საერთაშორისო მიმოხილვა. 14 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 თებერვალი. 2024 წელი

უკრაინის არმიის ახალ მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის, რომელმაც გენერალი ზალუჟნი შეცვალა, ჯერ-ჯერობით არაფერი ეტყობა, რომ დიდი შეტევის განხორციელებას აპირებს.

გერმანულ ZDF-თან ინტერვიუში სირსკიმ განაცხადა, რომ არმია იძულებულია გადავიდეს სტრატეგიულ თავდაცვაზე ფრონტის ხაზის გასწვრივ, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნით იარაღი.

უპირველეს ყოვლისა ჭურვები და არტილერიაც შეცვლას მოითხოვს, რადგან ფრონტზე იმდენად ინტენსიური „საარტილერიო დუელები“ მიმდინარეობს, რომ ქვემეხთა ლულები ცვდება.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ომს სამი უმთავრესი კომპონენტი აქვს: საარტილერიო ჭურვები, უპილოტო აპარატები და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ანუ დანაღმული ველები.

 აქვე ძალიან მოკლედ მიზანშეწონილია მოვიყვანოთ ალექსანდრე სირსკის ბიოგრაფია:

იგი დაიბადა 1965 წელს რუსეთის ვლადიმერის ოლქში. მამამისი საბჭოთა არმიის ოფიცერი იყო.

1970-იან წლებში როცა მამა უკრაინაში გადაიყვანეს, მან ოჯახიც უკრაინაში გადააცხოვრა და ალექსანდრემ ხარკოვში დაამთავრა სკოლა. სწორედ ეს ქალაქი მიაჩნია მშობლიურად.

შეიძლება ითქვას, ალექსანდრე სირსკი რუსეთში კი დაიბადა, თუმცა ხარკოვში დაიწყო ცხოვრება. მაგრამ მერე მოსკოვის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა 1986 წელს. ამაში არაფერია განსაკუთრებული: უკრაინული არმიის მაღალი რანგის ოფიცრების „ბიო“ ანალოგიურია, რადგან ეს იყო ერთიანი სახელმწიფო - სსრკ.

ოღონდ მოსკოვის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1986 წლიდან, ანუ ჯერ კიდევ სსრკ არსებობის დროიდანაც, ალექსანდრე სირსკის მთელი სამხედრო კარიერა მხოლოდ  უკრაინას უკავშირდება. იქ მსახურობდა ჯერ როგორც საბჭოთა არმიის ოფიცერი, შემდეგ უკვე როგორც დამოუკიდებელი უკრაინის ოფიცერი.

გენერალმა სირსკიმ გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ პუტინმა ვერ შეძლო კიევის აღება 2022 წელს. სწორედ მან გაამაგრა უკრაინის დედაქალაქი ისე, რომ პუტინისთვის ცხადი გახდა: კიევს ვერ აიღებდა უდიდესი მსხვერპლისა და ქალაქის დანგრევის გარეშემ რაც არ აწყობდა.

კიევის დაცვისთვის ალექსანდრე სირსკის უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

სირსკის სახელს უკავშირდება ხარკოვის მიმართულებით წარმატებული შეტევა. ალექსანდრე სირსკის ჩატარებულ ამ ოპერაციას, გარდა ტერიტორიის გათავისუფლების და ხარკოვისგან ფრონტის ხაზის გადაწევისა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური შედეგი მოჰყვა:

ა) უკრაინულმა არმიამ ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე ხელთ იგდო გაქცეული რუსული არმიის დიდძალი იარაღი. უპირველესად მძიმე შეიარაღება.

) სწორედ ამ წარმატებული შეტევის გამო, პუტინი იძულებული გახდა გამოეცხადებინა მობილიზაცია.

ალექსანდრეს ღვიძლი ძმა ოლეგი ახლაც ვლადიმერში ცხოვრობს. რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს და ძმის შესახებ ამბობს, რომ მასთან არანაირი კონტაქტი არა აქვს.

. . . . . . . . . . . . . . . . .  

გერმანიის მთავრობამ ქვემო საქსონიის მხარეში,  ქალაქ უნტერლიუსთან უდიდესი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც ჭურვები უნდა აწარმოოს.

ისევ და ისევ, უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა - საარტილერიო ჭურვები.

წელიწადში 300 000 ჭურვის წარმადობა ექნება ამ ქარხანას.

მისი საძირკვლის ჩაყრაში გერმანიის კანცლერმა და დანიის პრემიერმა მიიღეს მონაწილეობა.

გერმანული ინდუსტრიული გიგანტის Rheinmetall-ის პრეზიდენტმა, არმინ პაპპერგერმა განაცხადა, რომ ევროპას 10 წელი დასჭირდება, რათა საკმარისი რაოდენობის ჭურვები დაამზადოს მაშინ, როდესაც ამჟამად (ციტატა) „ჩვენი საწყობები ცარიელია - რაც გვქონდა ყველაფერი უკრაინაში გავაგზავნეთო“

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

ჩინეთის და თურქეთის ბანკებმა დაიწყეს რუსეთის საკორესპონდენტო  ანგარიშების ბლოკირება და ტრანზაქციების უარყოფა.

ეს არის ამერიკის გაფრთხილების პირდაპირი შედეგი, რომ თუ გააგრძელებდნენ რუსეთის „პარალელური იმპორტის“ ფინანსურ-საბანკო მომსახურებას, ვაშინგტონი მკაცრ ზომებს მიიღებდა.

ის, რომ ამჯერად სანქციები მუშაობს და ჩინურ, ასევე თურქულ ბანკებს ნამდვილად შეეშინდათ, დასტურდება მარტივი კალკულაციით: მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე ჩინური იუანისა და თურქული ლირას ვაჭრობა მკვეთრად შემცირდა!

 

 

 

  . . . . . . . . . . . . . . . . .  

პოლონეთის პროფკავშირმა „სოლიდარობა“ განაცხადა, რომ 20 თებერვლიდან გადაკეტავს ყველა სასაზღვრო პუნქტს უკრაინასთან საზღვარზე, რათა არ დაუშვას პოლონეთში უკრაინული ხორბლის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანა.

პოლონელი ფერმერები, რომელთა ინტერესებს გამოხატავს „სოლიდარობა“, თვლიან, რომ უკრაინული ხორბალი (და არა მხოლოდ ხორბალი, ვიმეორებ, არამედ სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია) ანგრევს პოლონეთის სოფლის მეურნეობას, რაკი ბევრად იაფია, ვიდრე პოლონური ანალოგიური პროდუქცია.

ჯერ ერთი, მე შეგახსენებთ, რომ ეს ის „სოლიდარობაა“, რომელმაც 1979-1981 წლებში უდიდესი მოძრაობა წამოიწყო საბჭოთა იმპერიისა და მოსკოვის წინააღმდეგ.

შეიძლება ითქვას, საბჭოთა იმპერიის ნგრევას დაუდო სათავე აღმოსავლეთ ევროპაში, ახლა კი პოლონეთ-უკრაინის საზღვარს ბლოკავს და ამით ობიექტურად ხელს უწყობს პუტინის აგრესიული გეგმების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, აქ აუცილებლად აღსანიშნავია, რომ პოლონელი ფერმერები წინააღმდეგნი იქნებიან უკრაინის ევროკავშირში მიღების იმავე მიზეზით: უკრაინას აქვს პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ უდიდეს ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .  

პუტინის პათოლოგიისა და პარანოიის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება: რუსული გენერალური პროკურატურის საიტზე „მოულოდნელად“ გაჩნდა ჩანაწერი: „კალას კაია. იძებნება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად“

შეგახსენებთ: კაია კალასი არის ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. იგი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იმაზე მეტად, ვიდრე ლიტვის ხელმძღვანელობა მაგალითად, ან პოლონეთის ხელმძღვანელობა. ამის მიუხედავად რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მაინცდამაინც  მის წინააღმდეგ აღძრა საქმე. თანაც არ განუმარტავს რატომ, რა მუხლითაა აღძრული საქმე კაია კალასის წინააღმდეგ; ანუ რაში ადანაშაულებენ?

გასაგებია, რომ პუტინი მას ადანაშაულებს უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ რომელი მუხლით აღძრეს საქმე? ტერორიზმის? ტერორიზმის მხარდაჭერის?

ამაზე, მცირე ინფორმაციაში, არაფერია ნათქვამი.

პარანოიის გაგება შეუძლებელია. ისევე, როგორც მასში რაიმე ლოგიკისა და საზრისის ძიება

  . . . . . . . . . . . . . . . . .  

ამერიკის მთავრობამ ნიუ იორკის სასამართლოს მიმართა თხოვნით, დართოს ნება აუქციონზე გაყიდოს სუპერიახტა „ამადეა“, რომელიც რუს ოლიგარქ ხუდაინატოვს ეკუთვნის, თუმცა სინამდვილეში, ზოგიერთი ცნობით, მასზე მხოლოდ გაფორმებულია, - - -  რეალურად  ეკუთვნის ვლადიმერ პუტინს.

106 მეტრი სიგრძის იახტა დაპატიმრებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ფარგლებში. მისი შენახვა ამერიკის ბიუჯეტს ყოველწლიურად 7 მილიონი დოლარი უჯდება. მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხუდაინატოვთან, რათა მას გადაეხადა ეს 7 მილიონი დოლარი, თუმცა მან მედიდური უარი განაცხადა.

იახტა დაპატიმრებული კია, თუმცა ჩამორთმეული არ არის. რუსული მხარე აქტიურად იყენებს ამერიკულ სასამართლო სისტემას, ქირაობს საუკეთესო ადვოკატებს, რათა პროცესი რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .  

აზერბაიჯანმა რამდენიმე სომეხ ჯარისკაცი მოკლა და სომხური ბლოკ პოსტი გაანადგურა საზღვართან, სომხეთის ტერიტორიაზე (!) მას შემდეგ, რაც სომხური ბლოკ-პოსტიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს და ერთი აზერი ჯარისკაცი დაიჭრა.

აზერბაიჯანულმა არმიამ დრონები და არტილერია გამოიყენა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად აღიარა, რომ მისმა ჯარისკაცებმა ესროლეს აზერ მებრძოლებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო ევროკავშირის„საგარეომ“, ჟოზეფ ბორელმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ სომხებმა ესროლეს აზერებს. მეორე დღეს კი ევროკავშირმა არ დაგმო აზერბაიჯანის არმიის პასუხი, ოღონდ მას „არაპროპორციული“ უწოდა.

ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ აჩვენებს, რა საცოდავ, დაჩაგრულ, დაბეჩავებულ მდგომარეობაშია სომხეთი აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისით: სამხედრო თვალსაზრისით, დიპლომატიური თვალსაზრისით....ყოველნაირად დაამარცხა და დააბეჩავა აზერბაიჯანმა.

არადა 10 წლის წინ თავი შეუქცევადად გამარჯვებულად მიაჩნდათ. გამარჯვების ეიფორიაში არ სურდათ გაეგოთ, რომ 1994 წლის გამარჯვება მარადიული ვერ იქნებოდა: აზერბაიჯანი არ გამქრალა, არსად წასულა - 10 მილიონიანი ქვეყანა და მისი 80 მილიონიანი მოკავშირე თურქეთი ისევ იქ იყვნენ და მხოლოდ მომენტურს ელოდნენ ისტორიული რევანშისთვის.