ელცინი - დიდ შვიდეულში.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: «ჭადრაკის პარტია მთავრდება, სულ ორი-სამი სვლა დარჩა, რომლებიც უახლოეს მომავალში გაკეთდება».
ეს განცხადება ბორის ელცინმა გააკეთა ნეაპოლში, «დიდი შვიდეულის» შეხვედრის შემდეგ, სადაც რუსეთი მიიღეს ამ ელიტარულ კლუბში. იგი ამის შემდეგ «რვიანად» იქცა: ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, კანადა.
მართალია, ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ «პოლიტიკურ რვიანზე», ანუ რუსეთის მონაწილეობაზე პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში, ხოლო «ეკონომიკურ» სხდომებზე რუსეთს კვლავ არ უშვებენ, მაგრამ რუსეთისათვის, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ პოლიტიკური კლუბი იყო უმთავრესი: რაკი იცოდა, რომ ეკონომიკურად «შვიდეულს» ჯერ ვერ შესწვდებოდა, გადაწყვიტა «პოლიტიკური ელიტის» წევრი გამხდარიყო და ამის მეშვეობით გადაეწყვიტა ყველა სტრატეგიული პრობლემა.
რა თქმა უნდა, რუსეთი ისედაც ყოველთვის იყო მსოფლიოს პოლიტიკური ელიტის წევრი (ჩინეთთან ერთად) და მის გარეშე ვერც ერთი გლობალური პრობლემა ვერ გადაწყდებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხაზით. უფრო მეტიც, რუსეთი (საბჭოთა კავშირი) სამხედრო - პოლიტიკური პოტენციალითა და მსოფლიოში გავლენის სფეროთა სიფართოვით, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე «ზესახელმწიფო» იყო.
და მაინც, «ელიტარულ კლუბში» გაწევრიანება რუსეთისათვის განუზომლად უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამით მან მიაღწია იმას, რისი მიღწევაც თითქოს შეუძლებელი ჩანდა: რუსეთი გაწევრიანდა დასავლურ სამყაროში, ხოლო დასავლეთმა აღიარა იგი, როგორც თანაბარი პარტნიორი და, ამიერიდან, ეს კლუბი ისევე გააფთრებით დაიცავს მის ინტერესებს, როგორც ნებისმიერი სხვა წევრისას.
ჩვენ უპირველესად ის უნდა გვაინტერესებდეს, რა შედეგს გამოიღებს ეს მოვლენა ჩვენი პატარა ქვეყნისათვის, მაგრამ სჯობს ვიმსჯელოთ ამაზე საერთოდ, «პოსტსაბჭოთა» ქვეყნების შემდგომი ბედის განხილვის კონტექსტში.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს მოვლენა (რუსეთის გაწევრიანება «დასავლურ კლუბში») ამ ქვეყნებისათვის (ანუ СНГ-ს წევრი სახელმწიფოებისათვის) კატასტროფული შედეგების მომტანია და უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრაგედია.
დავაკვირდეთ: რუსეთი მიიღეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრინციპში გადაწყდა ბალტიის გეოპოლიტიკური სტატუსის პრობლემა - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი უკვე უეჭველად გადიან რუსეთის სივრციდან და შედიან დასავლურ სივრცეში. თუმცა, რუსეთი ამ რეგიონშიც (კიონიგსბერგ-კალინინგრადში) ინარჩუნებს მძლავრ სამხედრო დაჯგუფებას, რაც მისცემს მას საშუალებას, კვლავაც მტკიცედ აკონტროლოს ვითარება ბალტიის ზღვის აუზში.
მაგრამ ამ ქვეყნებისა და ხალხების ბედი მაინც, ასე თუ ისე, გადაწყდა. როგორც ჩანს, ეს იყო ერთადერთი, რაც დასავლეთს აინტერესებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში და რუსეთის ცნობამ ცხადყო - სხვა მას უკვე არაფერი აინტერესებს. ყველაფერი სხვა, ყველა სხვა რეგიონი: უკრაინაც, კავკასიაც, შუა აზიაც, მას მიაჩნია რუსეთის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის სფეროდ და მან მიიღო ის თამაშის წესები, რომელსაც რუსეთი ამყარებს ამ სფეროში.
სხვაგვარად წარმოუდგენელია. ხომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი თავის ერთ-ერთ წევრს ყველა სხდომაზე შენიშვნებს მისცემს, გაკიცხავს და, მითუმეტეს, რაიმე ქმედების გამო სანქციებს შემოიღებს მის მიმართ? ეს უკვე გამორიცხულია, რადგან მოხდა ინტერესთა სფეროების განაწილება და ამ სფეროთა შიგნით ელიტარული კლუბის თითოეულ წევრს მოქმედების სრული თავისუფლება ეძლევა.
ოღონდ, რა თქმა უნდა, გარკვეული ეტიკეტის და ჩარჩოების დაცვით - დემოკრატიულ ფასეულობათა ერთგულების შესახებ განცხადებების საფარქვეშ.
საფრანგეთი სწორედ ამ საბაბით აგზავნის ჯარებს რუანდაში. სინამდვილეში კი, ამ რეგიონში (იგი აღიარებულია მისი გავლენის სფეროდ) საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავს.
ამერიკა ემზადება ჰაიტიში «დემოკრატიული ინტერვენციისთვის», ხოლო რუსეთი ასრულებს «ჭადრაკის პარტიას» საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინის, ტაჯიკეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ.
«შვიდეულში გაწევრიანება» ყველაზე ძლიერი სვლა იყო და მომავალი გამარჯვებით აღფრთოვანებულმა ელცინმა ვეღარ მოითმინა - ოდნავ ახადა ამ განცხადებით ფარდა რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ იდუმალ გეგმას.
საქართველოში «შვიდეულის გადაწყვეტილება» უნდა განიხილებოდეს, ვიმეორებ, როგორც ეროვნული ტრაგედია. დასავლეთმა კვლავ გაწირა საქართველო!
სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა რა მოხდა: ამიერიდან საქართველო კარგავს თავის ერთადერთ კოზირს, ერთადერთ უკანასკნელ ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედებისა - დასავლეთისადმი აპელირების შესაძლებლობას. ნებისმიერი ბრალდება რუსეთის მიმართ ამიერიდან დასავლეთის მიერ აღიქმება საკუთარ შეურაცხყოფად: «როგორ, განა ჩვენ იმპერიას მივიღებდით ჩვენს რიგებში? რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა, კეთილი ინებეთ და მოაგვარეთ მასთან ურთიერთობა!»
მერედა, რომ არ გვარდება ეს ურთიერთობა? როგორ შეიძლება პატარა თევზმა «კეთილი ინებოს და მოაგვაროს ურთიერთობა» უზარმაზარ ზვიგენთან, რომელსაც მისი გადასანსვლა სურს? ეს ურთიერთობა არ გვარდება, რადგან ზვიგენს შია - თევზი კი ძალიან გემრიელია. ამიტომ, მათი ურთიერთობა შეიძლება «მოგვარდეს» მხოლოდ ერთი გზით - თევზი დაემორჩილოს ბედს და აღმოჩნდეს გაუმაძღარ სტომაქში.
ძალიან ბევრ «ურწმუნო თომას» არა და არ სჯერა, რომ რუსეთს ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა სურს (ოღონდ უკვე არა ტოტალიტარული იმპერიის, არამედ ფედერაციის სახით). ასეთ წინასწარმეტყველებას ისინი რაცხავენ «რუსოფობიად», «ავადმყოფურ ეჭვიანობად» და ასე შემდეგ. დღეს, მას შემდეგ, რაც მოხდა СНГ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე, კვლავ უარყოფა ამ შესაძლებლობის და ვერდანახვა ასეთი გეგმის გამოვლინებისა, - უკვე ან შეგნებული ღალატია, ან გონებრივი სიჩლუნგის გამოხატულება.
შეგახსენებთ: СНГ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს «მემორანდუმი - მიმართვა სახელმწიფოთა მეთაურებისადმი» რათა მათ სექტემბერში, სოჭში გამართულ შეხვედრაზე, СНГ-ს ტერიტორიაზე ერთიანი მოქალაქეობა შემოიღონ.
ეს კიდევ ერთი სვლაა ელცინის ჭადრაკის დაფაზე. ბოლო სვლაც სულ მალე იქნება და რატომღაც მგონია, რომ იგი საქართველოში, ან საქართველოს მაგალითზე გაკეთდება.
«მსგეფსი», 23-30 ივლისი, 1994 წელი.