„რუსული კანონი“: ხელისუფლების ჟანგვა და „სათქმელი“.

„რუსული კანონი“: ხელისუფლების ჟანგვა და „სათქმელი“.

ნებისმიერი ხელისუფლება დროთა განმავლობაში „იჟანგება“.

ეს არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ ისტორიის იმმანენტური კანონია.

ხელისუფლების რაობას სულაც არა აქვს მნიშვნელობა - იდეალური ხელისუფლება რომ იყოს, მაინც ი ჟ ა ნ გ ე ბ ა წლების სიმძიმით.

არა „პრობლემათა სიმძიმით“, არამედ თავისთავად „წლების სიმძიმითაც“ - „სოციალური გადაღლის“ სინდრომით (ქართულად „მოყირჭებით“). ეს ფენომენი ძალიან კარგადაა შესწავლილი დასავლურ სოციოლოგიაში.

სპეციალისტებს ჰკითხეთ: სტალინი რომ სტალინი იყო (!), ისიც კი..... ბოლო წლებში..... იმდენად „დაიჟანგა“ 30 წლიანი მმართველობის შემდეგ, რომ მის ტოტალიტარულ ხელისუფლებასაც კი სისტემური ბზარები გაუჩნდა; ამიტომაც გახდა იძულებული სრულიად პათოლოგიურ საქმეები (მაგალითად „ექიმების საქმე“ და სხვ.) წამოეწყო.

რაღა ითქმის იმ ქვეყანაზე, სადაც არსებობს სიტყვის თავისუფლება (უბრალოდ ნაძირლობა იქნებოდა იმის უარყოფა, რომ საქართველოში არსებობს სიტყვის თავისუფლება!), შესაბამისად ეს „ჟანგვის პროცესი“ მკაფიოდ გამოხატული, არტიკულირებული და თვალსაჩინოა?!

. . . . . . . . . . . . . . . .

და აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ხელისუფლებას „კვლავინდებურად“.

შესაძლოა (ხშირად მომხდარა), მიუხედავად „დაჟანგვისა“, აბსოლუტური უმრავლესობაც კი უჭერდეს მხარს ამა თუ იმ მიზეზით, თუმცა ეს დიდად არაფერს ცვლის.

იმიტომ, რომ ისტორიისა და პოლიტიკის კიდევ ერთი კანონია: ერის ისტორიას მისი პასსიონარული უმცირესობა ქმნის და არა ობივატელური, ლოიალისტი, „სტატიკური“ უმრავლესობა!

შესაბამისად.....შესაბამისად.....ხელისუფლება, რომელსაც „წლები აწევს ზურგზე“, სულ კეთილი და აღმშენებლობითი საქმეებიც რომ ჰქონდეს გაკეთებული, უნდა აცნობიერებდეს „ჟანგვის პროცესს“ და უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, რათა მოწინააღმდეგეებს არ მისცეს სტატიკით გადაღლილ/გაბრაზებული პასიონარული უმცირესობის ენერგიის ამოფრქვევის საბაბი ანუ ს ა თ ქ მ ე ლ ი (პოლიტიკის კიდევ ერთი საკვანძო ცნება)

. . . . . . . . . . . . . . . .

მართლა ვერ გავიგე დარწმუნებით, რა საჭირო იყო ეს უდღეური კანონი, რომელიც ხელისუფლებას აბსოლუტურად არაფერს მისცემს მიმდინარე და სამომავლო პრობლემების გარდა?

ანუ რა? ამ ყბადაღებული „ NGO-გამჭვირვალობის“ გარეშე ვერ მოიგებდნენ არჩევნებს?

გასაგებია, რომ მათი გაღიზიანება, ასევე შეშფოთება გამოიწვია ე.წ. „ფრანკლინის კლუბმა“ „ავტომატური შაშხანების ტრენინგმა“ და „სერბი რევოლუციონერების ლექციებმა“, ასევე ISFED-ის „პარალელური დათვლის“ გაიძვერობამ 2020 წელს და სხვა ამგვარმა.

მერედა რა, ამით? ეს რესურსები ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი ვითარების კარდინალურად შესაცვლელად და ხელისუფლების დასამარცხებლად, როცა ხელისუფლების ხელშია პოლიცია, სუს-ი, ადმინისტრაციული აპარატი და ა.შ

ამგვარი „პრესისა“ და „კონკურენციის“ პირობებში არჩევნების მოგება კი ბევრად მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმურობას შესძენდათ იმავე დასავლეთის თვალში, რომელიც საქართველოში NGO-ებს აფინანსებს ცივილიზატორული მისიით - ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს ინსტიტუტის დასამკვიდრებალდ.

და რამდენი „რევოლუციური ტრენინგიც“ არ უნდა მოეწყოთ იმ გამოგირჩებულ-გამოლაკავებულ იდიოტებს, მათ მაინც არ ეყოფოდათ რესურსი სიტუაციის „ასაყირავებლად“ თუ........ თვით ხელისუფლება არ მისცემდათ აბსოლუტურად ლეგიტიმურ „ს ა თ ქ მ ე ლ ს“.

. . . . . . . . . . . . . . . .

მთავარია არა „ფაქტი“, არამედ „აღქმა“.

თუ საკითხი დგება ასე საქართველოში: „ევროპა სჯობს თუ რუსეთი“..........იქ უკვე ყველაფერი დამთავრებულია იმის გათვალისწინებით რა გაცნობიერებული თუ ქვეცნობიერში დალექილი ტრავმები დაგვიტოვა იმ ბოროტმა იმპერიამ.

„ჭკვიანური“, „პრაგმატული“, „ფრთხილი“ პოლიტიკის წარმოება ერთია (თუნდაც დავეთანხმოთ ამგვარ პოლიტიკას რუსეთის მიმართ დღევანდელ პირობებში) ხოლო აი ასეთი დისკურსის შექმნა - „ევროპა სჯობს თუ რუსეთი“ - უკვე სულ სხვაა.

გ ა მ ა ნ ა დ გ უ რ ე ბ ე ლ ი ა!

და იმ პატარა გოგოს, იმ პატარა ბიჭს, ევროკავშირის დროშით რომ დარბიან, მილანში რომ 40 ევროდ დაფრინავენ მსუბუქი ზურგჩანთით შეყვარებულთან ერთად, ამ „რწმენის სიმბოლოს“ უკვე ვერანაირი არგუმენტით ვერ დაურღვევ.

გამორიციხულია.

„მინდა ევროპა, არ მინდა რუსეთი“.

მორჩა, დამთავრდა; აქ უკვე ვერანაირი არგუმენტი და „ახსნა“ ვერ გაჭრის.

იმიტომ, რომ.... ევროპა მართლა კარგია, ხოლო რუსეთი - ნამდვილად ცუდი და ბოროტი!

ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ამგვარი დისკურსის შექმნა იმთავითვე კატასტროფულად წაგებულ თამაშში შესვლას ნიშნავდა.

. . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი რა გამოვიდა?

ოპოზიციამ მიიღო უძლიერესი ს ა თ ქ მ ე ლ ი და „რევოლუციური არგუმენტი“ მაშინ, როდესაც ეს კანონი, რომც მიიღონ სამივე მოსმენით, მერე პრეზიდენტის ვეტო რომც დასძლიონ და ა.შ და ა.შ...... აბსოლუტურად არაფერს არ მისცემს ხელისუფლებას.

აბსოლუტურად არაფერს.

მაგალითად: 160-მა NGO-მ და მედია ორგანზიაციამ უკვე განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან რეესტრში.

მაშინ რა ოფცია დარჩება ხელისუფლებას?

თუ არ დარეგისტრირდებიან, ესე იგი ჯარიმებსაც არ გადაიხდიან ხომ?

და თუ არ გადაიხდიან იმ ჯარიმებს, ხელისუფლებას ექნება ერთადერთი ოფცია: მასობრივად დაუყადაღოს ანგარიშები და/ანუ პირდაპირ დახუროს ეს ორგანიზაციები!

„ანგარიშების დაყადაღება“ ამას ნიშნავს ზუსტად.

ამდენს გაბედავს საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლება?

ან/და ეს გამოსავალია?

უკაცრავად, მაგრამ საქართველო უზბეკეთისგან იმით განსხვავდება, რომ საქართველოში ეს ორგანიზაციები არსებობს On the ground, უზბეკეთში კი არც არსებულა არასდროს! ხოლო დასავლური პოლიტიკური კულტურა (აი ეს ბევრს არ ესმის დღემდე) უმწვავესად რეაგირებს არსებული მოცემულობის (!) უარესისკენ შეცვლაზე იმაზე მეტად, ვიდრე ამ მოცემულობის საერთოდ არ არსებობაზე.

შესაბამისად საქართველო ბევრად მკაცრად დაისჯება სწორედ იმიტომ, რომ უზბეკეთი არ არის .

აი მაშინ კი ნამდვილად იქნება სანქციები და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . .

მე მხოლოდ ის ვერ გავიგე, ეს ყოველივე ასე რთული გასათვლელია?

რაც მეტს ვფიქრობ მით უფრო მიმტკიცდება აზრი (თუმცა ამაში ბევრი არ მეთანხმება და არც დამეთანხმება ), რომ აქ პირადი ემოციური დამოუკიდებულება დიდწილად განმსაზღვრელი გახდა უფრო მეტად, ვიდრე ცივი, პრაგმატული, რაციონალური გათვლა.

სხვა ახსნა მე უბრალოდ არა მაქვს, თუ რატომ აკეთებენ ამას!

აბა დააკვირდით რამდენჯერ გაიმეორეს ამ უდავოდ ნიჭიერმა და ზე-ამბიციურმა ბიჭებმა აი ეს ნარატივი: „მე (ჩვენ) წერილი მივწერეთ (ამ ევრო-ამერიკული ფონდების ბორდს და დასავლელ ხელისუფალთ - გამჭვირვალეობის მოთხოვნით -დ), და.........არც კი გვიპასუხეს!““

წარმოგიდგენიათ ეს რა გაუბედეს?

„აღარც კი გვიპასუხეს წერილზე! სრულად დაგვაიგნორეს“.

ამ ზე-ამბიციური ბიჭებისთვის, თავი რომ აპოლონებად მიაჩნიათ (არავინ უარყოფს მათ განსწავლულობასა და ნიჭიერებას) ძალიან მტკივნეული იქნებოდა იმ NGO-თავხედი გოგო-ბიჭების (ხშირად მათი თანატოლების) ხითხითი: „რაო, მისწერეთ წერილი ანგარიშის მოთხოვნით? და რა მერე? გიპასუხეს? თქვე ჩმორებო!“

და არ დაიჯეროთ არც ერთი წუთით, რომ ამ ბიჭებს საკუთარი ამბიციები არ გააჩნიათ და მხოლოდ ბიძინას შემყურენი არიან.

არ დაიჯეროთ.

ეს არის ტყუილი.

დააკვირდით მათ „ფაქტურას“ და „თვით-აღქმას“.

„აპოლონიც“ არ დადიოდა მხოლოდ „ზევსის“ ჭკუაზე მუდამ.

გენიალური ისტორიცისტული დაკვირვებაა, რომ „ამალა ქმნის მეფეს და არა მეფე-ამალას“.

ეს რთულად გასაგები დებულება სტალინის შემთხვევაშიც კი ჭეშმარიტია.

სტალინის შემთხვევაშიც კი!

ხოლო ბიძინას სტალინამდე „ბევრი აკლია“.

ვიცი, მკითხველთა უმრავლესობა არ დაიჯერებს ამ ვერსიას; მაგრამ.....თუ ჩემი ვარაუდი მართალია, რომ სწორედ პირადი წყენა, პირადი გაბრაზება, პიროვნული ემოცია გახდა აღმძრავი ესოდენ მნიშვნელოვანი (და იმთავითვე შეუქცევადად წამგებიანი, თანაც არაფრის მომცემი) გადაწყვეტილებისა, მაშინ........ეს არის ტოტალური კატასტროფა!

შესანიშნავი ქართველი მოაზროვნე და პუბლიცისტი, ედუარდ კოდუა ამბობდა ძალიან დიდი ხნის წინ: „აზრს რომ ემოცია გაერევა, ის აზრი ფუჭიაო“.

როგორც არ უნდა გამაკრიტიკოთ, მე უკვე მართლა არ მეპარება ეჭვი, რომ ამ აბსოლუტურად არარაციონალური და იმთავითვე მრავალწახნაგოვნად წამგებიანი, არაფრის მომცემი გადაწყვეტილების „აღმძრავი“ უფრორე ემოცია, გაბრაზება და წყენა გახდა, ვიდრე რაიმე რაციონალური გათვლა.

ჰოდა კატასტროფაა მეთქი ეს - ტოტალური კატასტროფა!

წარმოუდგენელია პატარა, სუსტი ქვეყნის ხელისუფლება ემოციებით ხელმძღვანელობდეს და არა ცივსისხლიანი გათვლით.

და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ახლა ეს ბიჭები, ეს „აპოლონები“ ვერც ერთ ვარიანტში უკვე სიტუაციიდან უდიდესი დანაკარგის გარეშე ვეღარ გამოვლენ.

ემოციებს აყოლილებმა მათ თავად შექმნეს „ვაისა და ვუის“ სიტუაცია ანუ, საჭადრაკო ენით „ცუგცვანგი“

რაც არ უნდა გააკეთონ ახლა უკვე - „ბოლომდე გაიტანონ“ ეს ოხერი კანონი თუ „უკან წაიღონ“ მეორედ.

დათო

4 მაისი 2024წ.