«მე შაირი არ მინდოდა» - პუტინისა და სააკაშვილის გაბაასება
გასული კვირის «მედიაომებიდან» ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა უკრაინაში პუტინ-სააკაშვილის «გაბაასება» გახდა; თუმცა სანამ ამ თემას შევეხებოდე, იძულებული ვარ ლევან ბერძენიშვილის ერთი საოცარი, გამაოგნებელი განცხადება შევაფასო, რომელიც მან 23 ნოემბერს (რევოლუციის 6 წლისთავზე) გაზეთ «კომერსანტისთვის» მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. კომენტარი კი სწორედ უკრაინაში პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებებს მოჰყვა –კორუფციის დამარცხების შესახებ.
თურმე ნუ იტყვით და (ქართული ლიბერალიზმის «აიათოლლას» თქმით) «მე არ მახსოვს, 2003 წლის ვარდების რევოლუცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნით წარმართულიყო ან ეს ყოფილიყო რევოლუციონერთა დაპირება.»
ეს ადამიანი ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობს (მაშინაც სხვა გალაკტიკაში ცხოვრობდა ალბათ), ან მართლა ცუდად არის ქართული ლიბერალიზმისა და «რესპუბლიკური პარტიის» საქმე.
რაც შეეხება უკრაინაში გამართულ «სიტყვიერ ომს», პუტინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუკი ეგონა, რომ ყირიმში მის «ანგლობას» საქართველოს პრეზიდენტი «ისე გაატარებდა», როგორც იმპერატორის ხუმრობას და საკადრისად არ უპასუხებდა – იმავე ენით და ისეთივე მეტაფორებით.
ასევე ეგონა, როგორც ჩანს, იულია ტიმოშენკოსაც, რომელმაც ქალური კეკლუცობით რუს პრემიერს და მომავალ კოლეგას (აკი ორივე კვლავ პრეზიდენტობას აპირებს) კვერი დაუკრა. თუმცა, კი, იმავე დღეს ორთავემ გვარიანი პასუხი მიიღო: «ქვემოდან ზემოთ დაიწყეთ და ასე მიჰყევით – უფრო კმაყოფილების მომგვრელიაო».
ახია მათზე! არ უნდა «იანგლო», როდესაც საქმე სხვა ქვეყნის პრეზიდენტს ეხება, როგორც არ უნდა გძულდეს იგი.
სააკაშვილს ბევრი აბრალებს, თითქოს მან პუტინს «ლილიპუტინი» უწოდა, მაგრამ ვერავინ დაასახელა წყარო ან კონკრეტული პირი თუ სიტუაცია (ან დრო და ადგილი, ბოლოს და ბოლოს), როდის თქვა ეს პრეზიდენტმა? თუ ვერ ასახელებენ, მაშასადამე არ უთქვამს, მორჩა და გათავდა!.
რაც შეეხება რუსი «პრემიერის» გამონათქვამებს საქართველოს პრეზიდენტის სხეულის იმ ნაწილების შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, პუტინს და ტიმოშენკოს ერთნაირად უყვართ, ამას საფრანგეთის პრეზიდენტი და მისი რამდენიმე თანაშემწე ადასტურებს.
საოცრად საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით შესანიშნავი იტალიელი ჟურნალისტის, რადიო «თავისუფლების» მრავალწლიანი რედაქტორის, სავიკ შუსტერის «ტოკ-შოუ», ასევე, უკრაინელ მოქალაქეებთან გამართული ბრიფინგი.
საინტერესო იმ აზრით, რომ აჩვენებს სხვაობას საქართველოსა და უკრაინას შორის – რევოლუციების შემდეგ.
მაგალითად, წარმოშობით ქართველმა პოლიტიკანმა, დავით ჟვანიამ, რომელიც, რუსული სპეცსამსახურების გასახარად ამტკიცებს, თითქოს პრეზიდენტი იუშენკო არავის მოუწამლავს (ალბათ ლიტვინენკოც არავის მოუწამლავს - ლონდონის ბარში თვითონ ჩაიყარა ჩაიში რადიოაქტიული ნივთიერება), სააკაშვილს საყვედურობდა, რომ თურმე რევოლუცია კი მოხდა უკრაინასა და საქართველოში ერთნაირად, მაგრამ შემდეგ ორი ქვეყანა «სხვადასხვა გზით განვითარდა: უკრაინაში დემოკრატიაა, ხოლო საქართველოში – ავტორიტარიზმი».
ჰოდა უკრაინაში რომ «დემოკრატიაა» (თუ ეს მართლა დემოკრატიაა), იმიტომაც ტრიალებს ამ ქვეყანაში უკვე მრავალი წელია ისეთი მარაზმი, რაც ტრიალებს, როდესაც პერზიდენტი –პრემიერს უცხო ქვეყნის აგენტს უწოდებს, ხოლო პრემიერი – პრეზიდენტს «დებილს» და მოსკოვთან გაზის შესყიდვის თაობაზე სეპარატულ გარიგებას დებს – თანაც საკუთარი ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინებით; როცა პარლამენტი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იმის გამო ვერ იღებს, რომ ტრიბუნა ამა თუ იმ ფრაქციას აქვს «დაბლოკილი» და სხდომები უბრალოდ ვერ ტარდება, როდესაც სახელმწიფოს ისევ ოლიგარქიული კლანები მართავენ და შინაგან საქმეთა მინისტრი ფინიასავით ჰყავთ თოკზე გამობმული.
სწორედ ამ და ასეთი «დემოკრატიის» წყალობით მიიღებენ სულ მალე იმ შედეგს, რაც ამგვარ «დემოკრატიას» მოაქვს. სულ მალე – კერძოდ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად; მაშასადამე, ამ დემოკრატიით «ნასარგებლები» რუსეთი და პუტინის სპეცსამსახურები კიევში სასურველ პრეზიდენტს დასვამენ, რომელიც უკრაინას «საბჭოთა კავშირში» დააბრუნებს.
დემოკრატიაა და რას ერჩით?
უკრაინელებს ძალიან უყვართ ფილმი «სამი ტანკისტი და ძაღლი». ოღონდ არაფერი შეგეშალოთ – ეს ფილმი საქართველოშიც ბევრს უყვარს და ახსოვს. განსაკუთრებით მათ, ვისაც სააკაშვილმა სამართლიანად უწოდა «ისტორიის სარქველში ჩასარეცხები».
თურმე იმ ფილმში ქართველი ტანკისტია, გვარად სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს კი მწარედ უსაყვედურეს: «ჩვენს რუსულ ტანკში უნდა ჩამჯდარიყავი და არა დასავლურში, როგორც ის სააკაშვილიო.»
თვით უკრაინა, მომავალი არჩევნების შედეგად, როგორც ჩანს, მართლაც ჩაჯდება იმ ტანკში. ოღონდ პოლონური ფილმის მეოთხე გმირის როლში.
და თუ მოსკოვში გამართულ «კონსულტაციებსა» და «ბანკეტებს» მივადევნებთ თვალს, იმავე როლს უმზადებენ საქართველოსაც.