„ეროვნული მოძრაობის“ ისტორია. (1988-1993)
დამარცხებული სულისკვეთების ქრონიკა
წადი მიდიაში შვილო, რადგან მჯერა,
რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევიაზე, -
დაემხობაო იგი.
მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო,
ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო,
იერუსალიმი დაინგრევა, გადაიბუგება ღვთის სახლი
და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი.
ტობითი 14 (4)
ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მერე გამოჩნდაო
ხალხური
«. . . ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია»
ილია
შესავალი
წინამდებარე წიგნი მოვლენათა თვითმხილველის (თუმცა არა უშუალო მონაწილის) დაწერილია. აბსოლუტური სიზუსტისა და ღრმა ანალიზის პრეტენზია ავტორს ნამდვილად არა აქვს, მაგრამ, ალბათ დგება დრო, როდესაც საქართველომ, ქართულმა საზოგადოებამ, «სახელი უნდა დაარქვას», შეაფასოს ის პერიოდი, რომელიც გარდამტეხი მნიშვნელობისა აღმოჩნდა ქვეყნის უახლესი ისტორიისათვის.
საამისოდ უკვე გვაქვს ყველა პირობა – დაიწყო თვისებრივად ახალი ხანა, როდესაც საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა პროცესმა შინაარსობრივი სახეცვლილება განიცადა. ამდენად, უკვე შესაძლებელია «ახალი თვალით დავინახოთ» იმდროინდელი მოვლენები.
ქრონოლოგიურ დისტანციას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, საზოგადოებაში უკვე იყოს «ახლადშეფასებული» გარკვეული ტრადიციული ღირებულებანი.
ბევრი პოლიტიკური მოღვაწე, ვინც აქტიურად მონაწილობდა იმ «მოძრაობაში», დღესაც «ოლიმპზეა» ან შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს პოლიტიკური მოღვაწეები (დიდწილად) აღარ არიან ხელისუფლების უშუალოდ განმახორციელებელნი. ზოგიერთი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში სულაც ციხეში იმყოფებოდა.
დროითი დისტანცია რა თქმა უნდა საჭიროა, - 1988-1993 წლების მოვლენებს ოდესმე (ვთქვათ, 70 წლის შემდეგ), ისტორია საბოლოოდ, პირუთვნელად და ზუსტად შეაფასებს, მაგრამ მომავალ ქართულ საზოგადოებასაც სჭირდება ფაქტობრივი მასალა და მოვლენათა თვითმხილველის «წინასწარი ანალიზი», რათა არ შეცდეს და ეპოქის «სულისკვეთება» ნათლად შეიგრძნოს.
დასახელებული პერიოდი კი მართლაც საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს იყო შანსი, ერთგვარი «ჭეშმარიტების მომენტი», როგორიც მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა ერს რათა გაიმარჯვოს, - საუკეთესო თვისებათა გამოვლენითა და საერთოეროვნული ძალისხმევით.
«დასაფლავებათა ხუთწლედი»
ვისაც კომუნისტურ ეპოქაში არ უცხოვრია, ვერასდროს შეძლებს საქართველოში 1988-1993 წლებში განვითარებულ მოვლენათა ჭეშმარიტი არსის წვდომას. ეს არ არის ინტელექტუალური პრობლემა, აქ ადამიანის ინტელექტუალურ დონეზე როდი გვაქვს საუბარი, - უბრალოდ, კომუნისტური ეპოქის «სულისკვეთებას» ნაზიარები ადამიანისათვის შემდგომი მოვლენები სხვაგვარად აღიქმება ვიდრე იმისთვის, ვისი ცნობიერებაც 1985 წლის შემდეგ, ე.წ «პერესტროიკის» ეპოქაში ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება «დროით ტეხილს», ჩემი აზრით, ეპოქა მოიცავს პერიოდს 1985 წლის აპრილიდან, როდესაც ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებით, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, - 1993 წლის 31 დეკემბრამდე, როცა სამეგრელოში თავი მოიკლა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ.
სწორედ ეს პერიოდი იქცევა მომავალში განსაკუთრებული კვლევისა და ანალიზის საგნად, ვინაიდან მან დიდად (შეიძლება ითქვას მთლიანად) განსაზღვრა საქართველოს მომავალი განვითარება მე 20-ე საუკუნის ბოლოსა და უფრო შორეულ პერსპექტივაშიც.
1982 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა ლეონიდ ბრეჟნევი, - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, რომელიც ქვეყანას 1964 წლიდან 18 წლის განმავლობაში მართავდა.
მისი ეპოქა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც «ჭაობი». ბოლო წლებში ბრეჟნევი მარაზმატულ ფიგურად იქცა, - საერთოდ აღარ შეეძლო ლაპარაკი და გადაადგილება. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტისას, მის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე მაგიდასთან ჩაეძინა. 26-ე ყრილობაზე კი 5 საათიანი სიტყვა წარმოთქვა, რომლის თავი და ბოლო ვერავინ გაიგო: გენერალური მდივანი უაზროდ ბლუყუნებდა. «კიდევ კარგი» ეს სიტყვა ასეულ მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა, თორემ რა ეშველებოდა მილიონობით კომკავშირელ და პარტიულ აქტივისტს, რომელთაც პარტიის დავალება «მასებამდე» უნდა მიეტანათ?
საბჭოთა კავშირში იმ დროს საზიზღარი, ყალბი, სიცრუესა და დემაგოგიაზე აგებული რეჟიმი გამეფებულიყო; სოციალური უსამართლობა («სოციალისტურ საზოგადოებაში»!) ყოველგვარ ზღვარს აჭარბებდა; ეკონომიკა საერთოდ დალპა; რამდენიმე დიდი ქალაქის გარდა (მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, მინსკი) ქვეყანა ლამის შიმშილმა მოიცვა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ამ მხრივ თვით რუსეთში.
სამაგიეროდ, საბჭოთა სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი კვლავინდებურად ურყევი და მტკიცე ჩანდა. მიმდინარეობდა «გამალებული შეიარაღება» -კრემლი მთელ მსოფლიოს განადგურებით ემუქრებოდა. «ატომ - ბირთვული» ისტერია პირველი სიმპტომი გახდა შიშისა, რომელიც იმპერიის მმართველი ელიტა მოიცვა. ეს იყო შიში მომავლის წინაშე. მაგრამ ამას მაშინ ცოტა თუ ხვდებოდა - იმპერია ჯერ არ კარგავდა «უძლეველობის» ყალბ ორეოლს.
ბრეჟნევის სიკვდილი საკმაოდ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ მოვლენად იქცა ქართული საზოგადოებისათვის. ყველა ელოდა განსაკუთრებულ ცვლილებებს,- გრძნობდნენ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო, რომ ახალი ეპოქა იწყებოდა და არავინ უწყოდა, რას მოუტანდა იგი საქართველოს, თითოეულ ადამიანს.
ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კომპარტიის ლიდერი იური ანდროპოვი გახდა. მრისხანე КГБ-ს შეფი ათწლეულების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელს მსოფლიოს. ახალ თანამდებობაზე მისი პირველივე მოხსენების მთავარ თეზად იქცა «დისციპლინის განმტკიცება» - პირველსავე «პლენუმზე» იური ანდროპოვმა დისციპლინისა და წესრიგისათვის ბრძოლის გაძლიერება მოითხოვა.
საბჭოთა კომუნისტური სისტემა, რომელიც ბრეჟნევის ეპოქაში ოდნავ «შერბილდა» თუ «მოდუნდა», ანდროპოვის დანიშვნისთანავე კვლავ «შეიკრა» და საკუთარ არსს დაუბრუნდა. იმ დროს თბილისის ქუჩებში ადამიანებს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ: «სად მუშაობთ, რატომ არა ხართ სამსახურში?» ამით ეს ვეებერთელა იმპერია იმავე ეპოქის «შრომა - გასწორების კოლონიას» დაემსგავსა. დღეს ეს შესაძლოა ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ იმ ეპოქაში ასეთი რამ სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერი იყო.
ბევრი «სტალინისტი» (მათ შორის საქართველოშიც) ანდროპოვის დანიშვნას, აგრეთვე მის პირველ ქმედებებს, სიხარულითა და კმაყოფილებით შეხვდა. «დისციპლინის განმტკიცება» მათში სასიამოვნო ასოციაციებს იწვევდა. ამ წრეებში ანდროპოვი საკმაოდ პოპულარული იყო.
იმავე პერიოდს დაემთხვა «გიორგიევსკის ტრაქტატის» 200 წლისთავი. საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეს თარიღი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. ზოგიერთი დისიდენტი (მათ შორის ირაკლი წერეთელი) პროკლამაციების გავრცელებისათვის დააპატიმრეს.
მაინც ვერ ვიტყვით, თითქოს საზოგადოება ტოტალურმა შიშმა მოიცვა. საქართველოში ერთობ გულგრილი ატმოსფერო სუფევდა - ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ აქტიურად საუბრობდნენ გახმაურებულ ამბებზე.
ჯერ იმაზე მსჯელობდნენ, «მოხსნიდა» თუ არა ანდროპოვი შევარდნაძეს. რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ უეჭველად «მოხსნიდა», რადგან ედუარდ შევარდნაძე «ბრეჟნევის კაცად» ითვლებოდა. შევარდნაძესთან ერთად ჰეიდარ ალიევის «მოხსნასაც» წინასწარმეტყველებდნენ. ამ ჭორის წარმოშობის მიზეზი კი ის გახდა, რომ ალიევი და შევარდნაძე ერთად იდგნენ ბრეჟნევის კუბოსთან.
მეორე, ძლიერ «რეზონანსული» ამბავი 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცება გახდა. მათ სცადეს კიევის მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავის «შეტრიალება» თურქეთისაკენ. ინციდენტის შედეგად რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ადამიანი (ჩვეულებრივი, საბრალო «ობივატელი») დაიღუპა. თუმცა, მსხვერპლის დიდი ნაწილი მოჰყვა თვითმფრინავის თბილისში დაშვებისას ე.წ. «მერვე პოლკის» ჯარისკაცთა უთავბოლო სროლას. ეს პოლკი მაშინ ორმაგ დაქვემდებარებაში იყო და ძირითადად რუსი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა.
საქართველოს КГБ-ს შეფმა, ალექსი ინაურმა, მოსკოვიდან სახელგანთქმული სპეცჯგუფი «ალფა» გამოიძახა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავით ორმოციოდე წუთში ჩამოფრინდა თბილისში. ამ რაზმის მებრძოლთა პროფესიონალიზმზე სასწაულებს ჰყვებოდნენ.
«ალფამ» სულ 7 წუთი მოანდომა მთელს ოპერაციას. ერთი «გამტაცებელი» შტურმის დროს მოკლეს, დანარჩენები დააპატიმრეს.
სასამართლო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ - 1984 წლის აგვისტოში გაიმართა. გეგა კობახიძეს, რომლის მამა, ნიჭიერი კინორეჟისორი, უმუშევარი იყო და (როგორც მაშინ ამბობდნენ) ქუთაისში «პარკეტჩიკად» მუშაობდა, გრიგოლ ტაბიძესა და ძმებ ივერიელებს, აგრეთვე მღვდელს, ვინც დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, მაგრამ უშუალოდ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, - სიკვდილი მიუსაჯეს. თინათინ ფეტვიაშვილს - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ესოდენ მკაცრი განაჩენის მთავარი ინიციატორი იმდროინდელი გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე გახდა. მას შემდგომშიც არაერთგზის უთქვამს, რომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და თავის სიმართლეში ეჭვიც არ ეპარება.
ცოტამ თუ იცის: იმ ხელმოწერებთან ერთად, რომელსაც აგროვებდნენ ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები ახალგაზრდა ტერორისტებისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად (მხოლოდ რამდენიმემ გაბედა ეთქვა პრინციპულად უარი იმ მოტივით, რომ ტერორისტებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიწირეს), - გროვდებოდა სხვა ხელმოწერებიც: თვითმფრინავში დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები აგროვებდნენ ხელმოწერებს დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯის მოთხოვნით. მათი მოტივი იმ დროისთვისაც ძალზე ნიშანდობლივი იყო: «იმათ (ტერორისტებს – ავტ.) გამოუჩნდათ პატრონი და ჩვენი მკვდრები უპატრონოები არიან?»
განაჩენი აღსრულდა 1984 წლის შემოდგომაზე. თუმცა, მაშინ ბევრი ამტკიცებდა, ახალგაზრდები შეიწყალეს და შორეულ «ლაგერში» გააგზავნესო. მაგრამ იმდროინდელი რეჟიმის მარაზმატიულობა სწორედ იმაში მდგომარეობდა (ყველაფერთან ერთად), რომ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
სპეციალური გადაცემა ტერორისტული აქტის თაობაზე დავით სოკოლოვს მიჰყავდა. ეს გადაცემა ეთერში 1984 წლის ზაფხულში გავიდა - როდესაც განაჩენი სისრულეში ჯერ კიდევ არ იყო მოყვანილი. შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა ახალგაზრდების სიმშვიდე და სიკვდილისათვის მზადყოფნა: «სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს - ჩვენ სიკვდილის ღირსნი ვართ და მოვკვდებით.»
იური ანდროპოვს დიდხანს არ უცოცხლია. იგი ჩერნენკომ შეცვალა, - ასევე მძიმედ ავადმყოფმა. «დასაფლავებათა ხუთწლედი» გრძელდებოდა. 1985 წლის 12 მარტს «საბჭოთა საზოგადოება» განცვიფრებით აკვირდებოდა ახალგაზრდა გორბაჩოვის გაზეთებში გამოქვეყნებულ ფოტოსურათს.
მიხეილ გორბაჩოვი სულ 54 წლის იყო