საერთაშორისო მიმოხილვა. 11 სექტემბერი 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 სექტემბერი 2021 წელი.

თემა: `ათასწლეულის ტერაქტი`

 

ზუსტად 20 წელი შესრულდა ამერიკაზე და მთელს თავისუფალ სამყაროზე თავდასხმიდან, რასაც `ათასწლეულის ტერაქტი` უწოდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო 21-ე საუკუნისა და III ათასწლეულის პირველი დიდი, გლობალური მნიშვნელობის მოვლენა, არამედ იმიტომაც, რომ მან მნიშვნელოვნად განსაზღვრა გეოპოლიტიკურ პროცესთა განვითარება პლანეტაზე:

 როგორც წყალში ჩაგდებული ქვა იწვევს ტალღებს, ასე გამოიწვია 9/11 ტერაქტმა სერიოზული ცვლილებები ამერიკის გლობალურ როლში, განაპირობა ამერიკული ჯარების შეყვანა ავღანეთში, ომი ერაყში, ამერიკის შესვლა ცენტრალურ აზიაში, მაჰმადიანური კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება ამერიკისა და ევროპის მიერ, რათა მუსლიმურ სამყაროში დასავლური ძალის პროეცირება არ აღქმულიყო `ანტიისლამიზმის` გამოვლინებად და ა.შ.

`ათასწლეულის ტერაქტმა` გამოიწვია ამერიკაში ანტიიზოლაციონისტთა პოზიციების გაძლიერება, რასაც შემდგომ, უკვე ნაწილობრივ ობამას, განსაკუთრებით კი ტრამპის პრეზიდენტობისას მოჰყვა `მეორე უკიდურესობა`, ესე იგი იზოლაციონიზმის აფეთქება.

ასეთი უკუქცევაც  ხშირად ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში:  სწორედ ტრამპმა (და არა ბაიდენმა) გააფორმა ხელშეკრულება თალიბებთან ჯარების გაყვანის შესახებ

ამ აზრით `ათასწლეულის ტერაქტმა` გავლენა მოახდინა ყველა ქვეყანაზე, ყველა ადამიანზე, მათ შორის, რასაკვირველია საქართველოშიც.

შეიძლება ითქვას, 9/11 ტერაქტით და ამერიკაზე მზაკვრული თავდასხმით გამოწვეული `ტალღები` არ ჩამცხრალა 20 წლის შემდეგ ავღანეთიდან ამერიკისა და NATO-ს სამხედრო კონტინგენტის წასვლით, რადგან ცვლილებები ბევრ რეგიონში ძალიან მყარი აღმოჩნდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, 4 სამგზავრო თვითმფრინავი აშშ აღმოსავლეთ სანაპიროდან (ბოსტონი, ვაშინგტონი, ნიუ-ჯერსი) გაფრინდა დასავლეთ სანაპიროს (ლოს-ანჟელესი, სან-ფრანცისკო) მიმართულებით. მათ ბორტზე იმყოფებოდა 19 არაბი ტერორისტი, რომელთა ლიდერი იყო მძვინვარე ფანატიკოსი, მუჰამმედ ათთა.

ზოგმა მათგანმა ამერიკის სამხრეთში, ფლორიდას შტატის  კერძო საფრენ სკოლებში გაიარა მომზადება და ისწავლა თვითმფრინავის მართვა.

ტერორისტები შეიარაღებულნი იყვნენ ქაღალდის საჭრელი დიდი დანებით ანუ ე.წ. `საკანცელარიო დანებით`, რომელთა ბორტზე ატანა მაშინ არ იკრძალებოდა

აფრენის შემდეგ, ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს ჯერ ბორტგამცილებლები, მოკლეს რამდენიმე მგზავრი, შეაღწიეს პილოტთა კაბინაში და შეატრიალეს თვითმფრინავები სამიზნეებისკენ.

ორი თვითმფრინავი შეასკდა ნიუ იორკის `მსოფლიო სავაჭრო ცენტრის` ცათამბჯენებს. სულ რაღაც ნახევარ საათში ორივე ჩამოინგრა.

ბევრს უკვირდა, რატომ ჩამოიშალა ეს ცათამბჯენები, რომლებიც 7- 8 ბალიან მიწისძვრაზე იყო გათვლილი.

მიზეზი ის გახდა, რომ აშშ აღმოსავლეთ სანაპიროდან - დასავლეთ სანაპიროსკენ გაფრენილ თვითმფრინავთა ბაკები საავიაციო ბენზინით იყო სავსე. შესკდომის შედეგად, ეს საწავი შენობაში დაიღვარა, აალდა, გაჩნდა საშინელი ძალის ხანძარი, ამ ხანძარმა `დაარბილა` ცათამბჯენთა საყრდენი კონსტრუქციები და მათ უკვე ვეღარ გაუძლეს ზედა სართულთა სიმძიმეს. დაიშალენ `დომინოს პრინციპით`.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი ვაშინგტონში შეასკდა აშშ თავდაცვის სამინისტროს შენობას (პენტაგონს).

მეოთხე თვითმფრინავი მიემართებოდა აშშ კონგრესის ან თეთრი სახლისკენ, მაგრამ მგზავრებმა შეიტყვეს მომხდარის შესახებ და სცადეს პილოტთა კაბინაში შეღწევა. მათ შეამტვრიეს კარი და სულ ცოტა დააკლდათ, რომ მართვა დაებრუნებინათ, მაგრამ ტერორისტებმა თვითმფრინავი მიწისკენ მიმართეს პენსილვანიაში, როცა ვაშინგტონამდე რამდენიმე წუთის ფრენა იყო დარჩენილი.

 ამ დროს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები კაპიტოლიუმის კიბეებზე იდგნენ და ხელიხელ ჩაკიდებულნი მღეროდნენ ამერიკის ჰიმნს.

ტერაქტის შედეგად სულ დაიღუპა სამი ათასამდე (2 996) ადამიანი.

უმრავლესობა, რასაკვირველია WTC-ში.

იმ სამუშაო დღეს, დილით,  ცათამბჯენებში დაახლოებით 40 000 ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ბევრმა მოასწრო გამოსვლა, სანამ შენობები ჩამოინგრეოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გრანდიოზული ტერაქტის სულისჩამდგმელი იყო ტერორისტული ორგანიზაცია (უფრო ზუსტი იქნებოდა ვთქვათ `ტერორისტული ქსელი` - Network) `ალ ყაიდას` ლიდერი, მილიონერი უსამა ბენ ლადენი და ქუვეიტელი ისლამისტი, ჰალიდ შეიხ მუჰამმედი, რომელიც ამერიკელებმა 2003 წელს პაკისტანში შეიპყრეს და დღემდე გუანტანამოს სამხედრო  ბაზაზე ჰყავთ - კუბის ტერიტორიაზე. 

ტერორისტთა უმრავლესობა (17 მათგანი) საუდის არაბეთში დაიბადა და გაიზარდა. 1 - ეგვიპტელი და 1 - ლიბანელი.

 აღსანიშნავია, რომ  თითქმის ყველა მათგანი მდიდარი, ელიტური ოჯახებიდან იყო. არაფერი `უჭირდათ`, გარდა მძვინვარე რელიგიური ფანატიზმისა. თუმცა........ეს ფანატიზმიც რაღაც უცნაური აღმოჩნდა: ზუსტად დადგენილია, რომ ბოსტონში, წინა საღამოს, ტერორისტებმა ექსკორტის გოგონები გამოიძახეს სასტუროში.

ამის ახსნა ძნელია. ანუ ერთის მხრივ `მოჯაჰედები ვართო`, ანუ `შეიჰიდები`, ანუ რწმენის სიწმინდეს შეწირულები, ესე იგი დასავლური გარყვნილების წინააღმდეგ თავგანწირვით მებრძოლები, მაგრამ იმავე დროს..... ექსკორტის გოგონები წინა საღამოს.

კომენტარი უადგილოა, თუმცა ეს არის ფაქტი, ხოლო ფაქტი, როგორც ცნობილია,  `ჯიუტი რამაა`.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღემდე არ წყდება კამათი `როგორ გახდა ეს შესაძლებელი` ამერიკაში.

რუსული `საინფორმაციო ჯარები` ავრცელებდნენ და ავრცელებენ ათასგვარ დეზინფორმაციას, თითქოს  ტერაქტი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა თვითონ მოაწყვეს და ა.შ.

რასაკვირველია ტყუილია! მაგრამ ამერიკის კონგრესის კომისიამ, რომელიც ტერაქტის შემდეგ შეიქმნა, ზუსტად დაადგინა: ტერაქტი შესაძლებელი გახადა სისტემურმა გარღვევამ (ჟარგონით თუ ვიტყვით`პრაკოლმა`) ამერიკულ სპეცსამსახურთა მუშაობაში.

საქმე ისაა, რომ CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ფლობდა ინფორმაციას ამ 19 ტერორისტიდან რამოდენიმეს ამერიკაში გამგზავრების შესახებ და ეს ინფორმაცია არ მიაწოდა FBI-ს ან Secret service -ს. ანუ იმ ორგანოებს, ვისაც შეეძლოთ ტერაქტის აღკვეთა ამერიკის ტერიტორიაზე.

რასაკვირველია CIA-მ არ იცოდა, კონკრეტულად რას აპირებდნენ ეს ტერორისტები! ამ უწყების გასაგები მოტივი იყო,  დაეცვა თავისი წყაროები, - ინფორმატორები არაბულ და ისლამურ სამყაროში, ვისგანაც მიიღო მათ შესახებ ინფორმაცია.

ანუ CIA ლოგიკით თუ ამ არაბ ტერორისტებს ამერიკაში დააპატიმრებდნენ, წყაროები `გაიყიდებოდნენ`.

ვიმეორებ: CIA-ს რომ სცოდნოდა, ისინი კონკრეტულად რას აპირებდნენ, მაშინ კი მიაწვდიდნენ ინფორმაციას `კოლეგებს`............ამის შედეგად FBI და Secret service ტერორისტებს  `დასვამდა` მოსმენებზე, მიყურადღებაზე, თვალთვალზე და აუცილებლად გაიგებდა რასაც აპირებდნენ. ანუ  მოხდებოდა მათი დაპატიმრება ტერაქტამდე.

ესე იგი, სისტემურმა პრობლემამ ამერიკული (პირობითად) `დაზვერვისა` და `კონტრადზვერვის` ურთიერთქმედებაში დიდწილად განაპირობა ის, რომ მოხდა `ათასწლეულის ტერაქტი` ამერიკაში.

ამის შემდეგ ამერიკის კონგრესმა შეიტანა ცვლილება კანონში, რომლითაც დაავალდებულა დაზვერვა და კონტრდაზვერვა, უფრო აქტიურად გაცვალონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ასეთივე პრაქტიკა მიიღეს სხვა სახელმწიფოებმა.

2006 წელს, მხოლოდ და მხოლოდ ამის წყალობით მოახერხეს ინგლისურმა სპეცსამსახურებმა  არანაკლებ საშინელი ტერაქტის აღკვეთა: რამდენიმე ათეული ისლამისტი აპირებდა 20 (ოცი!!!) თვითმფრინავი აეფეთქებინა ატლანტიის ოკეანის თავზე მას შემდეგ, რაც ისინი ბრიტანეთიდან ამერიკისკენ გაფრინდებოდნენ.

უნდა შეეტანათ ბორტზე წყლის ბოთლებით ასაფეთქებელი ნივთიერებები, მერე ჩაკეტილიყვნენ საპირფარეშოში, შეერიათ ეს ნივთიერებები და დარტყმით აეფეთქებინათ 11 კილომეტრის სიმაღლეზე. ზოგი ასაფეთქებელი ნივთიერება დარტყმითაც ფეთქდება და არა მხოლოდ ნაპერწკლით

საბედნიეროდ, ინგლისის საგარეო დაზვერვამ (MI-6 - აი, პირობითად, მოგონილი პერსონაჟი, ჯეიმს ბონდი სადაც მსახურობს) მოიპოვა ეს ინფორმაცია პაკისტანელი წყაროებისგან და დროულად მიაწოდა ინფორმაცია ინგლისის კონტრ-დაზვერვას (MI-5), რის შემდეგაც ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა პაკისტანელი ტერორისტები აეროპორტებში აიყვანეს, სანამ გაფრინდებოდნენ.

სწორედ იმ მომენტიდან, ყველა ჩვენგანს ავიაკომპანიები გვიკრძალავენ ბორტზე წყლის და ნებისმიერი თხევადი ნივთიერების შეტანას თუ  წყალი ან სასმელი, სასაზვრო კონტროლის შემდეგ, უშუალოდ `დიუთი- ფრიში` არ არის შეძენილი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

`ათასწლეულის ტერაქტის` 20 წლისთავი ამერიკელებს და ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანს მთელს მსოფლიოში ნამდვილად დაუმძიმა ავღანეთის ბოლოდროინდელმა ამბებმა, რასაც რუსული და სხვა ამნტიამერიკული პროპაგანდა იყენებს ამერიკის წინააღმდეგ.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ 2011 წელს ამერიკელებმა შეძლეს  ნომერ პირველი ტერორისტის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია პაკისტანში, ხოლო უშუალოდ იმ ტერაქტის კოორდინატორი, ე.წ. `შეიჰი` ჰალიდ მუჰამედი გუანტანამოს ბაზაზეა, სადაც კარგი დღე არ ადგას.

დასავლეთის უსაფრთხოების ინსტიტუტებმა  კი მიიღეს სისტემური გადაწყვეტილებები, ცვლილებები, ზომები, რათა ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2001 წლის 11 სექტემბერს, როცა მთელი ამერიკა, მთელი მსოფლიო ელოდა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას, ჯორჯ ბუშმა იპოვა სწორი სიტყვები და ზუსტი მესიჯი:

 `ტერორისტებს შეუძლიათ დაანგრიონ ჩვენი ყველაზე მაღალი შენობები, მაგრამ მათ არ შესწევთ ძალა, დაანგრიონ ჩვენი დემოკრატია და ჩვენი ცხოვრების წესი`.

 

დათო