რეგიონის მარცხი - თბილისურ-ბათუმური დუელის ფატალური ფინალი

რეგიონის მარცხი - თბილისურ-ბათუმური დუელის ფატალური ფინალი

 

     შევარდნაძისა და აბაშიძის სიტყვიერი დუელი გრძელდება. ორი ლიდერის საორშაბათო პრესკონფერენციები მოსარჩლე-მოპასუხის დროში გაჭიმულ დიალოგს ემსგავსება.
      ამასთან ნათელია, რომ «სიტყვიერი დუელი» იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გამოხატულებაა, რომელიც საქართველოში «დიდი საარჩევნო ციკლის» დასაწყისში გაიშალა.
      საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა. ორივე გუნდი ხვდება, რომ ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც, ამიტომ დაპირისპირება სულ უფრო მძაფრ ხასიათს იღებს. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, როგორ დამთავრდება «დუელი», მაგრამ ჯერჯერობით რომ აბაშიძე უფრო «სუსტად» გამოიყურება, ფაქტია;
      და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ნაკლები შესაძლებლობა აქვს «ბათუმიდან» მართოს ვითარება, არამედ სხვა მიზეზების გამოც: მისი არგუმენტები ჯერჯერობით ვერ გასცდა «ტერაქტების» თემას, რაც უკვე აშკარად მომაბეზრებელი ხდება ყველასათვის – შევარდნაძე, ვის წინააღმდეგაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ორი «ნამდვილი» ტერაქტი განახორციელეს, გაცილებით ნაკლებს ლაპარაკობს ტერორისტულ აქტებზე, ვიდრე «აჭარის ლომი».
      არადა, ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ერთადერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა 1991 წელს, მაშინ, როცა საქართველოში «მოქალაქეთა კავშირის», ანუ დღევანდელი მმართველი რეჟიმის ნასახიც არ იყო. თანაც განხორციელდა იმავე «მრგვალი მაგიდის» წარმომადგენლების მიერ, რომლებმაც შეცვალეს ხელისუფლება აჭარაშიც და მთელ საქართველოშიც.
      მიუხედავად ამისა, ბრალდებები «თბილისის» წინააღმდეგ კვლავ გაისმის.
      აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებებს არასდროს (არათუ «თითქმის არასდროს», არამედ «საერთოდ არასდროს») ეხმაურებიან აღორძინების პარტნიორი პარტიები შესაბამისი ბლოკიდან და ალიანსიდან – თითქოს ასლან აბაშიძეს საერთოდ არაფერი ეთქვას. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ განცხადებებს «სახელმწიფო კანცელარიაში ტერორისტული აქტების მომზადების» შესახებ არც ისინი აღიქვამენ სერიოზულად.
      რაც შეეხება აჭარის ლიდერის სიტყვიერ გააქტიურებას, ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ როდესაც იგი აბსტრაქტულად საუბრობს რაღაც «ტერორისტული აქტების» შესახებ (რისიც აღარავის სჯერა), ედუარდ შევარდნაძე აკეთებს სავსებით კონკრეტულ, მუქარით აღსავსე განცხადებებს, რომელთაც უეჭველად მოჰყვება ხოლმე ხელშესახები შედეგი.
      ერთი ასეთი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა იმ რეგიონების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ცენტრალური ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით და არ რიცხავენ თანხებს «თბილისში» (არა «ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე», არამედ სწორედ თბილისში – რაც, როგორც აღმოჩნდა, ერთი და იგივე არ არის), ეკონომიკური სანქციები განხორციელდება!
      და აი, მივადექით დუელის სწორედ იმ სექტორს, სადაც აბაშიძე ყველაზე «ცუდ დღეშია». ცენტრალურ ხელისუფლებას (ვინც არ უნ და იყოს) დიახაც, აქვს სრული კონსტიტუციური უფლება, შემოიღოს ეკონომიკური სანქციები იმ რეგიონის მიმართ, რომელიც არ ასრულებს კონსტიტუციურ ვალდებულებებს, ხოლო კონკრეტული ხელისუფლების მოტივაციას (დაამარცხოს და დაასუსტოს ე.წ. «აღორძინების» ალიანსი) მნიშვნელობა არა აქვს.
      მოქალაქეთა კავშირს ასეთი მოტივაცია შესაძლოა ნამდვილად ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონმა ცენტრალურ ბიუჯეტში (თბილისში) თანხები არ გადმორიცხოს. რასაკვირველია, იგივე მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ცენტრალურ ხელისუფლებას, როდესაც ჩაკეტა ჩოლოქის გადმოსასვლელი და შეამცირა ტვირთების მოძრაობა ბათუმის პორტის მიმართულებით, რაც უეჭველად დაეტყობა აჭარის ბიუჯეტს, მაგრამ მას ვერც ამაში შეედავები – რაკი ავტონომია არ ემორჩილება (ვთქვათ) ცენტრალური ხელისუფლების საკადრო თუ სხვა გადაწყვეტილებებს საბაჟო სფეროში, «ცენტრს» აქვს სრული უფლება, მიიღოს საპასუხო ზომები.
      «მოკავშირეების» დუმილი აჭარის ლიდერს აშკარად აღიზიანებს; თუმცა, მან თავად ჩაიყენა თავი ასეთ მდგომარეობაში: სანამ მოქალაქეთა კავშირს და პრეზიდენტს მკვეთრად დაუპირისპირდებოდა უნდა სცოდნოდა, რომ საპასუხოდ «ცენტრი» სკრუპულოზურად დაიწყებდა კონსტიტუციის შესრულებას, იმასვე მოსთხოვდა რეგიონს და ბუნებრივად გადაიყვანდა დაპირისპირებას ორ პოლიტიკურ ძალას შორის («ცენტრსა» და «რეგიონს შორის) დაპირისპირების ჭრილში.
      ამ ჭრილში კი «ცენტრი» (მასთან ერთად ხელისუფლება) მუდამ მოგებული დარჩება, ვინაიდან ამომრჩეველისათვის უეჭველია, რომ რეგიონი ცენტრს უნდა ემორჩილებოდეს, ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდეს, გადასახადს უნდა იხდიდეს, საზღვაო აკვატორიუმის დაცვას «ცენტრს» აცლიდეს, საბაჟო სისტემაში ცხვირს არ ყოფდეს და ა.შ.
      აქედან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის მოიგებს, რაკი მისი ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ყველაზე დიდ ინტერესს - შეინარჩუნოს სახელმწიფოს მთლიანობა.
      კვლავ ვიმეორებ: მოტივაციას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს – მთავარია ინტერესთა თანხვედრა. ქვეყნის ინტერესები კი ნამდვილად შეიძლება ემთხვეოდეს (თუმცა, შესაძლოა არც ემთხვეოდეს) რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების ინტერესებს.
      ზემოთთქმულიდან გამომდინარე, «ცენტრალური ხელისუფლების» პოლიტიკურად დამარცხებას რეგიონი ვერასოდეს შეძლებს (ვგულისხმობ არჩევნებს). ის შეიძლება დაამარცხოს მხოლოდ იმ ძალამ, რომელიც აგრეთვე «ცენტრში» მოქმედებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რომელიმე რეგიონთან ასოცირებულმა კოალიციამ, რაკი იგი ყოველთვის «ცენტრსა და ურჩ რეგიონს» შორის დაპირისპირებად განიხილება, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, ყოველთვის «ცენტრს», ანუ ქვეყნის მთლიანობას დაუჭერს მხარს.

მერიდიანი, 6 ოქტომბერი, 1999 წელი