საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივლისი. 2023 წელი

პუტინმა გაბედა!

გაბედა `ხორბლის გარიგების` გაუქმება. უფრო ზუსტად, უარი თქვა იმ გარიგების გაგრძელებაზე, რომელსაც ვადა 17 ივლისს ამოეწურა.

ვერ ბედავდა, ყოყმანობდა, რაზეც მეტყველებს მისი დაპირება ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს, რის შემდეგაც თურქეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს ამცნო, რომ  Зерновая сделка გაგრძელდებოდა, თუმცა....გუშინ პუტინს უძლიერესი დარტყმა მიაყენა უკრაინამ: წყალზედა დრონების დარტყმით სანახევროდ გამოყვანილია მწყობრიდან ყირიმის ხიდი. არ დანგრეულა, თუმცა მოძრაობა შეფერხებულია.

ეს იმდენად ძლიერი დარტყმაა პუტინის რეპუტაციაზე რუსულ საზოგადოებაში, რომ მას საპასუხოდ რაღაც უნდა ეღონა. ამ ფონზე პირდაპირი კაპიტულაცია იქნებოდა მისი მხრიდან `ხორბლის გარიგების` შემდგომი გაგრძელება მაშინ, როდესაც მისი პირობები დასავლეთმა არ შეასრულა; ანუ არ გააუქმა სანქციები რუსული ბანკების წინააღმდეგ და არ მოხსნა ემბარგო რუსული ქიმიკატების ექსპორტზე, რის შედეგადაც რუსეთი მილიარდობით დოლარს კარგავს.

არსებობს სხვა გზებიც ხორბლის ექსპორტისა, გარდა პორტების; მაგალითად ხმელეთით, რკინიგზით, თუმცა კომერციულად წამგებიანია.

თუ თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადებებით ვიმსჯელებთ, NATO არ აპირებს ამჯერად ძალისმიერ დაპირისპირებას რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან შავ ზღვაში, რათა დაიცვას უკრაინული და თურქული გემები უკრაინული პორტებიდან გამოსვლის შემდეგ.

კაცმა რომ თქვას, USA და NATO არც იყვნენ შარშანდელი `ხორბლის გარიგების` გარანტორები. ის ხელშეკრულება გაფორმდა რუსეთს, თურქეთს, უკრაინასა და გაეროს შორის.

ახლა მთავარი კითხვაა: რას მოიმოქმედებს ერდოღანი? იგი ხომ თავს აზია/აფრიკის მშიერი ქვეყნების შემწედ და გადამრჩენად მიჩნევს (შიმშილით სიკვდილისგან გადამრჩენად) და უკრაინული ხორბლის ექსპორტის დაბლოკვაც სწორედ აზია/აფრიკისთვის არის სახიფათო, თორემ პარიზში კრუასანი გაძვირდება ოციოდე ევროთეთრით და...... მეტი არც არაფერი.

საეჭვოა ერდოღანმა თურქულ ფლოტს უბრძანოს უკრაინული გემების დაცვა, ანუ ბლოკადის გარღვევა და რუსეთის ფლოტთან სამხედრო დაპირისპირებაზე წავიდეს.

თუმცა.......შვედეთის NATO-ში გაწევრებაზე თანხმობას რომ აცხადებდა (მიუხედავად მძვინვარე რეაქციისა, რაც თურქეთში გამოიწვია სტოკჰოლმის მოედანზე ყურანის დაწვამ) ერდოღანმა, როგორც ჩანს ეს ალბათობა 100%-ით მაინც არ გამორიცხა და ამიტომ `მოუქონა თავი` NATO-ს, რაკი ალიანსის მხარდაჭერა დასჭირდებოდა.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, როგორ ხორციელდებოდა ეს `ხორბლის ბლოკადა`: რუსული სამხედრო გემები უშუალოდ უკრაინის სანაპიროსთან ანუ უკრაინის პორტთა აკვატორიაში კი არ დგანან, სადაც მათ ადვილად მისწვდება უკრაინული და ბრიტანული მიწა-ზედაპირი კლასის რაკეტები (გავიხსენოთ კრეისერის  Москва  ჩაძირვა) არამედ  ბარაჟირებენ შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში.

ანუ რუსეთი პირწმინდად არღვევს საერთაშორისო სამართალს, რაკი არანაირი უფლება არა აქვს შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში (უკრაინის წყლებზეც რომ აღარაფერი ვთქვათ) დააკავოს და უკან გააბრუნოს ხორბლით დატვირთული გემები, რომლებიც ბოსფორის სრუტისაკენ მიემართებიან.

შარშან პუტინი ამას ბედავდა და გაუვიდა.

იმედი აქვს, ახლაც გაუვა.

ევროკავშირი არც კი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას. ეს ომში კაპიტულაცია იქნებოდა.  

 კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ პუტინისთვის რისკი არა მხოლოდ დასავლეთთან და თურქეთთან დაპირისპირებაა: აზია\აფრიკის ის სახელმწიფოები, რომლებიც მრავალი ათწლეულებია ყიდულობენ უკრაინულ ხორბალს, უკრაინულ სიმინდს და ამით გადარჩნენ შიმშილით სიკვდილს, რა თქმა უნდა უკმაყოფილონი იქნებიან, ანუ მოსკოვი დაკარგავს პოზიციებს `მესამე მსოფლიოში`.

 გუშინ მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ბუნებრივია, პრეზიდენტი ზელენსკი უკმაყოფილო იქნება იმით, რომ აშშ და NATO ჯერ-ჯერობით უარს აცხადებენ ძალით გაარღვიონ რუსული ბლოკადა შავ ზღვაზე, ხოლო თურქეთი 70%-30% ალბათობით ამაზე არ წავა.

სავარაუდოდ, ევროკავშირი და ამერიკა დაეხმარებიან უკრაინას, რკინიგზით ანუ ხმელეთით გაიტანოს ხორბალი და რაკი ამ გზით ხორბლის ექსპორტი კომერციულად წამგებიანია, USA და EU რაღაც დოტაციებსაც დააწესებენ.

ეს ევროპული სტილია და ახლა ნამდვილად ურჩევნიათ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას.

ევროპა და მისი პოლიტიკური კულტურა უცილობლად გულისხმობს კომპრომისს ყველგან და ყოველთვის.

ევროპა კომპრომისის კულტურაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რაც შეეხება ყირიმის ხიდის ერთი ან რამდენიმე საყრდენის დანგრევას, ამან ყირიმში მზეზე გასარუჯად ჩასული რუსების პანიკა გამოიწვია. სასწრაფოდ ცდილობენ ნახევარკუნძულის დატოვებას.

BBC იტყობინება, რომ უკრაინელებმა ყირიმის ხიდს შეუტიეს საკუთარი წარმოების უპილოტო წყალზედა აპარატებით. ამ წყაროს ცნობით, უკრაინულ ქარხანაში ჩვეულებრივი წყლის მოტოციკლები გადააკეთეს დრონებად ანუ უპილოტო საზღვაო აპარატებად და შემდეგ რადიოთი მართეს ისინი ყირიმის ხიდამდე რამდენიმე ათეული კილოგრამი ტროტილით!

საოცარი ინფორმაციაა! თუმცა BBC ავტორიტეტულ წყაროდ ითვლება.

და თუ ასეა, გამოდის, რუსული სანაპირო დაცვა სრულიად უსარგებლოა. და უსუსური.

ეს არის `მსოფლიოში მეორე არმია`?

ტელეგრამ-არხებზე ხუმრობენ უკვე: `რუსული არმია მეორეა ძალით......უკრაინაში`.

 

პუტინმა სასწრაფოდ გახსნა სახმელეთო გზა (გააუქმა კომენდანტის საათი გზის გასწვრივ)  მარიუპოლის გავლით, რომელიც რუსულმა არმიამ თითქმის პირწმინდად დაანგრია შარშან;

 ანუ ამ რუსებს, ვინც ახლა ყირიმში არხეინად ისვენებდა, თითქოს არაფერი ხდება უკრაიანში,  ოჯახებთან ერთად, მანქანებით მოუწევთ გაიარონ მათი ხელისუფლების დანგრეული ქალაქები და მოოხრებული სოფლები.

მეორე გზა არის ბორნები.

საბორნე მიმოსვლა ყირიმთან რუსეთს ყოველთვის ჰქონდა; თუმცა მოუხერხებელია, არაკომფორტულია და სწორედ ამიტომ ააშენა პუტინმა ხიდი, როგორც მისი `უდიდესი გამარჯვების` სიმბოლო ანუ ყირიმის დაპყრობისა.

ბორნებით ყირიმიდან რუსეთში დღე-ღამის მანძილზე სულ 450 ავტომანქანის გადაყვანაა შესაძლებელი რაც სასაცილო, მიზერული ციფრია. მით უმეტეს, რომ ამ 450 მანქანიდან დიდი ნაწილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტრანსპორტი იქნება, რაკი რუსეთს ყირიმში აქვს განლაგებული დიდი სამხედრო დაჯგუფება და მას როტაცია, ასევე მომარაგება სჭირდება.

ახლა წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ უკრაინის არმიამ მიაღწია წარმატებას მარიუპოლ-მელიტოპოლის მიმართულებით, გაარღვია რუსული ფრონტი და სახმელეთო გზა ყირიმიდან - რუსეთისკენ უკრაინის საარმიო არტილერიის ცეცხლის ზონაში დაბრუნდა.

არ არის აუცილებელი, უშუალოდ ამ სახმელეთო დერეფნამდე მიაღწიოს უკრაინულმა არმიამ. საკმარისია საარმიო არტილერიის `წვდომის არეალში` მოხვდეს და.....

დღესაც შეუძლიათ დარტყმების განხორციელება ამერიკული HIMARS-ით, ბრიტანული Storm Shadow-თი და ფრანგული SCALP-ით, თუმცა ეს მეტისმეტად ძვირი გამოვა. საარმიო არტილერიის ჭურვები კი ბევრი აქვთ.

ეს თუ მოხერხდა, მით უმეტეს როდესაც ყირიმი `მზეზე გარუჯვას` მოყვარული რუსი ობივატელებით არის სავსე, ყირიმიდან გაქცევისას ისეთი ამბავი დატრიალდება, რაც რუსეთს 1920-1921 წლის შემდეგ აღარ ახსოვდა, როცა ყირიმის მაცხოვრებლები ზღვას მიაწყდნენ და გაქცევას ცდილობდნენ. უამრავი დაიხრჩო.

ნაპრეზიდენტალმა მედვედევმა გუშინ დაწერა, რომ ერთადერთი გამოსავალი პრეზიდენტ ზელენსკის ფიზიკური ლიკვიდაციაა.

მისი არაადეკვატურობა აღარავის უკვირს უკვე.

სხვათა შორის, როცა პუტინი აგრესიას იწყებდა, ბევრ რუს ლიბერალს ან ვითომ ლიბერალს, ასევე რუსეთის `სასარგებლო იდიოტებს` დასაველთში იმედი ჰქონდათ, `მედვედევთან უფრო გამოვნახავთო საერთო ენას`, როგორც გამონახეს საერთო ენა ემდვედევთან 2008 წლის აგრესიის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ.

ახლა ირკევვა, რომ მედვედევთან შედარებით ლამის პუტინი ჩანს `კეთილ თოვლის ბაბუად`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

საოცარი ფაქტია, რომელიც ალბათ ისტორიაში უნდა შევიდეს. სასაცილო იქნებოდა, ტრაგიკული და სახიფათო რომ არ იყოს:

ირკვევა, რომ წლების განმავლობაში, აშშ თავდაცვის სამინისტროს სახელზე გაგზავნილი ელექტრონული წერილები ხვდებოდა....მალიში: ეს არის აფრიკული სახელმწიფო, სადაც პრიგოჟინის ბანდამ (კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერმა`) ისე იმუშავა, ეს აფრიკული ქვეყანა პუტინის მოკავშირეა 2020 წლიდან.

ახლა დადგინდა, რომ ბევრი სუბიექტი (როგორც პერსონა ასევე ორგანიზაცია) მთელს მსოფლიოში, ნაცვლად იმისა წერილები გაეგზავნათ პენტაგონის დომენზე MIL შეცდომით აგზავნიდა წერილებს დომენზე ML, რომელიც მალის ეკუთვნის.

გამგზავნები ვერ ხვდებოდნენ, სად მიდიოდა წერილი და როცა პასუხს ვერ იღებდნენ პენტაგონიდან, ეგონათ, წერილი უბრალოდ დაიკარგა ინტერნეტის უსასრულო კოსმოსში.

რეალურად წერილები, რომელთა ნაწილი შეიცავდა საიდუმლო ინფორმაციას, ხვდებოდა მალიში იქიდან კი - მოსკოვში.

ბუნებრივია ყველას არ ეშლებოდა, თუმცა ბევრს ეშლებოდა.

ეს ფეიკი არ არის. საგანგებოდ შევამოწმე. Financial Times ჩაატარა გამოძიება და დაადასტურა.