რატომ სჯობია არჩევნები რევოლუციას?
მიშამ ბოლო პოსტით მაგრად „დაასხა“ მთელს ოპოზიციურ კამარილიას.
ასი კი არა.....ათასი პროცენტით ვეთანხმები, რაც დაწერა.
გირჩევთ წაიკითხოთ.
და, სხვათა შორის, არც ის იდიოტიზმი გაუმეორებია, რომ მისი პარტია 2028 წლის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„არჩევნებს აზრი არა აქვსო“ არის ამბიციურ ლუზერთა უბადრუკი ნარატივი.
უნგრეთის ოპოზიცია რომ არ დაჭკვიანებულიყო და ასე ეფიქრა, იქ დღესაც ორბანი იქნებოდა.
არჩევნებს დიახაც აქვს აზრი, თუ ოპოზიცია საკმარისად გონიერი და პასუხისმგებელია, რათა უარყოს „უჩემოდ ვით იმღერეთა“/„მე ვარ და ჩემი ნაბადი“ უბადრუკი ქართული სინდრომი; მერე შექმნას ალტერნატიული ეტატისტური (!) ოპოზიციურ ძალა მკაფიო, გასაგები პროგრამით და გამოკვეთილი ლიდერშიპით, რომელიც დაუპირისპირდება სახელისუფლებო ეტატისტურ ძალას (როგორც ეს მოხდა უნგრეთში) და მოიგებს არჩევნებს ან როგორც მინიმუმ იმას მაინც უზრუნველჰყოფს, რომ მმართველმა ეტატისტურმა ძალამ 2028 წელს ვეღარ მოაგროვოს მანდატთა 50%-ზე მეტი, ანუ ვეღარ შექმნას მთავრობა, თავადაც არ გაქრეს ამის შემდეგ, ბიძინა და მისი პარტია გადავიდეს ცივილიზებულ ოპოზიციაში, ხოლო ეს ქვეყანა მოესწროს ხელისუფლებათა საარჩევნო (!) ცვალებადობისა და ეტატისტურ ძალთა პერიოდული სამთავრობო მონაცვლეობის სასიცოცხლო, კეთილშობილი ინსტუტუციის დაფუძნებას, რაც გახსნის გზას ევროკავშირისკენ.
რევოლუცია ამ გზას არ გახსნის!
ნუ იტყუებით და ნუ ცრუპენტელობთ!!
კი, თუ მოახერხებთ რევოლუციას, ევროპელები მოგესალმებიან, შეგაქებენ, პირდაპირ ეთერებს დაგითმობენ, ერთი კვირა ან ერთი თვე ამაზე ილაპარაკებენ, მაგრამ რაც შეეხება რეალურად ევროპულ ინტეგრაციას, ნუუუუუუურას უკაცრავად - რევოლუციით (ნაცვლად ხელისუფლების საარჩევნო ცვალებადობისა) საქართველო მხოლოდ იმას დაადასტურებს, რომ არშემდგარი სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლებები რევოლუციებით (იგივე სახელმწიფო გადატრიალებებით) იცვლება და არა არჩევნებით.
(აქვე: რევოლუცია ხელისუფლებათა ცვალებადობას არ აფუძნებს, არავინ მოგატყუოთ:
რევოლუცია ქმნის მხოლოდ პერიოდს მომდევნო რევოლუციამდე.
ზუსტად ასე ხდება საქართველოში ბოლო 36 წელია.)
„არშემდგარი სახელმწიფო“ (Failed state) კი ევროკავშირში არავის სჭირდება;
ქალბატონ რასას და ქალბატონ კაიას რომც სჭირდებოდეთ, ევროკავშირში ისინი არ იღებენ არსებით გადაწყვეტილებებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუ გინდა შეცვალო ხელისუფლება, უნდა მოიგო ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი!
როგორც ეს შეძლო უნგრეთის ოპოზიციამ, რომელიც 2022 წელს არჩევნების წაგების შემდეგ დაჭკვიანდა, „ფლომასტერმა გაჟონაო“ არ უძახია და მიხვდა რაც უნდა გაეკეთებინა, რათა შემდეგი არჩევნები მოეგო.
„საქართველოს ევროკავშირის წევრ უნგრეთს ადარეეეეეეეეებ?“ კვლავ მესმის ეს „სველი“ დემაგოგია.
არა არ ვადარებ.
თუნდაც იმიტომ არ ვადარებ, რომ ევროკავშირის წევრ უნგრეთში, ოპოზიციურ ძალებს, იმაზე ბევრად ნაკლები წვდომა ჰქონდათ საერთონაციონალურ მეინსტრიმულ ტელეარხებზე, ვიდრე ჰქონდათ და აქვთ ოპოზიციურ ძალებს საქართველოში.
უნგრული ოპოზიციის ლიდერები საერთონაციონალურ მეინსტრიმულ ტელეარხებზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც დაამარცხეს ორბანი!
არანაირი „ოპოზიციური არხები“ იქ არ არსებობდა. უკლებლივ ყველა მეინსტრიმულ ტელეარხს ორბანი აკონტროლებდა
ან კიდევ: „ორბანს ოპოზიციის ლიდერები არ დაუჭერია და.........“
ჰო, მაგრამ..... რატომ არ დაუჭერია იცით?
იმიტომ, რომ უნგრული ოპოზიციის ლიდერებს, 2022 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენსავით „ვისი ბადრიჯანი ვის გოგრაშია“ ამორფული, ალთა-ბალთა და მარაზმატული ე.წ. „მრავალპარტიულ/მრავალბლოკური კოალიციით“ გასვლის და იმ არჩევნებში დამარცხების შემდეგ....... არანაირი „ბათქა-ბუთქი“ უნგრეთის პარლამენტთან არ მოუწყვიათ!!
აი ამიტომ ვერ (!) დაიჭირა.
და......აბა ერთი მოეწყოთ!
აბა მოეწყოთ ასეთივე ამბავი თუ არ დაიჭერდა ორბანი!
ისე დაიჭერდა, რომ „ოცნება“ ვერ დაასწრებდა!!
მაშინ უკვე ვერანაირი „რასა“ და „კაია“ ვერ უშველიდათ (ეს იცოდნენ და ამიტომაც არ სცადეს) და მერე 2026 წლის არჩევნებსაც წააგებდნენ უეჭველად იმიტომ, რომ ნამდვილი პოლიტიკა ის არ არის მეთქი, მანდატებზე და სადეპუტატო იმუნიტეტზე იდიოტურად უარი თქვა, ხელისუფლებას თავი დააჭერინო, ციხეში ჩაჯდე და „იდისიდენტო“.
ნამდვილი პოლიტიკა, დიახაც ისაა, ხელისუფლებას თავი არ „გააფუჭებინო“.
ეს მხოლოდ აქაურ სოციოპატებს და პოლიტიკანებს ჰგონიათ, რომ საკუთარ ბაბლს მიღმა ამომრჩეველში რეიტინგს იმატებენ იმით, რომ ხელისუფლებას მათი დაჭერის და ციხეში ჩასმის ს ა ბ ა ბ ს (!!) აძლევენ.
რეალურად ისინი „დისიდენტები“ არიან და არა პოლიტიკოსები. ეს კოსმიურად დაშორებული სტატუსები და ფუნქციებია.
„დისიდენტობა“/„დისიდენტი“ კარგია და მიზანშეწონილია რევოლუციისთვის. მაგრამ..... გამორიცხულია „დისიდენტობით“ არჩევნები მოიგო.
ხოლო რევოლუცია, გენიალური ქართული გამონათქვამით „ძალა მორევაზეა“.
ან მოერევი და დაამხობ, ან ის მოგერევა და დაგიჭერს.
„მე მის დამხობას ვცდილობდი და იმან კი დამიჭირაო“...... ეს „გენიალური“, სუფთად „ქართული“ ნარატივია, რომელიც აქ, ამ პოლიტიკურად უნიჭო და პოლიტიკურად უნიათო ქვეყანაში დამკვიდრდა, აქ „იმუშავა“ მხოლოდ, აქ „მუშაობს“ კვლავაც, თორემ უნგრეთში არ იმუშავებდა.
იმიტომ, რომ უნგრეთი ევროპული „პოლიტიკური კოდის“, ევროპული სახელმწიფოებრივი მენტალობის და, მთლიანობაში, ჭეშმარიტად ევროპული კულტურის მატარებელი სოციუმია.
ამიტომაც არ სცადა უნგრულმა ოპოზიციამ რევოლუციის მოწყობა 2022 წელს დამარცხების შემდეგ.
განა ასი ათასობით პასსიონარულ მებრძოლს ბუდაპეშტის ქუჩებში ვერ გამოიყვანდა და იქ ბარიკადებს ვერ მოაწყობდა?!!
მაგრამ არა, უნგრული ოპოზიცია 2022 წლის შემდეგ წავიდა ერთადერთი მიზანშეწონილი გზით: „ალთა-ბალთა/ბადრიჯანი-გოგრა“ მარაზმატული „კოალიციის“ ნაცვლად შექმნა მკაფიო, გასაგები ეტატისტური საარჩევნო (!) ალტერნატივა, გამოკვეთა ეტატისტი ლიდერი და სწორედ ამით მიიმხრო ხანგრძლივი მმართველობით დაღლილი ეტატისტი ამომრჩეველიც.
მისი წყალობით მოიგო 2026 წელს არჩევნები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უსასრულოდ და თავხედურად იტყუებიან ისინი, ვინც ამბობს, თითქოს ოპოზიციის პრობლემა ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია.
სინამდვილეში მათი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი კი არ არის, არამედ ის ამომრჩეველია, ვინც არჩევნების დღეს მიდის და ბიძინას პარტიას აძლევს ხმას.
ჰოდა უნგრეთის „დაჭკვიანებულმა“ ოპოზიციამ მოახერხა მეთქი, დაერწმუნებინა ამომრჩეველი, ვინც მანამდე ორბანს აძლევდა ხმას, რომ იმჯერად (2026 წელს) ოპოზიციისთვის მიეცა ხმა.
აი მხოლოდ ამიტომ მოიგო ის არჩევნები.
არ გინდათ?
„მე ვარ და ჩემი ნაბადიო“? „უჩემოდ ვით იმღერეთა“?
ჰოდა მაშინ იჯექით (გულწრფელად გისურვებთ „გარეთ“ იჯდეთ და არა ციხეში) ელოდეთ „შავ გედს“, ელოდეთ „გავრილოვის ღამეს“, ელოდეთ „28 ნოემბრის განცხადებას“, ელოდეთ „შოვის ტრაგედიას“, „დათუნა სარალიძეს“, „სიცილის გამო ბიჭების ჩაცხრილვას“, ან რაიმე ამგვარ ს ა თ ქ მ ე ლ ს, რათა გამოფრინდეს ის „შავი გედი“ და თქვენმა მხარდამჭერმა პასსიონარულმა უმცირესობამ მოახდინოს მორიგი, უკვე მერამდენე „გრუზინული“ რევოლუცია ამ მართლაც უბედური ქვეყნის ისტორიაში.
არანაირი „ეტატიზმი“, არანაირი კონსტრუქციული „პროგრამა“ და არანაირი „კონსოლიდაცია“, არანაირი საკუთარ ამბიციათა დათრგუნვა, არანაირი რაციონალიზმი და არანაირი ლიდერშიპი არ სჭირდება იმას, რომ ასი ათასიანი ბრბო გამოვარდეს რუსთაველზე (ანუ „იმ დაწყევლილ ადგილას“, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უწოდა სიტყვა სიტყვით, 15 წლის წინ) და ხელისუფლება დაამხოს, ოღონდ.......თუ მოახერხებს
შეიძლება მოფრინდეს ის „შავი გედი?“
შეიძლება ხელისუფლებამ დაუშვას ისეთი კატასტროფული შეცდომა, როგორიც იყო „28 ნოემბრის განცხადება“ ან გარეწარი (ქართველთმოძულე ზატულინის „შნირი“) გავრილოვის ჩამოთრევა და იმ ყბადაღებულ „სავარძელში ჩასმა“?“
კი, როგორ არ შეიძლება.
მაგრამ..... შეიძლება კიდევ 20 წელი არ მოფრინდეს და რაც მთავარია, რომც მოფრინდეს, „ჩხუბი“ მაინც „მორევაზე“ იქნება,
ბიძინა იმით განსხვავდება შევარდნაძისგან და გამსახურდიასგან, რომ ძალიან კვალიფიციური, მოტივირებული, უნარიანი ძალისმიერი სტრუქტურები შექმნა;
და...... რომც მოხდეს რევოლუცია, ქალბატონი რასა და ქალბატონი კაია შეგაქებთ მეთქი, თორემ „სახელმწიფოდ“ წოდებული არშემდგარი მარაზმი, სადაც ხელისუფლება სულ რევოლუციებით იცვლება ევროკავშირს (და არც ამერიკას სხვათა შორის, რა მხარდამჭერი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მერე State Department-მა), სინამდვილეში, არანაირ „ჯანდაბად“ არ სჭირდება.
ლაყბობის მიღმა რეალურად არ სჭირდებათ მეთქი, თორემ ლაყბობით კი ილაყბებენ რამდენიც გინდათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამიტომ, დიახაც, გამოსავალი (და რეალური შანსი!) არის მხოლოდ ერთი:
2028 წლისთვის, მიშას აქტიური ჩართულობით (რადგან მხოლოდ მას აქვს წონადი „ეტატისტური“ ბეგრაუდი ოპოზიციაში) უნდა ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული, იდიოტი სოციოპატებისგან და დოსტოევსკისეული Бес-ებისგან დაცლილი, მკაფიო პროგრამისა და გამოკვეთილი ლიდერშიპის მქონე ალტერნატიული, ოპოზიციური ეტატისტური პოლიტიკური ძალა, რომელიც უპასუხებს ეტატისტი ამომრჩევლის ღირებულებებსა და მოთხოვნებს (მათ შორის მსაზღვრელებს: „ჩემი ოჯახია ჩემთვის მთავარი“, „არა რყევებს“, „არა ქაოსს“, „არა კატაკლიზმებს“, „არა დესტაბილიზაციას“, „არა სტრესს“, არა ომს!!), მიიმხრობს ეტატისტი ამომრჩევლის არსებით ნაწილს, არჩევნებზე დაუპირისპირდება ეტატისტურ სახელისუფლებო პარტიას და მოიგებს არჩევნებს.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი
3 აგვისტო 2026 წელი.