გარღვეული წრე
ერთ-ერთ სტატიაში ვწერდი, რომ საქართველოს უახლესი ისტორია (ალბათ არა მხოლოდ უახლესი) რაღაც ჩაკეტილი «მანკიერი წრის» კვალობაზე ვითარდება დაპირისპირებიდან - დაპირისპირებამდე, სამოქალაქო ომიდან – სამოქალაქო ომამდე და ასე შემდეგ.
ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს წრე ოდესმე გაირღვეოდა და ერთხელ მაინც შეიქმნებოდა პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის პრეტენზია აქვს, მხოლოდ სახელმწიფოს ეკუთვნის მონოპოლია ძალადობაზე.
ანუ, ჩვენი სოციუმის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გასაგებ ენაზე თუ ვიტყვით, სახელმწიფოსთან ძველბიჭობა არ შეიძლება! შეიძლება ეძველბიჭო «მიშას», «ზვიადას», «ედიკას», «პეტრეს», «ივანეს», «პავლეს» მაგრამ არ შეიძლება «ეძველბიჭო-ებლატავო» სახელმწიფოს!
ქართული მენტალობისათვის ეს იმდენად მოულოდნელი, დიდწილად მიუღებელი და მტკივნეული, მაგრამ სამომავლოდ სასიცოცსლოდ აუცილებელი მოცემულობაა, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას: ქართული სახელმწიფო (როგორც ასეთი) შედგა სწორედ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც პირველად ჩვენი თაობის თვალწვდენილ ისტორიაში, გაიმარჯვა არა ამბოხმა (როგორც უკლებლივ ყველა წინა შემთხვევაში) არამედ ნებამ ამ ამბოხის ჩახშობისა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს «მანკიერი წრე» არც არასდროს გაირღვეოდა და იმასაც კი ვერ შევინარჩუნებდით, რაც შეგვრჩა ბოლო 20 წლის «ამბოხთა» უწყვეტი გამარჯვებების და ბრბოს მიერ სახელმწიფოს გაუთავებელი «დაჩმორებების» შედეგად.
სახელმწიფოებრიობის მშენებლობის თვალსაზრისით, ამ უძვირფასესი პრეცედენტის შექმნა ბევრად უფრო სერიოზული წარმატებაა, ვიდრე აჭარის დაბრუნება, ბიუჯეტის ხუთჯერ გაზრდა ან საერთოეროვნული გამოცდების ჩატარება.
«ძალიან უსიამოვნოაო». მერედა ვინ თქვა ოდესმე, რომ გარდაუვალი აუცილებლობა ყოველთვის სასიამოვნოა? თუ თვით სუბსტანციის არსებობა-არარსებობაზეა საუბარი, მაშინ ერთადერთი სწორი კრიტერიუმი მიზანშეწონილობაა და არა ემოციური აღქმა, რადგან ამ აღქმამ თავდაპირველად მოულოდნელ დასკვნებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს.
7 ნოემბრის შემდეგ საქართველო იმ ქალწულს ჰგავს, რომელსაც პირველად, მისმა ახალგაზრდა და ვნებიანმა მეუღლემ, ვისაც დიდი სიყვარულით გაჰვა ცოლად, მტკიცე და ენერგიული მოქმედებით უბიწობა დააკარგვინა. მისივე სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.