ნინო ბურჯანაძე: «. . . . . და მე წავედი»
ნინო ბურჯანაძის «ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს» პირველი პრეცედენტი არ არის მრავლისმნახველ ქართულ პოლიტიკაში. ეპისტოლარულ ჟანრში პრეზიდენტთან ურთიერთობის ტრადიციას «ნულოვანი წლების» დასაწყისში ქალბატონ ბურჯანაძის პოლიტიკურმა პარტნიორმა, ზურაბ ჟვანიამ ჩაუყარა საფუძველი მცირე ხნით ადრე, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა და ოპოზიციაში გადავიდოდა.
მიუხედავად ამისა, ქალბატონ ბურჯანაძის «უსტარი» განსაკუთრებით საინტერესოა, რაკი კვლავ და კვლავ გვაბრუნებს 2003 წლის მოვლენებთან და ბოლოდროინდელ ტრაგედიას სწორედ იმ პასუხისმგებლობის დისკურსში განიხილავს, რომელიც «სამმა პოლიტიკურმა ლიდერმა სამშობლოს მომავალზე აიღო».
თუმცა, წერილის ავტორი, როგორც ჩანს ვერ ამჩნევს, რომ ამ პასუხისმგებლობისაგან (მათ შორის აგვისტოს მოვლენებისა თუ სხვა პროცესებისათვის) მას რამდენიმე თვით ადრე თანამდებობაზე «ნებაყოფლობით უარის თქმა» ნამდვილად ვერ გაათავისუფლებს, ვინაიდან რევოლუციური გუნდი, რომელმაც ნებელობითი მოქმედებით (სხვაგვარად რომ ვთქვათ უსისხლო ძალადობით) და მოსახლეობის ნაწილის(!) მხარდაჭერით განახორციელა ხელისუფლების ცვლა, ასევე ერთობლივად აგებს პასუხს ამ აქტის შემდგომ განვითარებულ ყველა პროცესზე – განურჩევლად პოლიტიკურ ტაქტიკაში სხვაობის თუ შემდგომ წარმოშობილი უთანხმოებისა.
ასეთია რევოლუციის ლოგიკა; ამ ლოგიკას კაცობრიობის ისტორიაში ვერც ერთი «რევოლუციური გუნდი» ვერ გაექცა და, ბუნებრივია, არც შინნაზარდი «რევოლუციონერები» იქნებიან გამონაკლისნი.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, მოსწონს თუ არა, გაღიზიანდება თუ არა, კომფორტულია თუ არა, «რევოლუციური გუნდის» თითოეულ წევრს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას: რამდენად აუცილებელი და გარდაუვალი იყო ეს ომი სწორედ რევოლუციის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც უმთავრეს ამოცანად, რასაკვირველია, ქვეყნის მოდერნიზაციას, «ჭაობიდან ამოთრევას», «უძრაობის დასრულებას», «ნებელობითი გზით პრობლემების გადაჭრას» და, რაღა თქმა უნდა, «ქვეყნის გაერთიანებას» ისახავდა?
აქვე: ნუ გავამარტივებთ - აქ საკითხი იმას კი არ ეხება, დაიწყებოდა თუ არა ომი თუკი, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი 2005 წელს არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ თუნდაც ვაჟა ლორთქიფანიძე გახდებოდა, არამედ იმას, თუ რამდენად თანმიმდევრული იყო რევოლუციის ლიდერი (რომელმაც ძალაუფლება სწორედ ქალბატონ ბურჯანაძის ხელდასხმით მოიპოვა) თავის რევოლუციურ დანაპირებში.
და ამთავითვე უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად თანმიმდევრული იყო!
ეს სისტემური წინააღმდეგობა განაპირობებს შეუსაბამობას ქალბატონი ბურჯანაძის პოზიციაში და მეტისმეტად ზრდის დისონანსს ფაქტსა და ინტერპრეტაციას შორის.
მაგალითად: იგივე 2 ნოემბრის არჩევნები, რომელიც რევოლუციის საბაბი(!) გახდა.
ქალბატონი ბურჯანაძე გვარწმუნებდა და გვარწმუნებს, რომ ის არჩევნები უხეშად გაყალბდა. მაგრამ თავი რომც დავანებოთ იმ უდავო გარემოებას, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში, ყველა «ექსიტპოლის» შესაბამისად (რომელთაც ხელისუფლება მაშინ ვერ აკონტროლებდა) ბურჯანაძე-ჟვანიას ბლოკმა ძლივს გადალახა (ჩავთვალოთ, რომ გადალახა) 7 პროცენტიანი ბარიერი, ლოგიკურად გამოდის, რომ არადემოკრატიული და გაყალბებულია ის არჩევნები, რომლის შედეგად 7 პროცენტიანი (!!!) საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა და თორმეტმა პარტიამ დასძლია; თანაც ისე, რომ ახალ პარლამენტში არც ერთ მათგანს არათუ კონსტიტუციური, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდა – რაც დადგენილების მისაღებადაა საჭირო! ხოლო «გაუყალბებელი ანუ დემოკრატიული» ის არჩევნებია, რის შედეგადაც იქმნება ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი - კონსტიტუციური უმრავლესობით.
თუმცა დღეს, ქალბატონი ბურჯანაძე ასეთ პარლამენტს (რაკი თავად აღარ ხელმძღვანელობს) უკვე «ფიქტიურს» უწოდებს მიუხედავად იმისა, რომ იგი 2004 წლის პარლამენტის «ტყუპისცალია». როგორც ჩანს, მთავარი განსხვავება სპიკერის პერსონაა.
აბსოლუტურად გაუგებარია აგრეთვე რა იგულისხმება ფრაზაში «. . . . . 2007 წლის ნოემბერი მაინც იქნებოდა ხელისუფლებისათვის მწარე გაკვეთილი».
ფრაზა იმდენად «ჭკვიანურადაა» შედგენილი (ყველა შესაძლო «საფრთხის» გათვალისწინებით) რომ გაურკვეველი რჩება – იგულისხმება მხოლოდ მოვლენების შემდეგ გამოთქმული მოსაზრება თუ ის, რომ წერილის ავტორი თვით 7 ნოემბერს ძალის გამოყენების წინააღმდეგიც იყო.
ასევე მედიის თავისუფლების შესახებ. დავაკვირდეთ ფორმულირებას: «სირცხვილია, რევოლუციის 5 წლისთავზე მედიის თავისუფლებაზე გვიხდებოდეს საუბარი».
ჰმ . . .. «რევოლუციის ხუთი წლის თავზე».
ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ხუთი წლის წინ, ანუ 2003 წელს, ქართულ მედია-სივრცეში საშინელი ტირანია იყო გამეფებული - იდევნებოდა განსხვავებული აზრი; არ არსებობდა არანაირი პირდაპირი ეთერი; არ გადიოდა ეთერში პოლიტიკური ტოკ-შოუები, სატირული მულტსერიალები; არ ეწყობოდა პოლიტიკური დისკუსიები; ტელევიზიები არ აშუქებდნენ მწვავე პრობლემებს . . . . ერთი სიტყვით, არ არსებობდა არანაირი პლურალიზმი და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქალბატონი ბურჯანაძე რევოლუციას ჩაუდგა სათავეში. ამდენად, აქვს კიდეც მორალური უფლება, აღშფოთებული იყოს იმით, რომ «რევოლუციურმა გუნდმა» ვერ შეასრულა დანაპირები და ხუთი წლის შემდეგაც კი(!) ვერ გაანთავისუფლა ტელე-სივრცე შევარდნაძისდროინდელი ტირანიისა და შეზღუდვებისაგან.
არადა, ხუმრობა იქით იყოს და «ღია წერილის ავტორს» თავად მოუწევს უპასუხოს მისთვის ძალზე არაკომფორტულ კითხვებს იმავე ტელესივრცეში ამჟამად შექმნილი ტრაგიკომიკური სიტუაციის გამო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვახსოვს: იყო პერიოდი, როდესაც ავტორი ქართული ტელევიზიების უმრავლესობას «რევანშისტულად», «პროშევარდნაძისტულად» მიიჩნევდა და მხოლოდ ერთ («გამარჯვებული ხალხის») ტელევიზიას თვლიდა დედის ცრემლივით სუფთად, უმწიკვლოდ და ხალხის ინტერესებისათვის გულდათუთქულ მებრძოლად.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ედუარდ შევარდნაძე, ბოლო წლებში, საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაციისათვის ომის გაჩაღებას არ ცდილობდა, ეს იმიტომ კი არა, რომ კეთილშობილი პატიოსნების განსახიერება იყო და არ უნდოდა. იქნებ ძალიანაც უნდოდა (გავიხსენოთ რუსლან გილაევის რეიდი პანკისიდან – კოდორში), მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა: თითქმის ყოველ ორშაბათს ჩატარებულ პრეს-კონფერენიაზე გამოვიდოდა ნებისმიერი ჟურნალისტი და დაუსვამდა «არაკომფორტულ» კითხვებს, ხოლო გადაწყვეტილება ყველა ტელეარხზე, პირდაპირ ეთერში დაწვრილებით გაირჩეოდა. ანუ ხელისშემშლელი ფაქტორი პლურალიზმი იყო. სწორედ ის პლურალიზმი, რომელიც ქალბატონ ბურჯანაძის ხელდასხმით განხორციელებულმა რევოლუციამ დაანგრია საქართველოში!
ისიც ფაქტია, რომ ქართული ტელევიზიების უმრავლესობამ («იმ ერთი» ტელევიზიის გარდა) რევოლუციას აქტიურად და ერთმნიშვნელოვნად მხარი არ დაუჭირა, რაკი ისინი საზოგადოებაში რეალურად არსებულ განსხვავებულ, არაერთგვაროვან განწყობებს ასახავდენ. ეს განწყობანი კი არც ისე ტოტალურად ერთმნიშვნელოვანი იყო, როგორც ქალბატონი ბურჯანაძე გვარწმუნებდა და გვარწმუნებს. საზოგადოების უმრავლესობა, შევარდნაძის საყოველთაო მოყირჭების მიუხედავად, რევოლუციას მხარს არ უჭერდა, რაკი გუმანით გრძნობდა ამას რა მოჰყვებოდა. მაგრამ ქალბატონ ბურჯანაძეს ქართული საზოგადოების ამ (არა «გულგრილი», არამედ გონიერი და წინდახედული) ნაწილის აღსანიშნავად დანტე ალეგიერის ციტატები მოჰყავდა და მას ჯოჯოხეთს უწინასწარმეტყველებდა.
ან იქნებ თავად არ მიუღია მონაწილეობა «იმედის» ბოიკოტში? ალბათ «გუნდურობის პრინციპიდან» გამომდინარე დახურულ კარს მიღმა პროტესტს აცხადებდა, მაგრამ «სოლიდარულ გადაწყვეტილებას» დისციპლინირებულობის გამო ემორჩილებოდა.
ზოგადად კი, დახურულ კარს მიღმა «ნაჩურჩულებ» პროტესტს თუ მოსაზრებებს (ეს მართალიც რომ იყოს) კაპიკის ფასი აქვს პოლიტიკაში - რაკი ფაქტი საჯარო სივრცეში არ შემდგარა, მისი ინტერპრეტირებაც შეუძლებელია. მაშასადამე, განუსაზღვრელი ასპარეზი რჩება სხვა მოსაზრებებისა და ჰიპოთეზებისთვის.
მაგალითად, «ოფიციალური ვერსიით» საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ის ყოფილა (თურმე) რომ მმართველი პარტიის სიაში საკმარისი კვოტის (რამდენის - ნახევარზე მეტის?) შეყვანა ვერ მოხერხდა, რაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის საშუალებას მისცემდა პარლამენტის თავმჯდომარეს. თუმცა მეორე ვერსიით, ნამდვილი მიზეზი ის გახდა, რომ ხელისუფლება იმ დროს აქტიურად ალაპარაკდა «განახლებაზე ყველა რგოლში» და არჩევნების შემდეგ, შესაძლოა პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყოლოდა, რის შედეგადაც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის «პირველი ნომერი» უბრალოდ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
არადა, პოლიტიკოსისათვის არაფერია იმაზე საშიში და ტრაგიკული, ვიდრე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩენა.
რაც შეეხება «მართვის სტილს». სახელისულებო ტექნოლოგიისა და მეცნიერების ერთ-ერთი ურყევი კანონის შესაბამისად, ხელისუფლების მართვის სტილი პირდაპირ კორრელირებს მისი წარმოშობის ხასიათთან. ანუ რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელმაც ერთხელ იგემა რთული პრობლემების ნებელობითი გზით გადაჭრის «გემო», სხვაგვარი სტილი ვერაფრით ექნება!
ქალბატონ ბურჯანაძეს, ვინც ახლა ჩივის, რომ «რევოლუციური სტილით მმართველობის გაგრძელება დაუშვებელი იყო» ავიწყდება, რომ ამ აზრით რევოლუციას მხოლოდ დასაწყისი აქვს და არა აქვს ბოლო. ასეთია მისი შინაარსი, მისი ბუნება, მისი არსი, თვისება და მოცემულობა!
იმაში კი შეუძლებელია ავტორს არ დაეთანხმო, რომ ქართველი ხალხი სიყალბისა და უტიფრობის გარშემო არასდროს გაერთიანებულა; და არც გაერთიანდება! ხოლო რაკი სამმა პოლიტიკურმა ლიდერმა რევოლუციის შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა თანაბრად იკისრა, ახლა ამ პასუხისმგებლობისაგან თავის დაძვრენა ნამდვილად აღარ გამოვა.