საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აგვისტო 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აგვისტო 2022 წელი

ამერიკული ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარი HIMARS (High Mobility Artillery Rocket Systems) მუშაობს ბრწყინვალედ!

გუშინ ამ სარაკეტო დანადგარით უკრაინის არმიამ პირწმინდად გაანადგურა ოკუპირებულ ლუგანსკის რაიონში რუსული ე.წ. `კერძო საომარი კომპანია `ვაგნერ`-ის ბაზა!

Частная военная компания (ЧВК) «Вагнер» არის შეიარაღებული ფორმირება, რომელიც ფორმალურად არ ექვემდებარება კრემლს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა სინამდვილეში, პუტინი მათ ხშირად იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში: ვენესუელადან - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამდე.

სირიაშიც აქტიურად იბრძოდა. ათასი დანაშაული აქვთ ჩადენილი ბევრ ქვეყანაში და უკრაინას აბა როგორღა გამოტოვებდნენ?

`ვაგნერის` ბაზის განადგურება სასიხარულო ამბავია. მაგრამ ეს მთელი არმიაა. ანუ მთლიანად ასე იოლად ვერ გაანადგურებ.

ბოლო დროს პუტინმა (რაკი მობილიზაციის გამოცხადების ეშინია) კიდევ რამდენიმე `კერძო` არმიის ჩამოყალიბება დაიწყო: დიდ ქალაქებს დაევალათ მოსკოვიდან - ვლადიკავკაზამდე.

ყველა მიჰყავთ ვინც დაეთანხმება. პირობები შემდეგია: 200 000 რუბლი ერთჯერადად ორ ნაწილად. ანუ ჯერ 50 000 რუბლი და მისიის დასრულების შემდეგ კიდევ 150 000 რობლი: ეს იმიტომ, რომ ..... არ აიღონ მთლიანად ფული და არ გაიქცნენ.

200 000 რუბლი - დაახლოებით 3 200 დოლარია.

ამის მერე ყოველ დღე უხდიან კიდევ 2 000 რობლს ანუ 30 დოლარს დღეში.

ამ პირობებზე რუსეთშიც კი ბევრი არ არის მსურველი. ამიტომ ციხეებში შედიან, - ციხის კონტინგენტში ავერბოვკებენ მსურველებს. იქ კი, პატიმრებს შორის  ბევრია მსურველი ოღონდ......ЧВК «Вагнер», ასეთი იყო თუ ისეთი იყო, პროფესიონალი მეომრებისგან მაინც შედგებოდა -  ყოფილი მეომრებისგან..... საომარი გამოცდილებით და ა.შ.

ეს ახალი `დაბრავოლცთა  არმიები` კი უბრალოდ ბანდაა, რომელიც ვერავითარ გავლენას საომარ მოქმედებათა მიმდინარეობაზე ვერ მოახდენს.

აშკარად გაუჭირდა პუტინს რაკი ამაზე მიდის.

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სულ უფრო თავხედურ ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. გუშინ დაწერა: `ევროპელებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპაში უამრავი ატომური ელექტროსადგურია და ხომ შეიძლება რომელიმე ან რამდენიმე მათგანს ჩვენი რაკეტა შემთხვევით (!) მოხვდესო`.

და ამას წერს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი იყო და ახლა პუტინის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლება.

. . . . . . . . . . . . . .

უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესთან აწარმოებდა  მოლაპარაკებას ყირიმის ხიდის განადგურების შესახებ.

არ არის გამორიცხული, ასეთი მოლაპარაკება მართლაც წარმოებდეს. მით უმეტეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა.

თუმცა უცნაურია ამაზე ღიად საუბარი: უკრაინას ალბათ პოლიტიკური `ვიზა`სჭირდება ბრიტანეთისგან ყირიმის ხიდის აფეთქებაზე (რაც ომს სრულიად ახალ სტადიაში გადაიყვანს) ან ბრიტანული შეიარაღების გამოყენებას აპირებს. მაგალითად ბრიტანულ ფრთოსან რაკეტა `ჰარპუნს`. საკუთარი რაკეტებიც აქვს უკრაინას, რომლებიც ყირიმის ხიდს ნამდვილად მისწვდება.

ეს მთლიანად, 100%-ით, პოლიტიკური გადაწყვეტილების და პოლიტიკური ნების თემაა.

პუტინი გაცოფდება.

. . . . . . . . . . . . . .

ყველა უბედურებას დაემატა საშინელი სიცხე ევროპაში.

ბრიტანეთშიც კი, ძალიან დიდი ხანის განმავლობაში პირველად, 40 გრადუსი სიცხეა.

ევროპაში გვალვაა. მოსავალი იღუპება.

ეს პირდაპირ უკავშირდება უკრაინის გლობალურ კრიზისს, რადგან გვალვა ევროპაში - რუსეთზე მეტ ენერგოდამოკიდებულებას ნიშნავს.

. . . . . . . . . . . . . .

ბელორუსის პრემიერ მინისტრმა, რომან გოლოვჩენკომ განაცხადა, რომ ბელორუსის ხელისუფლება დასავლეთისგან იღებს სიგნალებს თანამშრომლობისთვის მზადყოფნის შესახებ.

ფაქტიურად, პრემიერი გოლოვჩენკო ამით ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს `ასიტყვებს` და `ახმოვანებს`.

თითქოსდა, ერთი შეხედვით, როგორ შეიძლება დასავლეთმა ლუკაშენკოსთან ითანამშრომლოს მაშინ, როდესაც ბელორუსი პლაცდარმად იქცა უკრაინის წინააღდმეგ? და ოპოზიცია ჩაახშო?

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დასავლეთი იქცევა პრაგმატულად, რათა რაიმე ისეთი შესთავაზოს (ბევრი რამის შეთავაზება  შეუძლია) ლუკაშენკოს, პუტინის მხარდაჭერაზე უარი ათქმევინოს. ნაწილობრივ მაინც

რამდენად გამოუვა სხვაა, მაგრამ ეს მცდელობა უაზრო სისულელე ნამდვილად არ არის.

სხვათა შორის,  პრეზიდენტობის ბოლო წლებში სწორედ ამისკენ მოუწოდებდა დასავლეთს მიშა: ბელორუსის მიმართ უფრო დახვეწილი და ეშმაკური პოლიტიკა უნდა გავატაროთ და პუტინთან ურთიერთობა გავუფუჭოთ ლუკაშენკოს, ოღონდ ჭკვიანურადო.

და მართალი იყო მიშა ამაში(ც)

. . . . . . . . . . . . . .

უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა ლასლო კევერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ანტირუსული სასანქციო პოლიტიკა, თურმე,  `არასწორია`.

ამით მან ევროკავშირს და მთელს დასავლეთს მიანიშნა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ყველაზე მთავარ და პუტინისთვის მართლაც ყველაზე მტკივნეულ სანქციას: შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას რუსეთის მოქალაქეებისათვის.

ოღონდ  საინტერესო და მნიშვნელოვანი, ასევე ნიშანდობლივი ისაა, თუ სად და რა კონტექსტში გააკეთა უნგრეთის პარლამენტის სპიკერმა ეს ანტიევროპული (!) განცხადება: ჰუნებისა და თურქულენოვანი კულტურის ხალხთა `ყურულთაიზე` (ყრილობაზე), რომელიც ბუდაპეშტში ჩატარდა .

შეგახსენებთ, რომ თვით უნგრელები გამონაკლისი არიან ევროკავშირში, რაკი არა ინდოევროპულ არამედ ფინურ-უგრულ ენათა ოჯახს განეკუთვნებიან და აზიურ თურქულ-ფალაურ ენათა ოჯახთან არიან ახლოს ეთნიკურად.

ესე იგი, უნგრელ ნაციონალისტთა ნარატივით, ისინი თურქულებოვან ხალხებთან და იმ ჰუნებთან არიან ახლოს ისტორიული კულტურის თვალსაზრისით, რომლებმაც V  საუკუნეში, ატილას ბელადობით, კინაღამ დაანგრიეს და გაანადგურეს ევროპა.

ახლა კი, სწორედ იმ ნარატივით, რომ თურმე `ჩვენ იმ დიადი აზიური კულტურის შთამომავლები ვართ და ევროპამ აზია არ უნდა დაჩაგროს`, წინააღმდეგობას უწევენ ევროკავშირის კონსოლიდირებულ პოზიციას პუტინის რუსეთის შეკავებისა.

უნგრელთა გაკულტურება, მათი ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარება მოხდა ჰამბურგთა იმპერიაში. ჯერ `გერმანელი ერის წმიდა რომის იმპერიაში `და მერე `ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში`.

სამწუხარეოდ, როგორც ახლა ირკვევა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანისნაირნი და სპიკერ კევერისნაირნი `მოითბო გულზე` ევროპამ.

აბა ამაზე დიდი განსაცდელი, რაც დღესაა, ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.

არც ერთი ქვეყანა არ უწევს წინააღდმეგობას ევროპაში უკრაინის დაცვა/გადარჩენის პოლიტიკას ისე ბოროტად, როგორც ამას აკეთებს უნგრეთი.

მეორეს მხრივ, არც ერთი ქვეყანა ისე არ ეხმარება უკრაინას, როგორც პოლონეთი

. . . . . . . . . . . . . .

რუსეთში უდიდესი პრობლემა წარმოიშვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებთან დაკავშირებით. როგორიცაა ინსულინი მაგალითად, სხვადასხვა ჰორმონალური პრეპარატები და ა.შ. ანუ ყველაფერი ის, რასაც `ქრონიკულ მედიკამენტებს` უწოდებენ ექიმები. და ადამიანმა თუ არ დალია, შესაძლოა ლეტალური შედეგი დადგეს. კიდევ ერთი მაგალითია ეუთიროქსი, თიროქსინი და ა.შ და ა.შ.

ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია, რადგან ევროკავშირის არც ერთ სასანქციო პაკეტში წამლები არ შესულა. არც აპირებს ევროპა წამლების ექსპორტი აკრძალოს რუსეთში, რადგან ეს წამლები ავადმყოფ ადამიანებს სჭირდებათ.

თუმცა აქ იმუშავა `აჟიოტაჟური მოთხოვნის` სინდრომმა, როდესაც ადამიანები იყენებენ ნაცნობობას, კავშირებს, დიდ ფულს და იმის შიშით, ვაითუ წამლების ექსპორტი ევროპამ აკრძალოს ან ისე გაძვირდეს, მერე ვეღარ ვიყიდოთო, თუ სადმე ხელი მიუწვდებათ, ასეულობით კოლოფს ყიდულობენ და მერე მაცივრებში, სახლში ინახავენ.

ამიტომ დღეს რუსეთში წამლების წვრილ-წვრილი პარტიებით ექსპორტი ყველაზე მომგებიანია: ლარსის გამშვებ პუნქტზე უთვალავი სამარშრუტო ტაქსი (ვლადიკავკაზელი მძღოლებით) კვეთენ საზღვარს დღეში ორჯერ. ანუ ორ რეისსაც კი ასწრებენ დილით და საღამოს. დიდუბის ავტოსადგური სავსეა ასეთი მანქანებით. თითო მძღოლმა ათი კოლოფი გერმანული წარმოების `ეუთიროქსი`, `ქსარელტო`  ან სხვა დეფიციტური წამალი რომ შეიძინოს, რუსეთში ხუთჯერ ძვირად გაყიდის. რუს მესაზღვრეებს მითითება აქვთ, რომ ხელი არ შეუშალონ ამგვარ იმპორტს.

მილიონები კეთდება ამ ბიზნესზე უკვე. თან გადასატანად იოლია: კოლოფით წამლები. ვიმეორებ: არც ერთ სასანქციო პაკეტში არ არის.

ოღონდ ეს მხოლოდ წამლის კონტრაბანდულ ექსპორტს არ ეხება.

არანაკლები აჟიოტაჟია ახლა რუსეთში მანქანის სათადარიგო ნაწილებზე.

წამლებისაგან განსხვავებით, მათი ექსპორტი რუსეთში ფაქტიურად შეწყდა, რაც `მერსედესმა` და სხვა ავტომწარმოებლებმა რუსეთში მუშაობა შეაჩერეს.

იმ რუსებს, ვინც ევროპულ და ამერიკულ მანქანებს ფლობენ, უდიდესი პრობლემები ექმნებათ. აქაც `დიდუბის ავტოსადგური` მაშველი რგოლია კრასნოდარელი და როსტოველი რუსებისთვის. ჩამოდიან საქართველოში, ყიდულობენ მანქანებს, ნაწილებად შლიან და მერე რამდენიმე რეისით გადააქვთ. იქ ბევრად ძვირად იყიდება.

ასეთი რამ ხდება აგრეთვე  სხვა სასაქონლო ნომენკლატურაზეც და ამას არაფერი ეშველება, სანამ ეგ გზა მოქმედებს ან სანამ ქართველი მებაჟეები არ მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციას.

არადა ინსტრუქცია არ არსებობს! ეს არის მთავარი. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ის `ნაციონალურ სანქციებს` არ შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა იმ სანქციებს უერთდება, რაც დასავლეთმა შემოიღო.

ოღონდ.....ის სანქციები ეხება საქონლის სამრეწველო რაოდენობით ანუ საექსპორტი ფორმით გადატანას. სამარშრუტოს მძღოლს საბარგულში რომ რაღაც უდევს ამაზე არ ვრცელდება ან არ სურთ გაავრცელონ. მთლიანობაში კი დიდი ნაკადი გამოდის და ესეც მილიონობით დოლარის ღირებულებისა.

 

დათო