საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ივლისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ივლისი. 2022 წელი

აფხაზეთში დიდი აურზაურია იმის გამო, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტმა` უნდა დაარატიფიციროს 1995 წლის შეთანხმება `აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის` გუდაუთის რაიონში საუკეთესო სამთავრობო აგარაკების მოსკოვისთვის უვადოდ  გადაცემის თაობაზე.

მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ის აგარაკი, რომელსაც საბჭოთა დროს იყენებდნენ სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ბოლოს ანდროპოვი და გორბაჩოვი, ამ შეთანხმებით უნდა გადაეეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მისი დაცვის სამსახურს უვადო სარგებლობაში!

იქ შევა რუსეთის ფედერაციის  დაცვის სამსახური, გააკეთებს რაც უნდა, ანუ პუტინს და მედვედევს ექნებათ კიდევ ერთი აგარაკი, სადაც აფხაზებს ცხვირს არ შეაყოფინებენ.

1995 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი ადენი ხნის განმავლობაში `ჯანჯლდებოდა`, - სოხუმს არ უნდოდა მოსკოვისთვის ამ უნიკალური ადგილების გადაცემა, რადგან მათ რუსეთის არმია და სპეცსამსახური რა თქმა უნდა შემოღობავს და ფაქტიურად რუსეთის ტერიტორია გახდება

`ამაყი აფხაზები` ამას თითქოს ასე ადვილად არ შეურიგდებოდნენ, მაგრამ პუტინს ბოლოს და ბოლოს მოთმინების ფიალა აევსო და ბენიზნი გაუძვირა. ემუქრება საზღვრის ჩაკეტვითაც ანუ ტურისტული სეზონის ჩაგდებით.

რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ტერიტორიაზე (ზღვით) პუტინს შეუძლია ჩავიდეს ისე, რომ არც არაფერი კითხოს აფხაზეთის ე.წ. `ხელისუფლებას`: მაგალითად მიუსერაში არის უნიკალური აგარაკი, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ გორბაჩოვმა ააშენა. ზუსტად თუ ვიტყვით, უაშუალო მშენებლები ქართველი ინჟინრები იყვნენ და ქართველი მუშები, რომლებიც სპეციალურად ჩაიყვანეს აფხაზეთში.

აგარაკის მშენებლობა 1988 წელს დასრულდა. ის სხვა დრო იყო.....

გორბაჩოვმა მიუსერაში დასვენება ერთხელაც ვერ მოასწრო, რადგან სსრკ მალე დაინგრა.

ახლა პუტინს და მის არაოფიციალურ ოჯახობას (ალინა კაბაევას) სურთ მიუსერაში, გენიალურ ადგილას, აბსოლუტურად ჭკუიდან შემშლელ სილამაზეში ზაფხულობით გემით კატარღით ჩასვლა და იქ განცხრომა.

ძალიან კი ცდილობდნენ აფხაზები ეს დღე გადაევადებიანთ, მაგრამ პუტინმა ბოლოს ულტიმატუმი წაუყენათ და რა ქნან?

ჯერ რატიფიცირებული არ არის შეთანხმება, აფხაზ ხალხში სასტიკ გულისტკივილს და გაბრაზებას იწვევს, მაგრამ  კარგი დედმამის შვილები არიან, არ დაარატიფიცირებენ.

ასე იცის მოსკოვის მონობამ.

. . . . . . . . . . 

ნიშანდობლივი სიახლეა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გაემგზავრა რუსეთის ავტონომიებში - რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში, თათრეთსა და ბაშკირეთში, სადაც დიდი ზარ ზეიმით, წითელი ხალიჩით და პურმარილით დახვდნენ.

რატომ არის ეს ნიშანდობლივი? იმიტომ, რომ როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, მოსკოვი უკმაყოფილოა აფხაზთა უარით, დაუშვას რუსების მიერ აფხაზეთში ბინების ყიდვა. ამიტომ ბენზინი გაუძვირა და ცდილობს მოახრჩოს. სოხუმი კი, თათრეთსა და ბაშკირეთში ჩაცუნცულებით,  ცდილობს ითამაშოს წინააღდმეგობებზე მოსკოვსა და მის ავტონომიებს შორის.

მართალია ისინი თითქოს მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერაფერს გაბედავენ, თუმცა....როგორც ისტორია გვასწავლის, ასე მარტივად და იოლადაც არ არის საქმე: განსაკუთრებით თათრეთის ძლიერ ელიტებს აქვთ გარკვეული` ფანჯარა` რათა ითამაშინ აფხაზთა სასარგებლოდ, - სოხუმთან ხელშეკრულებები გააფორმონ, სანაცვლოდ სანატორიუმები მიიღონ და სხვა ამგვარი.

ახლა ასლან ბჟანიას იმედი აქვს, რომ თათრეთიდან მიიღებს ბენზინს უფრო იაფად, ვიდრე საკუთრივ რუსებისგან იღებს.

რუსეთმა შესაძლო ჩაკეტოს საზღვარი და არ გაატაროს, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს უკვე მეტისმეტად აშკარა დაპირისპირება იქნება როგორც სოხუმთან, ასევე ყაზანთან;  უკრაინის ფონზე პუტინს ახლა ეს არ აწყობს. ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია რუსული სოციუმი ამ სისხლისმღვრელი ომის გაჭიანურების გამო.

იგივეა ბაშკირეთი, ანუ ბაშკორტოსტანი. სინამდვილეში მუდამ `ფრთხილ` ოპოზიციაშია მოსკოვთან, რადგან რუსეთის მიმართ თათრები და ბაშკირები სეთივე სეპარატისტები არიან, როგორც აფხაზები - საქართველოს მიმართ. უბრალოდ მოსკოვს ამდენს ვერ უბედავენ

ჯერ-ჯერობით.

. . . . . . . . . . 

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხდება ამერიკაში. იმიტომ, რომ ამერიკა ჩვენი მთავარი მფარველი და, პოტენციურად, სტრატეგიული მოკავშირეა.

ამერიკის კონგრესმა (მისმა საგამოძიებო კომისიამ) უკვე `დადო` აბსოლუტურად შეუვალი მტკიცებულებები, რომ დონალდ ტრამპმა 2021 წლის იანვარში ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როცა მისი მომხრეები კონგრესში შეიჭრენ.

მინიმუმ ეს მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რათა აშშ 45-ე პრეზიდენტს ბრალად წაუეყნონ Abuse of power ანუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ უარეს შემთხვევაში სახელმწიფო გადატრაილების მცდელობა.

მაგრამ რაც უფრო ახლოვდება ის დღე, როცა ამერიკის გენერალურმა პროკურატურამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ საქმეზე, მით უფრო იზრდება წუხილი, რომ ყოფილი პრეზიდენტის და ქარიზმატული პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა საშიშ პრეცედენტს შექმნის - სამართლის პოლიტიზაციისა.

სამწუხაროდ, ამერიკა ამ დღესაც მოესწრო, რომ დაახლოებით იმ კონტექსტში უწევს `სამართლის პოლიტიზაციაზე` ლაპარაკი, როგორც საქართველოს და სხვა ქვეყნებისა:

ჩვენთვის კარგად ცნობილი ნარატივით:   `პოლიტპატიმარი იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი უდანაშაულოა, არამედ მხოლოდ იმას, რომ თვით მის წინააღმდეგ საქმის აღძვრამ დააზიანა პოლიტიკური პროცესი ანუ ზემოქმედება მოახდინა პოლიტიკურ პროცესზე`.

სწორედ ამ სტანდარტით, რასაც ამერიკა მთელს მსოფლიოს უდგენს და უდგენს სამართლიანად, ტრამპი, დიახაც,  პოლიტპატიმარი გახდება თუ დააპატიმრებენ.

ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა, მაგრამ მისი დაჭერა მაინც პოლიტიკურია აქტი გამოვა, რაკი პოლიტიკოსია, პრეზიდენტობის კანდიდატია და ოპოზიციური პარტიის რჩეულია`.

 

მაგრამ მეორეს მხრივ, მიმდინარე კვირას ასევე მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც მოუწევს ძალიან სერიოზული განსაცდელის გადალახვა: რამდენიმე დღეში იგი ეწვევა საუდის არაბეთს, სადაც გეგმავს შეხვედრას საუდის სამეფოს ფაქტობრივ მმართველთან, პრინც მუჰამედ იბნ სალმანთან.

სალმანი არის მკვლელი: მისი ბრძანებით, საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა სტამბულში მოკლეს, მერე მჟავაში ჩააგდეს და ნარჩენი კანალიზაციას გაატანეს საუდელი ოპოზიციური ჟურნალისტი, `ვაშინგტონ პოსტის` კოლუმნისტი ჯამალ ჰაშშოგი.

ამის გამო, ვინ მოთვლის, ჯო ბაიდენს რამდენჯერ უწოდებია მემკვიდრე პრინც იბნ სალმანისთვის `მკვლელი` და `ნაძირალა`. ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ ერთი ემოციური გამოსვლისას ამერიკელმა ლიდერმა: Pariah. ამ ინგლისური ტერიმის საუკეთესო და რელევანტური თარგმანი, ჩემი აზრით, არის `ნაძირალა`.

ჰოდა ამ მართლა ნაძირალას როგორ გინდა ახლა ხელი ჩამოართვა?

 მაგრამ რას იზამ.....ბაიდენი, ამ დიდებული ქვეყნის (ამერიკის) პრეზიდენტი, ხვალ ან ზეგ მაინც შეხვდება `ნაძირალას`; ფაქტობრივად ქედს მოუხრის და სთხოვს, გააიაფოს ნავთობი, რათა ამერიკას შეეძლოს კისერი მოუგრიხოს პუტინს და დაეხმაროს უკრაინას.

მუჰამმედ იბნ სალმან ალ საუდის  ერთი სიტყვა იქნება საკმარისი, რომ ნავთობი მსოფლიოში ორჯერ გაიაფდება. სამჯერაც კი: როგორც 1984 წელს, როცა საუდის არაბეთმა იგივე გააკეთა ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის თხოვნით და საბჭოთა კავშირიც მალე ჩამოიქცა.

მაგრამ მოიქცევა კი ასე იბნ სალმანი? და რას მოითხოვს იგი სანაცვლოდ?

მისი პირუტყვული, შუასაუკუნოვანი მენტალობიდან გამომდინარე, შესაძლოა არც არაფერი მოითხოვოს დიდი ამერიკის პრეზიდენტის საჯარო დამცირების გარდა! ამით კიდევ უფრო დაამციროს!

პოლიტიკა სასტიკია...... ძააააალიან სასტიკი.

ხოლო არჩევანი ღირებულებებსა (მაშასადამე ღირსებასა) და ინტერესებს შორის - ყველაზე მტანჯველი არჩევანია.

ასე იყო, არის და იქნება მუდამ.

ნამდვილად ცუდ დღეშია ჯო ბაიდენი ახლა

. . . . . . . . . . 

უკრაინა ემზადება უძლიერესი შეტევისთვის სამხრეთის, ანუ ხერსონის მიმართულებით.

ასეთი ბრძანება უკვე გასცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ვიცე-პრემიერმა ირინა ვერაშჩუკმა ხერსონის ოლქის მაცხოვრებლებს მოუწოდა, დროებით დატოვონ ქალაქი ხერსონი და მიმდებარე ტერიტორიები.

ცხადია, იგულისხმება გააფთრებული ბრძოლები შორსმსროლელი არტილერის გამოყენებით, რაც უკრაინამ მიიღო ამერიკელებისგან.

ბევრი სამხედრო სპეციალისტი აღნიშნავდა, რომ სწორედ ეს იქნება უკრაინის უპირატესობა ამ ომში: მოქანცოს რუსის ჯარი დონბასზე და იმავდროულად, განახორციელოს შეტევა იმ მიმართულებით, სადაც რუსებს `ფლანგები მოშიშვლებული აქვთ`.

პუტინი რაღაც საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა ლუგანსკის და დონეცკის ოლქთა დაპყრობას... ამიტომ მთელი თავისი ჯარის ბრძოლისუნარიანი ნაწილების  (200 000) კონცენტრაცია იქ მოახდინა. იქვე იყვნენ კონცენტრირებულნი საარტილერიო ნაწილებით და სწორედ არტილერიაში უპირატესობით შეძლო პუტინმა ლუგანსკის ოლქის მთლიანად დაპყრობა გასულ კვირას.

მაგრამ, საბედნიეროდ, პუტინი ვერ ბედავს მობილიზაციის გამოცხადებას, ხოლო უკრაინისთვის ეს პრობლემა არ არის! ამიტომ უკრაინამ შეძლო 700 000 მეომრის მობილიზება და ნაწილობრივ მოასწრო მათი გაწვრთნაც. მიიღო ახალი საარტილერიო სისტემები ამერიკისგან. ამიტომ ხერსონზე კონტრშეტევა ახლა სრულებით ლოგიკური ჩანს.

თუ უკრაინამ ხერსონი დაიბრუნა, მაშინ პუტინს წყალში ეყრება ყველაფერი, რადგან ხერსონის ოლქის დაბრუნებით უკრაინა,  ჯერ ერთი, `გაწყვიტავს` სახმელეთო კავშირს რუსეთსა და ყირიმს შორის და მეორე: კვლავ გადაკეტავს (რა თქმა უნდა გადაკეტავს) წყალსაცავს, საიდანაც ყირიმს სასმელი წყალი მიეწოდება.

ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ პუტინმა სწორედ ამიტომ დაიწყო ძირითადად ეს ომი: ყირიმზე გასასვლელის მოსაპოვებლად. ეს იყო მისი პროგრამა მინიმუმი, რასაც მიაღწია.

ხოლო ოდესის დაპყრობა და დნესტრისპირეთამდე მისვლა, ანუ უკრაინის ზღვისგან მოწყვეტა - პროგრამა მაქსიმუმი.

პუტინს ახლა გონია, მინიმუმს (მაინც) მიაღწია, თუმცა უკრაინის კონტრშეტევა თუ მძლავრი აღმოჩნდა, უსასტიკესად დამარცხდება და რუსები ძნელად თუ აპატიებენ ამას.

გამარჯვება უკრაინელ ძმებს!!!