საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ოქტომბერი. 2023 წელი

 ამერიკული წყაროების თანახმად, დღეს დილით ამერიკის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ესაუბრა ტელეფონით ისრაელელ კოლეგას და მიუთითა `ომის კანონთა დაცვის` აუცილებლობაზე.

სრულიად აშკარაა, რომ ამერიკას არ მოსწონს ღაზის საავიაციო-საარტილერიო დაბომბვები, რაკი ამ დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი არაბები, მათ შორის ქალები და ბავშვები იღუპებიან; შესაბამისად, პრეზიდენტმა ბაიდენმა (ნამდვილად ასე იქნებოდა) დაავალა ლოიდ ოსტინს, ეს ეთქვა თავისი ისრაელელი კოლეგისთვის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრია იოავ გალანტი.

იგულისხმება, რომ თუკი, სამწუხაროდ,  ისრაელმა `გაატარა` ჰამასის დარტყმა და მიიღო ყველაზე დიდი მსხვერპლი 1973 წლის შემდეგ, ასევე განიცადა ყველაზე დიდი მარცხი 1973 წლის `იომ ქიფურის` ომის შემდეგ, ახლა ღაზის საავიაციო-საარტილერიო დაბომბვა გამოსავალი არ არის. ამერიკელთა აზრით, ისრაელი ვალდებულია, ამ მარცხის შემდეგ (მარცხი იყო `გატარება/ჩამოძინება` 7 ოქტომბერს!) დაუყოვნებლივ შეიყვანოს სახმელეთო ძალები ღაზაში და იქ გაანადგუროს ტერორისტები.

ეს არ ჩაითვლება ომის კანონების დარღვევად განსხვავებით 2 მილიონიანი ქალაქის განუწყვეტელი დაბომბვისა.

მაგრამ ისრაელს ამ გადაწყვეტილების მიღება აშკარად უჭირს, რაკი სახმელეთო ოპერაცია გულისხმობს უდიდეს მსხვერპლს სამხედრო მოსამსახურეთა შორის.

ამერიკას აქ მხოლოდ მშვიდობიანი არაბების დაღუპვა კი არ ადარდებს, არამედ ის, რომ ქალების, ბავშვების, მოხუცების, ზოგადად უდანაშაულო არაბების სიკვდილის შედეგად შესაძლოა ირანმა მოიპოვოს ერთგვარი `მორალური უპირატესობა` ისლამურ და არაბულ სამყაროში, რისი მომიზეზებითაც ირანმა მოახერხოს `ისლამური სამყაროს ლიდერის` მანტიის მორგება;

 ხოლო ირანელი აიათოლების რეჟიმს აბსოლუტურად შეურიგებელი პოზიცია აქვს ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრად მეტად რადიკალური, ვიდრე ისლამური და არაბული სამყაროს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკა და ევროპა ისტორიულად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ შედარებით (ირანთან შედარებით) სეკულარული, საერო თურქეთის წინსვლისთვის და მისი ლიდერობისთვის ისლამურ და არაბულ სამყაროში, მაგრამ..... თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიპ ერდოღანს ახლა თურქეთის საზოგადოებრივი აზრი `წნეხავს`. შესაბამისად ერდოღანიც იძულებულია მკვეთრი განცხადებები გააკეთოს ისრაელის წინააღმდეგ.

შედეგად, ისევ და ისევ ანტიისრაელური განწყობები და რადიკალიზმი ხდება ისლამურ სამყაროში `დომინანტა`.

სწორედ ეს აშფოთებთ ამერიკელებს და ისრაელის ხელისუფლებას ეუბნებიან: `რაკი თქვენ გაატარეთ `დარტყმა` 7 ოქტომბერს, ახლა იძულებულნი და ვალდებულნი ხართ გადაიხადოთ დიდი ფასი სახმელეთო ოპერაციის სახით, ხოლო ქალაქის ნახევარტონიანი ავიაბომბებით განადგურება გამოსავალი არ არისო`.

 

გუშინ ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ ირანი აფრთხილებს ისრაელს, შეწყვიტოს დაბომბვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის არმია ჩაერთვება ომში!

თუ ირანი ჩაერთვება ომში, ამერიკა ჩაერთვება ომში.

ირანი ისლამური სამყაროს უძლიერესი სახელმწიფოა იმის მიუხედავადაც კი, რომ პაკისტანისგან განსხვავებით ბირთვული იარაღი ჯერ (!) არ გააჩნია.

 

არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყება სახმელეთო ოპერაცია ღაზაში. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ მიმართა სამხედროებს და აცნობა, რომ `იწყება ახალი ეტაპი`.

მოსალოდნელია, რომ `ცახალი` (ისრაელის არმია) შეუტევს არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ დესანტებსაც გადასხამს ზღვიდან და ჰაერიდან დიდი რისკის მიუხედავად.

პირველ ეტაპზე `ცახალი`  ღაზას სექტორის ჩრდილოეთს დაიკავებს ანუ თვით ქალაქ ღაზას, რათა გაანადგუროს `ჰამასის` ინფრასტრუქტურა - მიწისქვეშა გვირაბები, საწყობები და ა.შ.

შაბათს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, ზოგიერთი ცნობით, ხელი შეუშალა ნისლიანმა ამინდმა. თუმცა სახმელეთო ქვედანაყოფებმა რამდენიმე რეიდი ღაზას ტერიტორიაზე მაინც განახორციელეს - ეს დაზვერვა იყო.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრისას: `ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები სტაბილიზდა და აღარ უარესდებაო`.

სულ ახლახან პეკინი და ვაშინგტონი ლამის `ცივი ომის` ზღვარზე იყვნენ უკრაინის და რუსეთის გამო.

როგორც ჩანს გადაწყვიტეს კონფრონტაციის  `დამუხრუჭება`, რადგან ერთმანეთი სინამდვილეში ძალიან სჭირდებათ. უპირველესად ეკონომიკური თვალსაზრისით.

ამ მხრივ ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთ Engagement-ის დონე შეუდარებლად უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკა-რუსეთის ან ჩინეთ-რუსეთისა.

`დათბობაში` დიდი როლი შეასრულა ჯო ბაიდენის ფაქტორმა! აი რას ნიშნავს, როცა ამერიკას ჰყავს პრეზიდენტი, ვინც პროფესიულად ერკვევა საგარეო პოლიტიკაში. სენატორი ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან დაწყებული საგარეო პოლიტიკით იყო დაკავებული.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვან ი - ს განცხადება ადასტურებს მხარეთა მხრიდან იმ წითელი ხაზების გავლებას, რომლამდეც შესაძლებელი იქნება Business as usual:

ა) ტაივანი ხელშეუხებელია და

) ამერიკამ არ უნდა დაუწესოს სანქციები ჩინეთს რუსეთში `პარალელური იმპორტისთვის`, ოღონდ მანამ, სანამ ჩინეთი რუსეთს უკრაინის დასამარცხებლად იარაღს არ მიაწვდის

ეს კომპრომისია ორ გლობალურ ზესახელმწიფოს შორის, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ახლა მიმდინარე საზარელი მოვლენები მხოლოდ გააძლიერებს, რადგან ამერიკაც და ჩინეთიც დაინტერესებულნი არიან ამ რეგიონზე გამავალი კომუნიკაციები ნორმალურად ფუნქციონირებდნენ.

 

გუშინ დილით ამერიკის ნორფოლკის ბაზიდან ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით დაიძრა მეორე ამერიკული ავიამზიდი (`დამრტყმელი ჯგუფი` - Strike group) USS Eisenhower.

მთავარი სამიზნე ისევ და ისევ ირანია. პირველ რიგში პროირანული დაჯგუფება `ჰესბოლლა`, რომელმაც შესაძლოა ლიბანის ტერიტორიიდან დაარტყას ისრაელს.

 

ეს ომი რომ უნიკალურია ისრაელისთვის, იმითაც დასტურდება, რომ გუშინ ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა ფრაზა, რაც არც ერთ ისრაელელს არასდროს უთქვამს: `სახმელეთო ოპერაციის განხორციელებისას ჩვენ ვერ შეგვაჩერებს ის ფაქტი, რომ ამით სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე დაემუქრება ისრაელელ მძევლებს ღაზაში`.

უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ ამჯამად, თუ არ გაწირეს მძევლები. მძიმეა, მაგრამ ფაქტია.

დღემდე ყოველი მძევალი საერთონაციონალური ღირებულება იყო: როდესაც 2006 წელს ისრაელის არმიის კაპრალი გალად შალითი ტყვედ ჩაიგდო `ჰესბოლლამ`, ისრაელმა მის გასათავისუფლებლად სამხელეთო ოპერაცია დაიწყო ლიბანში, ასეულობით ჯარისკაცი დაკარგა და რაკი ძალით ვერ გაათავისუფლა, ერთი კაპრალი გალიდ შალითი გაცვალა ათას (!!!) პალესტინელში, რომლებიც ისრაელის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს.

 

რაც შეეხება ლიბანს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირებულ `ჰესბოლლას` ტერორისტულ დაჯგუფებას, მისი ლიდერია შეიხი ჰასან ნასრალლა.

რა თქმა უნდა `მოსსადი` და ისრაელის საუკეთესო უპილოტო აპარატები მას დიდი ხნის წინ გაანადგურებდნენ, მაგრამ გელად შალითის გასათავისუფლებელი ომიდან (ანუ 2016 წლიდან) 17 წლის (!!!) განმავლობაში ნასრალლა მიწისქვეშა ბუნკერში იმალება და იქიდან არც ერთხელ არ გამოსულა.

ჰესბოლლას აქვს 150 000 რაკეტა, რითაც შეუძლია დაბომბოს ისრაელის ჩრდილოეთი. თანაც ეს რაკეტები უფრო დახვეწილია ვიდრე `კასამები`, რასაც `ჰესბოლლა` ესვრის ისრაელს.

რატომ არ ჩაერთო ჯერ `ჰესბოლლა` ომში?

ვერ რისკავს, რადგან ლიბანში ცხოვრობენ აგრეთვე მაჰმადიანი-სუნიტები (ჰესბოლლა შიიტებისგან შედგება) ასევე ქრისტიანები, დრუზები.....ლიბანის ხელისუფლებას არ სურს მისი ქვეყნის განადგურება: ცხადია, ისრაელი და ამერიკა, როგორც კი `ჰესბოლლა` რაკეტების პირველ ტალღას ესვრის ისრაელს, ლიბანისგან ქვას-ქვაზე არ დატოვებენ - პირწმინდად გაანადგურებენ.

 

`მოსსადის` ანუ ისრაელის დაზვერვის და ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურის დირექტორმა, დავიდ ბარნეამ  გუშინ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: ყველას ვინც `ჰამასს` ფინანსურად დაეხმარებით ან იარაღს მიაწვდით, თქვენსავე ქვეყნებში ფიზიკურად გაგანადგურებთო: `მოსსადს` მთელს მსოფლიოში წარმატებული სპეცოპერაციების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.....

არც ისე დიდი ხნის წინ `მოსსადმა` ირანში ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელი გაანადგურა დისტანციურად, კოსმოსიდან მართული ტყვიამფრქვევით, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ნაწილ-ნაწილ შეიტანეს და იქ ააწყვეს `მოსსადის` აგენტებმა.

ფანტასტიკური ოპერაცია იყო.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 საინტერესო და ნიშანდობლივი ციფრია, რომელიც ბევრ რამეს ხსნის სომხეთის ამჟამინდელ პოლიტიკაში:

სომხეთი პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში რუსეთიდან ფულადი გზავნილების დონით: აგვისტოში 32,8 მილიარდი რუბლის ეკვივალენტი დოლარში, რაც 328 მილიონი დოლარია დაახლოებით. მთელი წლის განმავლობაში კი გადარიცხვები 200 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა ყოველთვიურად.

შევადაროთ: საქართველოში აგვისტოს განმავლობაში გადმოირიცხა სულ 57 მილიონი დოლარი.

ეს ციფრები რეალურად იმას ნიშნავს, რომ რუსი `რელოკანტები` სომხეთში გაცილებით მეტნი არიან ვიდრე საქართველოში. სწორედ მათთვის ირიცხება ეს თანხები.

და როდესაც პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი აკეთებს განცხადებებს პროდასავლური პოლიტიკის გატარების შესახებ, მას ეუბნებიან, რომ მოსკოვი კიდევ უფრო გაბრაზდება და ყველა ამ შემოსავლის წყაროს `ჩაუჭრის` სომხეთს.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ამ გადმორიცხვების და `პარალელური იმპორტს` წყალობით, სომხეთის ეკონომიკა ოთხჯერ (!) გაიზარდა.

ამან გარკვეულწილად `დაუამათ` ყარაბაღის  დაკარგვის ტკივილი.