პრეზიდენტს არაფერი სწყენია და, ალბათ, არც არაფერს შეცვლის

პრეზიდენტს არაფერი სწყენია და, ალბათ, არც არაფერს შეცვლის

      

        გუშინ საღამოს ირანიდან დაბრუნდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მას განსაკუთრებით ელოდნენ, ვინაიდან სკანდალი «ვაშინგტონ პოსტ»-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით დღეს კულმინაციას აღწევს. 11 საათზე სახელმწიფო კანცელარიაში იწყება «გადამწყვეტი თათბირი», ანუ მოქალაქეთა კავშირის ბიუროს სხდომა, რომელსაც პირადად პარტიის თავმჯდომარე, ედუარდ შევარდნაძე ჩაატარებს.
        ბუნებრივია, ამ სხდომაზე ზურაბ ჟვანია ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იქნება. საეჭვოა, სხდომა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის კონკრეტულ განცხადებას მიეძღვნას. როგორც ჩანს, საუბარი იქნება ზოგადად, პარტიაში არსებულ ვითარებასა და პრეზიდენტთან ურთიერთობაზე.
        «რეფორმატორთა გუნდი» უკან დახევას არ აპირებს, ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს იგი შევარდნაძეს ემიჯნება. ხმები და ვარაუდები იმის თაობაზე, თითქოს შევარდნაძე დატოვებს პარტიას - ნამდვილად გადაჭარბებულია. ამაზე მეტყველებს, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის კომენტარი ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე - სახელისუფლებო და პოლიტიკური ტექნოლოგიის სრული დაცვით.
        ეს კომენტარი ნამდვილად არ მოასწავებს პრეზიდენტის გამიჯვნას მის მიერვე შექმნილი პარტიისგან.
        უკანასკნელი ინფორმაციით, «ოპტიმისტური პროგნოზი» გუშინ ზურაბ ჟვანიასა და ედურად შევარდნაძეს შორის გამართულმა შეხვედრამაც დაადასტურა. რასაკვირველია, იგი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მაგრამ შეხვედრიდან გამოსული ჟვანია არ ამჟღავნებდა რამე «ავ წინათგრძნობასა» და პესიმიზმს. Iგი გრძნობს, რომ «მადისციპლინირებელი» ღონისძიებები პარტიაში მისთვისაც მისაღებია, ხოლო ამერიკულ გაზეთში აგორებული სკანდალი შესანიშნავი ფონია ასეთი ღონისძიებებისთვის.
        შევარდნაძემ და ჟვანიამ გუშინ მოილაპარაკეს ერთობლივ ტაქტიკაზე «ფრონდისტული» განწყობილებების მიმართ, რაც არ გამორიცხავს სერიოზულ ცვლილებებს შიდაპოლიტიკურ (შესაძლოა, ნაწილობრივი საგარეო პოლიტიკურ) ტაქტიკაში.
        ბუნებრივია, «ბიუროს» გაფართოებული სხდომა აღინიშნება მხურვალე, ემოციური გამოსვლებით; იქნება ბრალდებები, ცალკეული ისტერიები, მაგრამ გუშინდელმა შეხვედრამ შევარდნაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაადასტურა მთავარი: მათ შორის კვლავინდებურად არსბეობს ინტერესთა თანხვედრა, რის მოშლაც «ვაშინგტონ პოსტ»-ის «მერაბიშვილ-გეიტმა» ჯერ ვერ შეძლო და ვერც შეძლებდა.
        მეორეხარისხოვანი საკითხია, რა ელის თვით ვანო მერაბიშვილს. მოსალოდნელია, რომ იგი განცხადებას გააკეთებს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ. მიიღებენ თუ არა მის გადადგომას ერთმნიშვნელოვნად, გარკვეული არ არის. ცხადია, «რეფორმატორთა» გუნდი გადადგომის წინააღმდეგი იქნება, რაც არ ნიშნავს თვით მერაბიშვილის საქციელის გამართლებას. ზუსტად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც პრეზიდენტი დაუჭერს მხარს მერაბიშვილის გადადგომას - ეს მისი სტილია და ასეთი რამ შევარდნაძეს არასდროს ეშლება.
        ამგვარი პოზიცია პირდაპირ გამომდინარეობს მისი ხსენებული კომენტარიდან («არა ვარ ნაწყენი»), ამით იგი ხაზს გაუსვამს, რომ უფრო «მაღლა დგას», ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარეზე განრისხებაა. შექმნილ ვითარებაში ტექნოლოგიურად ყველაზე სწორი და მიზანშეწონილი სწორედ ასეთი პოზიცია იქნება.

დილის გაზეთი, 20 აპრილი, 2001 წელი