საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივნისი. 2024 წელი
აფხაზეთში ჩვენთვის მუდამ საინტერესო და ნიშანდობლივი ამბები ხდება: ე.წ. „პრეზიდენტმა ბჟანიამ“ აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტში“ შეიტანა კანონპროექტი, რომლითაც აფხაზეთის „პრეზიდენტს“ ენიჭება აფხაზეთის „პარლამენტის“ დათხოვნის უფლება.
ირკვევა, რომ აქამდე ეს უფლება აფხაზეთის „პრეზიდენტს“ არ ჰქონდა და არც ახლა აქვს.
გარწმუნებთ, ვერც მიიღებს ამ უფლებას და რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, როცა ეს კანონპროექტი შეჰქონდა აფხაზეთის „პარლამენტში“, „პრეზიდენტ ასლან ბჟანიას“ მიზანი არც ყოფილა ამგვარი უფლების მიღება.
ეს სეპარატისტულ ელიტათა მორიგი სპექტაკლია და შევეცდები მოკლედ ავხსნა რაშია აქ საქმე:
უკვე დიდი ხანია მოსკოვი ასლან ბჟანიასგან მოითხოვს რუსეთის „B“ კატეგორიის ინტერესთა დაკმაყოფილებას. ესაა ახალი ათონის მონასტრის გადაცემა რუსული საპატრიარქოსთვის; ბინების ყიდვა-გაყიდვა რუსეთის მოქალაქეებზე; დიდი პრივატიზება რუსული ოლიგარქიული კაპიტალით და ა.შ და ა.შ.
„A“ კატეგორიის რუსული ინტერესები აფხაზურმა ელიტებმა მოსკოვს დაუკმაყოფილეს: აფხაზეთში დისლოცირებულია რუსის ჯარი; აფხაზეთის საზღვრებს, მათ შორის საზღვაო აკვატორიას რუსეთი აკონტროლებს; აფხაზთა 100% რუსული პასპორტი აქვს და ა.შ
მაგრამ რაც შეეხება „B“ კატეგორიის რუსულ ინტერესებს, აფხაზური ელიტები მუდმივად გაიძვერობენ და როცა მოსკოვში ახსენებენ უამრავ პირობას, რაც სოხუმისგან მიიღეს ამ ინტერესთა დაკმაყოფილების შესახებ, პასუხობენ: „რა ვქნათ ჩვენ კი გვინდა, მაგრამ.....პარლამენტი წინააღმდეგია და......“ .
ეს სპექტაკლია რასაკვირველია.
ამ სპექტაკლის მორიგი აქტი იყო, როცა აფხაზურმა „პარლამენტმა“ პუტინისთვის ე.წ. „პიცუნდას აგარაკის“ გადაცემის შესახებ აქტში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რაც იმ აქტს, ფაქტობრივად, აბათილებდა; თუმცა როდესაც რუსებმა ეს კითხვა დაუსვეს ბჟანიას და მის „მარჯვენა ხელს“, სერგეი შამბას (აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ მდივანი) იგივე უპასუხეს: „აბა რა ვქნათ, პარლამენტი წინააღმდეგი იყო და.....“
მაშინ რუსებმა, ვისაც ეს ყოველივე მოსწყინდათ, დაიწყეს „მხრების აჩეჩვა“: პარლამენტს როგორ ვერ მოუარეთო......„ჩაუნამიოკეს“, რომ მიუხედავად იმისა, საქმე ეხება რუსეთის არა „A“ კატეგორიის, არამედ „B“ კატეგორიის ინტერესებს, მოსკოვი ფინანსურ შეზღუდვებს დააწესებდა, სხვა სანქციებსაც შემოიღებდა.....
სწორედ ამიტომ გაითამაშა ახლა ბჟანიამ ეს სპექტაკლი: „აი ხომ ხედავთ ჩვენ აფხაზეთის პარლამენტის დათხოვნის უფლებას ვითხოვთ და......იმედია აფხაზეთის პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და......“ სინამდვილეში თვითონაც არ უნდათ, რომ აფხაზეთის „პარლამენტმა“ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, - მაშინ ხომ აღარ ექნებათ ეს მუდმივი არგუმენტი: „აბა რა ვქნათ, პარლამენტი წინააღმდეგია და.......“
ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტს: 1995 წელს, ანუ მას შემდეგ რაც შევარდნაძემ რუსებს 25 წლით დაუკანონა სამხედრო ბაზები საქართველოში (აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნების პირობით), მოსკოვმა რაღაც „მოძრაობები“ მართლა დაიწყო და ცდილობდა სეპარატისტები დაეთანხმებინა გარკვეულ დათმობებზე.
იმდენად, რომ სეპარატისტთა იმდროინდელი ლიდერი არძინბა თვალთმაქცურად დაეთანხმა, მაგრამ შემდეგ ქართულ-აფხაზური შეთანხმება სოხუმში ჩაიტანა, ვითომდაც აფხაზეთის „პარლამენტში“ შეიტანა და „მხრები აიჩეჩა“: „აბა რა ვქნათ, პარლამენტი წინააღმდეგია და.....“
ზუსტად იგივე ხდება ახლაც.
ოღონდ არა საქართველოსთან, არამედ უკვე თვით რუსეთთან მიმართებაში.
ამ სპექტაკლების შედეგი კი ისაა, რომ მოსკოვი სულ „ფეხს ითრევს“ აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციათა შემოღების თვალსაზრისით - იძულებულია აჰყვეს „დროის გაწელვაში“, რადგან აფხაზურ ელიტებს მეორე არგუმენტიც აქვთ სინამდვილეში: „აი დასავლეთი იმდენ რამეს გვთავაზობს თუ რაღაც რაღაც კომპრომისებზე წავალთ საქართველოსთან და......აქვეა ევროკავშირი....აქვეა NATO.....თქვენ რა, მდინარე ფსოუზე NATO-ს დროშა გინდათ იხილოთ?....“
მოარული აზრის თანახმად „აფხაზები მოსკოვს ამდენს ვერ გაუბედავენ“.
რეალურად, ვერ გაუბედავენ „A“ კატეგორიის ინტერესებში, მაგრამ „B“ კატეგორიის ინტერესები ამდენად არ „უღირს“ მოსკოვს, რაკი იცის, რომ თუ ამ საკითხებში აფხაზებს მეტისმეტად შეავიწროებენ, შესაძლოა კიდეც გაუბედონ ზოგი რამ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირობებში მოსკოვს ხელს არ აძლევს.
„პიცუნდას აგარაკი“ სინამდვილეში პუტინისთვისაც ნაკლებმნიშვნელოვანია (აგარაკების მეტი რა აქვს?!) და მით უმეტეს ნაკლებმნიშვნელოვანია სეპარატისტებისთვის.
აი სხვა B კატეგორიის ინტერესები კი („ახალი ათონი“, ბინების ყიდვა გაყიდვა თუნდაც „აპარტამენტების ფორმით“, ენგურჰესის სამართავი პულტის გადაცემა მოსკოვისთვის, დიდი პრივატიზება.....) მაინც იმდენად აქტუალურია და აქტუალიზებადი, ღია კონფლიქტი იქნება, რაც ახლა მოსკოვს ნამდვილად არ აძლევს ხელს.
მეორე საინტერესო თემა აფხაზეთთან დაკავშირებით ექსკურსიამძღოლებს უკავშირდება: როგორც ცნობილია, აფხაზეთში რუსეთიდან ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი რუსი ჩადის.
ოღონდ ჩვენში ბევრმა არ იცის, რომ რეალურად ამ 2 მილიონი ექსკურსანტიდან უდიდესი ნაწილი არა ტურისტი, არამედ „ერთდღიანი მოგზაურია“!
ისინი ჩადიან სოჭიდან ახალი ათონის და რიწის ტბის მოსანახულებლად.
და საღამოს ბრუნდებიან ისევ სოჭში ავტობუსებით.
რუს „ექსკურსანტებს“ მოჰყვებიან ხოლმე რუსი გიდები და აფხაზებმა სულ მალე შენიშნეს, რომ როდესაც ექსკურსია აღწევს ახალი ათონის მონასტერს, ეს რუსი გიდები ექსკურსანტებს უყვებიან, რომ მონასტერი აშენებულია რუსი ბერების მიერ XIX საუკუნეში და რუსული ეკლესიის ერთ-ერთი წმიდა სავანეა და რომ საერთოდაც აფხაზეთი რუსული მიწაა, რუსეთის იმპერიამ და მერე საბჭოთა კავშირმა ააშენა.....
აფხაზეთის ხელისუფლებამ მაშინვე აკრძალა რუსი გიდების ანუ რუსი ექსკურსიამძღოლების მუშაობა აფხაზეთში და იმ „ერთდღიან“ ტურისტებს დაუნიშნა აფხაზი გიდები, რომლებიც „ახალი ათონის მონასტრის“ მონახულებისას რუსებს არ ეუბნებიან „ეს რუსმა ბერებმა ააშენესო“; სამაგიეროდ ეუბნებიან, რომ აფხაზეთი უძველესი ქრისტიანული მიწა-წყალია, აქ არის დასვენებული სიმონ კანანელის ნეშტი და ა.შ და ა.შ.
ბუნებრივია, რუს გიდებს ეს არ მოეწონათ, - იჩივლეს მოსკოვში; მოსკოვმა დაუცაცხანა აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრეზიდენტ ბჟანიას, პრემიერ-მინისტრ ანქვაბს....იმათაც ჩვეული ტექნოლოგიით გაშალეს „უმწეოდ“ ხელები: „რა ვქნათ, აფხაზეთის კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის გიდებს და.......“
რუსების პასუხი: „კი მაგრამ თქვე Свиньи неблагодарные -რუსეთი ვართ „უცხო ქვეყანა?“ გასმევთ, გაჭმევთ, გინახავთ, გიცავთ, თქვენი ე.წ. „დამოუკიდებლობა ვცანით და.....საერთოდ აღარ გამოვაგზავნით რუს ტურისტებს და მერე ვნახოთ ერთი რას იზამთ....“
ამის პასუხად სოხუმში ჩვეულ ტექნოლოგიას მიმართეს მაშინვე: „აი პარლამენტში შევიტანთ კანონს „უცხოელი გიდების საქმიანობის ნებართვის“ შესახებ.......ვნახოთ რას იზამს პარლამენტი.....თუმცა ამას დრო დასჭირდება....ხომ იცით პარლამენტი პარლამენტია და......თუ მაინც მიიღებთ დამსჯელ ზომებს მაშინ...(იგივე) „აი ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი იყო ახლახან სოხუმში, ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.....დასავლეთი იმდენ რამეს გვთავაზობს თუ რაღაც რაღაც კომპრომისებზე წავალთ საქართველოსთან და......აქვეა ევროკავშირი.......აქვეა NATO.......თქვენ რა, მდინარე ფსოუზე NATO-ს დროშა გინდათ იხილოოოოოოოთ?!!!“
ასე თუ ისე „მუშაობს“ ჯერ-ჯერობით ეს ტექნოლოგია.
ოღონდ მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ საქმე ეხება რუსეთისთვის მეორეხარისხოვან ინტერესებს; აი პირველხარისხოვან ინტერესებს თუ შეეხებიან აფხაზები და მაგალითად ჩრდილო კავკასიაში ადიღურ-ჩერქეზული სეპარატიზმის მხარდაჭერას დაიწყებენ.....ნამდვილად აღარ „გაუვათ“ ამგვარი „ლბილი დაშანტაჟებები“. იქვე „დაადუღებენ“.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მოსკოვის მხარდაჭერილ სეპარატიზმთან დაკავშირებით ცხინვალს უკავშირდება. ანუ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“.
იქ ახლახან ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნების“ შედეგებია
Политическая партия «Народная партия» - 3514 голосов
(16,07%) • Социалистическая партия «Единство народа» - 918 голосов (4,20%)
• Политическая партия «Иры Фарн» - 1038 голосов (4,75%)
• Коммунистическая партия - 1557 голосов (7,12% )
• Политическая партия «Единство» - 409 голосов (1,87%) •
. Политическая партия «Единая Осетия» - 6942 голосов (31,74%)
• Политическая партия «Ныхас» - 6690 голосов (30,59%)
გამოდის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სულ 21 068 ამომრჩეველმა.
გამოცხადება იყო 54%.
მაშასადამე „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა დაახლოებით 50 000 თუ მცირეწლოვნებს დავუმატებთ, ოღონდ......დიდმა ნაწილმა ვლადიკავკაზში მისცა ხმა.
ამ ე.წ. „არჩევნებში“, რომლებიც ეთნოწმენდის ტერიტორიაზე გაიმართა, „გაიმარჯვა“ „პრეზიდენტ ალან გაგლოევის“ პარტიამ «Ныхас» - 6690 ხმა (30,59%).
საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ოს სეპარატისტთა ელიტები შეეცდებიან ჯერ არ დაარღვიონ „სტატუს-კვო“, რაც ამჟამად ჩამოყალიბებულია და დაელოდონ „ხელის აქნევას“ ანუ „მწვანეს ანთებას“ მოსკოვიდან;
ისევ და ისევ მოსკოვის „ყურმოჭრილპატრონყმობის“ ფარგლებში, ისინი არც „ორი ოსეთის გაერთიანების“ თემის პედალირებას დაიწყებენ (ჯერ) და არც საქართველოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცებისას („თრუსოს ხეობა“, Триалетская осетия (ჯერ-ჯერობით), ხოლო ის ოსი სეპარატისტები და მათი ლიდერები, მაგალითად დავით სანაკოევი, რომლებიც ამ აგრესიული ზრახვებით გამოდიან საქართველოს წინააღმდეგ, მოსკოვს „რეზერვში“ ჰყავს გადაყვანილი ამჟამად.