამწუხაროდ, რუსი აგრესორებისთვის გახდა „სახმელეთო დერეფნის“ გაჭრა ყირიმისკენ მარიუპოლის დაპყრობის შემდეგ.
ამ წარმატების შინაარსი, მათ შორის ისაა, რომ რუსები უკვე იძულებული არიან არა შავი ზღვის ფლოტიდან ესროლონ მასირებულად შედარებით ნაკლები სიშორის რაკეტები უკრაინას (როგორც ომის პირველ ეტაპზე) არამედ შორსმსროლელი რაკეტები გამოიყენონ.
რაკეტების ეს კატეგორია კი ბევრი სულაც არა აქვთ.
თან ისინი ძვირია.
იგულისხმება როგორც საჰაერო ბაზირების, ასევე საზღვაო ბაზირების რაკეტები.
განსახილველი პერიოდის მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ამერიკამ და NATO-ს სხვა ქვეყნებმა ნება დართეს უკრაინას განახორციელოს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღით, ოღონდ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე.
უკრაინის სერიოზული სისუსტე ნამდვილად ხდება მობილიზაციისას წარმოშობილი პრობლემები. ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანას სრულიად ობიექტურად, სამობილიზაციო რესურსი სამჯერ ნაკლები აქვს ვიდრე რუსეთს.
კიევში მიღეს კანონი, რომელსაც ეს პრობლემა ნაწილობრივ უნდა გადაეწყვიტა, თუმცა კანონი ოპოზიციის (პირველ რიგში ტიმოშენკოს) ძალისხმევით მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ბევრი გაწვევის ასაკის უკრაინელი ნამდვილად გაიქცა ქვეყნიდან და უკრაინის ხელისუფლებას არა აქვს არანაირი მექანიზმი ისინი დააბრუნოს. იყო საუბარი, რომ შესაძლოა ევროპის ქვეყნებს სთხოვონ მათი გამოძევება, თუმცა ევროკავშირი არ დაუშვებს ახლა „სდიოს“ უკრაინელებს თავის ქალაქებში და მათი დეპორტი განახორციელოს. ეს გამორიცხულია.
არსებითი ამბავია, რომ ძალიან აქტიურად, ძალიან (კარგი გაგებით) აგრესიულად მუშაობს კვლავინდებურად უკრაინის სამხედრო დაზვერვა.
ყირიმის გაულიაიტერზე, სერგეი აქსიონოვზე (ყველაზე ნიშანდობლივი ფიგურაა 2014 წლიდან ანუ ყირიმის ანექსიის დროიდან) ოთხი დივერსიული თავდასხმა განხორციელდა.
და თითქმის ბოლო ფაზამდე იქნა მიყვანილი.
ჯერ ჯერობით წარუმატებლად.
ჯერ-ჯერობით.
მთლიანობაში, თუ დავაკვირდებით საბრძოლო მოქმედებათა რუკას, რომელსაც გიგზავნით, ფრონტის ხაზმა რაიმე სერიოზული, არსებითი ცვლილება არ განიცადა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ხარკოვში ჰქონდათ რუსებს გარკვეული წინსვლა, თუმცა ეს ცვლილებაც „კუპირებულია“ უკრაინის წარმატებული თავდაცვითი და კონტრშეტევითი აქციებით.
ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გახდეს უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება.
ნიდერლანდმა დანიამ და ბელგიამ, ზოგიერთი ცნობით უკვე მიაწოდეს რამდენიმე ათეული F-16 უკრაინას, თუმცა მათი გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ არ გვაქვს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სუფთა საბრძოლო თვალსაზრისით, ეს თვითმფრინავები მნიშვნელოვანია რუსული „პლანირებადი ბომბების“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელთა „წყალობითაც“ ჰქონდათ რუსებს ბოლო 1-2 თვეა გარკვეული წარმატებები ფრონტზე: რუსული СУ-34 ორ და სამტონიან ამგვარ „მოფარფატე ბომბებს“ უშვებდა ფრონტის ხაზიდან 30-40 ზოგჯერ 50 კილომეტრის სიშორიდან, მაგრამ მაღალი კლასის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ამერიკული უახლესი (!) ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები (სხვაგვარად ამ თვითმფრინავების მიწოდებას აზრი არა აქვს) აუცილებლად მოიგერიებს ამგვარ შეტევებს რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს ძალთა განლაგებაზე On the ground.
გიგზავნით საბრძოლო მოქმედებათა რუკას 16 ივლისის მდგომარეობით. ცხადია, სერიოზული ცვლილებები ერთი თვის განმავლობაში არ მოხდარა.
პოლიტიკური კონტური:
საინტერესო ფაქტია, რომ უკრაინელი პატრიოტი, დივერსანტი რომან ჩერვინსკი, რომელიც უკრაინამ ფორმალურად (!) დააპატიმრა „ჩრდილო ნაკადის გაზსადენთა“ აფეთქების გამო (გერმანიის მოთხოვნით დააპატიმრეს), კიევის ციხიდან გირაოთი გაათავისუფლეს.
გირაო ($220 000) ექს-პრეზიდენტმა პოროშენკომ გადაიხადა.
ბუნებრივია, ეს გათავისუფლება ვერ მოხდებოდა, რომ არა კიევის მყარი რწმენა, რომ ამგვარი აქცია დასავლეთთან სისტემურად ურთიერთობას არ გაუფუჭებდა.
გასული თვის პოლიტიკური მოვლენებიდან აღსანიშნავია საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის თემაზე, რომელშიც ასამდე სახელმწიფომ მიიღო მონაწილეობა, თუმცა საბოლოო რეზოლუციას მხოლოდ 80-მა დაუჭირა მხარი და ეს რეზოლუციაც „უკბილო“ აღმოჩნდა.
მთლიანობაში ეს კონფერენცია მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს უკრაინისა და დასავლეთის წარმატებად.
პლანეტის სახელმწიფოთა უმრავლესობა „ბალანსირებას“ ამჯობინებს. ანუ „ორ სკამზე ჯდომას“ – „რა იცი რა ხდება“
მაგრამ ყველაზე მთავარი ამჟამად მაინც ამერიკაა და აშშ-ში მიმდინარე პროცესები.
დონალდ ტრამპზე თავდასხმამ გაზარდა მისი შანსები.
გაჩნდა ინფორმაციაც, რომ ამერიკელი და რუსი „ექსპერტები“ სადღაც, კულუარებში მსჯელობენ უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტის ან შეჩერების თუ „გაყინვის“ კონკრეტულ კონფიგურაციაზე.
ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია მეტ ყურადღებას საჭიროებს სწორედ პოლიტიკურ დისკურსში.
ჯერ ერთი, დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ ინფორმაცია „ექსპერტთა შეხვედრების“ შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირადად გააჟღერა: „მე გეტყვით, რომ ჩვენი და ამერიკელი პოლიტოლოგები შეხვდნენ ერთმანეთს, თანაც ის პოლიტოლოგები, რომლებიც თავ-თავიანთ მთავრობებს კარგად იცნობენ და ილაპარაკეს უკრაინაზე“- ჩვეული გაიძვერობით დააფორმულირა ლავროვმა.
საქმე ის გახლავთ, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი კატეგორია ექსპერტებისა, რომლებიც ყველა ადმინისტრაციის დროს არიან მიღებულნი „თეთრ სახლში“, და, მეორეს მხრივ, პოლიტოლოგები, რომლებიც კრემლთან არიან ახლოს.
მაგალითად, რუსებიდან შეიძლება დავასახელოთ სერგეი კარაგანოვი ან თევდორე ლუკიანოვი.
ისინი წარსულშიც ხშირად აჟღერებდნენ პუტინის პოზიციებს.
შესაბამისად, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რაკი პირდაპირი მოლაპარაკება თეთრ სახლსა და კრემლს შორის ახლა არ არსებობს, მიმდინარეობს ვითარების „ზონდაჟი“ ექსპერტების დონეზე: რაზეა „წამომსვლელი“ ვაშინგტონი, რა დათმობაზე შეიძლება წამოვიდეს კრემლი და ა.შ
შემდეგ კი ამგვარი კონსულტაციების „პროდუქტი“ „დაიდება“ ოფიციალურ მოლაპარაკებათა მაგიდაზე.
ეს ძალიან საშიში პროცესია შემდეგი მიზეზის გამო:
პუტინის გეგმა ხომ ცნობილია? ფრონტის ხაზის გაყინვა, ოღონდ უკრაინის მხრიდან რუსების მიერ უკვე დაპყრობილი ტერიტორიების აღიარების პირობით. და სანქციების სრული მოხსნისა, რასაც კიევი არ დათანხმდება;
რუსი „პოლიტოლოგები“, ვინც ამგვარ კონსულტაციებში მონაწილეობს, პუტინის ნებართვის გარეშე ნაბიჯსაც არ გადადგამენ, ხოლო ამერიკელები (მათი ვინაობა უცნობია. შესაძლოა ისინი რომელიმე გავლენიან Think tank-ს წარმოადგენდნენ) რუსებისგან განსხვავებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაფერს ჰკითხავენ და ბაიდენთან ისევე ითანამშრომლებენ, როგორც.....ტრამპთან.
თუმცა პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა საინტერესო განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით: „რას ელით სასიკეთოს ამ ტრამპისგან გაუგებარია: არაფერი რუსეთის სასარგებლო მას არ გაუკეთებიაო“.
მართლაც, აბა გავიხსენოთ: „ჩრდილო ნაკადები“, რომლებიც, როგორც ირკვევა უკრაინელმა დივერსანტებმა ააფეთქეს, სწორედ დონალდ ტრამპმა დაასანქცირა, რითაც არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აუნთო „მწვანე შუქი“ მათ აფეთქებას.
კრემლისთვის ცუდი ნიშანია ისიც, რომ ახალმა ევროპარლამენტმა პირველივე გადაწყვეტილებით მოუწოდა ევროკომისიას განახორციელოს ევროპულს ბანკებში დაპატიმრებული რუსული აქტივების კონფისკაცია უკრაინის სასარგებლოდ.
დაახლოებით 300 მილიარდ ევროზეა საუბარი.
ზოგადი დასკვნის სახით შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას, რომ უკრაინის სიტუაციაში რაიმე კარდინალური ცვლილება არც სამხედრო და არც პოლიტიკურ კონტურზე არ იქნება როგორც მინიმუმ 5 ნოემბრამდე, ანუ აშშ არჩევნებამდე და როგორც მაქსიმუმ, 2025 წლის იანვრამდე, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მისი გამარჯვების შანსები უკვე 70-30%-ია), რეალურად „შევა“ თეთრ სახლში.