საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ოქტომბერი. 2023 წელი

პირველად ისრაელის ისტორიაში, მთელი ებრაული ქალაქ სდეროტი ევაკუირებულია ღაზის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ამ ქალაქში, სადაც 20 000 ებრაელი ცხოვრობს, გუშინ `ღაზიდან` გაშვებული მორიგ რაკეტა აფეთქდა. ამის შემდეგ ნეთანიაჰუს `ომის კაბინეტმა` მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის მაცხოვრებელთა ევაკუაციის შესახებ.

ასეთი რამ ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში უბრალოდ არ მომხდარა - მთელი ქალაქის ევაკუაცია.

ლტოლვილებს განათავსებენ ტელ ავივისა და იერუსალმის სასტუმროებში!

 მთავრობა მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში გადაუხდით სასტუმროების საფასურს.

იმედი აქვთ, სამხედრო ოპერაცია ღაზაში მალე დასრულდება.

თუმცა არის ათასობით სდეროტელი, ვინც კატეგორიულად უარს აცხადებს ევაკუაციაზე და არმიას, როგორც ჩანს, მათი ძალით გამოყვანა მოუწევს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

6 000 ღაზელი დაიძრა ქალაქ ღაზიდან და გადავიდა ღაზას სექტორის სამხრეთით, როგორც მოითხოვდა ისრაელის არმია.

იგულისხმება, რომ მას შემდეგ, რაც ღაზა დაიცლება მშვიდობიანი მოსახლეობისაგან, იქ შევა ისრაელის არმია და იპოვის მიწისქვეშა გვირაბებს.

გაანადგურებს ამ გვირაბებს, სადაც ინახება იარაღი და სადაც იმალებიან ტერორისტები

 . . . . . . . . . . . . . . . . .

`თეთრმა სახლმა` გადაწყვიტა, ერთ საკანონმდებლო პაკეტში გააერთიანოს ფინანსური დახმარება ისრაელს და უკრაინას - 2 მილიარდი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული სასწრაფოდ.

როგორც ჩანს პრეზიდენტ ბაიდენს იმედი აქვს, რომ თუ უკრაინის და ისრაელის ფინანსურ დახმარებას ერთ პაკეტში გააერთიანებს, კონგრესი უფრო იოლად მისცემს ხმას.

მანამდე `რესპუბლიკელები` აჯანყდნენ და უკრაინის ფინანსური დახმარება დაბლოკეს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპულ ქვეყნებს შორის გერმანიაში ყველაზე მეტი მუსლიმი და არაბი ცხოვრობს. საფრანგეთზე მეტიც კი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს დიდი კოლონიები ჰქონდა აფრიკაში.

გუშინ გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ქვეყნიდან გააძევებს `ჰამასის` მომხრეებს, რომლებიც მრავალათასიან მიტინგებს მართავენ გერმანიის ქალაქებში და ისრაელს გმობენ.

ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგებიც სწორედ გერმანიაში ტარდება.

შოლცის მთავრობას ამის ეშინია ორი მიზეზით

ა) არსებობს საფრთხე, რომ ეს მრავალრიცხოვანი მიტინგები ებრაელთა დარბევაში გადაიზარდოს ანუ მომიტინგეები მივარდნენ სინაგოგებთან....დაწვან, დაანგრიონ, ებრაელები დახოცონ და ა.შ.

 

) გერმანიას, როგორც ქვეყანას ჯერ არ მოუცილებია ბოლომდე `ჰოლოკოსტის` ანუ ებრაელთა გენოციდის ისტორიული ბრალდება. შესაბამისად, დიდი ანტიისრაელური მიტინგები სწორედ გერმანიაში ამ `დანაშაულის სინდრომს` გაამწვავებს

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს ეგვიპტის საზღვარს ღაზასთან მცირე ხნით გახსნიან უცხოელებისთვის. მაგრამ პალესტინელთათვის იგი კვლავ ჩაკეტილია: ეგვიპტეს (ვიმეორებ) არ შეუძლია საზღვრის ცალმხრივად გაღება, რადგან ეს 1979 წლის `კემპ-დევიდის` სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა იქნებოდა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკულ დაზვერვას `არა აქვს ირანის ბრალეულობის მტკიცებულებები`. ანუ ირანის მონაწილეობისა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში.

ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ამერიკას არ სურს ირანის ომში ჩართვა, თუმცა  მზად არის `დაარტყას` ირანს, თუ ირანი პირდაპირ შეუტევს ისრაელს.

როგორც ვწერდით, ოფიციალურმა თეირანმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელს `შორსმიმავალი შედეგები ელის`, თუ არ შეაჩერებს ღაზის დაბომბვას.

ირანს ორი მეთოდით შეუძლია ამ ომში ჩართვა, რის შემდეგაც უეჭველად მიიღებს ამერიკის პასუხს: ავიაციის გაგზავნით და საშუალო სიშორის რაკეტებით, რომელსაც ისრაელის `რკინის გუმბათი` ვერ შეაკავებს.

დიდ ირანულ რაკეტებს შეაკავებს ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot,  თუმცა ირანს საკუთარი წარმოების იმდენი რაკეტა აქვს, რომ შეუძლია იერუსალიმსა და თელ-ავივს დიდი ზანი მიაყენოს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. შეგახსენებთ, რომ პოლონეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა. შესაბამისად, ხელისუფლების ბედს სწორედ ეს არჩევნები წყვეტდა.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოიგო ეს არჩევნები.

ექსიტპოლთა მონაცემებით, არჩევნებში, სადაც  აქტივობა ევროპისთვის უმაღლესი იყო (72,8%) მმართველმა პარტიამ `სამართალი და სამართლიანობა) მოიპოვა 36,8%;

 დონალდ ტუსკის `სამოქალაქო პლატფორმამ`31,6%;

ლიბერალ-კონსერვატიულმა კოალიციამ `მესამე გზა`- 13%,

`მემარცხენეებმა` - 8,6%;

`კონფედერაციამ` - 6,2%.

რეზულტატი იმას ნიშნავს, რომ პოლონეთში ხელისუფლება იცვლება! დონალდ ტუსკის `პლატფორმა` შეძლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას `მემარცხენეებთან` და `მესამე გზასთან` ერთად.

ტუსკის პოლიტიკური ძალა პროევროპულია. იგი ხშირად აკრიტიკებდა კაჩინსკების პარტიას `სამართალი და სამართლიანობა` ანტიევროპული ნაბიჯებისთვის.

ანუ მოსალოდნელია, რომ პოლონეთი ბევრად უფრო პროევროპულ კურსს გაატარებს და შეეცდება აღარ გაიფუჭოს ურთიერთობა ბრიუსელთან.

შეიცვლება უკრაინისადმი მიდგომაც: მმართველმა პარტიამ ეს ურთიერთობები შეიყვანა კრიზისში მას შემდეგ, რაც პოლონელი ფერმერების ინტერესებიდან გამომდინარე, აკრძალა უკრაინული ხორბლის იმპორტი.

ეს ფერმერები მმართველი პარტიის ელექტორატს შეადგენდნენ

თუმცა ამან ვერ გადაარჩინა.

 

ოღონდ პარტიამ `ძალა და სამართლიანობა` არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩაატარა და ამ რეფერენდუმის შედეგებს შეუძლიათ გაამწვავონ შიდაპოლიტიკური ვითარება.

მაგალითად, რეფერენდუმზე პოლონეთის მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვებზე:

ა) მხარს უჭერთ თუ არა საწარმოების გაყიდვას უცხოელებზე, რის შედეგადაც პოლონეთის მოქალაქეები დაკარგავენ კონტროლს ეკონომიკის წამყვან დარგებზე?

) მხარს უჭერთ თუ არა საპენსიო ასაკის გაზრდას 67 წლამდე?

)მხარს უჭერთ თუ არა ათასობით აფრიკელი ემიგრანტის მიღებას პოლონეთში?

წარმოუდგენელია, რომ პოლონელთა უმრავლესობას ამ კითხვებზე დადებითი პასუხი გაეცა. ოპოზიციამ ამ რეფერენდუმს უკანონო და ფალსიფიცირებული უწოდა სწორედ კითხვათა ფორმულირების გამო.

მაგალითად, კითხვა `უცხოელების მიერ საწარმოთა შესყიდვაზე`  გულისხმობს ინვესტიციებს და მაშინ კითხვაში ეს უნდა ყოფილიყო ახსნილი - რას ნიშნავს ინვესტიცია და გაჩერებული საწარმოების ამუშავება.

დონალდ ტუსკმა უკვე თქვა, რომ `უკანონო რეფერენდუმის`შედეგებს აუცილებლად გააუქმებს.

პოლონეთის კონსტიტუციით რეფერენდუმს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ

მეორეს მხრივ, `სამართალი და სამართლიანობა` ჯერ არ აღიარებს დამარცხებას. პრემიერი მორავეცკი აცხადებს, რომ მისმა პარტიამ ზედიზედ მესამე არჩევნები მოიგო (რაკი ყველაზე მეტი ხმა მიიღო) და მზად არის მთავრობა ჩამოაყალიბოს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 აფხაზეთის `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია, 6 სექტემბერს რომ გაემგზავრა რუსეთში, მას შემდეგ არ დაბრუნებულა `დამოუკიდებელ აფხაზეთში`.

აფხაზი `მინისტრების` დიდი ნაწილიც რუსეთშია. სოხუმში დარჩა `პრემიერ-მინისტრი` ალექსანდრე ანქვაბი.

აფხაზი ბლოგერები ამბობენ, რომ პრეზიდენტი საერთოდ აღარ მართავს აფხაზეთს, რადგან `მოსკოვიდან მართვა` არ გამოდის.

არსებობს სიმპტომები (ეს მხოლოდ ფაქტების ანალიზია და არა ინფორმაცია), რომ ბჟანიას ასეთი გააქტიურება უკავშირდება `ჟენევის დისკუსიათა` მორიგი რაუნდის მოახლოებას, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს.

არაოფიციალური წყაროებით, რამდენიმე კვირის წინ, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდა აფხაზეთის და `სამხრეთ ოსეთის` პრეზიდენტებს, მოსთხოვა მათ `საკომუნიკაციო დერეფნების გახსნა` (ამაზე ვწერდით ნაწილობრივ) შვეიცარიული კომპანიის მეთვალყურეობით - 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

მოსკოვს, ამ არაოფიციალური ცნობებით, სურს ეს შეთანხმება (`დერეფნების` ამოქმედების შესახებ) გაფორმდეს სწორედ `ჟენევის მოლაპარაკებათა` მორიგ რაუნდზე, დეკემბერში.

მაგრამ სეპარატისტები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. ისინი მოითხოვენ ჯერ საქართველომ ცნოს მათი დამოუკიდებლობა.

სიახლე კი ის არის, რომ მოსკოვს ხსენებული კომუნიკაციები (იგულისხმება საავტომობილო გზა და არა რკინიგზა, რაც არარეალურია სიძვირის და სირთულის გამო) იმდენად სჭირდება ახლა, მზად არის დაიწყოს ზეწოლა სეპარატისტულ რეჟიმებზე.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის `ინფრასტრუქტურის` და  საავტომობილო გზების უწყებამ განაცხადა, რომ გამშვები პუნქტების რეკონსტრუქციას იწყებს როგორც ზარამაგში (სამხრეთ ოსეთი) ასევე ფსოუზე (აფხაზეთი).

და ეს მხოლოდ პირველი აქციებია: რუსეთს დღეს, უკრაინის ომის და დასავლური სანქციების დროს, როგორც ჩანს ძალიან სჭირდება ეს საავტომობილო (!) გზები პირველ რიგში თურქეთთან დასაკავშირებლად.

`ცხინვალი-ვლადიკავკაზის` საავტომობილო გზას ხუთჯერ (!) მეტი ავტომობილის გატარება შეუძლია, ვიდრე `საქართველოს სამხედრო გზა` ატარებს სტეფანწმინდას გავლით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 NASA-მ ასტეროიდ `ფსიჰეა`-სკენ კოსმოსური ხომალდი გაუშვა. მეცნიერები თვლიან, რომ `ფსიჰეა` ოქროსა და ალმასებისგან შედგება. თუ ასეა, მისი ღირებულება 10 კვინტილიონი გამოდის (10 000 000 000 000 000 000).

თუკი ზონდი შეძლებდა ამ სიმდიდრის თუნდაც ნაწილის ჩამოტანას, ექსპედიცია ფინანსურადაც გამართლებული იქნება.

 ეს რეალურია