იქცევა თუ არა საქართველო ამერიკის „ჩაუძირავ ავიამზიდად“?
საარჩევნო ბატალიების ფონზე, საქართველოში თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება (სამაგიეროდ, მაშინვე შენიშნეს რუსეთში) ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას თბილისსა და ვაშინგტონს შორის - სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე: თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ „სატრანსპორტო სარდლობის“ მეთაურმა, სტივ ლაიონსმა გააფორმეს შეთანხმება დედაქალაქის მახლობლად, ვაზიანში, ახალი სამხედრო აეროდრომის მშენებლობაზე.
მართალია აქ ჯერ კიდევ 1940 წლიდან იყო „საბჭოთა“, შემდეგ „რუსული“ სამხედრო აეროდრომი, მაგრამ სინამდვილეში საუბარია ახალ აეროდრომზე. საქმე მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის (ადფ) ამჟამინდელი 2,5 კილომეტრიდან - 3 კილომეტრამდე გაზრდაში როდია: ამერიკელები მხოლოდ საკუთარი ხელით აშენებულ ადბ თუ ანდობენ თავიანთ თვითმფრინავებს და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამისი, „შეთავსებადი“ ინფრასტრუქტურა ექნება - როგორც „დამიწებული“, ასევე „ელექტრონული“ და პროგრამული.
ანუ, შეიძლება ითქვას, „ვაზიანი“ შეირჩა არა იმიტომ, თითქოს ან ამერიკელები ან ქართველები რაიმენაირად „თავში იხლიან“ იქ არსებულ, დაჟანგულ, განადგურებულ, ჩაოხრებულ ინფრასტრუქტურას, არამედ თვით ადგილის (ვაზიანის) ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობის გამო. ეს არც რუსებს ეშლებოდათ და სწორედ ამიტომ აირჩიეს ვაზიანი 1942 წელს: ამ ლოკაციიდან ხელმისაწვდომია სამხრეთ კავკასიის ყველა წერტილი და, რაც მთავარია, შედარებით იოლია მისი დაცვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით.
საბჭოთა პერიოდში, ვაზიანი იქცა უძლიერესი საავიაციო დაჯგუფების ლოკაციად. იქ გადაისროლეს როგორც გამანადგურებელი ავიაცია, ასევე სადაზვერვო თვითმფრინავთა პოლკი.
1942-1992წწ. ვაზიანს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭებოდა მთელი „ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისთვის“ - ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან სტრატეგიულ დაპირისპირებაში. ამ მხრივ აფხაზეთის გუდაუთის (ბომბორას) ბაზასაც კი აღემატებოდა, რადგან გუდაუთას ზღვა ჰყოფს NATO-ს წევრი თურქეთისგან და შესაძლო სახმელეთო ბრძოლის თეატრზე ვაზიანის ავიაციის გამოყენება უფრო მეტად იქნებოდა ხელსაყრელი
1992 წელს, სსრკ დაშლისთანავე, მოსკოვმა ვაზიანიდან ავიაცია ჩრდილო კავკასიაში გადაისროლა, მაგრამ აქ დატოვა სახმელეთო ჯარის ნაწილი და ცდილობდა ვაზიანი სამხედრო ბაზად ექცია - თბილისის შემოგარენში.
მაგრამ 1999 წლის სტამბულის შეთანხმების თანახმად, რუსებმა ეს ნაწილიც გაიყვანეს ვაზიანიდან. ბოლო რუსმა ჯარისკაცმა ვაზიანი მხოლოდ 2007 წელს დატოვა და მას შემდეგ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაა, სადაც ხშირად იმართება სამხედრო სწავლებები ალიანსის წევრი ქვეყნების მონაწილეობით. ყველაზე ხშირი სტუმრები იქ ამერიკელები არიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ არის ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?
პირველ რიგში დავაკვირდეთ რომელი ამერიკული უწყება აფორმებს შეთანხმებას და იღებს ვალდებულებას სამხედრო აეროდრომის (!) მშენებლობაზე: „სატრანსპორტი სარდლობა“! ანუ, პენტაგონის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ლოგისტიკური დეპარტამენტი: თვით ამერიკული არმიის სპეციფიკიდან გამომდინარე, როდესაც ამერიკული ბაზები და სხვადასხვა ქვედანაყოფები მთელს მსოფლიოში არიან მიმობნეული, სწორედ ეს „დეპარტამენტი“ ახორციელებს საშუალოვადიან და გრძელვადიან პოლიტიკას იმ ინფრასტრუქტურის შექმნის თვალსაზრისით, რაც ამა თუ იმ რეგიონში ამერიკული სამხედრო „ყოფნის“ დამკვიდრებასა და „გაძლიერებას“ ემსახურება.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, აბსოლუტურად გამორიცხულია, ამ აეროდრომის მშენებლობა (რაც საკმაოდ დიდი თანხაც დაუჯდება პენტაგონს) არ იყოს ნაწილი ამერიკის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიისა საქართველოს მიმართ და მხოლოდ სამხედრო სწავლებებს ემსახურებოდეს: ამ მიზნით ახალი აეროდრომის მშენებლობა არ იქნებოდა საჭირო, რადგან სამხედრო სწავლებები წელიწადში რამოდენიმეჯერ ტარდება, ხოლო ამ მიზნით (!) სამხედრო ტექნიკის თუ ცოცხალი ძალის გადმოყვანა საქართველოში ზღვითაც შეიძლება - შემდეგ კი ფოთი-თბილისის ავტობანით თუ სარკინიგზო ტრანსპორტით.
ხოლო ვაზიანის შემთხვევაში უკვე საუბარია არა შეიარაღებული ძალის „გადმოყვანაზე“ (სწავლებებში მონაწილეობის მიზნით) არამედ სწორედ „გადმოსროლაზე“, ესე იგი უსწრაფეს რეაგირებაზე საგანგებო შემთხვევაში.
გარდა ამისა, თუ წარმოვიდგენთ საოცნებოს და ამერიკა გადაწყვეტს საქართველოში (ვაზიანში) განალაგოს სამხედრო ბაზა იმ პრობლემათა გათვალისწინებით, რაც ვაშინგტონს (მათ შორის პენტაგონს) ექმნება არა მხოლოდ მოსკოვთან, არამედ ანკარასთან ურთიერთობებში, მაშინ ამ ბაზის შემდგომი ყოველმხრივი უზრუნველყოფა-მომარაგება საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით შეუძლებელი იქნება: შავი ზღვა, ფაქტიურად, რუსეთ-თურქეთის „ტბაა“, ხოლო „მონტრეს შეთანხმებით“, შავ ზღვაში არარეგიონული გემების შესვლა, ასევე მათი იქ ყოფნა მკაცრად ლიმიტირებულია.
სამაგიეროდ, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ რეგიონში, პენტაგონს შეუძლია საჰაერო „ხიდი“ შექმნას და სამხედრო დაჯგუფების ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველჰყოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ არის „სამხედრო ბაზა“, მაგრამ როგორც ბისმარკი ამბობდა „მთავარია არა განზრახვა, არამედ პოტენციალი“. ასეთი პოტენციალი უკვე იქმნება. თანაც სამხედრო-პოლიტიკური ტექნოლოგიის დაცვით.
დავაკვირდეთ: აეროდრომი შენდება აშშ-საქართველოს იმ პროგრამის ფარგლებში, რაც გულისხმობს ცხრა ქართული შენაერთის მომზადებას და რაც მთავარია, ეს ხდება NATO-ს ეგიდით, ესე იგი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის „ქოლგის“ ქვეშ:
„სამხედრო მომზადების“ პროგრამა მაღლდება „თავდაცვითი მზადყოფნის“ პროგრამამდე, ხოლო ვაზიანი კრწანისის სასწავლო ცენტრთან და საჩხერის საწვრთნელ ბაზასთან ერთად ქმის ახალ სისტემას, რომელიც ბევრად მეტად იქნება მზად საქართველოს ჩასართავად ერთიან თავდაცვით სისტემაში.
შესაბამისად, საქართველო ამ სისტემაში ჩაერთვება ყოველგვარი MAP-ის, ან თუნდაც NATO-ს წევრობის გარეშე, რომელნიც სულაც არ არიან „თვითმიზანი“. ნამდვილი მიზანი ბოლო 30 წლის ქარცეცხლს გადარჩენილი ტერიტორიის ახალი რუსული აგრესიისგან დაცვაა, რათა ამ ტერიტორიაზე (მაინც) განვითარდეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.
ეს შესანიშნავად იციან მოსკოვში და რუსულმა ოფიციოზმა სწორედ ამიტომ მიაქცია ამ მოვლენას იმაზე ბევრად მეტი ყურადღება, ვიდრე ქართულმა პრესამ ან „საექსპერტო თანამეგობრობამ“.
რუს კოლეგათა ანალიზის საერთო რეფრენი უკვე ისაა, რამდენი დრო დასჭირდება კიდევ საქართველოს, რათა „ამერიკის ჩაუძირავ კავკასიურ ავიამზიდად“ იქცეს.
2018