დავით სალარიძე ომბუდსმენის პოსტსაც შეიფერებს
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა ხანგრძლივი (შეიძლება ითქვას თითქმის ორწლიანი) დებატების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ქართველი «სახალხო დამცველის» შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში ამ პოსტზე დისიდენტები ან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ინიშნებიან, ჩვენ ამაშიც ორიგინალურები აღმოვჩნდით - დავით სალარიძე «ორგანოების» გამოცდილი მუშაკია და ნამდვილად არ არის მოკლებული აზრს მისი ოპონენტების ხუმრობა: ბარემ ამ პოსტზე ბაბილაშვილი, კვირაია ან თარგამაძე დაგვენიშნაო.
მართლაც, დავით სალარიძე, რაოდენ «წარმატებულიც» არ უნდა იყოს მისი მოღვაწეობა, ძნელად თუ შემატებს ავტორიტეტს თვით სახალხო დამცველის თანამდებობას. აქ მკითხველს, შესაძლოა, პარადოქსი მოეჩვენოს: თუ წარმატებით იმუშავებს, მაშინ როგორღა დააკნინებს «ომბუდსმენის» იმიჯსო. საქმეც სწორედ ის არის, რომ სახალხო დამცველის ფიგურა დიდად განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ ინსტიტუტისადმი.
სახალხო დამცველი მხოლოდ მაშინ აღიქმება ჭეშმარიტ სახალხო დამცველად (ბოდიშს ვიხდი ტავტოლოგიისთვის - ავტ.), თუ იგი ცნობილი დისიდენტი ან, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების მხრიდან არაანგაჟირებული პიროვნება იქნება. ასეთია ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგია და ამას ვერსად გავექცევით. ნურვინ აღიქვამს სხვაგვარად, მაგრამ სალარიძის ძალისხმევით გათავისუფლებული პიროვნებისადმი (ციხიდან გათავისუფლებას ვგულისხმობ) დამოკიდებულება სხვა იქნება, ვიდრე იმ პიროვნებისადმი, რომელსაც ციხიდან მერაბ კოსტავას ტიპის დისიდენტი გაათავისუფლებდა.
პირველ შემთხვევაში უეჭველად იტყვიან: მავანმა სალარიძესთან საქმე «ჩააწყო» და თავისას მიაღწიაო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლოს და ბოლოს ციხესთან, პატიმრობასთან, სასამართლოსთან და პროკურატურასთან ურთიერთობა საზოგადოების მცირე (თუნდაც სოციალურად ძალზე აქტიურ) ფენას აწუხებს. ამდენად, მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს «გამოშვებულ» პატიმართა დამნაშავეობას ან უდანაშაულობას. პროცესი ერთ პიროვნებაში - ომბუდსმენში - პერსონიფიცირდება.
თუ სახალხო დამცველი ასოცირდება ხელისუფლებასთან, მაშინ პატიმართა გათავისუფლებამ შეიძლება უკურეაქციაც კი გამოიწვიოს - ხელისუფლება კრიმინალებს უშვებსო. ან პირიქით: ამ ომბუდსმენის ხელში აბა სიმართლეს ვინ გაიტანსო. კონკრეტული ბრალდებული პიროვნებას, მისი საქმის გარემოებებს მნიშვნელობა არ ექნება - ასეთია საზოგადოების (არა ზოგადად საზოგადოების, არამედ ჩვენი საზოგადოების) ფსიქოლოგია.
მეორე მხრივ ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საზოგადოების დამოკიდებულებისა - ვერც ერთი «დისიდენტი» ვერ გააკეთებს «სახალხო დამცველის» საქმეს სალარიძეზე უკეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი თავად არის ყოფილი პოლიციელი, პროკურორი და მის ხელში ასობით საქმეს გაუვლია. ამიტომ იცის, «რა არის და როგორ», ვის როგორ მიუდგეს, ვის რა მოსთხოვოს, საიდან მოუაროს, რა ბერკეტები გამოიყენოს.
იგი შესანიშნავად იცნობს ჩვენი «ორგანოების» მუშაობის სტილს და სპეციფიკას. ამიტომ თუ მოინდომა, უდანაშაულოს უეჭველად გაათავისუფლებს, ოღონდ, თუ მოინდომა (ისევ ტავტოლოგია) დამნაშავესაც გამოაშვებინებს. მის ადგილას ნებისმიერი «დისიდენტი» და «საზოგადო მოღვაწე» მხოლოდ იმას თუ შეძლებდა, ისტერიკები გაემართა, აურზაური აეტეხა, პარლამენტში გამოსულიყო, პრესკონფერენციები მოეწყო, ბოლოს - მთლიანად ხელისუფლება «ფაშისტურ ხროვად» გამოეცხადებინა და ახალი «დემოკრატიული რევოლუციის» მებაირახტრე გამხდარიყო. თუმცა, ეს არც პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა და არც კონკრეტული ბრალდებულის დახმარება.
დავით სალარიძე ჯერ ხეირიანად დანიშნულიც (დამტკიცებულიც) არ იყო, რომ უკვე დაიწყო ახალი ურთიერთობის დამყარება ძველ კოლეგებთან. თავად იგი ისეთი «მარიფათიანი» კაცია, ამ პოსტსაც შესანიშნავად «მოერგება». საგადასახადო ინსპექციიდანაც, ალბათ, სიხარულით წამოვიდა. ეყო, რაც იმუშავა - ახლა ისეთ პოსტზე მიდის, ქვეყანა რომ დაიქცეს, მას უბატონოდ ხმას ვერავინ გასცემს.
უკრაინა კავკასიაში შემოღწევას ცდილობს
რუსეთი რომ კავკასიაში ერთადერთი «მოთამაშე» აღარ არის, უკრაინის პრეზიდენტ კუჩმას ვიზიტმაც დაადასტურა. ვიზიტი საქართველოსათვის უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, აქ ორმხრივმა დაინტერესებამ «იმუშავა»: არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანაა დაინტერესებული, დაუკავშირდეს უკრაინას და მისგან მიიღოს ის, რასაც რუსეთისაგან ვეღარ იღებს და ვეღარც მიიღებს, არამედ უკრაინაც სისხლხორცეულად დაინტერესებულია, დაიმკვიდროს თავი «რეგიონულ ზესახელმწიფოდ» - წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პოტენციალის, სიდიდისა და რესურსების ქვეყანას სრულფასოვნად არსებობა ევროპის უმნიშვნელოვანეს რეგიონში ნამდვილად გაუჭირდება. გეოპოლიტიკის ერთ-ერთი უმკაცრესი კანონით, ქვეყანა ან მუდმივად უნდა ძლიერდებოდეს და იმკვიდრებდეს თავს, ან იგი უმწეოდ და უპერსპექტივოდ იქნება მიჩნეული. პოლიტიკური ამბიციის გარდა უკრაინას პრაგმატული ეკონომიკური ინტერესიც გააჩნია: აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო ხიდი მისთვის ენერგომატარებლების შეუფერხებელი მიღებისთვის აუცილებელი ალტერნატიული გზაა. «რუსული მარშრუტის» ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან მოსკოვი, როგორც ჩანს, კვლავ ძველი მეთოდებით ცდილობს თვითდამკვიდრებას. ამდენად, რუსეთის გავლით სტრატეგიული მნიშვნელობის ნედლეულის მიღება იმთავითვე ნიშნავს პოლიტიკური კომპრომისის აუცილებლობის აღიარებას - კუჩმა არც მალავდა აღშფოთებას რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედების გამო: ჩერნომირდინის კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან შემოტანილი საქონლის «ორმაგი დაბეგვრის» თაობაზე, რამაც უკრაინის ეკონომიკა უმძიმესი პრობლემების წინაშე დააყენა და ინფლაციური პროცესების პროვოცირება გამოიწვია. ბუნებრივია, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინული ვალუტის - გრივნის დაკნინება და გაუფასურება გამოიწვიოს. საამისოდ იგი უკვე ყველა ღონეს მიმართავს. ანალოგიურ ხერხებს ამჟამად რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არ იყენებს, რადგან უკვე ყველა მათგანი გამოიყენა და სხვა, ახალი ბერკეტები არც გააჩნია.
უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთობლივი დეკლარაციით დაადასტურეს პოლიტიკური პარტნიორობისაკენ სწრაფვა. ეს დეკლარაცია ერთგვარი პაქტის გაფორმებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოსაგან შეიძენს სუ-25 ტიპის სამ ავიაგამანდგურებელს. თბილისის საავიაციო ქარხანაში შეაკეთებენ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სუ-25 და მიგ-21 ტიპის თვითმფრინავებს, აგრეთვე რ-62 და რ-70 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს, უკრაინის ტერიტორიაზე მოამზადებენ ქართველ მედესანტეთა ჯგუფებს და სპეციალური საზენიტო დანადგარების მსროლელ სპეციალისტებს; რაც მთავარია, პირველად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ისტორიაში, იქმნება ერთობლივი სამშვიდობო ქართულ-უკრაინული ბატალიონი რომელსაც «კომუნიკაციათა დაცვის» ფუნქცია უნდა დაეკისროს. ეს უკვე ძალზე სერიოზული დემარშია. ევროპაში ფრანგულ-გერმანული ერთობლივი კორპუსის შექმნამ საბოლოოდ დააფიქსირა ახალი რეალობა: სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გერმანიასა და საფრანგეთს შორის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის არც ერთ ქვეყანას რომელიმე პარტნიორთან ამგვარი ურთიერთობა არ გაუფორმებია. თვით ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნებიც კი არ შეკავშირებულან იმდენად მჭიდროდ, რომ ერთობლივი სამხედრო შენაერთი ჩამოეყალიბებინათ.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ქართულ-უკრაინული ბატალიონი იქმნება «კომუნიკაციათა დასაცავად», ანუ სავსებით შესაძლებელია იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო ხაზის დაცვა «ერთობლივ ბატალიონს» დაევალება ან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი სახით გაფორმდება «მრავალეროვნული სამშვიდობო ოპერაცია» აფხაზეთში, ხოლო სამშვიდობო ძალთა ქვაკუთხედად სწორედ «ერთობლივი ბატალიონი» ჩაითვლება.
რამდენიმე წლის წინათ რუსეთის ტელევიზიის წამყვანმა აშკარად დასცინა უკრაინის პრეზიდენტს - ქართველები აფხაზეთში სამშვიდობო ძალების შეყვანას სთავაზობდნენ, ის კი არ თანხმდებაო.
დღეს უკვე აღარავის გაუკვირდება ერთობლივ დეკლარაციაში ჩაწერილი ფრაზა: «უკრაინა მზად არის აფხაზეთში, გაეროს ეგიდით სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაგზავნოს თავისი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი».
რა თქმა უნდა, რეალურად ყველა ამ გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ პოლიტიკაში ხშირად დეკლარაციიდან რეალობამდე ერთი ნაბიჯია - თუ, რა თქმა უნდა, ინტერესები თვისებრივად ემთხვევა ერთმანეთს.
ლეილა ცომაია - სინდისის პატიმარი
«ზვიად გამათავისუფლებელის» პარტიის ლიდერს, ლეილა ცომაიას 5 წლით პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავადსახსენებელი კომუნისტური ეპოქის დროინდელი ბრალდებებით ცდილობს, გაამართლოს მისი დაპატიმრება: ხელს უშლიდა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვაში, იწვევდა ტრანსპორტის მოძრაობის დეზორგანიზებას და ასე შემდეგ. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ცომაიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია «ხულიგნობის» მუხლით, ანუ ზუსტად მეორდება იგივე, რასაც «ორგანოები» სჩადიოდნენ საბჭოთა წყობილების დროს, როდესაც სხვაგვარად მოაზროვნეებს ასამართლებდნენ «წესრიგის დარღვევისა და საზოგადოების შეურაცხყოფის», ანუ ხულიგნობისთვის, პოლიციას, ალბათ, ჰგონია, რომ ამით ხელისუფლებას ეხმარება. სინამდვილეში, არაფერი აყენებს იმაზე მეტ ზიანს ხელისუფლებას, ვიდრე აშკარად უდანაშაულო ადამიანთა დევნა.
პოლიცია, რომელიც რამდენიმეჯერ კუდამოძუებული გამოიძურწა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბ-ბინიდან და ვერ გაბედა აღესრულებინა ამ შტაბ-ბინის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, საცოდავ «ზვიადისტებთან» აღმოჩნდა «ვაჟკაცი» და «შეურიგებლად პრინციპული», ანუ «მოერია» ლეილა ცომაიას, რომელსაც საკუთარი უბედურებაც ეყოფა. ისეთი რა დააშავა ამ ადამიანმა, - უნივერსიტეტის წინ მიტინგის მიმართვა უნდოდა. მინდა ვკითხო ეგრეთ წოდებულ «ქრონიკულ ოპოზიციონერებს» - ზვიად გამსახურდიას დროს ჯაბა იოსელიანი რომ «პოლიტპატიმრად» გამოაცხადეს: კი მაგრამ, თქვე ოჯახაშენებულებო, თუ გოგა ხაინდრავა, რომელიც ტელევიზიის შენობაში იარაღით დააკავეს, - «სინდისის პატიმარი» იყო, რატომ არ არის ლეილა ცომაია სინდისის პატიმარი? და თუ არის, რატომ მაშინდელივით არ ტეხთ გნიასს, არ ატარებთ პრესკონფერენციებს, არ აკეთებთ საპროტესტო განცხადებებს? ვერ ხვდებით, რომ ეს პრეცედენტი პოლიციას იმისთვის სჭირდება, რომ თქვენც დაგალეწოთ ცხვირ-პირი საჭიროებისას და კრინტსაც ვერ დაძრავთ საპროტესტოდ, რაკი ახლა გაჩუმებული ხართ?!
ამ საქმეს თუ ყურადღებით დავაკვირდებით, უეჭველად შევნიშნავთ პროვოკაციის სიმპტომებსაც. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს შევარდნაძის დისკრედიტაცია სურთ და ცდილობენ, იგი ისეთივე პროვოკაციაზე «წამოაგონ», როგორც მისი წინამორბედი - გოგა ხაინდრავასა და სხვათა დაპატიმრებით.
თანამეგობრობაში ყოფნა საქართველოს ერთადერთი და უკანასკნელი არგუმენტია
როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო მოსმენამ - სახელმწიფო მინისტრ ნიკო ლეკიშვილისა და კაბინეტის სხვა წევრთა სოხუმში ვიზიტის შესახებ, კიშინიოვის სამიტის შედეგთა გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ მიიღო «თანამეგობრობის» საწინააღმდეგო ხასიათი. «სახალხო ფრაქციამ» დსთ-ში საქართველოს შემდგომი ყოფნის მიზანშეწონილობა საეჭვო გახდა. როგორც ჩანს, ეს ოპოზიციის ტაქტიკური სვლაა, - რაკი კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანა უეჭველად ომს ნიშნავს, ხოლო ომი არავის სურს, - ოპოზიციას ურჩევნია აბსტრაქტული «სნგ» აირჩიოს მთავარ მტრად მაშინ, როცა სავსებით ცხადია, რომ თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა მეორადი საკითხია თვით სამშვიდობო ჯარებთან შედარებით. უფრო ზუსტად, სამშვიდობო ჯარები ენგურის აუზში შემოიყვანეს თანამეგობრობის ეგიდით. თუ საქართველო თანამეგობრობიდან გავა, მაშინ ამ ჯარების ყოფნა ენგურთან ყოველგვარ აზრს (გამართლებას) დაკარგავს, ანუ დსთ-დან საქართველოს გასვლა შინაარსობრივად რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანასაც ნიშნავს. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია.
ხელისუფლებას ოპოზიციაზე არანაკლებ კარგად ესმის, რომ ეგრეთ წოდებულ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა» სრულიად ფუჭი და უმაქნისი ორგანიზაციაა - მას არც ერთი პრობლემის გადაწყვეტა არ ძალუძს, ამდენად, დსთ-ს მეშვეობით აფხაზეთის პრობლემა ვერ მოგვარდება (სხვა საქმეა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობა), მაგრამ თუ საქართველო განაცხადებს თანამეგობრობიდან გასვლას, აღარ მიიღებს მონაწილეობას «დსთ»-ს სამიტებში, მაშინ არათუ ლოგიკური, არამედ გარდაუვალიც იქნება რუსეთის სამშვიდობო ჯართა გაყვანის მოთხოვნაც. ხელისუფლებას კი მიაჩნია, რომ იგი საამისოდ ჯერ მზად არ არის და ქვეყანა ვერ აიტანს ახალ ფართომაშსტაბიან ომს.
ამიტომ, სანამ არ იქნება საერთაშორისო დონეზე მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთში სამშვიდობო ძალთა ჩანაცვლების ან პრობლემის რაიმე სხვა სახით გადაჭრის შესახებ, გაგრძელდება უცნაური «თანამშრომლობა» ყოფილ «მოძმე რესპუბლიკებთან» თანამეგობრობის ფარგლებში. ამ გაერთიანებაში ყოფნა საქართველოს უკანასკნელი არგუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მოსკოვი ყოველი ახალი სამიტის წინ ცდილობს, რაც შეიძლება სრული წარმომადგენლობა იყოს უმაღლესი დონის შეხვედრებზე - რომელიმე პრეზიდენტის ჩამოუსვლელობა აღიქმება როგორც ელცინის პოლიტიკის წარუმატებლობა, რაც ასუსტებს მის პოზიციებს.
ამრიგად, დსთ-დან გასვლისას საქართველოს შეეზღუდება საშუალება, ითამაშოს რუსეთის შიდა წინააღმდეგობებზე. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ წარმოიშვება კიდევ ერთი (ეგრეთ წოდებული «სამხრეთ ოსეთის») პრობლემა.
მართალია, ამ რეგიონში რუსეთის ჯარები დსთ-ს ეგიდით არ იმყოფებიან, მაგრამ თანამეგობრობიდან გასვლისთანავე აქაც შეიქმნება ორაზროვანი ვითარება: საქართველო უარს ეტყვის რუსეთს, განახორციელოს სამშვიდობო ოპერაცია ერთ რეგიონში, ხოლო მეორე რეგიონში კვლავ შეინარჩუნებს მის შეიარაღებულ ძალებს?! როგორ შეიძლება რუსეთს დავდოთ ბრალი - რომ იგი «პროვოკაციულ პოლიტიკას» ატარებს და სეპარატიზმს უჭერს მხარს აფხაზეთში, ხოლო «სამხრეთ ოსეთში» მშვიდობის დამყარებისთვის მადლობას ვეუბნებოდეთ? მაშასადამე, თანამეგობრობიდან გასვლის მოთხოვნა თვისობრივად მთელი იმ საგარეო-პოლიტიკური სისტემის რევიზიას ნიშნავს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში ქმნიდა. თუ დსთ რუსეთის პასუხისმგებლობის არეალად აღიქმება, მაშინ გაუგებარია - როგორღა შეინარჩუნებს საქართველო ორმხრივ ურთიერთობათა ამჟამინდელ დონეს რუსეთთან.
თანამეგობრობიდან გასვლისთანავე დაუყოვნებლივ დაისმება საქართველოდან რუსეთის ჯართა გაყვანის, საქართველო-თურქეთის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების «გაძევების» საკითხები. ამდენად, ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ ყოველივე კვლავინდებურად შემოიფარგლება თეორიული მსჯელობით თანამეგობრობის ავკარგიანობის თაობაზე.
პოლიტიკოსები, რომლებიც სვამენ დსთ - დან საქართველოს გასვლის საკითხს, მზად უნდა იყვნენ იმ გარდაუვალ შედეგებზე რეაგირებისათვისაც, რომლებიც ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს უეჭველად მოჰყვება.
დილის გაზეთი, 3 ნოემბერი, 1997 წ.