კაკო ასათიანის რეცეპტი
ტრადიციონალისტთა ლიდერი ნაზამთრალი დათვივით ნელ-ნელა იღვიძებს საარჩევნოდ და ბრძოლაში ჩასაბმელად ემზადება. თუმცა, ჯერჯერობით მისი საარჩევნო კამპანია ძალზე სუსტად და უნიათოდ მიმდინარეობს.
კაკო ასათიანს, შესაძლოა, იმედი აქვს, რომ «კიდევ მოასწრებს» (არჩევნებამდე 6 თვე დარჩა), მაგრამ ეს ილუზიაა – ყველა სერიოზულმა პარტიამ კარგა ხნის წინ დაიწყო საარჩევნო კამპანია, ვინაიდან ოფიციალური ვადა (ორი თვე) შესაბამისი აგიტაცია-პროპაგანდისათვის საკმარისი ნამდვილად არ არის.
ყველაფერი – ყოველი პოლიტიკური ნაბიჯი, განცხადება, რომელიც კეთდება და გაკეთდება 1999 წლის ნოემბრამდე - საარჩევნო ლოგიკის კონტექსტიდან გამომდინარეობს.
ჯერჯერობით დანამდვილებით ის არის ცნობილი, რომ «ტრადიციონალისტები» და «სახალხოელები» საარჩევნო ბლოკის შექმნას აპირებენ, რათა ერთად სცადონ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
ეს საკმაოდ პრობლემატურია, ვინაიდან მომავალ არჩევნებში სულ 2-3 პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის საშუალება. «სახალხოელები» და «ტრადიციონალისტები» ან ცალ-ცალკე ან ერთად მათ რიცხვში შედიან თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავია.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ სახალხო-ტრადიციონალისტთა ბლოკში (იგი უკვე შექმნილია, ვინაიდან სხვა გზა და ალტერნატივა უბრალოდ არ აქვთ) ამჟამად უეჭველად მიმდინარეობს გააფთრებული დისკუსია საარჩევნო სიის დაკომპლექტების თაობაზე.
რა თქმა უნდა, ტრადიციონალისტები მოითხოვენ პარიტეტს, ვინაიდან ნებისმიერი სხვა ვარიანტი მათთვის დამამცირებელი იქნებოდა, მაგრამ «სახალხოელები» ამას არ დათანხმდებიან, რაკი კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ამ ალიანსში «ლოკომოტივი» თავად არიან, ხოლო «ტრადიციონალისტები» ძირითადად რაიონებში გავლენის გასაძლიერებლად სჭირდებათ.
ამდენად, «სახალხო» შეეცდება საარჩევნო სია არაპარიტეტული იყოს, ანუ ყოველ ორ «სახალხოელზე» - ერთი «ტრადიციონალისტი» მოდიოდეს.
კაკო ასათიანს «პარიტეტის» მისაღწევად რაიმე სერიოზული პოლიტიკური აქცია ესაჭიროებოდა, რომელიც გააძლიერებდა მის პოზიციებს, უპირველესად, თვით საარჩევნო ბლოკში და «ტრადიციონალისტთა კავშირს» საზოგადოების თვალშიც შესძენდა ერთგვარ «თვითკმარობას».
ამის შემდეგ «სახალხოსთან» დიალოგი შეიძლება სხვა პოზიციებიდან წარმართულიყო. სწორედ ამიტომ «წამოატივტივა» კაკო ასათიანმა «აფხაზეთის» თემა.
მას მიაჩნია (ჰგონია), რომ 1990-1991 წლებში პოზიტიური როლი შეასრულა სეპარატისტებთან დიალოგისას და დაითანხმა ისინი საარჩევნო კანონზე, რის შემდეგაც აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული იქნა 28 აფხაზი, 26 – ქართველი და 11 – სხვა ეროვნების წარმომადგენელი.
სინამდვილეში, ეს არ იყო რაიმე დათმობა სეპარატისტთა მხრიდან, არამედ ერთგვარი «ტაქტიკური კომპრომისი» გახლდათ, რაც იმ ვითარებაში ორივე მხარეს აძლევდა ხელს, ვინაიდან, იმავე ტაქტიკური მოსაზრებით, არც ერთი მხარე არ იყო მაშინ დაინტერესებული ომის დაწყებით.
სწორედ ამიტომ წავიდნენ აფხაზები კომპრომისზე და არა იმის გამო, რომ თითქოს მზად იყვნენ ქართულ მხარესთან სტრატეგიული კომპრომისისათვის.
ომი საქართველოსაგან აფხაზეთის მოსაგლეჯად და ქართული მოსახლეობის გასაძევებლად მათ იმთავითვე ჰქონდათ განზრახული.
მიუხედავად ამისა, კაკო ასათიანს ეს ტაქტიკური კომპრომისი დღემდე მიაჩნია იმდროინდელი ხელისუფლების გამარჯვებად. ობიექტურად, ქართულ მხარეს, რასაკვირველია, ხელს აძლევდა, საქმე ჰქონოდა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სწორედ აფხაზებთან და არა «რუსულენოვან უმრავლესობასთან»,
მაგრამ საბოლოოდ, ამ კომპრომისიდან საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გამოვიდა, - როგორც არ უნდა განვითარებულიყო მოვლენები საქართველოში, არძინბას ხროვა მაინც გამოიყენებდა უმრავლესობას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, რათა «დამოუკიდებლობის» დეკლარირება მოეხდინა და შემდგომ ომი წამოეწყო.
დღეს იმავე პარიტეტის აღდგენა და «კომპრომისის განმეორება», რა თქმა უნდა, შეუძლებელია. სეპარატისტები ამჟამად გამარჯვებულნი არიან.
მათ ყველაზე სანუკვარ და საოცნებო მიზანს მიაღწიეს – გააძევეს ქართველები აფხაზეთიდან და მხოლოდ იმის გამო, რომ კაკო ასათიანს საარჩევნოდ რაიმე ინიციატივა ესაჭიროება, ისინი ომით მოპოვებულს, - მოლაპარაკებით არ დათმობენ.
მერიდიანი, 5 მაისი, 1999 წელი