გამარჯვებულებს ვერ სჯიან
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 იანვრისათვის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე განცხადება გააკეთა, ზოგიერთი დამკვირვებელი (განსაკუთრებით უცხოელები, ვინც კარგად არ იცნობს ამ ქვეყანას) «მხრებს იჩეჩდა»: «კი მაგრამ, თუ მაინც თანხმდებოდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სხვადასხვა დროს ჩატარებას და ამ არჩევნების უფრო ადრე გადმოწევას დროში – რაღა უშლიდა ხელს ეს ყოველივე 7 ნოემბრის მოვლენებამდე განეცხადებინა – ამით ხომ ვითარებას განმუხტავდა, მიტინგს უმტკივნეულოდ დაშლიდა და დასავლეთის ქებასაც დაიმსახურებდა?»
იმისათვის, რათა ამ ლოგიკურ, მაგრამ ქართული სინამდვილისაგან მენტალურად დაშორებულ კითხვას პასუხი გავცეთ, აუცილებელია გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ქართველი ამომრჩევლის «ტიპი».
იგი კარდინალურად განსხვავდება ფრანგი, გერმანელი ან ინგლისელი ამომრჩევლისაგან. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში ელექტორატი ჯერ კიდევ არ არის სოციალურად სტრუქტურიზებული და შესაბამისად მოტივირებული. ჩვენს ქვეყანაში ამომრჩეველს (მასაში) ჯერ კიდევ არა აქვს შესისხლხორცებული და გაცნობიერებული, რომ მის მიერ ყუთში ჩაგდებულ ბიულეტენზე დამოკიდებულია არა რაღაც განყენებული და აბსტრაქტული მატერიების, არამედ კონკრეტულად მისი, მისი ოჯახის, მისი შვილების სავსებით კონკრეტული საკითხებისა თუ პრობლემების გადაწყვეტა-გადაუწყვეტელობა.
ამიტომ, ქართველი ამომრჩეველი რომის იმ მოქალაქეს გავს, რომელიც ზემოდან, შორიდან აკვირდება ცირკის არენაზე გაშლილ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას და ბრძოლის დასრულების შემდეგ ხმას აძლევს გამარჯვებულს.
ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ქართველი ამომრჩეველი ინსტინქტურად ხმას აძლევს ყველაზე მარტივი მოტივაციით – ძლიერსა და წარმატებულს – დამარცხებულისა და სუსტის საწინააღმდეგოდ.
ძველ რომშიც ხომ, უმეტეს შემთხვევაში, პლებსის უმრავლესობა უმოწყალოდ სწევდა ძირს ცერა თითს ბრძოლის დასრულების შემდეგ.
ეს ყოველივე შესანიშნავად იცის მიხეილ სააკაშვილმა.
სწორედ ამიტომ, თუ იგი დათმობაზე წავიდოდა 7 ნოემბრამდე, მიტინგის ზეწოლით, ეს, ხსენებული «მაყურებლის» მიერ, უეჭველად იქნებოდა აღქმული, როგორც სისუსტის გამოვლინება და მარცხი. შესაბამისი გარდაუვალი შედეგით.
ახლა კი, პრეზიდენტის ინიციატივა ერთმნიშვნელოვანად ასე აღიქმება: პრეზიდენტმა «გადაუარა» თავის მტრებს და ბოლოს, დამარცხებულის მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა – მიაბჯინა ყელზე შუბი, ამომხედა მაყურებელს და ელოდება ჩემს ვერდიქტს 5 იანვარს.
ვერდიქტიც ერთმნიშვნელოვანი იქნება.
ვიმეორებ: ასეთია ქართველი ამომრჩევლის მენტალობა და უდიდეს სასწაულად ჩავთვლი, თუ ამ არჩევნებზე პრეზიდენტ სააკაშვილს რაიმე სერიოზული პრობლემა შეექმნება.
იგივე ფაქტორი მოქმედებდა 2003 წლის მოვლენების დროსაც: მაყურებლის მასა (ანუ არა ქვეყნის მოსახლეობის, არამედ სწორედ ამომრჩევლის(!) აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ერთი და იგივე არ გეგონოთ) ასევე შორიდან, თუმცა ინტერესით აკვირდებოდა 22-23 ნოემბერს, ტელეეკრანებზე, მის თვალწინ გაშლილ თვალწარმტაც ბრძოლას და ბუნებრივია, 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე მან გამარჯვებულს დაუჭირა მხარი 96 თუ 97 პროცენტით.
რაოდენ კომიკურიც არ უნდა იყოს, მოსახლეობის ერთადერთი კატეგორია, რომელიც (რაკი შია) სწორედ კუჭის კარნახით გააკეთებდა არჩევანს, არის ე.წ. «ლეიბორისტთა» ამომრჩეველი.
მაგრამ შალიკო, როგორც ცნობილია, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.
ხოლო ის, რომ ნათელაშვილის პოტენციური ამომრჩეველი დათო გამყრელიძეს ხმას არ მისცემს – უკვე, როგორც იტყვიან «ორჯერ-ორია» და მარტივი ტექნიკის საქმეა.
საერთოდ კი, ქართულმა სოციუმმაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც დროა გაიგოს, გააცნობიეროს, მიხვდეს, თუ რამდენად გრძელვადიანი რეალობა ჩამოყალიბდა საქართველოში 2003 წლის ნოემბრის გადამწყვეტი ბრძოლის შედეგად.
და რომ «გამარჯვებულებს ვერ სჯიან».
8 ნოემბერი 2007 წ