ჟვანიას და გოგიტიძის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა    

ჟვანიას და გოგიტიძის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა    

 

    მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრისა ფრაქცია «აღორძინების» ლიდერთან, პლენარულ სხდომებში ამ ფრაქციის მონაწილეობის საკითხი კვლავინდებურად გაურკვეველია
    ჯემალ გოგიტიძე, როგორც ჩანს, თავს უფლებამოსილად არ თვლის, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება 30 მაისამდე, როდესაც ბათუმში «სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის» ყრილობა ჩატარდება.
    ამ ყრილობაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობაში შემდგომი მონაწილეობის თაობაზე. თუმცა რეალურად გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, პირადად ასლან აბაშიძე მიიღებს, რომელიც, სხვათა შორის, საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: მისი მთავარი მოთხოვნაა ედვარდ სურმანიძის გადაყენება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან ან ახალი მოადგილის არჩევა. მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხში იოტისოდენს არ დათმობს - სურმანიძის გაწირვა მისთვის მიუღებელია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილის დამატებითი პოსტი შემოღება სხვა მოადგილეებსაც დიდად არ ეპიტნავებათ. ასე შეიძლება ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც მოითხოვოს თავმჯდომარის მოადგილის დამატებითი პოსტის შემოღება, ვინაიდან გიორგი კობახიძე უკვე «სახალხოელია» და მის ინტერესებს არ გამოხატავს.
    მაგრამ მეორეს მხრივ ამ ვითარებაში თუ ასლან აბაშიძე ფრაქციას პარლამენტში დააბრუნებს, ეს მისი სერიოზული მარცხი იქნება, ვინაიდან იგი ამით აღიარებს, რომ შედეგს ვერ მიაღწია. შედეგი კი მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ასეთმა მარცხმა არ შეიძლება ზეგავლენა არ მოახდინოს ელექტორატის განწყობაზე. მეორე მხრივ, თუ «აღორძინება» პარლამენტში არ დაბრუნდება, ასლან აბაშიძე «ცენტრში» მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედების ყოველგვარ ბერკეტს დაკარგავს. გარდა ამისა, მისდამი ინტერესი თანდათან გაუნელდებათ «თბილისურ პოლიტიკურ ძალებს», რომელთაც აჭარის ლიდერი აინტერესებთ მხოლოდ როგორც «აღორძინებისა» და მასთან დაკავშირებული პარტიების ლოკომოტივი.
    ფრაქცია «აღორძინების» მხრიდან პარლამენტის სხდომათა ბოიკოტი საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტსაც ნიშნავს (ეს თქვა კიდეც აჭარის ლიდერმა), მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა ის პარტია, ვინც «აღორძინებასთან» ბლოკის შექმნაზე ოცნებობდა, უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდება, რასაც ისინი ასლან აბაშიძეს არ აპატიებენ.
    მმართველი პარტიაც არანაკლებ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ზუსტ და კარგად გათვლილ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
    ფორმალური თვალსაზრისით «მოქალაქეთა კავშირს» - «აღორძინება» ვერ შეედავება. ედვარდ სურმანიძესა და ფრაქცია «მამულის» წევრებს აქვთ უფლება, თავისუფლად გააკეთონ არჩევანი. რჩება ერთადერთი ბერკეტი - პარტიკულარიზმის მუქარა აჭარაში. მაგრამ შესაძლებლობები აქაც შეზღუდულია. აჭარაში (მით უმეტეს, ბათუმსა და ქობულეთში) არც სეპარატიზმის, არც «ანტითბილისური» განწყობისა და პარტიკულარიზმის ობიექტური საფუძველი არ არსებობს.
    თუ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები აჭარაში არ ჩატარდება, ეს აშკარად ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იქნება და ასლან აბაშიძე ვეღარ შეძლებს «თბილისელ მომხრეთა» დარწმუნებას, რომ «მოქალაქეთა კავშირთან» დაპირისპირება საკმარისი მიზეზი იყო საქართველოს დაუძინებელ მტერთა გულის გასახარად.
    არჩევნების აკრძალვა აჭარის ტერიტორიაზე ფაქტიურად აჭარის საქართველოს იურისდიქციიდან გამოსვლას ნიშნავს. ასე რომ, ასლან აბაშიძეს არც ისე ბევრი კოზირი აქვს, როგორც თავად ჰგონია. დაკვირვებული ანალიზი ცხადყოფს: აჭარაში ვითარების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება მისთვის უკვე «ცენტრთან» შერიგება და საქართველოს ფედერალიზაციის იმ მოდელზე თანხმობის განცხადებაა, რომელსაც შევარდნაძე სთავაზობს.
    წინააღმდეგობის ძირითადი კვანძი სწორედ აქ (აჭარის სტატუსში) იკვეთება, თუმცა ამას ბევრი ვერ ამჩნევს.

მერიდიანი, 22 მაისი, 1998 წ.